თავისუფალი არწივი

 გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. საბჭოთა კავშირი რომ მრავალეროვნული სახელმწიფო იყო, ისიც კარგად მომეხსენებოდა, მაგრამ იმან, რაც მე – 18 წლის ჯარისკაცმა საბჭოთა ჯარში გაწვევისას ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდი საბჭოთა ყაზარმაში – ლეკები და ტუველები, ყარაყალპაყები და უიღურები, ლეკები და ყალმუხები … რომ მოსაღამოვდებოდა და ლოგინებზე ჩამომჯდარი ჯარისკაცები  მშობლიურ ენაზე აზუზუნდებოდნენ, თავი ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ბოლო სტადიაზე მეგონა.
თუმცა ხმამაღალი შეძახილებითა და ხორხისხმიერი ბგერებით დატვირთულ ვაინახურს ყველასგან გაარჩევდი. ვაინახები ჩვენი კარის მეზობლები – ჩეჩენ-ინგუშები არიან. თავიდან ამ ორ ხალხს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. თუმცა მათთან 2-წლიანმა ურთიერთობამ ეს განსხვავება ნათლად დამანახა.
ინგუში უფრო პრაგმატულად მოაზროვნეა, ეშმაკობა არ აკლია, უყვარს კარგი ცხოვრება, ამისთვის არ ითაკილებს ვაჭრობასაც კი. მოკლედ ჩვენებურად რომ ვთქვათ,  უფრო გამოსულია.   სხვა საქმეა ჩეჩენი  – საოცრად ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, ბავშვივით გულუბრყვილო, შუა საუკუნეებში გაჩხერილ ჩეჩენ ახალგაზრდებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, როგორები  იყვნენ ნამდვილი  მთიელები ძველად, მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების გმირები ხომ გახსოვთ – ზუსტად ისინი გახლდნენ.
 
საბჭოთა ჯარში ფართოდ იყო გავრცელებული არასაწესდებო ურთიერთობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ,,დედოვშინა“,  როცა  ახალი ჯარისკაცი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს ,,დედს“, ანუ ჯარში მასზე უფრო ადრე  მოსულ სხვა ჯარისკაცს.  სწორედ ასეთი ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად, ჩემი ასეული  ერთი გაწვევის სამხედრო მოსამსახურეებით    ვიყავით დაკომლექტებული.
მათ შორის იყო 5 ჩეჩენი ჯარისკაცი: სიტყვაძუნწი, მრისხანე შესახედაობის მაგომედი, მისი პატარა ბიძაშვილი მუდამ პირღია იბრაგიმი, ჭოკივით მაღალი, აქტიური იმ-ალი, პატარა ტანის, კატასავით მოქნილი ბილალი და მუდამ არასერიოზული და მომღიმარი ბაისულთანი.
სიამაყე ვახსენე და ჩეჩნები საერთოდ არავის არ მიიჩნევდნენ თავის სწორად და ტოლად (ინგუშებს არ ვგულისხმობ) და სხვა კავკასიელებსაც კი ამრეზით უყურებდნენ.  ორად ორი ერი, რომლებსაც ისინი მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ, ეს იყვნენ: ჩერქეზები და ქართველები. ბოლომდე ვერ დავადგინე, საიდან ჰქონდათ ჩანერგილი ეს გრძნობა მთიან აულებში გაზრდილ წერა-კითხვის უცოდინარ ახალგაზრდებს –  ალბათ უფროსი თაობის გადმოცემებით.
მახსოვს ერთხელ გაკვირვებული იმ-ალი გამენდო:  ერთმა ადიღეელმა მითხრა, ჩვენთან თავსაბურავით სიარული ქალისათვის სავალდებულო არ არისო…
– წარმოგიდგენია გიორგი? ქალი თავსაბურავის გარეშე – ეგენიც იტყვიან რა, კავკასიელები ვართო…
რას ვეტყოდი…  ,,შეწუხებულმა” აღშფოთებით გადავიქნიე თავი..
ახალწვეულები ვიყავით და ე.წ. ,,კარანტინში“  მოგვათავსეს.
ვხედავ მაგომედი სამხედრო სკამზე ,,ტაბურეტზე“ ჩამომჯდარა  და ფანჯარაში იყურება დაღონებული.  გვერდზე მივუჯექი და ვკითხე:
– რაო, მაგომედ, სახლი ხომ არ მოგენატრა?
