ფჰარმათ

ფჰარმათ

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, დიდხანს გაცოცხლოს, ავი გაშოროს, სიკეთე მოგცეს! სათქმელ-საამბობი ბევრი მაქვს შენთვის. ერთი ზღაპარი უნდა გითხრა, ერთი საოცრება მოგიყვე, შვლის ყურები დაცქვიტე, მგლის თვალები ფართოდ გაახილე! გიამბობ, აგე, იმ ბაშლამის* თავზე თოვლი როდიდან დევს. თვალუ-
წვდენელ ველებსა და მთათა კალთებს სურნელოვანი ბალახი და ნაირნაირი ყვავილები როდის აქეთ ფარავს…

ძველად, უხსოვარ დროში, აგერ, მაღალ მთებს რომ ხედავ, ეგენი უფრო მაღლები ყოფილან. მწვერვალებზე, როგორც ახლა, თოვლი და ყინული კი არა, ლამაზი ბალახი და ყვავილი ხარობდა. ძველ დროში მარადიული თოვლ-ყინული ღრმა ხეობებში, მთათა კალთებზე და ტრიალ ველებზე იდო. იმ დროში ჩვენს წინაპრებს _ ნართ-ერსთხოელებს* ხეობებში, გამოქვაბულებში, მაღალ კოშკებზე უცხოვრიათ. მაღლები ყოფილან, როგორც, აგერ, ის მთებია. ბედაურებიც გოლიათები ჰყოლიათ. დათვებივით ღონიერებიც ყოფილან ნართ-ერსთხოელები, მგლებივით გულადები, ვეფხვებივით მოქნილები და მელიებივით ცბიერები.

ხელით იოლად ფშვნიდნენ კლდის ლოდებს და შორს ისროდნენ, იმათი ყვირილი მთებს, ძახილი კი ცას აზანზარებდა და, მაინც, უძლურნი ყოფილან _ ცეცხლი არ ჰქონიათ. ღონიერი სიელა* სასტიკი და შეუბრალებელი ყოფილა. ის ცის მეუფე იყო და ცეცხლიც მას ჰქონდა. რის მაქნისია ძალა, თუ ხალხს არ გამოადგება? რის მაქნისია ღონე, თუ იგი ხალხს რისხვად მოევლინება? ნართ-ერსთხოელებისათვის თავისი ძალ-ღონის საჩვენებლად სიელა მაშხალაზე შემოჯდებოდა და საზარელ ღრიალს მორთავდა ხოლმე, ცაზე ისეთ ხმაურს ატეხდა, გეგონებოდა ნამსხვრევებად ქცეული ცა,საცაა, ჩამოიქცევაო. მისი სამყოფელი ცაზე მუდმივად შავ ღრუბლებში იყო გახვეული. სიელა ღრუბლებს წვიმით გაავსებდა და ხმელეთისაკენ დაუშვებდა, წვიმას მოყოლილი სეტყვითა და ხოშკაკალით კი უფრო დიდ უბედურებას დაატეხდა ხოლმე ადამიანებს. ხშირად სინათლისა და ცეცხლისაგან ნაკეთებ ცისარტყელას ხელში იღებდა, ძირს მიწას ესროდა და გარშემო ყველაფერს გადაბუგავდა ხოლმე.
ავიცა და კარგიც სიელას ხელში იყო. ავზე ხელგაშლილი იყო სიელა,კარგზე ხელმოჭერილი.

სიკეთე დიდი ტანჯვის ფასად ეძლეოდათ ადამიანებს, ხოლო ბოროტებას უხვად არიგებდა. ცასა და მიწას შორის მუდმივი შუღლი იყო! სიელასა და ადამიანებს შორის ნიადაგ ქიშპობა იყო! რაც უფრო დიდი ტანჯვა-წამება დაატყდებოდათ ნართ-ერსთხოელებს, მით უფრო ნეტარებდა სიელა. რაც უფრო ნეტარებდა სიელა, მით უფრო მეტ კაეშანს ეძლეოდა სათა.* სათას ძალიან უნდოდა, ნართერთსხოელებს დახმარებოდა, მაგრამ სიელას შიში ჰქონდა. იმ დროს მთაში ცხოვრობდა ლომკაცი ნართი* ფჰარმათი. ის თავის სამჭედლოში მუშაობდა და ხალხს ემსახურებოდა. მარჯვე ოსტატი ყოფილა.

