ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია: ჩეჩნეთის ბედი

19­ – ე საუკუნეში რუსეთი იწყებს აგრესიული ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, რის გამოც იძაბება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეჩქარებინა ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია, რომ უფრო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა საქართველოსთან და ტრანსკავკასიის სხვა ქვეყნებთან. ოსმალეთის იმპერიისა და ირანის დამარცხების შემდეგ, რუსეთს შესაძლებლობა მიეცა მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი და რესურსები კავკასიელ მთიელთა დასამორჩილებლად გამოეყენებინა.
სპარსეთი რუსეთთან დაპირისპირებას უკვე ვეღარ ბედავდა და არც ოსმალეთის დასუსტებულ იმპერიას არ შესწევდა უნარი წინ აღსდგომოდა რუსეთის ექსპანსიას კავკასიაში. ჩრდილოეთ კავკასიის ერებს კი მარტო უწევდათ ბრძოლა რუსული კოლონიალიზმის და რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიის მიერ კოლონიური ჩაგვრის გაძლიერებას შედეგად მოჰყვა ანტირუსული გამოსვლები და კავკასიის ომები 1817­ – 1864 წლებში.

იმამ შამილი

რუსების წინააღმდეგ ორგანიზებულ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, დაღესტანში, ავარულ სოფელ გიმრში დაბადებული შამილი. მან შესძლო დაღესტნელების, ჩეჩნებისა და ჩერქეზების გაერთიანება და 1820­ – 1830­იან წლებში თეოკრატიული სახელმწიფო – იმამატი შექმნა. ეს სახელმწიფო მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს და აქტიურად იბრძოდა ცარიზმის კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ.
შამილი, რომელიც ისლამური სამყაროს მიერ გმირად არის აღიარებული, მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა. მოულოდნელად თავს ესხმოდა მტერს დაღესტნის მიუვალ მთებში ან იჩქერიის უღრან ტყეებში, სადაც უპირატესობას მთიელები ფლობდნენ, რუსები კი წარმოუდგენელ წინააღმდეგობასა და სირთულეებს აწყდებოდნენ.
შამილმა, რომელიც სამხედრო საქმის ბრწყინვალე მცოდნე იყო, მთიელებისაგან შექმნა კარგად ორგანიზებული და ძალზე მობილური არმია. შამილის სამხედრო სისტემის ერთ­ერთი უმთავრესი უპირატესობა ის გახლდათ, რომ მას, სურვილისამებრ, უმოკლეს დროში შეეძლო საკუთარი ჯარების მობილიზება და გაშვება, რაც მას საშუალებას აძლევდა ემოქმედა ძალიან სწრაფად და მტრის წინააღმდეგ შეტევა განეხორციელებია ნებისმიერ დროს. როგორც ჯონ ფ. ბედლი თავის წიგნში “რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა” წერს: “შამილის სტრატეგია იმ დროისათვის მართლაც უზადო იყო. დილიმში განლაგებული მთავარი პოზიციიდან ის საფრთხეს უქმნიდა მტერს ჩრდილოეთში, დასავლეთსა და სამხრეთში – მუდმივ მოძრაობაში ჰყავდა თავისი რაზმები. სადესანტო – სადივიზიო ნაწილს ხან სახლებში უშვებდა და ხან, თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით, სწრაფადვე კრებდა. მთიელთა რაზმების განსაცვიფრებელი მობილურობის წყალობით, რომლებსაც არც ბარგი სჭირდებოდათ, არც ეკიპირება, არც საკვების მარაგი, რუსებს თავს ესხმოდნენ სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს მათთვის ნაკლებად მოსალოდნელი იყო.”
