საიდან მოდიხარ, უმეცრებავ?

ლეილა ბექაურის ესსე:

”ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის
ჭკვა ცოდნით მოიხმარების”.
განა ცოტაა ამ ქვეყნად ბოროტება, ადამიანმა თავისი მოგონილიც რომ არ დაამატოს?
სათქმელი ბევრი მაქვს.
რით ვერ დავიწყე.
რით ვერ გადავწყვიტე, რაზე ვისაუბრო?
რამდენჯერაც ავიღე კალამი, ვატრიალე ხელში და ისევ დავდე. რამდენჯერ გადავიფიქრე: -არ არის ეს ჩემი საქმე, არც უნდა დამეწერა, მაგრამ რომ მინდა?… თანაც რამდენ რამეზე. ეს ჩემი “რამდენი რამე” ვის აინტერესებს, ქვეყნად რა არ დაწერილა, განა დარჩა რამე დაუწერელი? მაგრამ მე იმათთან რა ხელი მაქვს, მე ჩემი უნდა ვთქვა… არ ვიცი ოღონდ რომელი… ეს არა, ის არა, ამაზე არ ივარგებს… უამრავი თემა ამომიტივტივდა თავში. არ ვიცი რაე ვილაპარაკო, რა ავარჩიო.   აი იმ ქალის მსგავსად, ძალიან მრავალფეროვანი გარდერობი რომ აქვს და დიდხანს ვერ გადაუწყვეტია –  რომელი კაბით წავიდეს წვეულებაზე.
ბოლოს შეარჩია.
მეც.
მოკლედ “მაღალ მატერიებზე” სასაუბროდ არც განათლება მიწყობს ხელს და არც ფილოსოფიაში მესმის რამე, ამ მხრივ უამრავი თეთრი ლაქაა ჩემს ტვინზე.
ვინმესთან კამათის ხასიათზე არ ვარ, ასე რომ ჩემთვის მოვიწყობ კამათსაც, დიალოგსაც და მონოლოგსაც. ვნახოთ რა გამოვა. თანაც ასე რამხელა უპირატესობა მექნება, რაზეც არ უნდა ვიმსჯელო, ვეღარავინ შემედავება, ვერავინ შემაწყვეტინებს : – რა სისულელეაო! ჩემს ნათქვამზე ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად ვერ გადახედავენ – “ვაი შენს პატრონსო”. მოკლედ გაუმარჯოს სრულ თავისუფლებას!
რამე თქვენთვის საინტერესოს თუ ელით, ვშიშობთ მოლოდინი არ გაგიმართლდებათ, არ ვაპირებ რაიმე მძაფრსიუჟეტიანი ან კურიოზულ ისტორიის მოყოლას.
ჩვენზე ვილაპარაკოთ!
კაცობრიობა ხომ მილიონობით წელია იყო და არის, მოდის და მიდის, ცხოვრობს, სწავლობს, იბრძვის, ვითარდება.
ბევრი რამ შორეულ წარსულს ჩაბარდა. მივიწყებულ იქნა, როგორც დრომოჭმული, უსარგებლო. ბევრი გზადაგზა შეიძინა ჰომოს საპიენსმა, ასე ვთქვათ. ალბათ ასე გაგრძელდება მარად და მარად, თუკი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სამყარო ჩვენივე უგუნურობით არსებობას არ შეწყვეტს. ღმერთო დაგვიფარე!… ეს ისე წამომცდა.
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: პირველყოფილი, ვთქვათ პალეოლითის ხანის ადამიანები, რომლებიც შიშვლები დატანტალებენ საზრდოს საძებნელად და ერთმანეთს ეკონტაქტებიან… მობილური ტელეფონებით, ჩვენი დროის ყველაზე მაგარი ნივთით. წარმოვიდგინოთ მეთქი, ძნელია? არა, ამის წარმოდგენა ძნელი სულაც არ არის, დაჯერებაა ძნელი, შეუძლებელია, მაგრამ ნურას უკაცრავად!
 
