I თავი
უთვალავ გმირთა მხარესა
მღვრიე არღუნის პირასა,
აყვავებულა დეკაო
კლდიან ფერდობის ძირასა.
იქვე ფერდობის თავზედა
საბრძოლო კოშკი მდგარია,
ერთ დროს ეჭირა მტერთაგან
მითხოველების კარია.
ახლა დგას ტიალ-ვერანად
ათასგზის ნატყვიარია.
ცაზედ ბოინობს არწივი
სალამს შეუთვლის ხმელეთსა,
შიშნარევ რიდით აღავსებს
მთელ ამ ფრთოსანთა მილეთსა.
კლდის პირას, მგელი ეული
გაემართება ნელაო,
მის სამფლობელო მიწაზედ
ვერ გამეფდების მელაო.
აქეთ კუნელის ჩრდილის ქვეშ
თხუნელა ათბობს კერასა,
იქით მთის წყარო ჩუხჩუხით
დინჯად აღავლენს მღერასა,
წყაროს თავს, შავად მოსილ ქალს,
გული უხმობდა ძგერასა,
მუნჯად დამჯდარა ქვაზედა,
არ გამოსთვავდა ბგერასა,
მდუმარე ცრემლით დასტირის
მწარესა ბედისწერასა.
II თავი
ცის ბილიკიდან გამოჩნდა
ჩეჩენ მებრძოლთა კრებული,
წინ მიუძღოდა რიზვანი
ვაჟკაცობაში ქებული,
მიუახლოვდა დიაცსა
ჰკითხავდა გაკვირვებული:
რიზვანი
„ვინა ხარ შავად მოსილო?
რომელი კუთხე მხარისა?“
აიშათი
„აიშათი ვარ მელხელი,
გადამაურის გვარისა,
მარტოკა დავრჩი ამ ქვეყნად,
იმედად მზის და მთვარისა,
აღარც შვილების ხმა მესმის
არცა ამაგი ქმარისა.
ხუთი დევ-კაცი გავზარდე
მსგავსნი გრიგალის ქარისა,
ხუთივე ომში მომიკლეს
გამგრძელებელნი გვარისა.
ვერ შეაშინეს მგლისმუხლნი
რუს დამპყრობელთა ტანკებმა,
ქმარი შუაზედ გააპეს
ხრულიოვის ავაზაკებმა.
არ ვიცი რა ვქნა შვილოსან
დიაცის ბედი რთულია,
აწმყოის შემხედვარესა
სიკვდილიც საამურია“
რიზვანი
„გულს ნუ გაიტეხ ქალაო
ბევრი ჭირის ვართ მნახველნი,
აქა ვართ მგლები ასლანის
ჩვენი სამშობლოს დამცველნი.
ერთი შაჰხედე ჩვენს ბიჭებს
ტანკებს ხევებში სძირავენ,
არად აგდებენ სიკვდილსა
თავს კამიკაძედ სწირავენ.
არა ვარ, ომში წასული
მამშვენებს ნაიარევი,
ტყვიების წვიმას ჩვეული
ბრძოლაში ნაზიარევი,
გმირულ სიკვდილის საძებრად
ტყეებში დავიარები.“
აიშათი
„გვერდში მიგულეთ შვილებო
ვინც მიმსუბუქებთ ყოფასა,
ამასღა ვნატრობ ჩეჩენთა
ერთობას, არ-გაყოფასა.
ჯოხარის წმინდა სისხლიო
ჯერ კიდევ ასაღებია,
დაიმოხკის ფუძე ქვით-კირის
სულ თქვენი ასაგებია.
მე კი სიკვდილსა დავეძებ
შემომხდეს ალალ გზაზედა,
სამოთხის მწვანე წალკოტშ
ქმარ-შვილს შავხვდები ცაზედა.“
ასე ყოფილა ჭმუნვაი
გმირი ვაინახი დედისა,
დინების არ გამყოლისა
არ მომდურავის ბედისა,
კალთაში აკვნის დამწევი
ხუთისა მოჯაჰედისა.
III თავი
შემოიკრიბნენ სარდალნი
ყოველი კუთხე კუნჭულის,
მონობის ოკეანეში
თავისუფლების კუნძულის.
