ბორგავს რუსეთი დარჩენილი ხიშტის ამარა.
კავკასიონი – აჯანყებულ ვეფხის კამარა,
ტანკის როხროხი,რუსულ დრუნჩზე
ცეცხლის ყვავილი,
დადაღავს კლდეებს დახვრეტილი
ვეფხის ხავილი.
ო, კავკასიავ, საფლავებში სისხლი ჩაგიდის,
ელვებში ბრწყინავს ჯოხარ დუდა –
ხმალი ხალიბის,
შამილის ლეკვი, ჰაზავათის მითთა
ღუღუნი,
ამხტარი ვეფხი, კავკასიის მზით
დამდუღრული.
იავნანაა შენთვის, ჯოხარ,
მეხის გრიალი,
მოხვრიპე თერგი ქაფიანი,
ვეფხის რძიანი!
სისხლის რიჟრაჟი უსპეტაკეს
მწვერვალებს ლაქავს,
ურა კვიცივით ხრავს ჯიგიტი
სიკვდილის ლაგამს.
კავკასიონი კუბოსავით დაისუდრება,
ჯოხარ, სიკვდილთან იქორწინებს
თავისუფლება!
ბორგავს მსოფლიო,
კავკასიის ტიტანი კვნესის,
კლდეებს რომ ხრავენ,
ვეფხებია შოთაის ლექსის,
შენთან ვართ, ჯოხარ,
ვეფხის ლექსით გავგიჟმაჟდებით,
განთიადისას მოვალთ ღვინის
გარიჟრაჟებით.
ჩეჩნის მიწაში გვისვენია
ვისაც შევფრინვით,
წევს იგი გამხმარ გრიგალივით,
ელვის ქერქივით.
როხროხი ტანკის, რუსულ დრუნჩზე
ცეცხლის ყვავილი,
დადაღავს კლდეებს დახვრეტილი
ვეფხის ხავილი.’
თავისუფლება ვეფხებია,
სისხლის ჩქერია,
დაჭრილ ვეფხივით მოქარგული
ჩქეფს იჩქერია.
სახე მიმტკბარი ზედ მზისა და მთვარის
დაღი სჩანს,
გიგავს სიზმარი ფასკუნჯის ფრთას,
სპარსულ ხალიჩას.
გადილივლივებ აღვინებულ გარიჟრაჟებით
და პოეტები მზის სუნისგან გავგიჟმაჟდებით.
შუაღამური გამოხედვა, ბზინვა დანისა,
სიზმარი შენი ბიბლიურმა ცოდვამ დანისლა.
ცეცხლის მწოველი,
ამბოხებულ ვეფხების რძალი,
ცხენის ფლოქვებით გასრესილი
ხარ ამორძალი.
გაიშხლართები,
ზედ ფაფარი გაიჯეჯილებს,
სისხლად დატკბები,
კატასტროფის სუნი გაოსებს.
შეგხვრეპს ულაყი
არძევებულ ძუძუთა გლეჯით
და სისხლით მთვრალი შეასკდება
ღამის ქაოსებს.
ზურაბ ხასაია – 1996 წ.