დაიჯერებენ, რა პრობლემაა, ასეთების მთელი არმია ვიცი. რატომაც არა?! თუკი ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაცას სჯერა, რომ ადამიანის სხეულში ჯინი დასეირნობსო და რასაც უნდა იმას აკეთებინებს თავის პატრონს, თუ სხეულს… თუკი სჯერათ, რომ ჩვენს დროში ადამიანის ცემა-ტყეპით აიძულებენ მასში ჩასახლებული ავი სულის გამოდევნას, თანაც როგორ იფიცებიან, საკუთარი თვალით ხედავენ ჯინის მოძრაობას კანქვეშ, რა გასაკვირია მობილური ქვის ხანის ადამიანის ხელში?! ვითომ რატომ ჩათვლის შეუძლებლად , თუკი სჯერა რომ მისმა თანასოფლელმა თვით ეშმაკი დაიყენა მოჯამაგირედ და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავა, თუკი სჯერა, რომ ჩვეულებრივი სოფლის დედაკაცი ახერხებს ბუხრის საკვამურიდან კატადქცეული ჩაძვრეს და თავისი შავი საქმეები აკეთოს. თუ ეს შესაძლებელია და მათ ამის სჯერათ, იმასაც დაინჯერებენ პირველყოფილზე. თუმცა მოდით, ჯერ ამ ისტორიას დავამთავრებ…

   ჰო და რას ვამბობდი? ჰო ქალი ჩაძვრა ბუხრის საკვამურში კატის სახით და იქვე მთვლემარე სახლის პატრონს დაეძგერა ბრჭყალებით. ამ კაცმა კი მოასწრო, ყელში სტაცა ხელი და ანთებულ ნაკვერჩხალზე ცხვირპირი გაუერთიანა, შემდეგ კი გარეთ მოისროლა. მეორე დღს, არ ვიცი “თურმე”ვიხმარო თუ რა სიტყვა… ჰო, მეორე დღეს ამ კაცს გაუგია, რომ მათი სოფლელი ქალი ღამით ძალიან ცუდად გამხდარა. წასულა სანახავად და შესვლისთანავე ცხვირპირდამწვარ ავადმყოფს სახეზე საბანი აუფარებია. ეგეც შენი ფაქტზე დაჭერა. კაცი მიმხვდარა, რომ წუხანდელი კატა ეს ქალი ყოფილა. “საკვამურიდან ჩამომძვრალო, როგორა ხარ, სახეს რად მალავო”- უთქვამს. როგორია? ზღაპრად გამოდგება? ან იქნებ იგავად, ოღონდ მორალის გარეშე. უაზრობაა. აი სულხან-საბა კი თავის სიცრუეში იმხელა სიბრძნეს დებდა –  თაობები აღიზარდნენ. ჰმ!… თაობები ამ სისულელეზეც იზრდებიან, სამწუხაროდ. სწორედ ამას ვჩივი, ამაზე მაქვს საუბარი.

იცით ცუდი რა არის? ეს ამბავი ზოგადად კიარ ვრცელდებოდა –  ასე და ასე ყოფილაო, ვიღაც ქალიო… არა! კონკრეტულად ასახელებდნენ ამ საბრალო ქალის სახელს. ცხოვრება ისე გალია იცოდა თვითონაც, რომ ყველას ალქაჯი ეგონა. გგონიათ ვინმეს დაუმტკიცებდა , რომ ალქაჯი არ იყო? ვერაფერს გახდებოდა.

