მომავლის რწმენით

ეთერ ციხესაშვილის ესსე:
პანკისის ხეობა ულამაზესი კუთხეა საქართველოში. ის აღმოსავლტ საქართველოს ბოლო წერტილია, მნახველებს მოსწონთ და კმაყოფილების განცდა ეუფლებათ. განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი კულტურა, ტყუმართმოყვარეობა, ტრადიციები. მოსულის თვალს არასდროს გამოპარვია ჩვენი ქალების სისუფთავე, ეს ყველა თვისება დამახასიათებელია პანკისელი ქალებისთვის.
ხეობაში სულ 17 სოფელია. მათ შორის დუისი ყველაზე დიდია. აქ მცხოვრები ხალხიც რატომღაც განსხვავდება სხვა სოფლებისგა, ამაყები და პატივმოყვარეები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეც ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე.
მშობლები პედაგოგები არიან, თუმცა პაპა-ბებიის აღზრდამ უფრო მოახდინა ჩემზე გავლენა. ისინი ძალზე რელიგიური ადამიანები იყვნენ, რის საფუძველსაც რა თქმა უნდა ის სალოცავი სახლი გვაძლევდა, რომელიც 1909 წელს სოფელში შემთხვევით სტუმრად ჩამოსული შეიხმა ისა-ეფენდიმ დაამკვიდრა. ხეობაში ისლამიც მან გაავრცელა.
დედა ძალიან მკაცრი და ობიექტური იყო, ბავშვობიდანვე შრომას და საქმეს მიგვაჩვია. ოჯახში პირველად სამი და გავჩნდით, მე როგორც უფროსს, ოჯახური საქმეები მევალებოდა : დების მოვლა-პატრონობა, სახლში წესრიგის, სისუფთავის დამყარება და სხვა.  ყოველთვის ყველაფრის დათმობა მიწევდა, ამით სარგებლობდა ჩემი უმცროსი და ხადიშა და მჩაგრავდა, თავის გასაკეთებელ საქმესაც უკვე მე მავალებდა. მეც რა თქმა უნდა უთქმელად ვუსრულებდი ნებისმიერ სურვილს.
ჩემი მშობლები სკოლაში მუშაობდნენ პედაგოგებად. დედას სამსახური მოშორებით, სხვა სოფელში ჰქონდა, სამსახურში წასვლამდე ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის შრომა შეემსუბუქებინა, მაგრამ მე მაინც მძიმე ტვირთი არ მაკლდა.
შეიხის საპატივსაცემოდ ჩვენს ეზოში დგას სტელა, რომელზეც არაბული წარწერაა. ეზოშივე არის ძველი რიტუალების ფიცრული ოთახი, ხალიჩებითა და მუთაქებით მოწყობილი, კედელზე კი შეიხის სურათია.
მთელი ამ სახლის არსებობის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს საღამოს მოდიან კაცები ე.წ. “ძიარათის” რიტუალის შესასრულებლად, ქალები კი პარასკევს შუადღისით. პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს შეიხი ისა-ეფენდი პანკისის ხეობას სტუმრობდა 1909 წელს. მას შემოუკრებია მამაკაცები და ესაუბრებოდა რელიგიაზე. ქრისტიანობას ხეობაში მისდევდნენ : ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში. დუისში, დანარჩენ სოფლებთან შედარებით ისლამის მიმდევრები ჭარბობდნენ.
შეიხის სტუმრობის შესახებ ხმები პანკისში ძალიან სწრაფად გავრცელდა, როგორც ოდითგანვე სტუმართმოყვარე ხალხი, შეიხს ეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრას უშლიდნენ და თავიანთ პატივისცემას ამით გამოხატავდნენ.
რა თქმა უნდა, არც ჩემი დიდი პაპა დარჩენილა ვალში, დაუპატიჟებია სახლში, დაუკლავს ცხვარი და გაუშალა სუფრა. შეიხს სასტიკი უარი განუცხადებია –  ჩემი სტუმრობა ძალიან ძვირი დაგიჯდებაო. მას უგრძვნია, რომ იმ სახლში უნდა დამკვიდრებულიყო. მისი სასტიკი უარის მიუხედავად, არ მოეშვნენ, მას მერე დარჩა ჩვენს სახლში.
ამჟამად შეიხ ისა-ეფენდის სურათი მექაში ჰკიდია, შეიხებს შორის მესამე ადგილზეა. ახალგაზრდა შეიხებს შორის უკანასკენლია. მის მერე ღმერთს შეიხი არ მოუვლენია ამქვეყნად.
თავდაპირველად ისა-ეფენდის ბევრს არ სჯეროდა. მის მონაყოლს სკეპტიკურად უყურებდნენ, რაღაცეებს უქექავდნენ.
ერთხელ, სოფელ ომალოში სასაფლაოსკენ გაუვლიათ ცხენებით, ის შეჩერდა და ერთ-ერთ საფლავს დააკვირდა, უთქვამს: ეს კაცი 20 წლის მკვდარია, მაგრამ მისი გვამი გაუხრწნელიაო, შეგიძლიათ წმინდანად აღიაროთო. ხალხს მის ნათქვამში ეჭვი შეეპარათ, მეორე დღეს დასარწმუნებლად საფლავი გახსნეს, მართლაც უვნებელი და გაუხრწნელი დაუხვდათ. ამ ამბავს ხშირად იგონებდა ბებია.
პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, თავიდან თურმე დიდ ბებიასაც ეჭვი ეპარებოდა მის შეიხობაში. ერთხელ მძინარეს მოპარული საბანი დააფარა და ოთახიდან ფეხაკრეფით სცადა გაპარვა, მაგრამ შეიხმა საბანი ფანჯრიდან გადააგდო და დასძინა : ამ ეზოდან გაიტანეთ, მოპარულიაო. მაშინ კი ნამდვილად დარწმუნდა მის შეიხობაში.
ერთხელ უბანში ცხენოსანს გაუვლია, მისკენ ჯოხი გაუშვერია და უთქვია: მოპარული ცხვრის ტყავი აცვიაო.
ოჯახში ცხრა ბავშვი ვიყავით: ხუთი ჩვენ და ოთხი მამიდაშვილი, რომელთანაც ძალიან პატარა ასაკში დაეღუპათ დედა და ჩვენთან იზრდებოდნენ.
გავთხოვდი ძალიან პატარა ასაკში, 16 წლის უკვე ბავშვი მყავდა, მშობლები დიდხანს არ მირიგდებოდნენ. ძალიან მალე გავაცნობიერე ჩემი დანაშაული, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მომიხდა ძალიან რთული ცხოვრების გავლა.
ჩეჩნეთის ომში, გაურკვეველ ვითარებაში, დავკარგე მეუღლე. მის მერე უფრო გართულდა ყველაფერი. ცხოვრების უღელი მძიმე ტვირთად დამაწვა კისერზე, ყველაფრის კეთება პირადად მიწევს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ამჯერად პრობლემებით, გაჭირვებით და უკეთესისკენ დიდი მოლოდინებით…

Share

Leave a Reply