თავაზიანი, ხელგაშლილი, ღონიერი ნართი ცოტას ლაპარაკობდა და ძალიან ბევრს მუშაობდა. იგი ბევრს ფიქრობდა, ჭირი როგორ შეემსუბუქებინა ადამიანებისათვის. იმის განსჯაში იყო, როგორ წაერთმია სიელასათვის ცეცხლი და მიეტანა ხალხისათვის. ხვეწნა-მუდარა სიელასთან არ ჭრიდა.

ქვეყნად თავისი გაჩენის დღიდან ხალხში გაბნეულ ცოდნასა და სიბრძნეს ეწაფებოდა ფჰარმათი. მისი ბედუარი თურფალი იალაღებზე მუდამ თავისუფლად დანავარდობდა.

ნართები ეტყოდნენ ხოლმე ფჰარმათს:

– ბედაური მხედრის ხელში უნდა გამოიწვრთნას, ვაჟკაცი _ ბრძოლაში. რატომ დადის შენი ბედაური თავისუფლად?

ფჰარმათი პასუხობდა:
– ჩემი ბედაური გაწვრთნილია, დრო მოვა და იგი ციდან ცეცხლს
ჩამოიტანსო.

ერთ დღეს ფჰარმათმა თავისი თურფალი* იხმო. მისმა ხმამ არღუნის* ხეობა ააგუგუნა, მთები შეაზანზარა, მძინარე სიელა გამოაღვიძა და გვერდი აცვლევინა. ბედაურს, შორეულ მთაზე რომ ძოვდა, ესმა პატრონის ხმა და ჭიხვინით უპასუხა. ელვასავით გაფრინდა თურფალი თავის პატრონთან. ფჰარმათმა ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა, წელთ ხმალ-კაპარჭი შემოირტყა, მხარიღლივ მშვილდი გადაიკიდა, ხელთ ფარი გადაიცვა დომბისტყავისა, მოიხელსადაგა თავხვედა კომბალი და წვეტიანი შუბი.
ამის შემდეგ ფჰარმათმა თავის თურფალს უნაგირი დაადგა, ლუდით სავსე ჯიხვის ყანწი გადაჰკრა, როგორც ფეხი ცხელ ფისსა და ხელი სველ ცომსა, ისე დავკვროდე უნაგირსაო, ესა თქვა, ბედაურს მოახტა და იმ გზას დაადგა, რომელზედაც ჯერ არავის გაევლო, ან თუ გაევლო, უკან ვეღარ მობრუნებულიყო. ნართ-ერსთხოელებმა ფჰარმათის კვალზე ფეტვი მოაბნიეს _ მშვიდობიანი გზა ჰქონდესო, ქერით სავსე თასი დადგეს:

იქითობას _ მსუბუქი და ლაღი, აქეთობას _ ბარაქიანი გზა ჰქონდესო!

ბევრი იარა ფჰარმათმა. შვიდი დღისა და შვიდი ღამის სავალი გზა გაიარა. შვიდი ხეობა და შვიდი მთა გადალახა. ბოლოს ბაშლამის ძირს მიადგა. ბაშლამს თავით ეჭირა ცა,რომელზედაც სიელა ცხოვრობდა. ციცაბო, მეტად საშიში და ძნელი აღმართები აიარა ფჰარმათმა. ბაშლამის წვერი კი ძალზე სურნელოვანი ბალახებითა და ფერად-ფერადი ყვავილებით იყო მოფენილი. იმ ჟამს ბაშლამის წვერზე დასასვენებლად ეშვებოდა თურმე მზის სხივოსანი სათა. იგი თეთრ ფრინველად იქცა, შეეგება ფჰარმათს და ადამიანის ენაზე უთხრა:

– ჰეი, ღონიერო ნართო! შენ ტყუილუბრალოდ არ მოხვიდოდი ბაშლამის წვერზეო.

