საქართველოს პარლამენტში ჩეჩენ და ქართველ დეპუტატებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. როგორც „აქცენტმა“ გაარკვია, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი მაგომედ ალხაზუროვი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის სამშვიდობო ფორუმის“ წევრი თემურ გაურგაევი და კიდევ ორი პირი – ზელიმხან მუსაევი და იბრაგიმ იანდაროვი შედიოდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცეს, ხოლოშემდეგ საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ და თემურ გაურგაევს უკან გაბრუნება მოსთხოვეს. დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა გაურგაევს სოლიდარობა გამოუცხადეს და ქვეყანა დატოვეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრა საზღვარზევე ჩაიშალა.
ირკვევა, რომ შეხვედრის ინიციატივა ჩეჩნებს ეკუთვნოდათ. მის მიზნებზე „აქცენტს“ კავკასიოლოგი გელა ხმალაძე ესაუბრა:
- საქართველოში მოდიოდა ჩეჩნეთის არასამავრობო ორგანიზაციების დელეგაცია, რომელსაც თან ახლდა რესპუბლიკის პარლამენტის წევრი მაგომედ ალხაზუროვი. მათ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე მიმართეს საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტს საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების მიზნით, რათა ქართველ და ჩეჩენ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონოდათ მუდმივი ურთიერთობის რაღაც ფორმატი საქმიანობის კოორდინაციისათვის. საქართველოს პარლამენტიდან გაიგზავნა საპასუხო წერილი, რომლითაც ისინი მოიწვიეს მეგობრული და საქმიანი შეხვედრებისათვის. ბუნებრივია, ეს ვერ იქნებოდა ოფიციალური ვიზიტი, რადგან საქართველო–რუსეთის დღევანდელი ურთიერთობა არ იძლევა ოფიციალური შეხვედრის ჩატარების საშუალებას – მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. ეს უნდა ყოფილიყო გაცნობითი ხასიათის, მეგობრული შეხვედრა. მაგიდასთან ერთად უნდა დამსხდარიყვნენ დეპუტატები და არასამთავრობოები, რომლებიც ქართულ–რუსულ, ქართულ–ჩეჩნურ, კავკასიურ საკითხებზე მუშაობენ. ძალიან სასარგებლო იქნებოდა მსგავსი ურთიერთობების ციკლის დაწყება.ისინი მოდიოდნენ კონკრეტული საქმიანი წინადადებებით. ერთ–ერთი ინიციატივა იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველ და ჩეჩენ დეპუტატებს შეექმნათ ქართულ–ჩეჩნური მეგობრობის ჯგუფი. ჯგუფის წევრები პერიოდულად შეხვდებოდნენ ერთმანეთს და განიხილავდნენ როგორც კავკასიის პრობლემატიკას, ასევე ქართულ–რუსულ და ქართულ–ჩენურ ურთიერთობებს. სამწუხაროდ, 15 მაისს ყაზბეგში ამ პიროვნებებს ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე პრობლემები შეუქმნეს. უკვე დარტყმული ბეჭდის ანულირება მოახდინეს. რაც ყველაზე მთავარია, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მოხდა ეს ყველაფერი. მინდა, აღვნიშნო, რომ პარლამენტი ვიზიტირობის შესახებ ინფორმირებული იყო და შეხვედრის ორგანიზება მიმდინარეობდა, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა შემდგარიყო. ქართველი დეპუტატები თემურ ჭკუასელი და შალვა კიკნაველიძე აპირებდნენ სტუმრებთან შეხვედრას. იმის გამო, რომ საზღვარზე მათი შემოშვება გაუგებარი მიზეზების გამო არ მოხდა, შეხვედრა ჩაიშალა. ინიციატივაც გაჩერდა.უახლოეს მომავალში მსგავს ინიციატივას აღარ ველი. ძალიან უხერხული და ცუდი პრეცედენტი იყო ქართული მხრიდან ამ შეხვედრის ჩაშლა.