ასლანი უდგას სათავედ
გროზნოს აღება სწადია,
გვერდში უდგანან მებრძოლნი
ვისი რწმენაიც ცხადია.
შავ ანგელოზი რუკაზედ
ნიშნავდა განლაგებასა,
იქვე ხათაბი ისმენდა
დაზვერვის მოხსენებასა,
ასლანმა სიტყვა ითხოვა
უხმობდა ყურადღებასა:
ასლან მასხადოვი
„დრო დადგა სისხლის აღების
შორით განდევნის მტრისაო,
აქა ვართ ყველა ვაჟკაცი
ვის გულშიც ქარი ჰქრისაო.
დიდი ჯოხარის ანდერძი
გროზნოში აღსრულდებისა,
დაე ვიხილოთ ზეობა
ჩეჩენი ხალხის ნებისა.
სალმან, შენ უნდა გაწმინდო
მთელი ლენინის გამზირი,
არბი, არ დაგრჩეს უცეცხლოდ
ამ პერიმეტრის მანძილი.
როცა შინ შევალთ, დადგება
იგი ნანატრი ხანაო,
კატაიამიდან შეუტევს
დიშნელი ზელიმხანაო.
ომში დამალულ ლაჩარსა
არ შაერგების ხვავიო,
ცოლის კაბის ქვეშ დამალულს
პირველი მოსწყდეს თავიო.
არ მოგაკლდებათ მტრის რისხვა
არც ცხადში არცა ძილშია,
აწ ეძიებდეთ სამოთხეს
ალესილ ხმლების ჩრდილშია.“
აგრე სთქვა დიდი ბრძოლის წინ,
ასე დასრულდა თათბირი,
მებრძოლთა გასამხნევებლად
შამაუძახეს „თაქბირი“.
IV თავი
ასლან მასხადოვის ლოცვა ბრძოლის წინ
„ჰე ღმერთო, დიდო მფლობელო
ზღვისა, ცათა და ხმელეთის,
მოგვეც ძალი და გვაშორე
მოციქულები ბნელეთის.
განკითხვის დღისა ბატონო
არ მოსწყდეს ქვესკნელს ნაფოტი,
ან გამარჯვება გვარგუნე,
ან ზეციური წალკოტი.
შეუმსუბუქე ჩვენს დებსა
ამ მწარე გულის წადილის,
აქა ვართ შენი რაინდნი
წულები იმამ შამილის.
მანსურის ნაქადაგარის
თუ ბაისანგურის გმირობის,
შენს გზაზედა ვართ შემდგარნი
აღსასრულებლად პირობის,
ომის ქარ-ცეცხლში შევარდნის
რაშისებრ უაღვირობის.“
IV თავი
მკვდართა ქალაქსაც ეძინა
ხვრინავდა რუსი სალდათი,
ეგონა კვლავაც აღზევდა
ორპირობა და ღალატი,
უცბად მოისმა შორით ხმა
გრიალ-გრუხუნით ნამატი,
მოაჭენებდა ქალაქად
გადამაური აიშათი.
გულზედ მოეშვა, შაერგო
სიკვდილის წინა ნამაზი,
ჩადრის ქვეშიდან მოსჩანდა
მზისფერი თმანი ლამაზი,
კომენდანტურას შეასკდა
პლასტიდით სავსე კამაზი…
რუსებსა ხოცვა დაუწყეს
ნაკუწ-ნაკუწად ჭრიანო,
აღარა ჰყოფნით სამარე
სანგრის ნათხარში ჰყრიანო,
„დიდება უფალს!“ მაისმის
„დაჰკარ არ დააგვიანო!“,
შორით გარბოდა ხრულიოვი
სალდათნი შიშით თრთიანო.
ბრძოლის ყიჟინა ისმოდა
შედრკა იჩქერის მთანია,
შავ ანგელოზის ლაშქარმა
ფართოდ გაშალა ფრთანია,
წითლად შეღებეს გროზნოი
ჯავრი იყარეს მტრისაო,
დოკუს ნატყორცნი РПГ
ტანკებს შუაზედ ჭრისაო.
