ენავ ქართულო

სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
ბრძოლით მოსულო, სისხლით დაცულო,
დედის მადლივით სისხლხორციანო!

თაფლივით ტკბილო, შვილივით ზრდილო,
აკვნიდან აკვნით გადაცემულო,
ხმალმოქნეულის გულის გამპობო,
გმირთა გულ-მკერდზე ჯავშნად ჩაცმულო.
სიპით ნაგებო, გალავნიანო,
მკვდრეთით აღმდგარო და სისხლნადენო,
მკერდგაპობილის ტუჩზე ჩნეულო,
თალხიანო და, მაინც ნათელო!
მტრის თუ მოშურნის დამბრმავებელო,
ურმის კოფოზე მეგზურ-მხლებელო,
ყრმათა აკვნებთან აკოკრებულო,
ციხე-გალავნის გამმაგრებელო.
ხარო და ზვარო, ქედო და ბარო,
გადაჭიმულო მძლე ვეფხვის ტყავო,
კავკასიურო, ნაიბერალო,
ჩვენი ზეობის სიბრძნევ და ხვავო.
ბელაქანიდან პონტოს პირამდე
ქართულ ქურანზე ამხედრებულო,
ლომთა, არწივთა დედავ მშობელო,
სიკეთის მადლით განათებულო.
შენ, ვალმოხდილო, უსესხებელო,
ქართველთ საუნჯევ, ერის სინდისო,
დედ-მამის მიერ ნაანდერძებო,
ჯავარიანო, ტკბილო, სათუთო.
ვინც გიღალატებს, ვინც გაგიდგება,
ღირსი არაა, ერქვას ქართველი,
ჩვენი ვალია, შენს ტკბილ ჰანგებზე
ვამრავლოთ შვილნი – არწივთ მართვენი.
იდიდე მარად, იხარე მუდამ,
ვაშა, დიდებით სახსენებელო,
დამმოყვრებელო, დასაფიცარო,
გამარჯვებულო, მუდამ დღეგრძელო.
სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
უბით ნატარო, სისხლით დაცულო,
ქართველი დედის სისხლხორციანო!
სულეიმან გუმაშვილი

Share

Leave a Reply