შამილმა შესძლო ეთნიკური ნიშნით დაყოფილი მთიელების გაერთიანება, ასწავლა მათ ბრძოლა საერთო საქმისათვის და დროთა განმავლოაბში მიაჩვია კავკასიელები დისციპლინას. ის მოითხოვდა რომ ყველა უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის ბრძანებებს. შამილი დაუნდობელი იყო მათ მიმართ, ვინც არღვევდა მის მიერ დადგენილ წესებსა და კანონებს. მან მკაცრი დისციპლინა დაამყარა თავის არმიაში: ერთგულებს და მამაც მეომრებს გულუხვად ასაჩუქრებდა, ხოლო მხდალ და ლაჩარ მამაკაცებს მკაცრად სჯიდა. “მათ, ვინც ფიცს დებდა, რომ საჭიროების შთხვევაში სიცოცხლეს გაწირავდა შამილისათვის, თვეში ორ ტომარა ფქვილს ურიგებდნენ, ხოლო ფაფახის წინა მხარეს ოთკუთხა მწვანე ნაჭრის ტარების უფლებას აძლევდნენ; მას, ვინც ბრძოლაში სიმხდალეს გამოიჩენდა, ზურგზე მეტალის იარლიყს აკერებდნენ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დასახიჩრებას ან სიკვდილს გადაურჩებოდა. შამილი შეუბრალებელი გახლდათ, როდესაც მის პრინციპებსა და ავტორიტეტს საფრთხე ემუქრებოდა; ის აღმოსავლელი დესპოტების ყაიდაზე დადიოდა – ჯალათის თანხლებით, რომელსაც ზეაღმართული გრძელტანიანი ნაჯახი ეჭირა თავისა და ხელების მოსაჭრელად არა მარტო მაშინ, როდესაც ამას შარიათი დაადგენდა, არამედ მის მიმართ გამოხატული მცირედი არალოიალურობის შემთხვევაშიც კი”.
შამილი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩეჩნეთში ტყის შენარჩუნებას. ტყე ძნელბედობის ჟამს ხალხის თავშესაფარს წარმოადგენდა, სწორედ ის იფარავდა მთიელებს რუსი სამხედროებისაგან და რუსული არმიის იერიშებისაგან. ხშირ შემთხვევაში ტყე განაპირობებდა ომის წარმოების ტაქტიკას და ომის ბედს წყვეტდა. 19­ე საუკუნეში ჩეჩნეთის უმეტესი ნაწილი უღრანი ტყეებით იყო დაფარული და სანამ ტყე არსებობდა ჩეჩნები უძლეველები იყვნენ. მშობლიურ ტყეებსა და მთებში ბრძოლის დროს ამ ხალხს ბადალი არ ჰყავდა.
შამილს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ტყის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პარტიზანული ომის წარმოება რუსების წინააღმდეგ. ის ჩეჩნებისაგან მოითხოვდა ტყის დაცვას და მკაცრად სჯიდა ყველას, ვინც კანონს დაარღვევდა და მისი ნებართვის გარეშე ხეს მოჭრიდა. “თითოეული მოჭრილი ხის ჯარიმა ან ძროხა იყო, ან ხარი, უარეს შემთხვევაში, დამნაშავეს აულის ცენტრში სიკვდილით სჯიდნენ.
მისი გვამი ერთი კვირის განმავლობაში სახრჩობელაზე ეკიდა სხვების გასაფრთხილებლად.” შამილი 25 წლის განმავლობაში 20.000 მეომრით წარმატებით იბრძოდა 280.000 კაციანი რუსული ჯარის წინააღმდეგ, სანამ 1859 წელს ტყვეობაში არ ჩავარდა და დაღესტნის სოფელ ღუნიბში რუსებს დანებდა. ის თავის ოჯახთან ერთად კალუგაში გადაასახლეს, რის შემდეგაც მის მიერ შექმნილმა თეოკრატიულმა სახელმწიფომ – იმამატმა არსებობა შესწყვიტა.
შამილის დატყვევების შემდეგ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კიდევ ორი წელი გაგრძელდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ჩეჩენი სამხედრო მეთაური, ბაისუნგურ ბენოელი. 1864 წელს მთიელთა წინააღმდეგობა შეწყდა და კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ ასობით ათასი ჩრდილოეთ კავკასიელი გადასახლებულ იქნა ოსმალეთში, მათ მშობლიურ მიწებზე კი რუსი `კოლონისტები~ დაასახლეს. რუსეთის კოლონიური უღლის წინააღმდეგ მიმართული შემდგომი ბრძოლები ლოკალური გამოსვლებით ხასიათდება და მასშტაბურ ხასიათს აღარ იღებს.
ბაისანგურ ბენო

