ამბობენ, რომ ყველაზე რთულია განვლო პირველი სამოცდაათი წელი, ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო. სამოცდაათი წელი კი, დამეთანხმებით, არაა სახუმარო თემა.
და თქვენ როგორ გეგმავთ ამ სამოცდათი წლის გატარებას? გამოვიცნო? ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესით (გადააგდებთ სიგარეტს, უარს იტყვით ალკოჰოლზე და არაჯანსაღ კვების პროდუქტებზე), აქტიური ცხოვრების სტილით, ბევრი სიცილით, ცეკვით, უდარდელობით და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…
არაა ცუდი მიდგომა, თუმცა ალბათ ვერც კი შეამჩნევდით, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოვტოვე, და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია მის გარეშე. ეხლა თქვენ გამოიცანით…
კლასი ახმაურდა…
სტალინი: – რასტრელიაწ ყველა არაბედნიერი და ვიცხოვროთ ბედნიერად სიბერემდე!
-ეს რა სადიზმია იოსებ, მშობელს მოიყვან ხვალ!
შოთა: – პოეზია უპირველეს ყოვლისა.
-ვისთვის როგორ შოთა, ყველას ვერ აიძულებ პოეზიის სიყვარულს.
ბერია: -მესმის, რომ საშინელი დანაშაულებები ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ, რის გამოც ვითხოვ შეწყალებას!
-ლავრენტი, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კლასში ძილი არ შეიძლება და მითუმეტეს ძილში ბოდვა!
შალვა ნათელაშვილი: – როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!“
დათო აქუბარდია: – შალვა, ეგ აკაკიმ თქვა.
შალვა ნათელაშვილი: – კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა.
აკაკი: – არადა ეს სიტყვები ილიას დასაფლავებაზე ვთქვი.
ივანიშვილი: – უფასო ფული, უპროცენტო სესხები!
-კარგი ოცნებაა ბიძინა, მაგრამ მხოლოდ ოცნება.
სააკაშვილი: – ყველა ციხეში!
-მიშა, სერიოზულად!
-სიყვარული – წამოიძახა ამ არეულობაში უკანა რიგებში მჯდომმა გალაქტიონმა ჩვეული სიდინჯით, მაგრამ დარწმუნებული ხმის ტონალობით.
-რატომ იფიქრეთ ასე?
– პასუხი უბრალოა, და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ -ეს თქვა და თავი ჩახარა, იოსების აბუჩად აგდების საშინელი თვისება რომ იცოდა.
-ხხხხ, ტიპიჩნი გრუზინ. რასტრელიაწ ბი მნე ვას ვსეხ! -ბურტყუნებდა სტალინი.
-ბრწყინვალეა ტაბიძე! ამ სემესტრში ხუთიანი გარანტირებული გაქვთ ჩემთან. იოსებ, კუთხეში სასწრაფოდ!
დიახ ბავშვებო. ეს არის სიყვარული, რამდენ ბანალურად და გაცვეთილადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, თუკი რამეს ძალუძს გადაგვარჩინოს, ეს სიყვარულია.
თუკი ვერ ხვდებით სიყვარულის მნიშვნელობას, უბრალოდ წარმოიდგინეთ არსებობა მის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს იღვიძებთ, ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა ერთი განსხვავებით – თქვენ აღარ გაქვთ სიყვარულის უნარი. საწოლიდან უღიმღამოდ წამომდგარი, დარწმუნებული ვარ, სარკეში არც ჩაიხედავთ, თავს არც მოიწესრიგებთ, ისე გახვალთ საქმეებზე, რადგან, თუ არ გექნებათ სიყვარულის უნარი, ლოგიკურია, არც საკუთარი თავი გეყვარებათ და თუ არ გიყვართ საკუთარი თავი, დამეთანხმებით, სულ ერთია, როგორ გამოიყურებით.
დამღლელი დღის შემდეგ, ალბათ გადაურეკავთ მეგობრებს, მაგრამ იმის იმედი ჯობია არ გქონდეთ, რომ ერთად მაგარ დროს გაატარებთ, რადგან თქვენი მეგობრობაც უსიყვარულოდ მლიქვნელობა იქნება…
სიყვარულის უნართან ერთად, დიდი ალბათობით, რწმენასაც დაკარგავთ, რადგან ეს ორი გრძნობა ისე ავსებს ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელია მათი განცალკევება. და თუ ღმერთი გაგახსენდათ, ე.ი ძალიან გაგიჭირდათ, მეტი არაფერი, თქვენი რელიგიაც უსიყვარულოდ ფანატიზმი იქნება…
შენდობა და პატიების უნარზე ჯობია არც ვილაპარაკოთ.
