ვაინახები და წოვა-თუშები: ხასო ხანგოშვილის პასუხი ბელა შავხელიშვილს

ვაინახები და წოვა-თუშები: ხასო ხანგოშვილის პასუხი ბელა შავხელიშვილს

XXI საუკუნე იმითაც გამოირჩევა, რომ ისტორიოგრაფიის სფეროში გაჩნდნენ მკვლევარები, რომლებიც ცდილობენ ისტორიის ხელახლა დაწერას. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ისტორიული მოვლენების აღწერისას ისტორიკოსი ხშირად ტენდენციური იყო და გაბატონებული კლასის ინტერესებს იცავდა ან ურაპატრიოტიზმით შეპყრობილი ფაქტებს აყალბებდა, თუ ისტორიკ-მკვლევარი იკვლევს ასეთ გადაცდომებსა და რეალურად აღწერს ისტორიულ პროცესებს, მისასალმებელია, მაგრამ ისტორიის მკვლევარი თუ სინამდვილეს გვერდს უხვევს, პირადი ან თანამოაზრეთა ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ისტორიაზე ძალადობს.

საქართველოს მეზობლად, ჩრდილო-კავკასიაში მოსახლე, ქართველების მონათესავე ხალხში, ვეინახებში დღეს მიმდინარეობს დამღუპველი უთანხმოება ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის. „ვაინახი“ (ვეინახი) ნიშნავს ჩვენს ხალხს და, მართლაც, ინგუშები და ჩეჩნები (და საქართველოში მცხოვრები ქისტებიც და წოვა-თუშებიც) ერთი ხალხია, ერთ ენაზე მოლაპარაკე, ერთი წარმომავლობის, მსგავსი მენტალიტეტის, ძალზე მსგავსი ადათ-წესების და სხვ. ინგუშებმა, უფრო სწორად, ინგუშების პრორუსულად განწყობილმა და რუსების მიერ მართულმა ინტელიგენციამ წამოიწყო კამპანია, რომელიც პირდაპირი გამოხატულებაა რუსული პოლიტიკისა – გათიშე და იბატონე! ინგუშური კამპანიის ქვაკუთხედია – ინგუშები არ არიან ვაინახები, მათ არ აქვთ საერთო არაფერი ჩეჩნებთან, გარდა ენობრივი მსგავსებისა და ა. შ.

სამწუხაროდ, სწორედ მსგავსი პოლიტიკის მიმდევრები აღმოჩნდნენ წოვა-თუშების ინტელიგენციაშიც.

წოვა-თუშები ინგუშური, ღალღაის ტომის წარმომადგენლები არიან, ინგუშეთში სამუშაოდ ჩასული მათი წარმომადგენლები ინგუშებად აცხადებენ თავს და ადგილზე დიდი პატივისცემით სარგებლობენ. გასული საუკუნის 60-იან წლებში ზოგიერთმა ინტელიგენციის წარმომადგენელმა სწორედ ამ გზით გაიკვლია გზა მეცნიერებისკენ, მაგრამ როდესაც ინგუშმა ქველმოქმედმა და მეცენატმა ამ რამდენიმე წლის წინ სცადა ალვანში გაეხსნა წოვური ენის შემსწავლელი კურსები და გადაერჩინა ეს  ენა დავიწყებისგან, სწორედ თბილისელი წოვა-ინტელიგენცია აღუდგა წინ და ჩაშალა ეს წოვებისათვის მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმე. წოვა-თუშების მეცნიერული ელიტა საკმაოდ ძლიერია თბილისში და ახერხებენ კიდეც ზეგავლენას ქართულ მეცნიერულ საზოგადოებაში. მოვიყვანთ ერთ მაგალითს:  გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დისერტაციას იცავდა ჩაღმა თუში ვალიკო ელანიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ წოვები ვეინახური ტომია და საერთო არ აქვთ თუშებთან, ე. ი. ჩაღმა თუშებთან. მეცნიერი წოვა თუშები წინ აღუდგნენ ვ. ელანიძეს და ჩაუგდეს დისერტაცია.

ვ. ელანიძე ბევრს ეცადა თავისი სიმართლის დამტკიცებას, მისი სადისერტაციო თემა ისტორიულ ფაქტებზე იყო განმტკიცებული, რომ  წოვების ტომის ისტორიული სამშობლო იყო პირიქითა ქისტეთი, დღევანდელი მთიანი ინგუშეთი და ეს ტომი წინაპართა სამშობლოში ვეფის ანუ ვების სახელწოდებით ცხოვრობდნენ, მაგრამ იძულებული გახადეს, უარი ეთქვა რეალურ ისტორიაზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღიარა «კვლევაში დაშვებული შეცდომა», მოახერხა დისერტაციის დაცვა.

ვ. ელანიძის შეცდომა, ჩვენი აზრით, ის იყო, რომ ის ჩაღმებს ძირძველ ქართველებად თვლიდა და პრეტენზია ჰქონდა, რომ წოვებს უფლება არ ჰქონდათ, თუშებად მიეჩნიათ თავი. საბჭოური იდეოლოგიის  თვალსაზრისით ეს საბჭოთა ხალხებს შორის შუღლის დათესვას ნიშნავდა, ისედაც, ჩაღმებიც და წოვებიც ვაინახური წარმოშობისა არიან, უბრალოდ, ჩაღმებმა დაივიწყეს მშობლიური ენა და ქართულზე გადავიდნენ, წოვებმა, როგორც უფრო გვიან გადმოსახლებულებმა მთათუშეთში, შეინარჩუნეს მშობლიური ენა. თუმცა დღეს ისინიც ივიწყებენ, მხოლოდ ასაკოვანმა მოსახლეობამ, რაღაც 20%-მა იცის წოვური, ახალგაზრდობამ – 0 %.