კავკასიის სისხლისმღვრელმა ომებმა ჩეჩენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმსხვერპლა.
კავკასიის ომების (1817­1864) დაწყებამდე ჩეჩნეთის მოსახლეობა ერთ მილიონს აღემატებოდა. (ზოგიერთი ისტორიკოსის, მაგალითად ა. როგოვის აზრით ჩეჩნეთის მოსახლეობა 1847 წელს 1.5 მილიონს აღემატებოდა) რუსები დაუნდობლები იყვნენ ჩეჩნების მიმართ, მათთვის ყველა მეთოდი გამართლებული იყო მიზნის მისაღწევად.
რუსი ჯარისკაცები მთლიანად ანადგურებდნენ ჩეჩნურ სოფლებს, სადაც მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ დარჩენილნი (კაცებს ამ დროს ბრძოლის ველზე უწევდათ ყოფნა). რუსები არაჰუმანურად ეპყრობოდნენ ჩეჩნებს, წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდნენ, ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, წვავდნენ მათ სახლებს, ანადგურებდნენ მოსავალს. ბრძოლის შემდეგ ხშირად იყენებდნენ “გადამწვარი მიწის” ტაქტიკას, რის შედეგადაც არაერთი ჩეჩნური სოფელი, დასახლება, ქალაქი “აღიგავა პირისაგან მიწისა.”
განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გენერალი ერმოლოვი, რომელიც ხშირად აწყობდა “სადამსჯელო ღონისძიებებს” ჩეჩნების წინააღმდეგ. ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, კავკასიის ომების შემდეგ ჩეჩნეთის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. ნ. გ. ვოლკოვას აზრით 1867 წელს ჩეჩნეთში ცხოვრობდა მხოლოდ 116.000 კაცი და მათ უმრავლესობას ინვალიდები და კოჭლი ხალხი შეადგენდა.
ჩეჩენი ერის ლეგენდარული მეთაურიც, ბაისუნგურ ბენოელიც კი ინვალიდი იყო. მას მხოლოდ ერთი ფეხი, ერთი ხელი და ერთი თვალი ჰქონდა. ბრძოლა რუსებსა და ჩეჩნებს შორის ოთხ საუკუნეზე მეტი გაგრძელდა. რუსეთის იმპერიის მიერ კავკ ასიაში წარმოებული საუკუნეობრივი ბრძოლების შედეგად განადგურდა ჩეჩენი ერის დაახლოებით 90 პროცენტი. ფრიდრიხ ბოდენშტედტი თავის წიგნში “კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის რუსების წინააღმდეგ” წერს: “რუსეთი მრავალი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ჩეჩნების წინააღმდეგ, თუმცა ვერასოდეს ვერ ახერხებდა მათ საბოლოო დამარცხებას.”
კრემლთან ბრძოლისა და დაპირისპირების საუკუნეობრივი ტრადიცია, რომლის შენარჩუნება ჩეჩნეთის მცირერიცხოვან ერს ყოველთვის დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებოდა, ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგაც გაგრძელდა. 1918 წლის მაისში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დააარსეს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა.
ამ დროს რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები თეთრებსა და წითლებს შორის კავკასიის დაუფლებისათვის. გენერალმა დენიკინმა, რომელიც იყო მოხალისეთა არმიის ლიდერი, გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის არმია, მაგრამ 1919 წლის შემოდგომაზე შეიხ უზუნ ჰაჯიმ შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ემირატი ჩეჩნეთის მთებში და სათვეში ჩაუდგა დენიკინის წინააღმდეგ ორგანიზებულ ამბოხებას.
დენიკინი იძულებული შეიქმნა უკან დაეხია და თავისი შეიარაღებული ძალები გამოეყვანა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკიდან. ბოლშევიკებმა, რომლებიც თავდაპირველად თანამშრომლობდნენ შეიხ უზუნ ჰაჯისთან, მოახდინეს ჩრდილოეთ კავკასიის სრული ოკუპაცია, რის გამოც იფეთქა ახალმა აჯანყებამ ჩეჩნეთში 1920 წლის აგვისტოში. 1921 წელს ვლადიკავკაზში მთიელ ხალხთა კონგრესი გაიმართა, რომელშიც სტალინი პირადად მონაწილეობდა. ამ კონგრესზე გადაწყდა მთის ხალხთა საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის დაარსება, რომლის შემადგენლობაში ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ყაბარდოელები, ბალყარელები და ყარაჩაელები  შედიოდნენ.
ახლად დაარსებულ რესპუბლიკას ფართო ავტონომია მიენიჭა და მას შეეძლო საშინაო საქმეების დამოუკიდებლად წარმართვა. რესპუბლიკას გადაეცა ყველა ის ტერიტორიები, რომლებიც მთიელებს რუსეთის მეფეებმა წაართვეს. 1922 წლის ნოემბერში ჩეჩნეთი მთის ხალხთა საბჭოთა სოციალისტურ ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნეთს თავდაპირველად, 1922 წელს ავტონომიური ოლქის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 1934 წელს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანებით შექმნა ჩეჩნეთ­ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა ჩეჩნეთინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპ უბლიკად.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქისტი შეფიცულები

