ლუიზა მუთოშვილის ესსე:
* * *
“იჯდა ქვასავით გაუნძრევლად.
ცარიელ სამყაროში მარტო.
უზიარებდა ქალად დაბადების სევდას მთვარეს, თავისი ტკივილების უსიტყვო მსმენელს.
მთვარეს, რომელსაც ყოველ ღამე, მუხლებზე დამხობილი ქალიშვილებთან ერთად სთხოვდა ვაჟს.
მას ხომ არ ჩაეთვალა ხუთი სიცოცხლის დაბადება, ხუთი ცხოვრების დასაწყისი, ხუთი ქალიშვილის დედობა.
…
დაიბადა.
ვაჟი.
მოიხადა ცოლის ვალი – ქმრის, ოჯახის, ნათესავების, სოფლის წინაშე.
გააგრძელა გვარი.
მას შემდეგ ყოველ მთვარიან ღამეს აგრძელებს ტრადიციას, ქალიშვილებთან ერთად. ამჯერად უფალს და მთვარეს მადლობას სწირავს, ამ სამყაროში გადასარჩენი სულის გადარჩენისთვის.
“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს განა ვინმეს?”
დაიხრჩო.
დარჩა, ვაჟის გარეშე, “არაღიარებული დედა”. შიშველი სულის ამარა.
გათენდა.