– მართალია, კეთილო ფრინველო, მე გასართობად არ ამოვსულვარ ბაშლამის წვერზე, ცის კერიდან ხალხს ცეცხლის მუგუზალი უნდა წავუღო, ამისთვის მოვსულვარ. უამისოდ უკან არ გავბრუნდებიო, _ უპასუხა თურმე ფჰარმათმა.
– კეთილი საქმისათვის გამოსულს კეთილი გზა რომ არ ჰქონდეს, არ შეიძლება, მე დაგეხმარებიო, უთქვამს სიელ-სათას.
და შემდეგ ჰკითხა:
– ბედაური კარგი გყავსო?
– ქარზე უსწრაფესიაო, _ უპასუხა ფჰარმათმა.
– ღონიერიაო?
– ჩემი ბედაურის ნაფლოქვარზე წყალი მაშინვე ამოდგაფუნდებაო.
– თავად თუ ხარ ღონიერიო?
– ჩემს ხელში მაგარი ბრინჯაო ფისზე და ცვილზე რბილი ხდებაო, მიუგო ფჰარმათმა.
სიელა-სათამ დაარიგა ფჰარმათი, რა გზით მოხვედრილიყო სიელას კერასთან და როგორ ჩაეგდო ხელში ანთებული მუგუზალი. ახლა სიელა დაძინებული იქნება. ეგ ქარივით სწრაფი ბედაური გააჭენე და სიელას კერაზე გადააფრინე. ცეცხლს რომ წაადგები, დასწვდი და ცეცხლმოკიდებულ მუგუზალს ხელი დასტაცე, შემდეგ კი ბაშლამის მიმართულებით გაქუსლე. სიელას თუ გაეღვიძა, ცოცხალს არც შენ გაგიშვებს და არც შენს ცხენს. მაშინ ვერც ხმელეთზე წაიღებ მუგუზალს. როგორც სათამ დაარიგა, ისე მოიქცა ფჰარმათი.
ჭენებით გადაუფრინა ბედაურმა სიელას კერას. დაიხარა ფჰარმათი, მუგუზალს დასტაცა ხელი და ბაშლამის წვერისაკენ მიუშვა ბედაური. სწრაფად მიჰქროდა ბედაური, მუგუზლიდან ასხლეტილმა ნაპერწკლებმა დიდი კუდი გაჭიმეს ფჰარმათის უკან. ნაპერწკალი ცხვირში ჩაეყარა სიელას და გამოაღვიძა. დაინახა, როგორ მიჰქონდა მამაც ნართს მისი კერიდან მუგუზალი. იცოდა სიელამ, ცეცხლს ხელში თუ ჩაიგდებდა, ადამიანს ძალა მიეცემოდა, შიშს დაჰკარგავდა, შემდეგ კი თვით მის წინააღმდეგ აღსდგებოდა.

