იყო და არა იყო რა. იყო ორი ძმა. ერთხელ, უსაქმოდ რომ ისხდნენ, ძმები წაიჩხუბნენ:
– მზე ჩემია, მთვარე _ შენიო, _ იტყოდა ხოლმე ერთი მათგანი.
– არა! მზე შენი არ არის! მთვარეა შენი, მზე ჩემიაო, _ იძახდა თურმე მეორე.
ბევრი იდავეს, მაგრამ ვერას გახდნენ. კარგიო, თქვეს ბოლოს, გავიდეთ ქვეყნად, გავიკითხოთ, გამოვიკითხოთ და ჩვენი დავა გადავჭრათო. თქვეს და შინიდან გავიდნენ. იარეს, დიდხანს იარეს და დაიღალნენ. ერთი წიფლის ხის ქვეშ დასასვენებლად დასხდნენ. სწორედ ამ დროს ხიდან უზარმაზარი მცურავი ჩამოვარდა. იგი მაშინვე უფროს ძმას ტანზე შემოეხვია და მისი მოგუდვა დააპირა. იხრჩობოდა ბიჭი. მაშინ უმცროსმა ძმამ ყელში წაუჭირა მცურავს და განზე გასწია. მცურავი ახლა მას შემოეჭდო.
უფროსმა ძმამ კი ხმლით აჩეხა მცურავი, მაგრამ შემთხვევით უმცროსი ძმაც ყელში დაჭრა. კვდებოდა უმცროსი ძმა. უფროსი ძმა გაშტერებული იდგა, არ იცოდა, რა ექნა, რითი ეშველა ძმისთვის. სიკვდილი მაინც გავუადვილოო, იფიქრა, ძმას ტანიდან ურჩხული მოაშორა და შორიახლოს მდებარე ჭაობში ჩააგდო. ჭაობის წყალს რომ შეეხო, მცურავი მაშინვე გაცოცხლდა და გაიქცა. გაოცდა უფროსი ძმა. უცბად მარცხენა ხელის ნეკი მოიტეხა და წყალში ჩაყო. ნეკი იმწამსვე გამთელდა. შემდეგ წაიღო წყალი
და თავის ძმას დააპკურა. მომაკვდავი მაშინვე გაცოცხლდა. მიხვდნენ ძმები, რა ჭაობიც იყო.
– რომ ვიცოდეთ, ჩვენთვის ოქროს ტბად გადაიქცევა ეს ჭაობი, უთხრა უმცროსმა უფროსს.
– რა უნდა ვქნათ? _ იკითხა უფროსმა.
– შენ მკურნალი იქნები. მომაკვდავს აცოცხლებსო, სახელი გაგივარდება. მე წყლის ზიდვას დავიწყებ. სამკურნალო არის-თქო და ასხურე წყალი. ეს საქმე ყველას გამოგვადგება. ასეც მოიქცნენ. უკეთესი მკურნალი დუნიაზე არ არის, მკვდარსაც კი აცოცხლებსო, სახელი გაუვარდა უფროს ძმას. უმცროსი ძმა კი მუდმივად მისთვის წყლის ზიდვაში იყო.
ერთხელ, როცა უმცროსი წავიდა წყლის მოსატანად, ჭაობიდან გველეშაპმა ამოჰყო თავი და უთხრა:
– ოჯახიდან ჩემი გაგდება გინდა? რას უშვრები ამ წყალს, ძალიან ბევრს კი ეზიდები!
შეშინებული უმცროსი ძმა გაიქცა.
– შეჩერდი, _ იყვირა გველეშაპმა, კიდევ ერთი ნაბიჯი თუ გადადგი, გადაგყლაპავ. მოდი ახლოს და რასაც შეგეკითხები, მიპასუხე.
ვაჟი მივიდა და მოყოლა დაიწყო: როგორ ჩამოვარდა ხიდან მცურავი, როგორ მოკლა იგი უფროსმა ძმამ, თავისი სიკვდილის შესახებაც უამბო, მოუყვა მცურავის გაცოცხლების შესახებ, თუ როგორ გააცოცხლა იგი ძმამ, იმ წყლით კი როგორ მკურნალობდნენ მომაკვდავებს. გველეშაპმა თქვა:
– შენს გამო არ დამშრალა ეს ჭაობი. ადამიანები თუ არ დაიხოცებიან, ეს წყალი დაშრება. ამ ჭაობიდან წყალი თუ დაშრა, ქვეყანაც დაიღუპება. აბა, მამის სული დაიფიცე, რომ შენს ძმასთან ერთად ჩემთან მოხვალ.
– მე უფლება არა მაქვს, რომ დავიფიცო, _ უპასუხა უმცროსმა ძმამ,
– ძმის მაგიერ ვერაფერს გეტყვი, ის ჩემზე უფროსია და ჩემი ნათქვამი იქნებ არც შეისმინოს. უნდა წავიდეთ-მეთქი, ამას კი ვეტყვი, სიტყვას გაძლევ, რომ ჩემდათავად ხვალ შენთან მოვალო.
– მართალი ხარ, _ თქვა გველეშაპმა, _ ხვალ შენს ძმასთან ერთად ჩემთან მოდიო. გველეშაპი წყალში გაუჩინარდა. უმცროსი ძმა უფროს ძმასთან წავიდა და გველეშაპთან თავისი შეხვედრის ამბავი უამბო. უთხრა, უნდა წავიდეთო.
– მე შენსავით სულელი არა ვარ, გველეშაპთან საკუთარი ფეხით მივიდე. თუ არ დაიშლი, შენ თვითონ წადი.
ძმასთან, რომ ვერას გახდა, უმცროსი მარტო წავიდა გველეშაპთან.
– სადაა შენი უფროსი ძმა? _ ჰკითხა მას გველეშაპმა.
– არ წამოვიდა, _ უპასუხა მან.
– ისიც რომ მოსულიყო, აქედან მშვიდობით გაგიშვებდით, მომაკვდავთა მკურნალობასაც თავიდან აგაცილებდით. სახლიდან იმიტომ გამოხვედით, რომ მზე და მთვარე ვერ გაიყავით. თქვენს საქმეს მე განვსჯიდი. შენ პატიოსანი კაცი ხარ, ამიტომ მზეს შენ გაკუთვნებ. დღეის შემდეგ შენ შევარდნად გადაიქცევი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი იქნები, დღისით ინავარდებ. შენი ძმა უღირსებო კაცია. მთვარე მაგისია. დღეის შემდეგ ახლომხედველ ბუდ გადაიქცევა და მხოლოდ ღამე გამოვა სანადიროდ.
ასეც მოხდა. გველეშაპმა შელოცვა რომ დაიწყო, უმცროსი ძმა ღირსებიან შევარდნად იქცა. უმცროსი ძმა კი ახლომხედველ ბუდ, ბავშვებიც კი ქვებით რომ დასდევდნენ. თუ დღისით შევარდენმა ბუ დაინახა, მისკენ საჩხუბრად გაიწევს ხოლმე, ეს იმიტომ, რომ უმცროსი ძმა გაბრაზებულია უფროს ძმაზე. უფროსი ძმა ნაწყენია, მზე რომ წაართვეს. ამის გახსენებაზე ზის და თავისთვის ბუზღუნებს.