2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ასაკში გარდაიცვალა პანკისის ხეობის მკვიდრი თემირლან მაჩალიკაშვილი. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების დღიდან მისი ოჯახის წევრები თავიანთ სამართლიან და კრიტიკულ კითხვებზე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამომწურავი პასუხების მოსმენას ელოდებიან.
საქართველოს ოფიციალური უწყებები არაფრად აგდებენ მაჩალიკაშვილთა გასაჭირს და ერთ ნაბიჯსაც კი არ დგამენ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანების გასაფანტად. ცინიზმისა და გულგრილობის გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს დღემდე არ ცნობენ დაზარალებულად. ოჯახის წევრის საძინებელ ოთახში ჩაცხრილვა, მისი სიცოცხლის მოსპობა და განადგურება საკმარისი წინაპირობა არ ყოფილა მშობლებისა და დის დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად აღიარებისათვის.
საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიამაყით თანაუგრძნობს და ყურადღებით ადევნებს თვალს თემირლანის მამის, ბ-ნი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წამოწყებულ ბრძოლას. მრავალი თვეა ის ქუჩაში დგას და საკუთარი უფლებების დაცვას მშვიდობიანი პროტესტითა და სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით ცდილობს.
მაჩალიკაშვილების ოჯახის თავდადება 2012 წლის შემდგომ საქართველოში კანონიერი გზებით სიმართლის დადგენისთვის შრომის თვალსაჩინო, სანიმუშო პრეცენდენტს წარმოადგენს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ქისტთა მხარდამჭერებს შორის დისკრედიტირებული ოპოზიციური პარტიები დომინირებენ. საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, თანამედროვე საქართველოში მათზე ორგანიზებული და ეფექტიანად მოქმედი საზოგადოებრივი ძალები ჯერ არ არსებობენ. ხელისუფლება ვერაგულად იყენებს აღნიშნულ გარემოებას და რუსთაველის გამზირზე დაბანაკებულ აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ოპოზიციური ორგანიზაციების დესტრუქციული გეგმის ნაწილად აცხადებს.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ, ნაცად ხერხს იყენებს მაჩალიკაშვილის საქმის დღის წესრიგიდან გასაქრობად. ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები მშვიდად, წყნარად, დუმილითა და შესაშური მოთმინებით ელოდებიან მოკლული ბიჭის ახლობლების დაღლას, დაავადებას, სასოწარკვეთას. ისინი სიხარულით აკვირდებიან საზოგადოებრივი განწყობების გარდაქმნის პროცესს. ჩვენ ხშირად სწრაფადვე გვბეზრდება ირგვლივმყოფთა ბედზე რუტინული ზრუნვა ან საკუთარი სიდუხჭირე არ გვაძლევს ხანგრძლივი სამოქალაქო აქტიურობის შესაძლებლობას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაჩალკაშვილის საქმის დავიწყების უფლება არ გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტების რიგი არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები ადვილად ვერ უნდა დაუსხლტნენ პასუხისმგებლობას. საზოგადოების საგულისხმო ნაწილისთვის დღემდე პრინციპულად მნიშვნელოვანია დასაბუთებული პასუხების მოსმენა შემდეგ კითხვებზე:
- რამდენად აუცილებელი იყო მიმალვაში არმყოფი, დედაქალაქსა და პანკისის ხეობაში თავისუფლად მოძრავი სტუდენტის დასაკავებლად სისხლიანი სპეცოპერაციის ჩატარება. შესაძლებელი იყო თუ არა მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის გარეშე დაკავება?
- თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით საქმის აღძვრის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ახალგაზრდის შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან თანამშრომლობა გახლდათ. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ დასახელებული პირები ოფიციალური დოკუმენტების გარეშე, ორი წლის განმავლობაში უხიფათოდ ცხოვრობდნენ და დაუბრკოლებლად საქმიანობდნენ თბილისსა თუ დუისში. როგორ ახერხებდნენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლული ახმეტ ჩატაევის მოკავშირეები მრავალი თვის განმავლობაში პოლიციის, უშიშროების სამსახურების ყურადღების თავიდან აცილებას? რატომ არ დააკავეს უსაბუთო ადამიანები ორი წლის განმავლობაში?
- ჩვენთვის პატივსაცემი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ანგარიშში ვკითხულობთ: „გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტი გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლში მითითებული საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპის დაცვას. აღნიშნული მუხლის თანახმად, საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანება, რომლის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას პროკურატურის საგამომძიებო ნაწილი უზრუნველყოფს.“ ახალგაზრდა კაცის საძინებელში ჩაცხრილვის შემდეგ ყველა საგამოძიებო პროცედურა სუს-ის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მასალები და საექსპერტო კვლევები მხოლოდ ორი თვის შემდეგ გადაეცა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. რატომ მისცეს მაღალი თანამდებობის პირებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უფლება იმისა, რომ თავადვე დაეწყოთ მათ მიერვე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება?
- საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის გაუგებარია რატომ განადგურდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – ხელყუმბარა გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე? რა გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ხელყუმბარას გარდაცვლილი მაჩალიკაშვილი ფლობდა? რატომ არ ამოიღო საგამოძიებო უწყებამ შემთხვევის ადგილიდან გასროლის შემდგომ დარჩენილი მასრა?
- თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებისთანავე სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები ვარაუდის გამოთქმის გარეშე მიუთითებდნენ გარდაცვლილის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირზე. საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად კი მედიაში ფრაგმენტულად ავრცელებდნენ გამოძიების შედეგად მოპოვებულ ზოგიერთ მასალას. თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის საკითხი დღემდე გაურკვევლად რჩება. შესაბამისად, გამოძიების პირველსავე დღეებში სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან უაპელაციოდ დაკავშირება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რატომ ცდილობდნენ თავიანთი განცხადებებით სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები დაღუპულის მიზანმიმართულ დეჰუმანიზაციას?
პანკისის ხეობის მოსახლეობის მიმართ საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება რეპრესიული პოლიტიკით გამოირჩეოდა. გადაწყვეტილებათა მიმღები პირები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ ვაინახებთან ურთიერთობას ყოველთვის მხოლოდ პოლიციისა და უშიშროების სამსახურების ენით ცდილობდნენ. პანკისის ხეობაში მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა არავის უცდია დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის და განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების გზით (ცალკეულ საყურადღებო და მნიშვნელოვან პროექტებს პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებად, მოძველებული სტრატეგიის ჩანაცვლებად არ განვიხილავთ). ქისტებს ფაქტობრივად არასდროს მისცემიათ შესაძლებლობა ძალადობრივი მიდგომების შედეგთა წინააღმდეგ სამართლებრივი საშუალებებით ეფექტიანი გაბრძოლებისა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა საქართველოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარომადგენლებმა, დაჩაგრულმა მოქალაქეებმა თავიანთი უფლებების დაცვა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თანადგომით მაინც შეძლონ.
გრიგოლ გეგელია – ისტორიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
ესმა გუმბერიძე – ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი
თათია დოლიძე – ევროპისმცოდნე
სალომე კანდელაკი – პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი – ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი
გიორგი ჯავახაძე – თსუ-ის სტუდენტი
გოჩა ლობჟანიძე – თსუ-ის სტუდენტი
ირაკლი კუპრაძე – იურისტი, მემარცხენე აქტივისტი
ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, მემარცხენე აქტივისტი
ელისაბედ სარქისიანი – ემიგრანტი