ეს მართალი არ არის. მაგრამ მაინც, აი, რას ყვებიან იმაზე, რაც ძველისძველად მოხდა. იყო ერთი ჭაბუკი, კალმით დახატულივით ლამაზი, სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი. ამბობენ, როცა ის მუშაობდა, მის სამჭედლოში მოგუგუნე ცეცხლი მთელ ქვეყნიერებას ანათებდაო. მის მიერ მოქნეული უროსაგან ელვა კრთებოდა, ხოლო ქუხილისაგან ქვეყნიერება ზანზარებდაო.
იმავე დროში ერთი ქალწული ცხოვრობდა მაღალ კოშკში. კოშკს ფანჯარა არ ჰქონდა. ქალწული კოშკიდან არასოდეს არ გამოდიოდა, მაგრამ იგი ისეთი ლამაზი ყოფილა, ისეთი, რომ მისი ბრწყინვალება შორიდანაც კარგად ჩანდა.
_ მე ვითხოვ იმას,
_ გულში მტკიცედ გადაწყვიტა ჭაბუკმა და მაჭანკლები გაგზავნა ქალწულთან. ჭაბუკმა არ იცოდა, რომ ქალწული მისი დაიყო, ქალწულს კი ამის თქმის უფლება არ ჰქონდა.
_ მისი ცეცხლისა და ნაცრისაგან ჩემი შუქი ჩაქრება და სახე დაჭკნება. არ გავყვები იმას ცოლადო!
ასეთმა პასუხმა დაანაღვლიანა ჭაბუკი. მან გაავარვარა ოქროს კომბალი, რომელიც მთელი კვირა ცეცხლზე ედო, აიღო იგი და ბნელ ღამეში ქალწულთან წავიდა. ეს რომ დაინახა, ძმასთან შეხვედრის შიშით ქალწულმა გაქცევა სცადა. ჭაბუკი გამოეკიდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაეწია. ასე ირბინეს, სანამ არ დაიხოცნენ. ნაპერწკლები, რომლებიც ცვიოდნენ გავარვარებული კომბლიდან,ვარსკვლავებად იქცნენ, ქალწულისაგან კი დარჩა კაშკაშა ნათება (ბადრი სახე). კაცი იქცა მზედ, ქალწული _ მთვარედ. ამბობენ, რომ ჭაბუკი ახლაც წრეს წრეზე აკეთებს, რომ ქალწულს დაეწიოსო.