სიყვარულის აუცილებლობაზე შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ვისთვის რას ნიშნავს ეს აუცილებლობა ან/და თვითონ სიყვარული, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
ვერ ვიტყვი, რას წარმოიდგენთ თქვენ სიყვარულის ხსენებაზე, მაგრამ, მე ამ სიტყვაზე ოჯახურ შეკრებებს წარმოვიდგენ, მეგობრებთან ერთად დროის ტარებას, უდარდელ შაბათ-კვირას და ორმაგ “ჩიზბურგერს” საშუალო “ფრისთან” ერთად. სადღაც შებინდებულში, რა თქმა უნდა, სიყვარულის იმ სახესაც, რომელსაც როგორც წესი პირველად წარმოიდგენდა ამ შემთხვევაში ნორმალური ადამიანი. ვერ გეტყვით ეს რისი ბრალია, რატომ აქვს ჩემთვის სიყვარულს უფრო აბსტრაქტული და ფართო მნიშვნელობა, ვიდრე კონკრეტული და ცალსახა. კარგ დროს გამახსენდა ფრაზა – ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავსო. ალბათ, ჭკუა რომ შემრჩენია ჯერჯერობით, ესაა ზემოთხსენებულის მიზეზიც.
თუმცა, საზოგადოების ის ძვირფასი და ძლიერი ნაწილიც რომ არ დაგვეჩაგროს, რომელთაც ეს უწყინარი გრძნობა თვითკონტროლის უნარს ართმევს და მეტიც, ჭკუას აკარგვინებს, შევთანხმდეთ, რომ ზომიერება ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია…რომ, როგორც სხვა არაფერი ამქვეყნად, არც სიყვარული ვარგა გადაჭარბებული.
დიახ, ყველაფერი ამქვეყნად სიყვარულზეა დაფუძვნებული, მაგრამ ზომიერების ფარგლების დარღვევას მეეჭვება ყოველთვის მოჰქონდეს სასურველი შედეგი. გქონდეს სიყვარულის უნარი, ვფიქრობ უკვე ბევრს ამბობს…არაა აუცილებელი თავი მოაბეზრო სამყაროს ამ უნარის გამოხატვით. თქვენი სიყვარული ფასს დაკარგავს, ქცევები კი ბუნებრიობას.
ხანდახან, ისე ძლიერ მინდება, რომ ყველა მიყვარდეს, მაგრამ ყველას მიმართ სიყვარული რომ არავის სიყვარულს ნიშნავს და ერთადერთს – ყველას მიმართ ერთნაირ გულგრილობას გამოხატავს, ოსკარ უაილდმა დამახასიათებელი პირდაპირობით აღნიშნა “დორიან გრეის პორტრეტში”.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთნაირი გრძნობის სიძლიერით გიყვარდეს დედაშენი და სხვისი დედა, ყველაზე ახლო მეგობარი და ყველაზე შორეული, ყველა პოლიტიკური პარტია და ფეხბურთის გუნდი, ლექტორი, რომელმაც უმიზეზოდ დაგაკლო ქულა და ლექტორი, რომელმაც უმიზეზოდ მოგიმატა ის.
ასეა, და როგორც უსიყვარულობა შექმნიდა ქაოსს, ისე ყველას, ყველაფრის მიმართ სიყვარული. “ოქროს შუალედი” ვფიქრობ, ხსნაა ამ შემთხვევაში.
“ოქროს შუალედი” ვახსენე და მივხვდი, რომ მას ბოროტის არსებობა ქმნის, მაგრამ ჯობია ეს არ ვთქვა, თუმცა რახან უკვე წამომცდა, ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
უბალოდ წარმოვიდგინოთ ორი მარტივი სიტუაცია: პირველ სიტუაციაში სიყვარული ყველასი, ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, უაზრო, უმიზნო სიყვარული. თქვენს საყვარელ მეუღლეს ეყვარებოდა ყველა მის გარემოცვაში მყოფი ქალი/კაცი, მაგრამ ნუგეშს ალბათ ის მოგცემდათ, რომ თქვენც არანაკლებ ეყვარებოდით და თქვენის მხრივ, არც თქვენ დააკლებდით. მაშინ, რაღა გაგხდიდათ იძულებულს ოჯახი შეგენარჩუნებინათ, ან რა აზრი ექნებოდა მას საერთოდ?
ქალების გიჟური “შოპინგის” ამბავი ისედაც ცნობილია და ამ შემთხვევაში მათი სავაჭრო ცენტრში შესვლა ალბათ ერთი-ორად გაზრდიდა თვითმკვლელ მეუღლეთა რიცხვს, რომლებიც ჩინელი ტაო ციაოს გზას დაადგებოდნენ, რომელმაც შეყვარებულის პრეტენზიები ვეღარ აიტანა და 5 საათიანი შოპინგის შემდეგ სავაჭრო ცენტრის მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ყველაფრის მიმართ სიყვარული ქალებს კიდევ უფრო გაუძნელებდა არჩევანს, რომელსაც ისედაც რთულად აკეთებენ.
პროფესიაზე რას იტყვით? აშკარად გაგიჭირდებოდათ არჩევანი.
