მეტი თავისუფლება,მეტი პასუხისმგებლობის წილი

ბავშვობაში, როდესაც სათავგადასავლო წიგნებს ვკითხულობდი ჩემი ყოველდღიურობა ძალზედ მოსაწყენი მეჩვენებოდა. ხშირად მინატრია სადმე უფრო საინტერესო ადგილას დავბადებულიყავი, იქ სადაც ცხოვრება უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანი იქნებოდა. არ ვიცი, ეს ჩემი სურვილის გამო თუ სხვა ამბავი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნიერებისთვისაც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილად იქცა ის პატარა კუთხე სადაც მე დავიბადე.
სოფელი დუისი, მთებში ჩამალული, ალაზნის პირას გადაშლილი და კოხტა ქალივით გაპრანჭული ადგილია. გაპრანჭული მეთქი, მაგრამ არ ვგულისხმობ ლამაზ შენობებსა და გაწყობილ ქუჩებს. უბრალოდ, აქ მაცხოვრებელთა ხასიათით, მათი მოვლილი სახლებითა თუ კოხტა ეზოებით ეს სოფელი ჩემში გაპრანჭული ქალის ასოციაციას იწვევს. თუმცა არც ასე მარტივად არის ამ სოფლის ამბავი, როგორც მე ერთი შეხედვით აღვწერ.
ხეობაში, სადაც ეს ჩემი მშობლიური სოფელიც მდებარეობს კომპაქტურად სახლობენ კავკასიის ძირძველი ტომის ვაინახების წარმომადგენლები, კერძოდ ქისტები. ქისტები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ინტეგრირებულნი არიან, თუმცა ამავე დროს დიდი რუდუნებითა და მონდომებით იცავენ საკუთარ კულტურას, რელიგიას, თუ იმ ტრადიციებს რომელთა წილი საერთოა კავკასიისთვის და ნაწილიც უნიკალური და მხოლოდ ვაინახებისთვისაა დამახასიათებელი. შედეგად ვიღებთ უნიკალურ და თვითმყოფად სურათს საზოგადოებისა, რომელთა შეცნობა და გაგება ბევრს დააინტერესა, ბევრიც შეეცადა გაგებას და ბევრისთვისაც ჯერ კიდევ გაუგებარ ფენომენად დარჩა. ასე, რომ რამდენადაც ლამაზი და მიმზიდველია ჩემი ხეობა, იმდენად რთული და ამოუცნობიც შეიძლება მოეჩვენოს იგი კაცს.
ერთი ამბავია დაიბადო ამ საინტერესო ხეობაში და გერქვას ქისტი, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო ამბავია იყო ქალი ამ საზოგადოებაში. ხშირად მსმენია თანაგრძნობის თუ სინანულის გამომხატველი სიტყვები ქისტი ქალის მძიმე ცხოვრების სსახებ უცხოთა და გარშემომყოფთა მხრიდან. მაგრამ საინტერესოა ის, რომ თავად ქისტი ქალების მხრიდან ასეთი განწყობები ნაკლებადაა.
და მაინც, ვინ აირის ის ქალი, ვინც დაფასებული და წარმატებულია ჩემს საზოგადოებაში. პირველ რიგში მახსენდება ალცანეი. უაღრესად დინჯი კეთილშობილი და სათნო ქალი. ქალი, რომელმაც საკუთარი წესიერებით, გონიერებითა და სიბრძნით შეძლო ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცების გვერდით,ღირსეული ადგილი დაეკავებინა.
ქალი, რომელსაც აზრს კაცებიც ეკითხებოდნენ და ქალი, რომლის სიტყვასაც ხეობაში დიდი ფასი ჰქონდა. მას არ ჰქონდა დამთავრებული სკოლა, არ მიეღო უმაღლესი განათლება, არ იყო მდიდარი ოჯახის შვილი და საერთოდაც, არც არაფერი ისეთი არ გააჩნდა, რაც საზოგადოებაში მის გავლენას თუ ადგილს გააძლიერებდა. ის ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი და ნაადრევად დაქვრივებული ქალი, მარტოხელა დედა იყო.
თუმცა მას აღმოაჩნდა ისეთი ძალა და შესაძლებლობა  ღირსეული და ბევრი კაცისთვის შესასური ადგილი დაეკავებინა საზოგადოებაში. ძალა,რაც ალცანეის წარმატება განაპირობა ალბათ იყო მისი პიროვნული თვისებები : სიბრძნე, კეთილშობილება, სხვების სამსახურში ყოფნის სურვილი, შრომისმოყვარეობა. ის იყო ქალი, რომელიც ყოველთვის ფუსფუსებდა, ქამიანობდა და დროს უშინაარსოდ არ დახარჯავდა. აღსანიშნავია, რომ ალცანეი იდგა როგორც ქალის, ასევე კაცის ღირსებების სადარაჯოზე.
ჩემს საზოგადოებაში ითვლება, რომ არსებობს ერთი სიმდიდრე, რრასაც თავისუფლება ჰქვია და ამ სიმდიდრეს ერთმანეთში იყოფს ქალი და კაცი. წილი თავისუფლებისა კაცს მიაქვს, დარჩენილი წილი კი ქალს. თითქოს სასწორის ორ პინაზე ანაწილებდნენ. წილი თავისუფლებისა, რასაც ქალი თმობს კაცის პიანაზე გადადის, თუმცა ამ თავისუფლების მუხრუჭი არის ის ფაქტი, რომ იგივე პრინციპით ნაწილდება პასუხხისმგებლობის სიდიდეც. რამდენადაც მეტია თავისუფლება,იმდენად მეტია პასუხისმგებლობის წილიც.
ალცანეი იყო ის ქალი, რომელსაც ეს წონასწორობა მკაცრად ჰქონდა გააზრებული. ის თვლიდა, რომ მისი, როგორც ქალის დანიშნულება იყო გმირი და ვაჟკაცი შვილების გაზრდა და ნებაყოფლობით,საკუთარი სურვილით თმობდა საკუთარ წილ თავისუფლებას, იმისთვის რომ ამ საზოგადოების ვაჟები გმირებად გაზრდილიყვნენ. იმისთვის რომ სასწრის პინაზე კაცის წონა არ შესუსტებულიყო.
აღმოჩნდა, რომ ჩემს საზოგადოებაში ქალმა რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს, რა მწვერვალებიც არ უნდა დაიპყროს, მის მთავარ ღირსებად მაინც რჩება საზოგადოებაში მიღებული ამ წონასწორობის დაცვა. როგორც ამბობენ “სადაც ქალები წახდებიან, ვაჟკაცები არ იზრდებიანო”.
და ეს პატრიარქალური საზოგადოება, სადაც კაცის წილი თავისუფლება მაინც მნიშვნელოვანწილად აღემატება ქალისას, საზოგადოების სიძლიერის მთავარ ქვაკუთხედად ისევ ქალის როლს მიიჩნევს. შედეგად ჩემთვის ორმაგად საინტერესოა წარმატებული ქალების მაგალითები და ორმაგად დასაფასებელნი ის ქალები, რომელნიც ახერხებენ იყვნენ ძლიერებიც, წარმატებულებიც და ამავე დროს დაფასებულნიც ამ საზოგადოების წიაღში.
მელსი ბაღაკაშვილი

Share

Leave a Reply