როცა კოჭლი თიმარი პატარა ბავშვი იყო, მამამისს ბევრი ცხვარი ჰყავდა. ერთხელ თიმარმა დაინახა, რომ თოხლებში ერთი კურდღელი გარეულიყო. თიმარის დანახვისას კურდღელი გაიქცა. თიმარი კურდღელს გამოეკიდა, დაიჭირა და თოხლებში გაუშვა. კურდღელი ისევ გაიქცა, თიმარმა ისევ დაიჭრა და ისევ გაუშვა თოხლებში. კურდღელი გარბოდა, თიმარი იჭერდა და თოხლებში უშვებდა. ასე ტანჯვაში გავიდა დღე.
საღამოს, როცა თიმარმა თოხლები შინისაკენ გარეკა, კურდღელიც თან წაიყვანა. თიმარმა მამას უთხრა: ჩვენს თოხლებში ერთი ბატკანია, სულ რომ გარბის, იმაზე ფეხმარდი არაფერი მინახავს, დღეს მის დევნაში სული ამომხდა, ის უნდა დავკლათო. როცა ცხვარი უნდა გამოეშვათ, მამამ თიმარი წაიყვანა და ჰკითხა, სადაა ის ბატკანიო. ეს არისო, აჩვენა მამას თიმარმა თოხლებში მყოფი კურდღელი.
_ აბა, დაიჭირეო, _ უთხრა მამამ. ეცა თიმარი, დაიჭირა, ყელში ჩაავლო ხელი და მიუყვანა. მამამ კურდღელს მაშინვე ყელი გამოსჭრა, თიმარს კი ფეხი მოსტეხა: შენ რომ საღი იყო, არ შეიძლება, ქვეყანას დააქცევო. ასე დაკოჭლდა თიმარი.
მოკვდა თიმარის მამა. ყაჩაღებმა თიმარს ვაჟიშვილი მოჰპარეს, დიდ გასაჭირში ჩავარდა იგი. ერთხელ, ხეტიალში რომ იყო, ერთ სამჭედლოში შევიდა და დაჯდა. თიმარის იქ ყოფნაში მჭედელს თვლემა მოერია. თიმარმა დაინახა ბუზი, მჭედლის ცხვირიდან რომ გამოძვრა. ბუზი იატაკზე დაჯდა, იარა, გადაევლო მაშას, რომელიც წყლიან გეჯაზე იდო და, რომელსაც მჭედელი ცხელი რკინის ამოსაღებად იყენებდა. ბუზი სამჭედლოს იატაკის ერთ ხვრელში ჩაძვრა. თიმარს თურმე წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონია.
ბუზი უკან ამოძვრა და მჭედლის ცხვირში შეძვრა. მაშინ მჭედელსაც გამოეღვიძა.
_ ოი, თიმარ, შენს აქ ყოფნაში ჩამძინებია! _ თქვა მჭედელმა, _ სიზმარი ვნახე და უნდა გიამბო: აქედან რომ დავიძარი, ერთი ვრცელი ვაკე ქვეყანა გავიარე და ზღვას მივადექი. ზღვაზე რკინის ხიდი იდო და ხიდით ზღვის მეორე მხარეს გავედი. ისე მეგონა, თითქოს ხვრელში ჩავძვერი-მეთქი. იქ, ქვემოთ, მომეჩვენა, თითქოს ძალიან ბევრი ოქრო-ვერცხლი იყო.
თიმარი მიხვდა, რომ მჭედლის ეზო-კარში, მიწის ქვეშ, ბევრი ვერცხლი და ოქრო იყო დამალული. მჭედელს კი უთხრა, რას არ ნახავ სიზმარშიო და შინ წავიდა. ორი-სამი დღის შემდეგ ისევ მივიდა მჭედელთან და უთხრა, ჩემი კოშკების გაყიდვას ვაპირებო.
_ ვინ იყიდის შენს კოშკებს, ისინი მაშინაა აშენებული, როცა მამაშენი მდიდარი იყო, ახლა ვის ეყოფა სახსარი იმათ საყიდლადო, _ უთხრა მჭედელმა.
_ შენ რომ ჩემთვის სამჭედლო მოგეცა და ცოტა რაღაცრუღაცაც დაგემატებინა, შენ მოგცემდიო, _ უთხრა თიმარმა.