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ჩეჩნეთი აჯანყებებმა მოიცვა. ჩეჩნები ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოკავშირეები იყვნენ 1924 წლის აჯანყების დროს. პანკისის ხეობა ითვლებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის ბაზად, სადაც შეთქმულთ ქისტი თანამოაზრეები ჰყავდათ. 1922 წლის სექტემბრის დამლევს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან და შეფიცულთა რაზმთან ერთად იძულებული გახდა ჩეჩნეთში გადასულიყო. ჩოლოყაშვილს განზრახული ჰქონდა ჩეჩნებთან გაერთიანება და რუსების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დაწყება.
მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩენი ლიდერები დააპატიმრა, რის გამოც ისინი ვერ ჩაერთვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ ორგანიზებულ აჯანყებაში.
ჩეჩენთა უკმაყოფილებას იწვევდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, განსაკუთრებით იძულებითი კოლექტივიზაცია. იძულებითი კოლექტივიზაციის პროცესი დაიწყო 1920­ – იან წლებში, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება ჩეჩნეთში 1929 – ­1932 წლებში. ამას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები მოჰყვა (მარტო 1932 წელს 35 ათასი კაცი იქნა რეპრესირებული). თუმცა საბჭოთა წყობილების დამყარება უარყოფითი მოვლენა იყო კავკასიის თავისუფლებისმოყვარე ერებისათვის და მას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, ამ პერიოდში პოზიტიური ძვრებიც მოხდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. საგრძნობლად გაიზარდა წერა­კითხვის მცოდნეთა რაოდენობა, განვითარდა მრეწველობა და კულტურა.
ჰასან ისრაილოვი

1920­ – იან და 1930­ – იან წლებში გროზნოში დაარსდა ისტორიის, სოციოლოგიისა და ფილოლოგიის ინსტიტუტი.
ამ პერიოდში ჩეჩნეთი გადაიქცა ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიულ რესპუბლიკად ჩრდილოეთ კავკასიაში. საბჭოთა კავშირში ჩეჩნეთი მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის მოპოვებაში და დიდ როლს თამაშობდა სსრკ­ს ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის განმტკიცების საქმეში.
მიუხედავად ზემოთ დასახელებული პოზიტიური ფაქტორებისა, საბჭოთა წყობილების კავკასიაში დამყარებამ დიდი ზიანი მიაყენა ჩეჩენ ერს. “ბურჟუაზიული ნაციონალიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით 1930­იან წლებში კომუნისტებმა დაიწყეს ჩეჩნური ელიტის განადგურება. 1937 წლის მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ ჩეჩნური ინტელიგენციის წარმომადგენლები.
ამ რეპრესიებმა შეიწირა ჩეჩნებისა და ინგუშების დაახლოებით 2 პროცენტი. ამავე წელს “ენკავედე”­მ დაიწყო “ანტი­საბჭოური” ელემენტებისაგან ჩრდილოეთ კავკასიის გაწმენდა, რამაც ჩეჩნების გაღიზიანება და ჩეჩნეთში საპროტესტო ტალღის აგორება გამოიწვია. 1939 წელს ჩეჩნებმა გააჩაღეს პარტიზანული ომი საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ. 1940 წელს აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ჩეჩენი პოეტი ჰასან ისრაილოვი, რომელმაც ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში, მიუვალ მთებში პარტიზანების ბაზა შექმნა და აქტიურად დაიწყო მხარდამჭერების შეგროვება. აჯანყებულებმა ჩეჩნეთში საბჭოთა ხელისუფლება დაამხეს და “ჩეჩნეთ­ინგუშეთის დროებითი სახალხო­რევოლუციური მთავრობა” შექმნეს.
გერმანელებმა სცადეს ჰასანთან შეთანხმების მიღწევა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის წარმოება, მაგრამ ჩეჩნებთ ან თანამშრომლობის ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისრაილოვი არ ენდობოდა მათ და თვლიდა რომ გერმანელებს ჩეჩენი ამბოხებულები მხოლოდ თავიანთი მიზნების მისაღწევად სჭირდებოდათ. მისთვის მიუღებელი იყო როგორც საბჭოთა, ასევე გერმანული იმპერიალიზმი.
ჰასან ისრაილოვის აზრით გერმანელების გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში არსებითად ვერ შეცვლიდა ვითარებას კავკასიაში. ამ შემთხვევაში მოხდებოდა მხოლოდ ერთი დამპყრობის მეორეთი ჩანაცვლება. ჩეჩნებმა ასევე მშვენივრად იცოდნენ, რომ ჰიტლერის თეორიების თანახმად ისინი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კავკასიელი ხალხები, არიულ რასას არ მიეკუთვნებოდნენ. ბოლო მიზეზი, რის გამოც არ შედგა ჩეჩნურ­გერმანული ალიანსი, იყო გერმანელების აქტიური თანამშრომლობა ჩეჩნების დაუძინებელ მტრებთან, კაზაკებთან. იმ პერიოდში კაზაკებსა და ჩეჩნებს შორის კვლავ გრძერლდებოდა გაუთავებელი კონფლიქტები მიწების გამო. ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო ჰასან ისრაილოვი ისრაილოვის ამბოხებულებს ფაშისტურ გერმანიასთან ურთიერთობა გაუფუჭდათ.
მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი გერმანული პროპაგანდისტული პლაკატები. გერმანელები კავკასიელებს თავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

