გაიცანი პანკისი – პანკისელი მოსწავლეები სტერეოტიპების წინააღმდეგ

სამზარეულო, სამოსი, ფოლკლორი და ენა – პანკისელი მოსწავლეები ხეობას, მის ტრადიციებსა და თავისებურებებს საკუთარ თანატოლებს გააცნობენ. პროექტი, სახელწოდებით „გაიცანი პანკისი“ მიზნად ხეობის შესახებ არსებული სტერეოტიპების გაბათილებას და პანკისელი ახალგაზრდების გააქტიურებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობაში მოქმედი 6-ვე სოფლის სკოლის მოსწავლეები (ომალო, დამასტური, დუისი, წინუბანი, ჯოყოლო, ბირკიანი) გამართავენ მასშტაბურ გამოფენას, სადაც სტუმრად მისული საზოგადოება იხილავს ადგილობრივი სამზარეულოს, ენის, ჩაცმულობისა და ტრადიციული ტანსაცმლის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ნამუშევრებს იხილავს. გამოფენას დაესწრებიან საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. გამოფენის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები პროექტის ფარგლებში გამართული სასწავლო კურსის დახმარებით მიიღებენ.
პროექტს დემოკრატიის ლაბორატორია სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ „გაიცანი პანკისი“ პროექტ „მე აქტიური მოქალაქის“ გაგრძელებაა, რომელიც გასულ წელს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა.
„მე აქტიური მოქალაქის“ ფარგლებში ხეობაში მცხოვრებ მოსწავლეებს ჩაუტარდათ გამოკითხვა, სადაც რეგიონში არსებული მთავარი გამოწვევები უნდა დაესახელებინათ. ერთ-ერთ გამოწვევად მათ დანარჩენ საქართველოში ხეობასთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები დაასახელეს და გამოთქვეს სურვილი, რომ თანატოლებს უკეთესად გააცნონ პანკისი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პროექტი“ – ამბობენ დემოკრატიის ლაბორატორიაში.
„ჩვენ მოხარულები ვართ ვიყოთ პროექტის “გაიცანი პანკისი” მხარდამჭერი, ვფიქრობთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ეს პროექტი პანკისელ ახალგაზრდებს შესძენს მათ ერთი მხრივ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის უკეთ გაცნობიერებაში, მეორე მხრივ კი დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში პანკისელი ახალგაზრდები თანატოლებს უკეთ გააცნობენ საკუთარ რეგიონს, მის კულტურას, ენას თუ სხვა თავისებურებებს. ჩვენი და დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტის ერთ-ერთი მიზანიც მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაა.“ – ამბობს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში
„გაიცანი პანკისი“ აქტიურ სტარტს სექტემბერში აიღებს და წლის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენის გამართვა დეკემბერშია დაგეგმილი.

Share

Leave a Reply