ეს ცრურწმენა რა ყოფილა, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო, უფრო პირიქით მოხდა. რაც უხსოვარი დროიდან იყო, ისევ ის არის, ცოცხალი და მუდმივი, რამე კარგი მაინც იყოს…
აბა რა უნდა ელაპარაკო დღევანდელ ახალგაზრდას, რომელიც ჯოხით ან კეტით შეიარაღბულა, მკლავები დაუკაპიწებია, წინ საღვთო წიგნი დაუდვია და უმოწყალოდ, დალურჯებამდე სცემს, ლამის სული გაფრთხობინოს ე.წ. “შეპყრობილს”, თუნდაც ეს ფეხმძიმე ქალი იყოს, ან მოზარდი გოგონა.
წარმოგიდგენიათ? ოჯახი კი დიდი მოწიწებითა და მადლობებით ისტუმრებს მათი შვილის “სულის მხსნელს”.
საინტერესოა ასეთ “მხსნელებს” თვითონ თუ სჯერათ ამისა, ან იქნებ რაღაც შავბნელი მიზნებისთვის სხვებსაც ასულელებენ, რას გაუგებ. რა სამწუხაროა! მე-10, მე-12 კლასებში ერთი ახალგაზრდა ვერ მოიძებნა, რომელსაც ამ ყველაფრის არ სჯერა, რატომ დარჩა ეს ხალხი თათქარიძეანთ ლამაზისეულის დონეზე ნეტავ? პასუხი კი მაქვს, მაგრამ მერე იყოს…
დასაწყისში ვთქვი, მარტო ვარ და ჩემთვის ვიმსჯელებ თავისუფლად, არადა ეს რომ თუნდაც სამი ადამიანის წინ მეთქვა – ცრურწმენაა – მეთქი, სამიდან ორი მაინც შემედავებოდა, ქვეყანას შემიყრიდა – ეგ როგორ არ გჯერაო და ათას არგუმენტს მოიშველიებდა, ათას ვინმეს დაიმოწმებდა, ან საერთოდ ხელს ჩაიქნევდა – შენ რა უნდა გელაპარაკოო. მოკლედ ურწმუნო თომა ჩემთან მოსატანიც არ იქნებოდა. მავანმა ნახაო, მავანს გადახდაო –  ნახეთ როგორი “მყარი” მტკიცებულება აქვს.
რას იზამ, რით დაუმტკიცებ? ილიას “მგზავრის წერილები” გამახსენდა, თერგდალეულებზე რომ ამბობს, “რიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ, რომ თერგდალეულობი არ ეჭაშნიკებათო, პირველი იმიტომ რომ თერგდალეულები არიოანო, მეორე იმიტომ რომ მეორედაც თერგდალეულები არიანო და მესამედაც – თერგდალეულები რომ არიანო. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი დაურღვიე ჩვენს დარღვეულ ქართველობასო” – ციტატა ზუსტად არ მახსოვს და ასე მოვაკვარახჭინე, აზრი არ დამიმახინჯებია.
ჰო და იმას ვამბობდი, მე რითი დავურღვიო ასეთი “მყარი” საბუთი დღევანდელ დარღვეულ ახალგაზრდობას? როდესაც ერთმა, ჩემს თვალწინ გაზრდილმა ახალგაზრდამ ერთი მორიგი მსხვერპლის შესახებ მითხრა – ჯინი თვითონ ვნახე, მაჯიდან ზემოთ როგორ აჰყვაო მკლავს, როგორ გამოდევნესო მერე ცემით, როგორ შეიძლება ამის ვინმეს არ სჯეროდესო. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. მანამდე ამ ყმაწვილს ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდად ვთვლიდი.
ღმერთო ჩემო! რა მაგია მოქმედებს ამ ხალხზე ისტი, რომ ზღაპურულსა აბსურდულს უფრო იჯერებენ, ვიდრე რეალურს. რა ხდება, ვინ არის დამნაშავე? საზოგადოება და პირველ რიგში ოჯახი. მშობლები, რომლებიც, როგორც ჩანს ძალიანაც კომფორტულად გრძნობენ თავს ამ სიცრუესა და მონაგონებში. და ცრუმორწმუნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა. გგონიათ ვაჭარბებ? აბა სცადეთ და გაესაუბრეთ, განგებ ჩამოაგდეთ სიტყვა ამ თემაზე, ფრთხილად, არ გაანაწყენოთ, აყევით და ნელ-ნელა გადმოშლიან მთელს თავიანთ “ავლადიდებას” – გაოცდებით. თანაც იცით რა არის ჩემთვის თვალშისაცემი? უფრო მეტად რელიგიურად მიდრეკილი ბავშვები გამოირჩევიან ამ კუთხით. არ არის ასაკვირი, რომ ეშმაკიც, ანუ ჯინიც ასეთების “სტუმარია” ხოლმე. კინაღამ დავიჯერე, უფრო სწორედ, იმ აზრის დაშვებაც შესაძლებელია, ჩაგონებაც თავის როლს თამაშობს. ვინ იცის იქნებ მათ ფსიქიკაზე სწორედ ეს მოქმედებს და თვითონაც ჰგონიათ რომ ჯინი დაეუფლათ?!
