მგლის ლეკვი

ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან “გროზნოს ანგელოზი”
სისხლი ტალახში იღვრება და დაღმართზე წვრილ წითელ ღარებად იკვალავს გზას. სულ მალე ამ სისხლს მუქი ფერის, ლპობისგან ობმოკიდებული მიწა ბოლომდე შეიწოვს და შთანთქავს. გვამს თავის ქალა აქვს გაჩეჩქვილი, უსიცოცხლო სხეულს ყოველი ნაკვთი გაშეშებია. ხრიალიც კარგა ხნის წინ შეწყვიტა.
ბიჭს შარვალი სისხლის წვეთებით მოსვრია, მაგრამ ქვევით, მდინარის პირას ჩაირბენს და ჩამოირეცხავს. აგური ჯერ ისევ ხელში ჩაუბღუჯავს და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ საოცრად მშვიდი, ძლიერი და დაუმარცხებელია. ადგილიდან არ იძვრის და ცხოველის ლეშს უსიცოცხლო თვალებში ჩასცქერის. ჭრილობიდან სისხლი ისევ ნაკადად მიედინება და ტლაპოში იღვრება. ბიჭი ლეშს წიხლს ჰკრავს და გეზს მდინარისკენ იღებს. სულ მალე ამ გაძვალტყავებული მაწანწალა ძაღლის ლეშიც სხვა ძაღლების, ბუზების, მატლებისა და ათასგვარი ჭიაღუის კერძად იქცევა.

საკანალიზაციო მილში ერთხელ კატაც დაუხრჩვია, მაგრამ როცა ძაღლს კლავს, სულ სხვაგვარი განცდა ეუფლება. ახლა ძირითადად ძაღლებს ხოცავს… და კიდევ მტრედებს. მაღალსართულიან კორპუსებში უთვალავი მტრედი ბუდობს. ბიჭი შეშინებულ ფრინველებს დაერევა ხოლმე, ისინი კი ოთახიდან ოთახში დაფრთხიალებენ, სამზარეულოდან მისაღებში, საძინებლიდან სააბაზანოში დაფრინავენ, დაკაწრულ-დახვრეტილ კედლებს აწყდებიან და ჩამოქცეულ, საცოდავად დაკონწიალებულ უზარმაზარ ბეტონის ფილებს შორის გაძრომას ლამობენ. მოსახლეობისგან დაცლილი ბინები ახლა ნახევრადდამსხვრეულ ნიჟარებს უფრო წააგავს. ჩამწკრივებული ოთახების ნაცვლად მხოლოდ ჩამონგრეული, მტვრიანი კედლებიღაა დარჩენილი. ყველა ის ნივთი, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა და რაც ბრძო-ლებს ასე  თუ ისე გადაურჩა, მოგვიანებით დაიტაცეს, გაქელეს ან გაანადგურეს.  აქა-იქ მხოლოდ მონჯღრეულ ჯორკოს ან გატეხილ თაროს თუ წააწყდება კაცი.
სულ პირველად, როდესაც ქალაქი ყუმბარების სამიზნე გახდა,  ეს კორპუსები თავდაცვის ერთგვარ გალავნად იქცა. მეომრები მოწინააღმდეგეს სწორედ აქ ჩაუსაფრდნენ და ეგონათ, რომ მტრის შეჩერებას შეძლებდნენ. მკაცრ და ყინვიან ზამ-თარში ატეხილი ომი მალე მთელ ქალაქს მოედო. ხელჩართული ბრძოლები კვარტალიდან კვარტალში, ქუჩიდან ქუჩაში, სახლიდან სახლში ინაცვლებდა. ბოლოს მეომრები ქალაქს თანდათანო- ბით გასცდნენ და ხალხისგან დაცლილი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც უსახურ მოჩვენებებს დამსგავსებოდა და რუსული რაკეტების სამიზნედ ქცეულიყო, უკან ჩამოიტოვეს. ზოგიერთი ბინის კედელზე ჯერ კიდევ შემორჩენილა აჯანყებულთა მიერ დატოვებული გრაფიტი: Свобода или смерть – თავისუფლება ან სიკვდილი!
მოაჯირი არც ერთ კიბეს აღარ შერჩენია, ერთი არასწორი ნაბიჯი და პირდაპირ თავქვე გადაეშვები… ბინის ჭერი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიქცეს, ანდა შესაძლოა იატაკი ჩაინგრეს… სწორედ ასეთ სახლში ცხოვრობს თემური. უზარმაზარ, ბეტონის ჩონჩხად ქცეული კორპუსის ბოლო სართულზე აძრომა და კედლებზე გაჩენილი ვეებერთელა ნახეთქებიდან ქუჩაში მოსიარულე ადამიანების თვალიერება მისთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. როდესაც მოშივდება, მტრედებს დაერევა ხოლმე. დამფრთხალი ფრინველები ყველანაირად ცდილობენ, ხელიდან დაუსხლტნენ, მაგრამ ბოლოს რამდენიმე მათგანს კუთხეში მაინც მოიმწყვდევს  და მსხვერპლად ერთ-ერთს, ყველაზე მსუქანს, აირჩევს. მერე  მუხლებში მოიქცევს და გაწაფული ხელით კისერს მოუგრეხს, თავს ოსტატურად წააწყვეტს და კისრით ქვემოთ იჭერს, რომ სისხლისგან დაიწრიტოს. ამის შემდეგ ბუმბულს დააპუტავს, ჩხირზე წამოაგებს და შებრაწავს. ცეცხლსაც იქვე, იმ სართულზე ანთებს, რომელსაც ყუმბარის აფეთქებისას სახურავი აღარ შერჩენია. ხანდახან ორ ცალ მტრედსაც იწვავს ხოლმე.
გაგრძელება იქნება

Share

Leave a Reply