ვაინახური წარმოშობის უარყოფა წოვა-თუშურ მოსახლეობის დიდ ნაწილში რომ მიმდინარეობდა, დიდი ხანია, მაგრამ წოვა-თუშურისა და ვაინახურის ერთ წარმომავლობაზე ამ ბოლო დრომდე სერიოზული მსჯელობა მეცნიერულ წრეში (როგორც თუშურ, ისე ქართულ) არ ყოფილა. ერთი რამ შეინიშნებოდა: წოვა თუშების ინტელიგენციის, აქტივის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, როცა მიზანმიმართულად შეუწყვეს ხელი მშობლიური, ამ, მართლაც, ლამაზი ენის დავიწყებას.

ჩაღმა თუშები შემთხვევას არ უშვებდნენ, არ გაეკენწლათ წოვა თუშები, მთა თუშეთში «გუდით გადმოყვანილებს», «ნაქისტარებს» უწოდებდნენ, თუშებად არ აღიარებდნენ, საფუძვლად თავიანთი მტკიცებისა წოვების ენას ასახელებდნენ. ასეთ დამოკიდებულებას დამამცირებლად მიიჩნევდნენ წოვები, ყველანაირად ცდილობდნენ, დაევიწყებინათ თავიანთი ისტორიული წარმომავლობა. ამ დავიწყებაში ხელს უშლიდათ მშობლიური ენა და, როგორც ჩანს, შეიძულეს კიდეც. გამართლდა ლეილა მარგოშვილის წინასწარმეტყველება, რომ წოვური «ძალიან მალე გახდება მხოლოდ ისტორიული».

ს. მაკალათია წერდა, რომ წოვა თუშებს ძალიან უყვართ მშობლიური ენა, ოჯახში ბავშვები წოვურ ენაზე იდგამენ ფეხს, წოვურის არ ცოდნა სირცხვილად ითვლებოდა.

«წოვა თუშები თავიანთ წოვურ ენაზე მეტყველებენ, მათი ენა წარმოშობით ღილღურია და ქისტურის მონათესავე, მაგრამ ამ წოვურ ენაში მრავალია ქართულიდან ნასესხები და შეთვისებული სიტყვებიც. წოვებს უყვართ თავიანთი წოვური ენა და შინ და გარეთ ერთმანეთში წოვურად საუბრობენ. ოჯახში წოვური ყველამ იცის, მისი უცოდინარობა სირცხვილია. ბავშვები ენას ამ წოვურით იდგამენ და შემდეგ ქართულს სწავლობენ».

ჩვენ, ქისტებს, ამ კუთხით არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენ ასევე არ გვეხება ის, თუ რომელ ეთნოსს მიაკუთვნებენ თავს წოვა-თუშები და რომელ ენაზე ისაუბრებენ, მაგრამ ის კი ნამდვილად გვაღელვებს, როდესაც ისტორიას აყალბებენ და ჩეჩნური ენის «თუშური ენის» დიალექტად წარმოჩენას რომ ცდილობენ, ე. ი. სრულიად საწინააღმდეგოს დამტკიცებას. ხედავთ, თურმე რაშია საქმე: რაღაც 3 თუ 4 ათასი ადამიანი ცდილობს მიისაკუთროს თითქმის ორმილიონიანი ხალხის ენა!

«საიდან ამდენი ენობრივი საერთო წოვა-თუშურსა და ვაინახურში“?.. კითხვას სვამს და რვაგვერდიან პასუხს იძლევა ბელა შავხელიშვილი, როცა  შეიძლებოდა ერთი წინადადებით გაეცა პასუხი: იქიდან, რომ წოვა-თუშური დიალექტია ვაინხური ენისა! დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ ბელა შავხელიშვილს, განსაკუთრებით აწ გარდაცვლილ დედამისს, პირველ ქისტ ქალ პროფესორს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პანკისელი ქისტების ისტორიის შესწავლაში, მაგრამ ვერ დავეთანხმებით მის ახლად «აღმოჩენილ» ვერსიებს წოვა-თუშებისა და ვაინახების წარმომავლობაზე და წოვა-თუშების ენაზე, რომელიც ქართულ ლინგვისტიკაში გაბატონებული კონცეფციით შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში ქისტურ-ბაცბური დიალექტის სახით. წოვური ენა დიდზე დიდი მკვლევრების (საზღვარგარეთის, რუსეთის, კავკასიის) მტკიცებით, წარმოადგენს ვაინახური ენის განაყარს.