მეორე უკიდურესობაში ალბათ თავადაც ხვდებით რა ქაოსი დაგვატყდებოდა თავს. დიდი ალბათობით მთელი კაცობრიობა შევთანხმდებოდით შეხვედრის ადგილზე და ერთად გადავეშვებოდით უფსკრულში, თუკი მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც ყველას დაგვიტევდა. უსიყვარულობა, ყველაფრის მიმართ ზიზღი და უკმაყოფილება, არანაირი რეაქცია, განცდა, ბედნიერი წამები და ემოციები – რაღა აზრი ექნებოდა ბრძოლას არსებობისთვის?
მიყვარს სიყვარულისთვის მრავალი სახის მიცემა, მისი ფართო მნიშვნელობის ხაზგასმა. ამ მხრივ, ავღნიშნავდი ძველბერძნებს, მათ ბევრად უფრო ორგანიზებული გზით ჰქონდათ წარმოდგენილი სიყვარული და მის სხვადასხვა სახეს სხვადასხვა სახელს ეძახდნენ:
სტროგე – ოჯახური სიყვარული;
ფილია – მეგობრული სიყვარული;
ეროსი – რომანტიკული სიყვარული;
აგაპე – საღვთო ანუ უპირობო სიყვარული.
სიყვარულის ეს ოთხივე სახე ცალკ-ცალკე და ყველა ერთად დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ერთის გამოკლებაც კი სრულყოფილებას დაუმახინჯებს ამ გრძნობას.
ფილია და ეროსი – რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაზე ძლიერი მაინც სიყვარულის ეს ორი სახეა.
რატომ?
“ნათესაური სიყვარული იმიტომაცაა ყველაზე უზნეო, რომ დაუმსახურებელია, სიყვარულს დამსახურება უნდა” – წერს დოსტოევსკი თავის “ყმაწვილში” და ამით პირდაპირ ამბობს ჩემს სათქმელს.
“სტროგე” (ოჯახური სიყვარული) რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა ჩვენთვის, მაგრამ ნათესაური სიყვარული, ეს წესია ნორმალურ ოჯახში. წესი, რომელსაც დაბადებიდან, უფრო სწორად მშობლის მუცლიდანვე ვგრძნობთ და მერე მთელი ცხოვრება თან დავატარებთ. არ გიყვარს შენი ოჯახი/ნათესავები მათი ქმედებების თუ მიღწევების გამო, გიყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ძარღვებშიც ის სისხლი ჩქეფს, რაც შენსაში.
ნორმალური ოჯახი რომ ვახსენე, ის სამწუხარო რეალობაც ვერ დავტოვე უყურადღებოდ, რაც დღეს გვაქვს – აბორტის ხშირი შემთხვევა, უპატრონოდ მიტოვებული მშობლები, მკვეთრად გაზრდილი განქორწინებათა რიცხვი და ძალადობა ოჯახში – ეს უსიყვარულობის ან სიყვარულის ნაკლებობის შედეგია.
რაც შეეხება “აგაპეს” (საღვთო სიყვარული), თავის წიგნში პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: “აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებულ ნება-სურვილს გამოხატავს”.
ფილია და ეროსის შემთხვევაში, ნამდვილად ქედმოხრის ღირსია ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრება არ იცნობდე, უცებ გაიცნო და ყველაზე წინ დააყენო.
და თქვენ, ვინც ამ ოთხივე გრძნობას ზომიერად დაატარებთ და მათი გაერთიანებით სიყვარულის სრულყოფილებას აღწევთ, ნამდვილად გეთქმით, მოვსულვართ და გვიცხოვრიაო. ბედნიერები ხართ, რომ არ გახდით აპიტუიტარიზმის, იმ იშვიათი და განუკურნებელი დაავადების მსხვერპლნი, რაც არ აძლევს ადამიანს სიყვარულის უფლებას.
გადაცდენები რა თქმა უნდა იქნება, არც ერთი ჩვენგანი არაა სრულყოფილი. ასე რომ იყოს, ჩვენი ადგილი მუზეუმში იქნებოდა, მაგრამ მუღამიც ხომ ამაშია, როცა იცი, რომ შენში კარგიც ბუდობს და ცუდიც და თვითონ განსაზღვრავ რომელს მისცე უპირატესობა. სხვანაირად ჩვენ დაპროგრამებული არსებები ვიქნებოდით, უგრძნობნი, უუნარონი და უუფლებონი.
ეს თქვა და უცებ კლასს გადახედა, მიხვდა, რომ მეტისმეტად ბევრი დრო დაუთმო გრძნობაზე ლაპარაკს, რომელიც ბოლომდე სრულყოფილად არც არასდროს განუცდია. კუთხეში დაყენებული იოსები მოხერხებულად მოკალათებულიყო იატაკზე, ბერია უდარდელად აგრძელებდა ძილს, გალაქტიონი კი, რომელიც რაღაცას იწერდა მთელი ეს დრო, წამოდგა და:
-ნება მომეცით თქვენი საუბარი მე დავასრულო, -წარმოთქვა მორიდებულად.
-ბრძანეთ, რა თქმა უნდა.
-უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ…
მარი დუიშვილი