"მე, აქტიური მოქალაქე" – პროექტი პანკისელი ახალგაზრდებისთვის

ინოვაცია, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა ან რომელიმე პროექტის სათაური, ეს რეალობაა.
რეალობა, რომელსაც ინდივიდები ქმნიან.
სურვილია, შევქმნათ სოციუმში ინოვაცია, რაც დამყარებული იქნება ახალგაზრდების აქტივობებზე, სურვილებსა და მისწრაფებებზე.
მიზანია, შევქმნათ არა ის, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის რაც რეალურად საჭიროა და სურთ ბენეფიციარებს.
“დემოკრატიის ლაბორატორია” პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროექტს – “მე აქტიური მოქალაქე” იწყებს. იგი ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს, მთავარ ფოკუსს კი ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები.
პროექტში მონაწილეობა ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს შეეძლება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს (ომალოში, დამასტურში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოსა და ბირკიანში) პირადად ესტუმრებიან და სკოლების ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით განაახლებენ.
მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ სკოლაში,რაც უფრო საინტერესო იქნება სკოლის ბიბლიოთეკა, მით უფრო სახალისო და ხარისხიანი იქნება მათი იქ გატარებული დრო.
ვფიქრობთ,თანამედროვე ქართულ-უცხოური ლიტერატურის გაცნობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ დაეწიონ სიახლეებს და სურვილისამებრ აუწყონ მას ფეხი. სკოლებშივე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად.
პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ცნობილ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რაც პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეების წინაშე დგას. პროექტის მონაწილეებისთვის, ახალგაზრდების კულტურულ, სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამართავს ლექციებს.
პროექტი “მე, აქტიური მოქალაქე” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ღია დისკუსიების წახალისება და მოტივაციის გაზრდა სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

 

Share

Leave a Reply