აღნიშნულ სიტუაციაში ავტორი ლოგიკურად იწყებს საკითხის განხილვას ვაინახების ისტორიული წარსულის კვლევით. ავტორის ყველა მოსაზრების დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ შევჩერდებით მხოლოდ მთავარზე. დღეს სადავო არ არის, რომ უძველეს დროში ქართველები და ვაინახები მოსახლეობდნენ შუა აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში. ურარტუს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ მონათესავე ტომები იწყებენ გადაადგილებას ჩრდილოეთისაკენ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ ჩრდილო კავკასიისკენ. ძალიან ძნელია დღეს სინამდვილის დადგენა, თუ რომელი ტომები მოადგნენ პირველად საქართველოს ტერიტორიას – ქართები თუ ვაინახები. ვაინახური ყოფის კულტურის გადმონაშთები აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთში არსებობს.

საქმის ისე წარმოჩენა, რომ ვაინახების საქართველოში მოსვლის დროს იქ არსებობდა კოლხეთისა და იბერიის სახელმწიფოები, მხოლოდ ვარაუდია და არა ფაქტებზე დაყრდნობილი სინამდვილე. ეს პერიოდი იმდენად  ძველია და ბურუსით მოცული, რეალური სურათის აღდგენა ძნელია. ამის მტკიცებულებაა ივანე ჯავახიშვილის, ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქის, შემდეგი მოსაზრება:

«ყველა ქართველი ტომების სამშობლო, როგორც ვიცით, ქალდია იყო. მაშასადამე, კავკასიაში ქართველები იქიდან უნდა მოსულიყვნენ. ეს, რასაკვირველია, ისედაც ცხადია, მაგრამ საქმე ისაა, თუ როდის დაიძრნენ ისინი იქიდან, ან როდის დაბინავდნენ კავკასიაში. იქნებ ქართველები უძველეს დროსვე წამოსულიყვნენ და კავკასიაში ისეთ დროს დასახლებულიყვნენ, როცა იქ ჯერ სხვა არავინ მოსახლეობდა, მაშინ ხომ ქართველები კავკასიის თავდაპირველი მცხოვრებნი და მკვიდრნი იქნებოდნენ. მაგრამ შესაძლებელია ქართველებს კავკასია უკვე დასახლებულიც დახვედროდათ, მაშინ მათ კავკასიის პირვანდელი მკვიდრნი ან უნდა დაემორჩილებინათ და გაექართველებინათ, ან არა და კავკასიის ქედს იქით გაერეკნათ. რასაკვირველია, მთელი ეს მოძრაობა ისეთ დროს უნდა მომხდარიყო, რომლის შესახებაც საისტორიო საბუთების აღმოჩენა შეუძლებელია. მხოლოდ არქეოლოგიას შეუძლია ამ ხნისა და ზემოაღნიშნულის საკითხის შესახებ ცნობები მოგვაწოდოს».  ყველაფერი ნათლად და გარკვევით არის ნათქვამი, მაგრამ საბოლოოდ რომ დავუსვათ ამ საკითხს წერტილი, კიდევ ერთ ციტატას მოვიყვანთ ივ. ჯავახიშვილის «ქართველი ერის ისტორიიდან»:

«კავკასიის ყველა უძველეს საფლავებში ნაპოვნი თავების გაზომვამ დაამტკიცა, რომ თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაში თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები ცხოვრობდნენ. ხოლო უკვე განსვენებულმა პროფესორმა ვირხოვმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართველები და სომხები განსაკუთრებით თავმოკლენი ანუ ბრახიკეფალიები არიან. ამიტომ ქართველებსა და სომხებს კავკასიის უძველეს თავდაპირველ მცხოვრებლებთან საერთო არაფერი ჰქონიათ; მაშასადამე, ქართველნი და სომეხნი კავკასიის თავდაპირველნი მკვიდრნი არ ყოფილან. როცა ისინი ამ ქვეყანაში მოსულან, იქ სხვა მოდგმის ხალხი დახვედრიათ დაბინავებული. მკვიდრთა ერთი ნაწილი, როგორც ეტყობა, ქართველებს ჩრდილოეთისაკენ გადაურეკიათ. ზოგიერთი კავკასიელი მთიელები, მაგ., ნატუხელები და ავარელნი, სწორედ თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალიები არიან».

ცხადია, უნდა ვივარაუდოთ და ლოგიკურად ასეც არის, რომ ნაწილმა, რომელიც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე, სრული ასიმილაცია განიცადა გაბატონებულ ერთან, ე. ი. ქართველებთან და მშობლიური ენაც დაივიწყეს. წოვა და ჩაღმა თუშებიც, ვაინახური ტომი, ისტორიის ბედის გამგებლობით ჯერ ჩრდილო კავკასიაში აღმოჩნდნენ და შემდეგ გადმოინაცვლეს იგივე ბედის განგებით სამხრეთ კავკასიაში, როგორც შემდეგში ქისტებმა.

ახლა გადმოვინაცვლოთ უფრო ახლო წარსულში, მეფე ფარნავაზისა და საურმაგის ეპოქაში, რომელსაც ქალბატონი ბელა ახალ ასპექტში გვიხატავს. თურმე ქართველთა პირველი მეფის ფარნავაზის ძურძუკთა მთავრის ასულზე ქორწინების დროისთვის ნახ-ძურძუკთა ტომები ჩრდილო კავკასიაში ჯერ არ ჩანან, რადგან მათი დღევანდელი ჩეჩნეთსა და ინგუშეთში დასახლება ყველა არსებული წყაროს მიხედვით მხოლოდ ძვ. წ. საუკუნეებია. ირკვევა, რომ იბერიის მეფე ფარნავაზმა ძურძუკთა ასულზე იქორწინა იმ დროს, როდესაც ეს ტომები ჯერ კიდევ დაშლილი ურარტუს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (ძვ. წ. VI-III ს.ს)».