1942 წლის ნოემბერში გერმანიის შეიარაღებული ძალები ვლადიკავკაზს მიუახლოვდნენ და მოზდოკს მიაღწიეს, მაგრამ მათ უკან დახევა მოუწიათ მას შემდეგ, რაც გერმანიის მეექვსე არმია სტალინგრადთან ბლოკადაში მოექცა და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ რუსებს დანებდა.
ამრიგად, ჩეჩენ ამბოხებულებს მარტო მოუწიათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა. საბჭოთა კავშირმა ამბოხებულების წინააღმდეგ მძიმე სამხედრო შეიარაღება, ტანკები და ავიაცია გამოიყენა, მაგრამ აჯანყების ჩახშობას მაინც დიდი დრო მოანდომა. აჯანყებულების დამარცხება მხოლოდ 1942 წელს მოხერხდა.
მასიური საავიაციო დაბომბვების შემდეგ “ენკავედე”­ს ჯარებმა საბოლოოდ შეძლეს აჯანყების სისხლში ჩახშობა. საბჭოთა კავშირი ამბოხებულებს სასტიკად გაუსწორდა. თუმცა გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეჩნეთამდე არ მიუღწევიათ, ჩეჩნებს ბრალად დასდეს ფაშისტებთან თანამშრომლობა, ღალატი, საბჭოთა მოქალაქეების მასიური მკვლელობა, ძარცვა და გადაწყვიტეს შუა აზიასა და ციმბირში მათი დეპორტაცია.
1944 წელს სტალინის ბრძანებით ჩეჩნეთ­ინგუშეთის ასსრ გაუქმდა (მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი ახალი საზღვრებით) და განხორციელდა ჩეჩნების, ინგუშების და სხვა კავკასიელი ხალხების დეპორტაცია ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, ყირგიზეთი და ციმბირი). სტალინი თვლიდა რომ დეპორტაცია იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განხორციელდა “მოღალატე ერების” ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციის გამო. სტალინის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საბჭოთა იმპერიის შორეულ მხარეებში გადაასახლეს ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მის მიერ აღიქმებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის პოტენციური მტრები.
ამ ხალხის ძალით გადასახლება კიდევ ერთ მიზანს ემსახურებოდა, ამ პროცესს უნდა დაეჩქარებინა საბჭოთა კავშირის შორეული და ჩამორჩენილი რეგიონების განვითარება. საქართველოს ეროვნულ არქივში მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1920­იან წლებში საბჭოთა მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა გამოეყენებინა დეპორტირებული ხალხი მებამბეობის განვითარებისათვის, ასევე საბჭოთა კავშირის შორეულ რეგიონებში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და მინერალური სიმდიდრეების ექსპლუატაციისა და ათვისებისათვის.
ამ სტრატეგიამ, რომელსაც სტალინი მუდმივად იყენებდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე, რადიკალურად შეცვალა საბჭოთა კავშირის ეთნიკური რუკა. ის ისეთი მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის გადასახლების მომხრეც კი იყო, როგორიც უკრაინელები არიან, მაგრამ ამ ეთნიკური ჯგუფის სიმრავლის გამო მან ვერ მოახერხა თავისი სასტიკი გეგმის განხორციელება.
1944 წელს მასიური დეპორტაცია შეეხო ჩეჩნებს, ინგუშებს, ბალყარელებს, ყირიმელ თათრებს, ყირიმელ ბერძნებს, ვოლგის გერმანელებს, მაჰმადიან მესხებს, ქურთებს, ჰემშინებს, ყარაჩაელებს და ყალმუხებს. შუა აზიაში და ციმბირში გადასახლება ყველაზე ტრაგიკულ პერიოდად ითვლება ჩეჩენი ერის ისტორიაში. ბევრი დეპორტირებულთაგანი ვერ ეგუებოდა შუა აზიის მკაცრ კლიმატს, შიმშილს, სიცივეს და იღუპებოდა.
ვისი დეპორტაციაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, ადგილზევე გამოასალმეს სიცოცხლეს. მხოლოდ ერთ სოფელში, ხაიბახში, ცოცხლად დაწვეს შვიდასამდე ადამიანი. ხაიბახი მაღალმთიანი დასახლებაა, სადაც მკაცრი ზამთარი იცის და დიდთოვლიანობის გამო მანქანები ვერ ახერხებს სოფელში ასვლას. როდესაც საბჭოთა ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ ზამთარში ხაიბახში მცხოვრები ჩეჩნების ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, გადაწყვიტა მათი ადგილზე ლიკვიდა ცია. იგივე ბედი გაიზიარა არაერთმა ჩეჩნურმა სოფელმა თუ დასახლებამ. დაახლოებით 400.000 ჩეჩენი და ინგუში გადაასახლეს შუა აზიაში.
მათი უმრავლესობა ჩაასახლეს ყაზახეთში. ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა დეპორტაციის გამო. რუსული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გადასახლების შედეგად დაიღუპა მთელი ჩეჩენი ერის 30 %. ჩეჩნური წყაროები უფრო დიდ ციფრს ასახელებს. ჩეჩენი საზოგადო მოღვაწეების აზრით გადასახლებულთა 60­ – 65% გარდაიცვალა შიმშილისა და სიცივისაგან. საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობილი მკვლევარის, აბდურახმან ავტორხანოვის აზრით, (მან საბჭოთა კავშირი დატოვა მეორე მსოფლიო ომის დროს და გერმანიას შეაფარა თავი), ჩეჩნეთ­ – ინგუშეთის ასსრ­-ს გაუქმების რამოდენიმე მიზეზი არსებობდა:

