პანკისის ხეობის მოსახლეობის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას

საქართველოში არსებულ დიპლომატიურ მისიებს

პანკისის ხეობის მოსახლეობის

ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები ადგილობრივი მოსახლეობის ღრმა უკმაყოფილებას და უსამართლობის განცდას იწვევს. დღევანდელი აქციით გვინდა გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობის ორ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმესა და ხეობაში ჰესების მშენებლობის პრობლემას უკავშირდება.
2017 წლის 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ღამით საკუთარ ლიგინში სასტიკად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების  აშკარა არაეფექტურობა ჩვენი ხეობის მძიმე ტრაგედიად იქცა. შეცდომა იყო სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება და უკვე სპეცოპერააციის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც საქმეზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად,  მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს ახორციელებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე ჩვენთვის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაუცველობის და უნდობლობის ღრმა შეგრძნებას იწვევს. ჩვენთვის ისტორიულად და დღესაც ნდობის ხაზი სამართლიანობაზე და ღირსებაზე გადის, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ჩვენ გამოძიების ხელშესახები შედეგები და  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა დაზარალებულ ოჯახთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან ვერ დავინახეთ.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა პანკისის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის გადაწყვეტილებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობაში უკანასკნელ წლებში განხორციელდა ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.  აღნიშნული ჰესების გამო ჩვენს ულამაზეს ხეობას უკვე მიადგა გამოუსწორებელი ზიანი. . ამასთან იგეგმება დამატებითი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.  აღნიშნული ჰესების განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად ჩვენს ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი იქნება, ვინაიდან სრულად განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკლური ლანდშაფტი, დამატებით დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება ჩვენი სოფლების სასმელ და სარწყავ წყალს, რის შედეგადაც ადგილობრივები აღმოჩნდებიან სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშე.
ამასთანავე, ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროს წარმოადგენს. ხადორი 3 ჰესის გამო მილებში მოექცევა მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%, რაც ფაქტობრივად ალაზნის დაშრობის ტოლფასია. შესაბამისად, არამარტო განადგურდება მდინარის ეკოსისტემა, არამედ ჭალის ტყე, მდინარის გარშემო საძოვრების და ჭებში წყლის რესურსიც. ისედაც მაღალი მიგრაციის ფონზე, ეს გადაწყვეტილება ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
ამ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა დაუშვებლად მიიჩნევს ჩვენს ხეობაში ჰესების მშენებლობას და ყველა სამართლებრივ და მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას გამოიყენებს ამ პროცესის შესაჩერებლად. სამწუხაროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის პოლიცია, აქტიურად მუშაობს ჰესების მიმართ ჩვენი წინააღმდეგობის დასუსტებაზე და ადგილობრივი უხუცესებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს იყენებს. საჯარო ინტერესის და სიკეთის დამცველი პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ მისი რესურსის ამ მასშტაბით გამოყენება იმისთვის, რომ მან რამდენიმე პირის კერძო ინტერესი დაიცვას, წარმოუდგენელია.
ჩვენ არ ვართ განვითარებისა და სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ, როგორც ამას წარმოაჩენენ ხოლმე. ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რადგან რუსული პოლიტიკის ზიანი ჩვენთვის ყველაზე სასტიკად იყო და არის განცდილი. მაგრამ დაგეგმილი ჰესების ენერგოეფექტიანობა სინამდვილეში გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ეკოლოგიური და სოციალური ზიანი, რომელსაც ჰესები ჩვენს ხეობას მიაყენებს. სინამდვილეში, ჩვენ ვართ სამართლიანი და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერები, სადაც საჯარო კოლექტიური ინტერესი და თანასწორობა მაქსიმალურად დაცულია. ასეთია ჩვენი ადათის და რელიგიის ეთიკა.  
ჩვენ პანკისის ქისტი მოსახლეობა საკუთარ თავს ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად განვიხილავთ და გვინდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ უფრო სამართლიანი, უფრო ჰუმანური და უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობისთვის. დღეს პანკისში  ჩვენი ბრძოლა სამართლიანობისთვის სინამდვილეში მთელს საქართველოში სამართლიანობისთვის ბრძოლის ნაწილია და სწორედ ასე შენდება უკეთესი სახელმწიფო.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
 

  • უშუალოდ დაინტერესდეს და მისი კონტროლის ქვეშ აიყვანოს ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის დროული და სამართლიანი გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, ასევე უზრუნველყოს ჰესების მშენებლობის პროცესის შეჩერება და ხეობის ალტერნატრიული მდგარდი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გატარება;

 
საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
 

  • ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავოს პანკისის მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური კეთილდღეობის და განვითარების, დასაქმების, უნიკალური ეკოლოგიური სისტემის დაცვის წინაპირობას შექმნის;  

 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს
 

  • მიიღოს ყველა ზომა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულ ადგილობრივ აქტივისტებზე და თემის ლიდერებზე პოლიციისა და სუს-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების აღკვეთისა და ხეობაში სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით;   

 
საქართველოს მთავარ პროკურატურას
 

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლიანი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და განხორციელებაზე, ასევე მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა;

 
საქართველოს პარლამენტს
 

  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელება პანკისის ხეობაში მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც ადგილობრივი თემის ინტერგრაციის პროცესს არსებითად აზიანებს და უნდობლობლობის ღრმა კვალს აჩენს.

 
 

Share

Leave a Reply