ჯერ ერთი, რომელ «ყველა არსებულ წყაროს მიხედვით» აჟღერებს ავტორი ვაინახების ურარტუს ტერიტორიაზე ყოფნას ფარნავაზის მეფობის დროს? რატომ არ ასახელებს ამ წყაროებს? იმიტომ, რომ ასეთი წყაროები არ არსებობს, მეორეც, ვაინახები ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობენ 6000 წელი. ამას ამტკიცებენ  კავკასიელი მეცნიერები არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ საიდან ჩამოასახლა ფარნავაზის შვილმა საურმაგმა ძურძუკები საქართველოში, მოგვითხრობს ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში.

«…ძურძუკეთი  ვეღარ  რა იტევდა კაცთა სიმრავლისგან, აჰყარა კავკასიითურთ საურმაგ და დახსნა დიდოეთს და სუანეთს ეგრისამდე». ძალიან გარკვევით წერია, რომ საურმაგმა  დედეულები გადმოიყვანა კავკასიიდან, ჩრდილოეთიდან და არა სამხრეთიდან.

და კიდევ ერთი მეტად საყურადღებო დეტალი: დურძუკების, ვაინახების წინაპრების საქართველოში გადმოსახლების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დურძუკები, მამაცობით ცნობილი მეომრები, ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, ბუნებრივი სიმაგრეების წყალობით, მეზობელ ხაზართა ძლიერმა სახელმწიფომაც ვერ შეძლო მათი შევიწროება და  ისე გამრავლდნენ, რომ თავის ტერიტორიაზე ვერ თავსდებოდნენ.

«საურმაგ (ქართლის მეფე) შეკრიბა დურძუკეთიც და წარმოემართა ქართლთა ზედა და ვერვინ წინ აღუდგა მას და დაიპყრა ქართლი და მოსრნა განდგომილნი თვისნი, და განამრავლნა დურძუკნი, რომელნიც ტყვევანსა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილ იყვნეს, სიმაგრისგან ქუეყანისა და ვერღარა იტევდა დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წამოიყვანნა… და დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე და ესენი დაპყრნა მისანდობლად თვისად~.

ხაზართა სამეფო მდებარეობდა დღევანდელი დაღესტნის ტერიტორიაზე, ძურძუკეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა. ხალხთა გადასახლების მიზეზი ხშირად არსებული ტერიტორიის სიმცირის გამოც ხდებოდა. სწორედ ამ მიზეზით მოხდა თუშების გადასახლებაც ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან მთათუშეთში. ხოლო წოვა-თუშების დღევანდელი ინგუშეთის მთიანეთიდან გადმოსახლება საქართველოში (მთათუშეთში) დიდი ხნის ისტორია არ არის. მკვლევარი ვოლკოვი წერს, რომ მას ერთმა დროულმა ინგუშმა უთხრა შემდეგი:

«ბაცაი – ესენი ინგუშები არიან, ვეფები. ჩვენს ქვეყანაში მიწის სიმცირე და გვალვები იყო და ვეფების ნაწილი საქართველოში წავიდა, ადრე ისინი ცხოვრობდნენ სოფ. ერზში.  გადასახლებულთა შორის ბევრნი იყვნენ ზაუროვების გვარიდან».

ამ მოსაზრებას იზიარებს სერგი მაკალათიაც: «ჩვენის აზრით, ამ გადმოსახლების (იგულისხმება წოვა-ვებების ღილღოდან გადმოსახლება, ხ.ხ.) სტიმული უფრო პოლიტიკურ-ეკონომიური ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ძურძუკეთი (ჩეჩნეთ-ინგუშეთი) მწირი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. მომრავლებული და ეკონომიურად შევიწროებული მოსახლეობა საარსებო წყაროს მეზობელ კუთხეებში ეძებდა“.

ამასთანავე ღლიღვი ცნობილი იყო გულად და მეომარ ტომად, ამიტომ იბერიის იმდროინდელი ხელისუფლებისათვის, რომლებიც მოლაშქრეებად ასეთ ტომებს ეძებდა, ხელსაყრელი იყო ამ ღლიღვების მოძმის, წოვების, თუშეთში, გომეწრის ალაზნის სათავეში დასახლება და ამ ხეობის გამაგრება~.

ვფიქრობთ, საეჭვო არაფერი რჩება, რომ წოვა-თუშები, ისე როგორც ძურძუკები ანტიკურ ხანაში და ქისტები XIX ს. დასაწყისში, საქართველოში გადმოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან. შეგვიძლია ამას ისიც დავუმატოთ, რომ ქართლის ცხოვრების მითიურმა წინაპარმა თარგამოსმა კავკასიის ტერიტორია გაუნაწილა თავის შვილებს და ვაინახების საცხოვრისი უბოძა თავის ვაჟიშვილს კავკასოს, ამიტომ არის, რომ ძველ ქართულ წყაროებში ვაინახები ხშირად იხსენიებიან კავკასებად, კავკასიანებად.

