აი, რად მიყვარან ქისტები

ქისტები ის ხალხია, რომელთაც მარტო ქართველები კი არა, სხვა ტომებიც უნდა სცემდნენ პატივს. ისინი სიკვდილის ჟამს იმ სამასი მეომრის ტოლფარდნი არიან რომელთაც უკლებლად დასდეს თავი კრწანისზე!
ხევსურებსა და მათ შორის მართლაც განუწყვეტლად დიოდა სისხლის წყალი, მაგრამ არასოდეს შეურყვნიათ თავიანთი სახელი არავაჟკაცური საქციელით.

თუმცა ხშირად ეცემოდნენ ერთმანეთს, სტაცებდნენ ცხვარსა და საქონელს, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ელფერით ხდებოდა, რო არსად იბღალებოდა მათი სიმამაცე და პირდაპირობა, ეს ორი ტომი, – ხევსურები და ქისტები , ის ხალხია, რომელტაც თავიანთდა შეუცნობლად ერთმანეთის საქციელი სხვათა მისაბაძ საქციელად აქციეს: კაცობა და მამაცობა – რაინდობის სიქველე ხმლისა და ხანჯლის წვერით შეუშვეს ერთმანეთის ძარღვებში….
შენ თუ გინახავს დანას დანაზე როგორ ლესავენ? – გინახავს! აი, ეგრე ლესავდნენ ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში გმირობისათვის…..
მათი მტრობა არასოდეს გადაზრდილა სიძულვილში. პირიქით! ეს მუდამ იყო თავად მათთვისაც გაუცნობიერებელი , ბოლომდე გაურკვეველი ერთმანეთის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრისას , სიტყვითა თუ იარაღით თავისებურად გამოხატავდნენ.
ღმერთმა ნუ ქნას , რო ეს ორი ხალხი ერთმანეთს დაშორდეს, თორემ უქისტოდ დარჩენილი ხევსური ვეღარ იზამს ხევსურობას. გახარების მაგიერ დაღონდება, დაიბოღმება, უმტროდ დარჩენილი დაჰკარგავს სიფხიზლეს, დაჩლუნგდება, როგორც დანაზე აულესავი დანა და საქართველოსაც მოერღვევა ჩრდილოეთის კედელი! აი, რად მიყვარან ქისტები!

ლადო მრელაშვილი:  „და შეჰქმნა ღმერთკაცი…“
Share

Leave a Reply