მისცა თიმარმა მჭედელს თავისი კოშკები და მისგან სამჭედლო იყიდა. სამჭედლოს სახლი დაადგა და თავის ცოლთან ერთად მიწის თხრას შეუდგა. მოთხრილი მიწა ღამით გაჰქონდათ. როგორც იქნა, იმ ადგილს მიადგნენ, სადაც ვერცხლი და ოქრო იყო. ვერცხლი და ოქრო ხელთ რომ იგდო, თიმარი თხრილების გაჭრას შეუდგა.
თხრილებს გავჭრი, სახელი გამივარდება, მოპარულ შვილს ასე უკეთ მოვძებნი, თუ ცოცხალია, დაბრუნდებაო, ფიქრობდა იგი.
ჩვენს ქვეყანაში _ შავ მთაზე, ყოზაშქაზე და სხვაგან _ საქართველოში, თურქეთში, აღმოსავლეთშიც ბევრია მისი გაჭრილი თხრილი.
ამ თხრილებს თიმარის მიერ ვაჟის ძებნისას გაყვანილ თხრილებს ეძახიან. მთელმა ქვეყნიერებამ გაიგო, რომ თიმარი თხრილებს ჭრის და თავის ვაჟიშვილს ეძებსო.
თიმარის ვაჟი იმ ბატონის ხბორებს მწყემსავდა, რომელმაც იგი მოიტაცა. იმ დროს იგი ბავშვი ყოფილა. იმასაც გაუგია, თიმარს თხრილები გაჰყავს და ვაჟს ეძებსო. ისიც იცოდა, რომ თიმარი მამამისი იყო. ერთხელ მან გადაგდებული ცხენის თავის ქალა იპოვა. ბავშვებს, მას რომ ახლდნენ, უთხრა: ეს თავი გოლიათი ცხენის თავია, გოლიათი ცხენი მინდაო. მას შემდეგ ხშირად ტიროდა ბავშვი. ამბობენ, ისიც, როგორც მამამისი თიმარი, წინასწარმეტყველი ყოფილა. მასთან მყოფმა ბავშვებმა ბატონს უამბეს: იქ, რომ ცხენის თავის ქალა დევს, იმაზე თქვა, გოლიათი ცხენის თავიაო და, ნეტა, გოლიათი ცხენი მყავდესო, ტირის.
ბატონმა თავისთან იხმო ბავშვი და ჰკითხა:
_ გოლიათ ცხენს გამოიცნობ?
_ გამოვიცნობო.
ბატონმა ანახა ბავშვს თავისი რჩეული რაშები, მაგრამ ბავშვმა თქვა, ამათში გოლიათი არც ერთი არ არისო. სულ ბოლოს თვალი მოჰკრა კაცს, რომელსაც წელზე ხისტარიანი ხმალი ერტყა და კვიცზე ამხედრებული შორიდან მოდიოდა. მაშინ ბავშვმა თქვა: აგე, ის კვიცი, რომლითაც კაცი მოდის, გოლიათია, იმას რომ ხისტარიანი ხმალი არტყია, საუკეთესოაო. მაშინვე იყიდეს კვიციც და ხმალიც. კვიცი იალაღებზე გაუშვეს სამ ფაშატთან ერთად.
ერთი წლის შემდეგ ბიჭმა ერთი ფაშატი შინ მოაყვანინა, დააკვლევინა და წვივის ძვალში ჩახედა. ძვალში ნემსის სისქის ტვინი ჩანდა. მეორე წელს მეორე ფაშატი მოაყვანინა და იმის წვივის ძვალში ჩახედა. ძვალში მახათის სისქის ტვინი აღმოჩნდა. მესამეც რომ მოაყვანინა და წვივის ძვალში ჩახედა, ძვალი ტვინით იყო სავსე. კვიცი უკვე გაზრდილიაო, თქვა ბიჭმა და შინ მოაყვანინა. ცხენის გამჩერებელი იქ არავინ აღმოჩნდა იმ ბიჭის მეტი.
ეზოს თხუთმეტი წყრთის სიმაღლის ღობე შემოავლეს და ბიჭს დაავალეს, ბატონის ცხენი გახედნეო.
ერთხელაც მან ბატონს დაუძახა და უთხრა:
_ ბატონო, აქამდე პატიოსნად გემსახურე და მადლობა მითხარიო!
როგორც კი ბატონმა თქვა, არ მიღალატოო, ბიჭმა ცხენი მაღალ ღობეს გადააფრინა და გაქრა. იმ დროს მამამისი თიმარი უკვე ჯარის სარდალი ყოფილა.