XIX-XX სს მეცნიერ-მკვლევართა უდიდესი ნაწილი (ს. მაკალათია, ა. შანიძე, ი. ცისკაროვი, მ. ალბუთაშვილი, ვ. ელანიძე, ა. ზისერმანი, ნ. მარი, ე. კუშევა, ნ. ვოლკოვა, ა. გენკო,  ვ. ბატონიშვილი, ხ. დალგატი, რადდე და სხვ.), რომლებიც იკვლევდნენ ვაინახების ისტორიას, თუშების წარმომავლობას, ერთხმად იზიარებენ შეხედულებას, რომ თუშები ვაინახური ტომია და მათი პირიქითა ქისტეთიდან (პირიქითა ქისტეთი მოიცავდა დღევანდელი ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთიან ტერიტორიას საქართველოს საზღვრის გასწვრივ დასავლეთით თერგის ხეობიდან დაწყებული აღმოსავლეთით ანდების მთებამდე) თუშეთში მიგრაცია ადრეულ შუა საუკუნეებში უნდა მომხდარიყო. ს. მაკალათია მთა თუშეთში, კერძოდ წოვათაში ნასოფლარ წყაროში ჩატარებულ არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით შემდეგ დასკვნას აკეთებს: თუ VIII-IX საუკუნეებში იქ ხალხი ცხოვრობდა, «ეს გარემოება ერთგვარ შესაძლებლობას იძლევა ამავე საუკუნით განისაზღვროს წოვების ღლიღვეთიდან თუშეთში გადმოსახლების დროც. თუ კი მხედველობაში მივიღებთ ზემოთ აღნიშნულს, რომ წოვების ისტორიული სამყოფელი _ ერზიც ამ საუკუნეებში დასახლებული იყო, ამ მოსაზრების გაზიარება შეიძლება».

ასევე საინტერესოა რ. ერისთავის მიერ მოყვანილი გომეწრის ხეობის მამასახლისის განცხადება გომეწრელებისა და წოვების მიწის თაობაზე ამტყდარი დავის დროს:

«როგორი საბუთები შეიძლება ჩვენ გვქონდეს? რამდენიმე ასეული წლის წინ ჩვენ მივიღეთ წოვები, როგორც უცხოელი მომსვლელები, მივეცით მათ საცხოვრებელი, მათი სურვილით, არც თუ დიდი მთიანი ხეობა, ინდურთის სახელწოდებით და, ასევე მათი სურვილით, ნება მივეცით მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძოვებინათ თავიანთი საქონელი მიწაზე, ჩვენს მიერ ადრე დაკავებულზე»…

ივანე ცისკარიშვილი, თუშეთის მუორავი, კარგად იცნობდა ვაინახების ხალხთა ისტორიას, შუამვლობდა პირიქითა ქისტეთის მაისტის ბელადის ჯოყოლას თემის გადმოსახლებას პანკისის ხეობაში, 1846 წ. გაზეთ «კავკაზში» აქვეყნებს წერილს «თუშეთის სურათები», სადაც წერდა:

«წოვას თემის თუშები წარმოშობილი არიან ქისტური ტომის ღილღოს თემისაგან. ამას ამტკიცებს მათი ენის მსგავსება და გადმოცემები, ცოცხლად რომ შემოინახა ხალხის მეხსიერებაში». ხოლო იმავე გაზეთში 1949 წ. გამოქვეყნებულა წერილში `წერილები თუშეთზე, ი. ცისკაროვი წოვების წინაპართა სამშობლოს «ვაბუას» ასახელებს. «ვაბუა», «ვებზი», «ვეფი» არის ღილღური, ქისტური ტომი და სახლობდა დღევანდელ მთიან ინგუშეთში.

ა.ზისერმანი 1844-1848 წლებში მუშაობდა თიანეთის კანცელარიის მწერლად, მაგრამ ფაქტიურად ასრულებდა მაზრის უფროსის მოადგილეობას. იმ პერიოდში თიანეთის მაზრაში შედიოდა თუშეთის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონები. ა. ზისერმანი ბევრ დროს უთმობდა მოგზაურობას, სწავლობდა მთიულების ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს. ორჯერ პირიქითა ქისტეთშიც იმოგზაურა, სტუმრობდა მაისტში ბელად ყოჯოლა დარქიზანოვთან, რომელმაც შემდეგ პანკისში გადმოასახლა მაისტის თემის მცხოვრებლები.

            ა. ზისერმანი დიდ სიყვარულს ავლენს თუშებისადმი, დიდი პატივისცემით იხსენიებს მათ, ხოტბას ასხამს მათ სტუმართმოყვარეობას, მამაცობას და სხვ.  ლეკების წინააღმდეგ წარმოებულ ალვნის ველზე დაბანაკებულ ლეზგინის კორდონის მილიციელების რაზმელებთან ერთად მიუღია მონაწილეობა.

            თავის წიგნში «25 წელი კავკასიაში»   ზისერმანი თუშების, კერძოდ, წოვების წარმომავლობის შესახებ წერს:

            «თუშები შეადგენენ ოთხ თემს: წოვური ანუ ვადუა, გომეწრის, ჩაღმის და პირიქითასა ანუ დამახქრაი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ენით, წარმოშობის ნაწილში და ზოგიერთი, ძლივს შესამჩნევი ხასიათის ხაზებით, მაგრამ სხვა ურთიერთობებში სრულყოფილი ერთიანობაა. წოვები პირიქითა ქისტური წარმოშობისაა ღალღაის თემიდან, ენა მათი ქისტურია, ან, რაც სრულად სულ ერთია, ჩეჩნურია».

