სულეიმან გუმაშვილი

ცნობილი ქისტი პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ჩეჩნეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სულეიმან გუმაშვილი დაიბადა 1944 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში, მრავალ შვილიან ოჯახში. 

სულეიმან გუმაშვილმა ჯოყოლოს შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბეთანიის სკოლა-ინტერნატში, შემდეგ კი წყალტუბოს რაიონის სოფელ ბროწეულას სკოლა-ინტერნატში. ამ პერიოდში გახდა საქართველოს პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი ქართულ ჭიდაობაში.


1963 წელს სწავლის გასაგრძელებლად მისაღები გამოცდები ჩააბარა ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პედეგოგიურ ინსტიტუტში. სტუდენტობის პერიოდში გახდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ჩემპიონი ,,თავისუფალ ჭიდაობაში“ და ,, სამბოში“.


უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჩეჩნეთის სხვადასხვა სკოლებში. ამ პერიოდში გახდა რუსეთის ფედერაციის ვერცხლის მედლის მფლობელი ,,სამბოში და ,, თავისუფალ ჭიდაობაში კი ქვეყნის ჩემპიონი.

1970 წლიდან მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო მატნის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1979-1991 წლებში იყო სოფელ ომალოს საშუალო სკოლის დირექტორი, 1991-1995 წლებში კი სოფელ ბირკიანის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა.

1999 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირატურა. აქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ვაინახური ტრადიციების ასახვა ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1999-2007 წლებში ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში.

1995 წელს გახდა ჩეჩნეტის მწერალთა კავშირის წევრი. ამ პერიოდში გამოიცა მისი ლექსების კრებული ,,ჩემო ჩეჩნეთო“ (ჩეჩნურ ენაზე).

2001 წელს იგივე კრებული გამოიცა ქართულ ენაზე.

2002 წელს გამიცა მისი მეორე წიგნი (ლექსების კრებული) ,,ჩემო საქართველო“( ქაღტულ ენაზე). 2003 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.


2003 წელს, პანკისის ხეობაში კრიმინალებთან აქტიური ბრძოლისათვის დაჯილდოვდა ,,ღირსების ორდენით“.
საქართველოსა და საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 29 სტატია.

Share

Leave a Reply