  1.  ჩეჩნების პერმანენტული ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და საბჭოთა დესპოტური სისტემის არაღიარება კავკასიელების მიერ. კრემლის სურვილი გაემაგრებინა ზურგი დასავლეთთან მომავალი დაპირისპირების შემთხვევაში და არ დაეშვა საერთოკავკასიური ნაციონალური ფრონტის ჩამოყალიბება საბჭოთა მეტროპოლიიის წინააღმდეგ.
  2.   საბჭოთა ხელისუფლების მკვეთრად განსა ზღვრული კურსი, რომ ხელში ჩაეგდო და აბსოლუტური კონტროლი დაემყარებინა კავკასიის ნავთობის რესურსებზე.
  3.  საბჭოთა ხელისუფლების სურვილი მოეხდინა კავკასიის სრული დაპყრობა, რომელიც გამოყენებულ იქნებოდა როგორც სამხედრო პლაცდარმი. კავკასია უნდა გარდაქმნილიყო სამხედრო პლაცდარმად თურქეთის, ირანის, პაკისტანის და ინდოეთის წინააღმდეგ და უნდა მომხდარიყო ამ რეგიონის გამო ყენება მომავალი ექსპანსიისათვის.

ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო საბჭოთა რეჟიმმა ახალი გენოციდი მოუწყო ჩეჩენ ხალხს 1944 წელს და იძულებით გადაასახლა მთელი ერი ციმბირში და შუა აზიაში. გადასახლების შემდეგ ჩეჩნეთში მაინც დარჩნენ მცირერიცხოვანი პარტიზანული რაზმები, რომლებიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუს იმპერიალისტებს 60­ – იანი წლების შუა ხანებამდე.
გადასახლებულებს თავის სამშობლოში დაბრუნების საშუალება, მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც მოხდა ჩეჩენი და ინგუში ხალხის რეაბილიტაცია ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ 1957 წელს. ჩეჩნეთ­ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ისევ აღდგა, თუმცა მას რუსებმა ტერიტორიები ჩამოაჭრეს და მისი ფართობი საგრძნობლად შეამცირეს.
ვ. მოდებაძე
ინფორმაციის წყარო

Share

Leave a Reply