ა.ზისერმანი წოვებს პირიქითელებს, დამახქროის უწოდებს. დამახქროი ქისტური წარმომამავლობის სიტყვაა, წარმომდგარი ორი სიტყვისგან «დაი მოხქ», რაც ქისტურად სიტყვასიტყვით ნიშნავს «მამათა ქვეყანას». ვაინახები სამშობლოს ასე უწოდებენ: დაი მოხქ.

ვახუშტი ბატონიშვილი თუშების წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით წერს: «… ხოლო რომელნი არიან მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი, განა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, ვითარცა ქისტნი». ე. ი. გამოდის, რომ წოვები ქისტურ ენაზე საუბრობდნენ და ქისტურ სარწმუნოებასაც მისდევდნენ.

ვფიქრობთ, საკმარისი ფაქტები არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ წოვა თუშები ვაინახების განუყოფელი თემია და ისტორიის მანძილზე ერთად განვლეს გზა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და შემდეგ გამოეყო დედავაინახებს და გადმოინაცვლა თუშეთში. აბსურდია იმის მტკიცება, რომ «ვაინახები და წოვა-თუშები (ბაცბები) გენეტიკური და ისტორიული წარსულის მქონე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებია». მათე ალბუთაშვილი, XIX ს. დასასრულისა და XX ს. დასაწყისის ეთნოგრაფი, მკვლევარი, მწერალი, რომელიც კარგად იცნობდა ქისტებისა და ბაცბის ადათ-წესებს, ზნე-ჩვეულებებს და ტრადიციებს, წერს თავის ეთნოგრაფიულ ნარკვევში «პანკისის ხეობა»:

«ქისტებისა და ჩაღმა-წოვა თუშების ერთობა შესამჩნევია უმთავრეს ჩვეულებათა სასმელ-საჭმლისა, ტანსაცმლისა, ხეობასა და ცრუმორწმუნოებათა მიხედვით.

ენის გარდა, ცოტა რამ გაარჩევთ, ბევრი სხვადასხვა ჩვეულებანი, რომლებიც დღემდე ხალხს, ზოგი პირდაპირ უცვლელად შერჩენია, ზოგი ბარად ქართველი ხალხის ზეგავლენით გადაუცვლია-გადაუსხვაფერებია და ზოგიც მიუვიწყებია, ან სრულებით მოუსპია, ამტკიცებენ ქისტებისა და ჩაღმა-წოვა თუშების ჩამომავლობით მტკიცე ერთობას».

შემდეგ მ. ალბუთაშვილს ჩამოთვლილი აქვს ის ჩვეულებები, რომლებიც იდენტურია ან მსგავსია ქისტებში და თუშებში. მაგალითად: დოღი, მოსისხლეობა, აკვანში დანიშვნა, ნათესაობა, პატარძლის მოყვანა, ცოლის ღალატი, ქმრისა და ძუძუთა შვილის დედისგან არ დატირება, მიცვალებულის დაკრძალვა, სტუმართმოყვარეობა, ფიცი, ცრუმორწმუნეობა და სხვა.

ნ. იაკოვლევი წოვა-თუშებს ჩეჩნურ ტომად მიიჩნევდა. ის ჩეჩნებს სამ მონათესავე ტომად მიიჩნევდა: «ჩეჩნები მხოლოდ სამ ტომს ითვლიან, ესენი, პირველ რიგში, ინგუშები არიან, ღალღაებს რომ უწოდებენ თავს, მეორე მხრივ, ჩეჩნები, ან ნოხჩიი და მესამე, პატარა ხალხი თუშებისა – ბაცოი~.

სემიონ ბრონევსკი წოვა-თუშებს ქისტურ თემად მიიჩნევდა ენის მსგავსების გამო და მთელ ვეინახურ ტომებს აერთიანებდა ერთ ქისტ ხალხად მათი ერთ ენაზე მეტყველების გამო.

«…რადგან ქისტური ენა არის ძირითადი, რომელსაც აქვს მსგავსება თუშურ ენასთან, ამის გამო ჩნდება ეჭვი თუშებზე, რომ, შესაძლებელია, ისინიც იგივე ქისტები არიან~.

ძალიან ცდილობს  წერილის ავტორი „საიდან ამდენი ენობრივი საერთო წოვა-თუშურსა და ვეინახურში?..» გენეტიკურად ქართველებად გახადოს წოვა-თუშები, ამისთვის ღია კარებს ამტვრევს. დღეს წოვა-თუშები თავს ქართველებად მოიაზრებენ, დაივიწყეს მიზანმიმართულად მშობლიური ბაცბური ენა, ქართულად მეტყველებენ და გენეტიკაც შეიცვალეს. ეს მათი უფლებაა და არც ჩვენ გაგვაჩნია პრეტენზია. მაგრამ როცა ისტორიას აყალბებ, ცდილობ, მკითხველი შეცდომაში შეიყვანო და წოვა-თუშური ენა ძველ ქართულს მიაკუთვნო და ამტკიცო, «რომ დღევანდელი ვაინახების მეტყველებას შემორჩა ლექსიკურ-გრამატიკული  შრე, რომელიც თავისი ფესვებით, არქაულ ქართულს უკავშირდება და აკ. შანიძის მოსაზრებით, დღეს იგი შემოინახა წოვა თუშურმა», – რბილად რომ ვთქვათ, ტენდენციურობაა, ვიწრო გლეხური შენ-ჩემობის კუთხური გამოხატულება და არაფერი საერთო აქვს მეცნიერებასთან.