დიდ ძალას იგდებდა ადამიანი ხელში. შეშინდა ძლიერ სიელა. ბევრი მდევარი დაადევნა მამაც ნართს. გახსნა სიელამ გუდა, შიგ რომ შავი ღამე ჰყავდა გამომწყვდეული. ისე ჩამობნელდა, ფჰარმათი საკუთარი ხელის თითებს ვერ ხედავდა. გზას ვეღარ იკვლევდნენ ფჰარმათი და მისი ბედაური. კლდიდან გადავარდნა და დაღუპვა ემუქრებოდათ, მაგრამ გზას უკვლევდა ლამაზი ფრინველი სიელა-სათა მშვენიერი სიმღერით.
შავმა ღამემ ვერ შეძლო ნართის და მისი ბედაურის შეჩერება. მაშინ სიელამ გახსნა ქარიშხლით სავსე გუდა. ქარიშხალი დაადევნა ფჰარმათს. შავი ღამე და გრიგალი დაეძგერა ფჰარმათსა და მის ბედაურს. მაშინაც ლამაზმა ფრინველმა _ სიელა*-სათამ თავისი ფრთებით ქარიშხლისაგან დაიფარა ისინი და სიმღერით გზა გაუკვალა. ფჰარმათმა დაინახა, როგორ აქრობდა გრიგალი მის მოგუზგუზე მუ-
გუზალს. უცეცხლოდ მიწაზე დაშვება არ ეგებოდა, ამიტომ უბეში შეინახა იგი. მამაცი ნართის გარშემო მომაკვდინებლად როკავდა მრისხანე ქარიშხალი, კუნაპეტმა ღამემ დააბრმავა, უბეში დამალულმა მუგუზალმა მკერდი დაუწვა. ძლიერი რყევისაგან არღუნის წყალი კალაპოტიდან ამოვარდნილიყო, ხოლო ძირფესვიანად მოთხრილი მუხის ხეები ბალახის ღეროებივით ჰაერში ფარფატებდნენ.
მიხვდა სიელა, რომ არც შავ ღამეს, არც ძლიერ ქარიშხალს ძალა არ ჰყოფნიდა ნართისა და მისი ბედაურის შესაჩერებლად. ცის მდევარს ნართი უვნებლად უსხლტებოდა ხელიდან.

მაშინ გახსნა სიელამ მესამე გუდა, რომელშიც ყინვა-სიცივე ჰქონდა. ძლიერმა ყინვამ მთათა სალი კლდეები დახეთქა და მთები შეკუმშა,ფჰარმათი კი თავისი ბედაურით მაინც წინ მიიწევდა. ძალზე შეშინდა სიელა. მან დაინახა, როგორ უახლოვდებოდა მამაცი ნართი ბაშლამს. საცაა სამშვიდობოზე გავიდოდა. გამწარებულმა აიღო თავისი ცეცხლოვანი ცისარტყელა და ნართს ცეცხლი დაუშინა.
დაშენილმა მეხმა მთები შეაზანზარა, გაყინული მიწიდან წყლებმა ამოხეთქეს. არღუნის ტალღები დამფრთხალ ცხვრის ფარასავით მოედვნენ მთის კალთებს, მთათა უშველებელი კლდეები სულდგმულებივით ირწეოდნენ.
მაგარმა ყინვამ, ძლიერმა ქარიშხალმა, ბნელმა ღამემ, მეხთატეხამ ვერ გააჩერა ნართი ფჰამართი. მალე მიადგა იმ გამოქვაბულს, სადაც ნართები ელოდებოდნენ.
– აჰა! აი, ეს არის ცეცხლი! უთხრა მან გაოცებულ ნართებს.
– ყოველ კოშკში, ყოველ ეხში, ყოველ სიმაგრეში დაანთეთ ცეცხლი! ავარდეს დიდი ალი! ცეცხლი ყოველ სამყოფელში უნდა იყოს! იყოს სითბო! იყოს სინათლე! ცეცხლი არ ჩაქრეს არასოდეს! თავისუფლებას გისურვებთ! სწორედ იმ დროს დიდი ხმაური ატყდა, სიელა იბრძოდა… ცა მიწას მუდმივ მტრობას უცხადებდა. ადამიანს კი სიელას მუდმივ ბრძოლაში იწვევდა. სიელა მრისხანებდა!
– გაგიმარჯოთ! თქვენს მაგიერ სიელას სატანჯველში მე უნდა ჩავდგე! ბედნიერებას გისურვებთ! ჩემზე ნუ იდარდებთ!
მამაცი ნართი ფჰამართი მეხის, ყინვის, ქარიშხლისა და შავი ღამის დასახვედრად წავიდა ბაშლამზე. ნართს თავზე მეხი გადასდიოდ-გადმოსდიოდა, ქარიშხალი არყევდა, ყინვამ ხელ-ფეხი დაუზრო. განრისხებული სიელა არ ეშვებოდა მას. ბაშლამზე, ცის ტატნობზე, მისკენ მიმავალი მამაცი ნართი რომ დაინახა, სიელამ დაიწყო ქარიშხლის, სიცივისა და ღამის ნელ-ნელა ჩალაგება გუდებში. ველებიდან, ხევებიდან თუ მთათა კალთებიდან ფჰამართის კვალდაკვალ, თანდათან, ბაშლამის თხემზე აიკრიფა, იქ დაისადგურა თოვლმა და ყინვამ. სიელამ დაიძახა:

– შენ მიერ ციდან მოტაცებული ცეცხლის ნატრულიმც გახდე! სითბოს ნატრულიმც გახდეო!

თავისი ერთგული მსახური, ცალთვალა უჟა გაგზავნა სიელამ რკინის ჯაჭვებით ფჰარმათთან. იმ ჯაჭვებით ბაშლამის წვერზე მიაბა უჟამ ფჰარმათი. ფჰარმათის საწამებლად სიელას მოხმობილმა სიცივემ, ყინვამ და თოვლმა ბაშლამის თავი გაყინა და შებოჭა. ფჰარმათის მოტანილმა ცეცხლმა მთელი ქვეყანა გაათბო, ველები, მთათა კალთები, ღრმა ხეობები ხშირმა სურნელოვანმა ბალახებმა, ფე-
რად-ფერადმა ყვავილებმა დაფარა. ყოველ დილას მიჯაჭვულ ფჰარმათთან მიფრინავს ფრინველთა მეფე იდა, ფჰარმათს მუხლებზე დააჯდება და ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება:

_ ჰოი, უბედურო ფჰარმათ! ჰოი, ცოდვიანო ფჰარმათ! არ ნანობ შენს საქციელს? თუ ნანობ, აღარ შეგაწუხებ, თუ არა, ღვიძლს ამოგკორტნი! ფჰარმათი საშინელ წამებას არად აგდებს და ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობს:
_ არა, არ ვნანობ! მე ადამიანებს ბედნიერება მივუტანე, სითბო და სინათლე ვაჩუქე! კარგი საქმე გაკეთდა და ამის გამო სინანული არ შეიძლება! მაშინ ფრინველთ მეფე იდა თავის ფოლადის ნისკარტს კაჟის ქვაზე ალესავს და ფჰარმათის ღვიძლის კორტნას შეუდგება ხოლმე. ფჰარმათს ერთი კვნესაც არ ამოხდება. იმის თვალებში ცრემლი არასოდეს დაისადგურებს, დიდ ტანჯვა-წამებას ქედუხრელად უძლებს. იმ დროიდან ნართ-ერსთხოელმა ვაჟკაცმა ტირილი არ იცის. იმ დროიდან მთათა მწვერვალებზე მუდმივად დევს თოვლი და ყინული, რომელიც არასოდეს დნება, ქრის ქარიშხალი. ბაშლამის წვერზე ფჰარმათის მიჯაჭვის შემდეგ მის საწამებლად სიელამ თოვლს, ყინულს, ქარს იქ მოუყარა თავი, ფჰარმათი სულ სითბოსა და ცეცხლის ნატვრაში რომ იყოს.
სწორედ იმ დროიდანაა ტრიალ ველებზე, ღრმა ხეობებში, მთათა კალთებზე სურნელოვანი ბალახები, ფერად-ფერადი ყვავილები. იმ დროიდანაა მიწაზე სითბო, ბარაქა, სინათლე. ის სითბო ადამიანებს ფჰარმათმა აჩუქა! ფჰარმათი კი ბაშლამის წვერზეა მიჯაჭვული. იგი მუდმივად იტანჯება, მაგრამ ის უკვდავია. გმირი არ კვდება. გმირი საუკუნოდ ცოცხლობს!

Share

Leave a Reply