ბიჭი რომ გაიქცა, ბატონმა მდევარი დაადევნა მის დასაჭერად.
გრძელი კუდებისა და სქელი ფაფრების მქონე რაშები როცა დაწევაზე იყვნენ, ბიჭი ქარის საპირისპირო მიმართულებით გააჭენებდა ხოლმე თავის ბედაურს, როცა დაწევაზე რუხი რაშები იყვნენ, მაშინ ქვიშნარზე გადადიოდა, ქურანი რაშების დაწევისას კი პირს მზისკენ იზამდა ხოლმე.
_ ახლა სამშვიდობოსა ხარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, _ უთხრა ერთმა მდევარმა, _ როცა გრძელკუდიანი და სქელფაფრიანი რაშები გეწეოდნენ, რატომ მიაჭენებდი ქარის საპირისპიროდ? როცა რუხი რაშები გეწეოდნენ, რატომ მიაჭენებდი ქვიშნარზე? ქურანი რაშები როცა გეწეოდნენ, რატომ მიაჭენებდი მზის საპირისპიროდ?
მაშინ ბიჭმა უპასუხა:
_ გრძელკუდებიან და სქელფაფრებიან ცხენებს კუდებისა და ფაფრების გამო ქარი იჭერს და ვერ გარბიან, რუხ ცხენებს ფლოქვები თხელი აქვთ და ქვიშნარზე სიარული უჭირთ, ქურანა ცხენებს შუბლის ძვალი თხელი აქვთ და მზის მიმართულებით ვერ გარბიანო.
მდევრებში ერთი კაცი იმ ბიჭივით ჭკვიანი ყოფილა, თუმცა ხალხს იგი ბეჩავად მიაჩნდა. ყველამ ხელი რომ ჩაიქნია, მან თქვა, მაგას მე დავიჭერო. მაშინ ის გაუშვეს მდევრად. როცა ბიჭმა მდინარეს მიაღწია, მდევარიც დაეწია, ისარი სტყორცნა და განსაცდელში ჩააგდო ბიჭი.
მართალია, ბიჭი განსაცდელში იყო, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ მდევარს საომარი გამოცდილება არ ჰქონდა. ბიჭმა კაცს უთხრა: ხომ ხედავ, ცუდ დღეში ჩამაგდე, მშვილდ-ისარი წყალში რომ დაგესველებინა, მეც და ჩემს ცხენსაც ნაკუწებად გვაქცევდიო. კაცმა მშვილდ-ისარი წყალში ჩაჰყო და სასროლად რომ მოზიდა, მშვილდმა ჭახანი გაიღო. ასე ხერხიანად გაუსხლტა იმ კაცს თიმარის ვაჟი. შეიტყო, სად იყო მამამისი და წავიდა მასთან. როცა მამის სამყოფელს მიუახლოვდა, ცხენები ახვიხვინდნენ, თიმარის იარაღმა ბორგვა დაიწყო.
იმ დილას თიმარმა ხალხი გაუშვა, წადით, ყველა ჯარისკაცს ჰკითხეთ, ამ ოქროთი, ჭურჭელში რომ არის, რამდენი ადამიანის შენახვა შეიძლებაო. წასულები უკან დაბრუნდნენ და თქვეს: ზოგი ამბობს, ასი კაცის შენახვა შეიძლება, ზოგი _ ხუთი ათასისა და მეტისაცო.
_ ყველას შეეკითხეთ, ვინმე ხომ არ გამოგრჩათო? _ ჰკითხა მათ თიმარმა.
_ ერთადერთი ყმაწვილი დაგვრჩა, თავქვეშ უნაგირი უდევს და სძინავსო, _ თქვეს იქ ნამყოფებმა. იმასაც ჰკითხეთო. ჰკითხეს იმასაც, მან თქვა: მშიერი კაცისათვის ერთხელ საჭმელად სამყოფი არ არისო. რაღაც სისულელეს ლაპარაკობს, ასე თქვაო, მოახსენეს თიმარს.
_ წადით, მოიყვანეთ ის ყმაწვილიო, _ თქვა თიმარმა და მის მოსაყვანად ხალხი გაგზავნა. მიხვდა, რომ იგი მისი შვილი იყო.
თიმარს თხრილის გაჭრაც იქ შეუწყვეტია.