წოვა-თუშურში ვაინახური ლექსიკა 1/3 კი არ არის, არამედ 2/3 და ცოტა მეტიც. ქისტური ენის არ მცოდნე შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ავტორმა, მაგრამ ვინც იცის ქისტური და წოვური ენები, ასეთ ანკესზე ვერ წამოეგება. წოვა-თუში და ქისტი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, შეუძლიათ ერთმანეთში ისაუბრონ. პანკისელმა ქისტებმა ქართული ენა იციან და წოვა-თუშურში ქართული სიტყვებისა და ვაინახურის თუშურ კილოზე ინტერპრეტაცია ხელს არ უშლის, გაიგოს ნათქვამი. ინგუშებსა და ჩეჩნებს, რომლებმაც არ იციან ქართული, ამ კუთხით პრობლემა აქვთ.

რაც შეეხება ავტორის პარალელს წოვა-თუშებს, მეგრელებსა და სვანებს შორის  – «ისინი ერთი საერთო პროტოქართველური ენის დიალექტებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებზეც საურობდნენ დღევანდელი სვანების, მეგრელების და თუშების წინაპრები», –  ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. არანაირი მსგავსება აღნიშნულ ხალხების ენებს შორის არ არსებობს გარდა იმ ლექსიკური თანხვედრისა, რაც ქართული ენის ზეგავლენით შევიდა მეგრულ-სვანურ და წოვა-თუშურ ენაში.  ან რატომ არ არის მეგრულ და სვანურ ენებში ვაინახური ლექსიკა ან რატომ არ ჰგავს მეგრული და სვანური წოვა-თუშურს. თუ, ავტორის თქმით, წოვა თუშურში ვაინახური ლექსიკა 1/3-ია, სინამდვილეში კი 2/3-ია, მეგრულ და სვანურ ენებში 1/100-იც კი არ იქნება.

მეგრელები და სვანები იმითაც განსხვავდებიან წოვა-თუშებისაგან, რომ დიდი რუდუნებით ინახავენ მშობლიურ ენას, ადათ-წესებს, ზნე-ჩვეულებებს. ეს ხელს არ უშლის მათ ქართველებად აცნობიერონ თავი, შეისისხლხორცონ ქართული კულტურა. წოვა-თუშებმა მოკლეს მშობლიური ენა, ხოლო «რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს», –  ამბობდა გრ. ორბელიანი და მართალიც იყო. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ თუშების საქმეა, მაგრამ როცა ქისტებს, მათ წინაპრებს შეეხებიან და დაკნინებას შეეცდებიან, უპასუხოდ არ დავტოვებთ.

გავიზიარებთ აკადემიკოს აკ. შანიძის მოსაზრებას, «რომ შესაძლოა საქართველოს აღმოსავლეთის ნაწილის მოსახლეობა ოდესღაც საუბრობდა იმ ენა-კილო-კავზე, რომელიც დღეს შემორჩა თუშებს შორის წოვათის საზოგადოების წარმომადგენლებსო» (ბ შ.), მარამ ეს კილო-კავი უფრო მეტად შემორჩა ჩაღმა თუშებს შორის და ეს ბუნებრივია, რამეთუ თუშები – ჩაღმებიც და წოვებიც – ვეინახური წარმოშობის ხალხია.

აკ. შანიძე ჟურნალ «მნათობში» წერდა:

«მე-18 საუკუნეში ქართული ენა თუშეთში ყველგან გავრცელებული იყო, მაგრამ წოვათის სოფლებს თავისი ენაც ჰქონდათ, რომელიც მათ კახეთში ჩამოსახლების შემდეგაც არ დაივიწყეს, თუმცა ქართულიც კარგად შეითვისეს და სხვა თუშებზე ნაკლებ არ იციან, ამიტომ დღეს თუშების ნაწილი მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობს, ნაწილს კი შემორჩა მამა-პაპების ენაც, რომელიც ადრე თუშეთის ყველა თემში უნდა ყოფილიყო საერთოდ გავრცელებული, როგორც ამას ქართულად მოუბარ თუშთა ენაზე დაკვირვება და მისი ანალიზი გვიჩვენებს».

თუშების ენაში ქართულისათვის (ძველი ქართულისთვისაც) უცხო ხორხისმიერი ბგერების სიხშირე ქართველის, განსაკუთრებით მეზობელი კახელის ყურს უჩვეულოდ ხვდება. ამასთან დაკავშირებით ბატონ აკ. შანიძეს მოჰყავს კახური ანეკდოტი:

«კახელმა რომ თუშის ლაპარაკს ყური დაუგდო და ხორხისმიერი ბგერების ხშირი ხმარება შენიშნა, ჰკითხა: თუშო, რას იხრჩობიო? არა, თუში არ იხრჩობა, იგი თავისუფლად გამოთქვამს თავის კილოს ბგერებს, მათ შორის ხორხისმიერ ბგერებსაც»,  ხორხისმიერი ბგერები დამახასიათებელია ვაინახური ენისთვის.