აუცილებად უნდა ვთქვა, რომ ადამიანებში ცრურწმენის დამკვიდრებაში ლომის წილი რელიგიას მიუძღვის. აბა დავფიქრდეთ, ამა თუ იმ რელიგიის გულწრფელ მიმდევარს რამდენი მისტიკური  ამბავი მოუსმენია წმინდა წიგნებიდან თუ ვინმესგან, უნახავს ფილმები, სადაც ხედავს რაიმე ნივთის განცხოველებას, ვთქვათ ჯოხის გადაქცევას შხამმიან ასპიდად, ან წყლისა ღვინოდ, ან ზღვის გადახსნას ან ფსკერის გამოჩენას ადამიანების  დასახმარებლად და ა.შ.  ეს უკვალოდ არ გამქრალა. ცრუ ამბების, ზღაპრის მაგვარი ისტორიები ბევრს სჯერა და ამაში, როგორც ვთქვი, რელიგიამ უდიდესი როლი ითამაშა. ამაზე რას იტყვით?
უხსოვარი დროიდან ტომის ბელადი თუ ქურუმი, ფარაონი თუ რელიგიის მესვეური- ყველა ცდილობდა შიში ჩაენერგა ხალხისთვის, რათა ადვილი სამართავები ყოფილიყვნენ. შიშში ეცხოვრათ, მონურ მორჩილებაში. ამას ძველი მემატიანეები, ისტორიკოსები, მეცნიერები ამბობენ. თუნდაც წარმართობის შემდეგ, უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებული რელიგიების ხანაშიც, რამდენი ადამიანი დაუსჯიათ სიკვდილით ჯადოქრობის ბრალდებით. უფლის სახელით რამდენი ცოდვა დატრიალებულა ქვეყანაზე, ღვთის მსახურთ რომ ეძახდნენ თავიანთ თავს, იმ ადამიანების ძალისხმევით. ამაზე რას იტყვით? რელიგია იარაღი იყო და ამას ვერსად გავექცევით, როგორც არ უნდა მივატრიალ-მოვატრიალოთ. ასეა და რა ვქნა!
მრავალი ისტორია ვიცით “ღვთის მსახურთა” მიერ დატრიალებული ცოდვა-ბრალისა. განა ამის მაგალითი ცოტაა? ბართლომეს ღამე გაიხსენეთ. ეს ხომ მითი არ არის.
ჩემთვის ღმერთი და რელიგია ერთი და იგივე არ აირს, უფრო მეტიც, ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. რელიგიების მესვეურთ მიერ ჩადენილ ცოდვებს უფალს ვერ მივაწერთ. ამიტომ ვიტყვი რასაც ვფიქრობ. ღვთის სახელით არ დაწვეს ჯორდანო ბრუნო? აბა გაიხსენეთ რა ბრალდებით? თურმე როგორ გაბედა და თქვა, დედამიწა მრგვალია. ვინ იყო მართალი? ბრუნო თუ მანტიაში გამოწყობილი ჯალათები? რა ვქნათ, ფაქტები მეტყველებენ.
უფლის სახელით ჩადენილი დანაშაულები უფლის ჩადენილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩადიოდნენ. რატომ ვერ ან არ შეაჩერა მან კაცობრიობის ბოროტება, კვლა წამება, მომხვეჭელობა და ათასი ჯანდაბა და უბედურება – ამას ალბათ თავისი ახსნა ექბეა. ჩვენი თემა სხვა არის, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სიტყვა “ღმერთი”, ჩემთვის რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა, არ ვიცი როგორ ავხსნა, შორს წაგვიყვანს, ისე რომ ჩემთვის ვიცი, თქვენთვის – არა.
ნიკო ლორთქიფანიძის “გულთამხილავის მსჯავრი” წაგიკითხავთ? გირჩევთ წაიკითხოთ, სულ ერთი გვერდია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დაახლოებით ისეთი – ნანატრი გოლის გატანას “არის” შეძახილი რომ მოჰყვება. ასი წლის წინ დაიწერა და კიდევ მრავალი ასი წლის მერეც საჭირო იქნება. ყოჩაღ ნიკო! იმ დროს ნათქვამი შენი სიტყვა, ანუ შენი ნოველა გაბედულია, ადამიანურია, დასაფიქრებელია. აბა რა?! უფალს რა შეეშლებოდა? ადამიანების ავკარგიანობას კანონების ცოდნით და მათი ზედმიწევნით შესრულებაში კი არ დაინახავდა. სამოთხით დააჯილდოვა ის კაცი, რომელსაც ღმერთსა და რელიგიაზე ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მაგრამ ისე გალია სიცოცხლე, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად.
სამწუხაროა ოცდამეერთე საუკენეში ცრუმორმწუნეობაზე გვიხდებოდეს საუბარი. დიახ, ეს არის სენი, რომლის განკურნებაც შეიძლება; ეს არის უბედურება, რომელიც როდისმე დასრულდება. ეს სიბნელეა, გაუნათლებლობაა, ტვინის უმოძრაობაა თუ … არვიცი რა დავარქვა.
კაცობრიობამ მრავალი ჭირი დაამარცხა, ტიფი, ქოლერა, ათასი ჯანდაბა და ამას კი ვერ აჯობა. ისევ ცოცხალია, უვნებელია, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო..
ნეტავ რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ მტერი არ ჰყავს. არავინ ებრძვის.

Share

Leave a Reply