რა საამური ყოფილა
რუსი ტყვეების წკმუტუნი,
არყისგან გამოლეშილი
რუსი გენერლის ღრუტუნი.
ცად ცისარტყელა გამოჩნდა
შეწყდა დედების ცრემლია,
ხარობდა მთელი დაიმოხქი
წყევით კვდებოდა კრემლია.
VI თავი
მთვარე უღიმის ვარსკვლავებს,
ვერხვთან ბაასობს მუხაო,
უცბად დასჭექა ბაიყუშმა
ფუღუროდ დაიქუხაო.
სუნჟა კი მირბის, ჩუხჩუხებს,
უკან არ რჩება წამიო
მის პირას, გამხმარ ძელზედა
დაკიდულიყო გვამიო.
მას არ რქმევია სახელი
არცა უბოძეს გვარიო,
მან, ვინც ემონა დამპყრობელს
გაყიდა მისი ჯარიო,
მან, ვინც არაფრად ჩააგდო
დედათა ცრემლის ღვარიო,
მისთვის გაიხსნა ქვესკნელის
განათებული კარიო.
ვინც იხეირა უმწეო
ხალხის გლოვა და კვნესითა,
კისერი ჰქონდა დაჭრილი
კოლუმბიური წესითა.
ვინც წინ შეუძღვა დამპყრობელს
ერი გაჰყიდა გირაოდ,
ფახქვეშ ეწერა ფიცარზედ
„ФСБ-ს შაეწირაო.“
ასეა ბედი გამყიდვლის,
არ ეღირსების მადლია,
არ დაიტირებს დედაი
კბილს არ აკარებს მატლია.
VII თავი
კრემლის კარებში შემოდის
ზელიმხან იანდარბიევი,
მისი ნატანჯი თვალები
სავსეა შურისძიებით.
რუსთა ბატონი ელცინი
არყითა მარად დამთვრალი,
დარბაზის თავში დამსხდარა
შეშინებული, დამფრთხალი.
სტუმარს ადგილი უბოძა
რუსთა ერთგული ყმისაო,
ელცინს მიუგო ზელიმმა
აუწეველად ხმისაო.
ზელიმხან იანდარბიევი
„ყველა ადამის ძენი ვართ
ჩემი მთა, შენი ბარია,
მაგრამ დიდ უფლის წინაშე
სულ ყველა თანაბარია.
მთიელი კაცის ადათსა
ვერ მოსპობს ვერავინაო,
შენ თუ გსურს ჩვენთან მშვიდობა
მაშ დამიჯექი წინაო.“
გაფითრდა მთვრალი ელცინი
გაკვირვებული ნანახით,
კრემლში რუსეთის მბრძანებელს
ბეჭზედ დადებდა ვაინახი.
პირისპირ დასხდა უჟმურად
დაბლა დახარა თავია,
ქაღალდზე კალმით დაიდო
რუსთ დამარცხების ზავია.“
VII თავი
გამარჯვების დღე გათენდა,
დაეცა ბუდე კრაზანის,
ქალაქს ესმოდა გალობა
მოჯაჰედების აზანის.
ცაზედ არწივის ყიჟინა
მოედო მთა და მდელოსა,
აგრე ადიდებს საქვეყნოდ
მეომრებს სასახელოსა.
ხარობს ქალაქი, სოფლები,
მთა და მინდორი ტრიალი,
ქუჩებში მოსჩანსი მგლიანი
მწვანე დროშების ფრიალი.
გამარჯვებული მებრძოლნი
ხარობენ გამარჯვებასა,
დამპყრობლის დანებებასა,
ღვთის ნების აღსრულებასა,
უფლის ბილიკზე დაცემულთ
სულების განათებასა.
მხოლოდ ასლანი დამსხდარა
დადუმებული ძალზედა,
მწვანე სამოსში მოსილი
თოფი ეკიდა მხარზედა.
იქვე მისცვივდნენ მებრძოლნი
იკითხეს „რაი გჭირსაო?
ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცაღა
დანა არ გიხსნის პირსაო“
მოკლედ მიუგო ყმაწვილებს,
თითქოს არც შეიგულაო
„გამარჯვებისთვის ბრძოლაი
ჯერ არც კი დაწყებულაო…“
ალეკო კვახაძე