არაქართველის მეტყველებაში ქართულად საუბრისას შესამჩნევი აქცენტი ახასიათებს. აქცენტი ქართულად საუბრისას, რაც უნდა გამართულად მეტყველებდეს, შესამჩნევია წოვა-თუშების, სვანების, მეგრელების, ოსებისა და ქისტების საუბარში. ეს აქცენტი უმნიშვნელოა იმ ადამიანის მეტყველებაში, რომელსაც უკვე დავიწყებული აქვს მშობლიური ენა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი დაკვირვებული მსენელის ყური იჭერს უმნიშვნელო გადახვევას. წოვა-თუშების ქართულ მეტყველებაში არაქართველთათვის დამახასიათებელი აქცენტი საკმაოდ ძლიერია.

გიორგი ცოცანიძე წიგნში «გიორგობიდან გიორგობამდე» წერს:

«წოვათუშები ორენოვნებია. მათ საშინაო სალაპარაკო ენას მთის კავკასიურ ენათა ვეინახური ჯგუფის წევრი წოვათუშური, ანუ ბაცბური წარმოადგენს, ხოლო გარეთ ისინი ქართული ენის კახური დიალექტის მინამგვან კილოზე მეტყველებენ, რომელიც ამ უკანასკნელისგან მხოლოდ თუშური ტრადიციული ყოფისა და მეურნეობის დარგთათვის დამახასიათებელი ლექსიკითა და წოვათუშური ენისათვის ნიშანდობლივი ინტონაციით განსხვავდება».

ისე, სხვათა შორის, დროულ თუშებს სულ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ თავიანთ წინაპრებზე. მოვიყვანთ რამდენიმე რესპონდენტის მონათხრობს თუშების წინაპრებზე, რომლებიც ჩაიწერა გიორგი ცოცანიძემ.

«ყველა თუშს ღრმად სწამს, რომ მისი წინაპარი აქ საიდანღაც მოსულია».

ვახტო წუდაქაიძე: «ეს თუშები სუ სხვადასხვა ხალხი ვართ შეკრეფილი. ზოგი ფშაველია, ზოგი ხევსურია,  ზოგი ქისტია, ზოგი დიდოა, ზოგი კახია, იმერელიც არის. იქ, თავის ქვეყანაში რაღაცას დააშავებდა კაცი, აღარ ედგომებოდა, აიყრებოდა ცოლშვილით, მოვიდოდა და აქ დასახლდებოდა. ეგრე გაკეთებულა ეს ქვეყანა».

თანდილო ღუბაქელიძე: «ეს ხახაბო ხევსურის გაკეთებულია, ხევსურს დაუარსებია. თორღვა ხქვივნებია. იქ, თავის ქვეყანაში კაცი შემოხკვდომია და აყრილა, წამოსულა, აქ მოსულა და აქ დასახლებულა… მძლავრი კაცი ყოფილა ძალიან, მაგრამ, აბა, მარტო კაცს ხო ყველა დაიბრიყვებს, იმასაც ამხანაგები გაუჩენია ორნი, ერთი დიდო და ერთი თათარი, ისინიც თავისთან დაუსახლებია და გაკეთებულა სოფელი».

ხაბაიძე ესტატე: «აი, ეგეთი, სხვადასხვა ხალხისგან ნაკრეფი ხალხია ეს თუშები. თავის ხალხ-ქვეყანაში რო აღარ ედგომებოდა, აქ გამორბოდეს, სუ მავნეები, სუ მორიალეები, იმიტომ იყვნეს წინანდელი თუშები ეგეთი უშიშარნი, კერპები, ქვა-შეშანი, ხეტები მავნე დამორიალე კაცი ხო გულიანიცაა, უიშარი, გაუტეხელი~.

თავს შევიკავებთ კომენტარისგან.

ხასო ხანგოშვილი

პანკისი

გამოყენებული ლიტერატურა:

1.         ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. I, თბილისი, 1960.

2.         ლეონტი მროველი. ქართლის ცხოვრება. ტ. I, თბილისი. 1955.

3.         ქართლის ცხოვრება. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა

4.         ს. მაკალათია, თუშეთი, თბილისი, 1983

5.         ივანე ცისკარიშვილი, თუშეთის სურათები. გაზეთი «კავკაზი». 1846.

6.         ივანე ცისკარიშვილი. წერილები თუშეთზე. გაზეთი «კავკაზი», 1949.

7.         ვახუშტი ბატონიშვილი. ქართლის ცხოვრება. ტ. IV, თბილისი. 1973.

8.         მათე ალბუთაშვილი. პანკისის ხეობა. თბილისი. 2005.

9.         გიორგი ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბილისი, 1987.

10.       С. Броневский. Новеишие географические и исторические известии о Кавказе… Часть 2. М. 1823. (ბოლო გამოცემა წიგნში:

11.       Н. Яковлев. Ингуши Популярнй очерк. Гос. Изд. во. М. П. 1925  (ბოლო გამოცემა წიგნში. Ингушии, саратов. 1996).

12.       А. П. Зисермана ,Двадцать пять леть на Кавказе, С. Петербургь. 1897.

Share

Leave a Reply