– ეჰ გიორგი… გამიგია, რომ საქართველო ძალიან ლამაზია,  მაგრამ…  შენ რომ ჩვენი მთები განახა – წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:
– წარმოიდგინე, რა ხდება: 1 თვის ჩამოსული ვართ და ბაისულთანმა უკვე 3 წერილი მიიღო, ბილალმა 2,  მე კი – არც ერთი. ეხლა ბიჭები წავიდნენ კლუბში, იქნებ გამახარონ.
ამის თქმა იყო და  ოთახში შუბლზე ქუდჩამოფხატული ჩეჩნები  შემოვიდნენ.  უსიტყვოდ კართან გაჩერდნენ, დაღონებულ სახეებზე ეტყობოდათ –    ხელმოცარული დაბრუნდნენ.
– ალაჰს ვფიცავ, – აღაპყრო  ხელები მაგომედმა, – ვინც პირველ წერილს მომიტანს, იმის საპატივცემულოდ კარგ ცეკვას შევასრულებ.
– ოი, მაგომედ!  რა გითხრათ, მამაკაცი ხარ, მამაკაცი – შეუძახეს აღტაცებულმა მეგობრებმა.
მეორე დღეს მაღაზიიდან მომავალმა ნაწილის კლუბს ჩავუარე და..
– ეი, ქართველო, – აქეთ მოდი, – გავხედე და ჩვენი ფოსტალიონი მიქნევს ხელს. მივედი.
– შენ ხომ კარანტინიდან ხარ, ბარემ თქვენი წერილები წაიღე…
წერილების დასტა გამოვართვი. ქართველების წერილები  გადავაწყე, ვიფიქრე, მოდი, ჩეჩნებსაც გავახარებ-მეთქი და რას ვხედავ, სხვების წერილებთან ერთად, მაგომედის ორი წერილი არ დევს!  ცალკე გადავმალე და ოთახში შევედი.
– ბიჭებო, წერილები! – ტაბურეტზე დავყარე წერილები და იქვე ჩამოვჯექი.
ჯარისკაცები წერილებს დააცხრენ და დაინაწილეს.
– რაო, ისევ არაფერი? – თანაგრძნობით შევეკითხე მაგომედს.
ხელი ჩაიქნია და შეტრიალდა.
– ეი, იბრაგიმ – შევძახე პირღიას – როგორ ფიქრობ, მართლა იცეკვებს მაგომედი, წერილი რომ მივცე?
ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ზურგი პირით ფანჯრისკენ მიბრუნებულ მაგომედს.
– რას ამბობ გიორგი, – დაიძახეს ერთხმად ბიჭებმა – მამაკაცის სიტყვა ითქვა…
– კეთილი და…. 2 წერილი რომ მივცე? 2-ჯერ იცეკვებს? – მუხლზე ტკაცუნით დავირტყი მაგომედის წერილები.
მაგომედი არ შემობრუნებულა, თითქოს რაღაცას ელოდებაო.
სამაგიეროდ ოთხი ჩეჩენი წამოხტა და ოთახის შუაგულში ნახევარწრედ განლაგდა. მერე იმ-ალიმ ჩეჩნურად რაღაც შეჰყვირა და  ტაში შემოკრა…  სხვებიც ხორხისმიერი შეძახილებით და რიტმული ტაშით აყვნენ. ეს იყო და ისკუპა მაგომედმაც და ხმამაღალი შეძახილით  ხელები გაშალა.
12208000_1155139134513824_1152275561_n
გინახავთ, როგორ ცეკვავს ჩეჩენი? თავი და ტანი უძრავად რჩება, ხოლო ხელები და ფეხები ენით აუწერელი ტემპით და  თავისუფლებით მოძრაობს. ქართველ კაცს ცეკვით ვინ გააკვირვებს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ხალხი,  რომელსაც ასე უყვარდეს და ვისთვისაც ასეთი მნიშვნელობა ჰქონდეს ცეკვას, როგორც ჩეჩენისთვის. რამდენ კაცს ეხერხება კარგად ცეკვა 10 სტატისტიკური ქართველიდან?  ალბათ, სამს ან ოთხს.  ჩეჩენს? ალბათ ათივეს…
ასეთები ვიყავით, ალბათ, კავკასიელები, ადრე..
ერთ  საღამოს ბილალი და იმ-ალი მომიახლოვდნენ.
– გიორგი, რას უყვებოდი ქართველებს, ასე რომ გისმენდნენ?
– ვიდეოს ფილმებს მაყოლებენ, თვითონ ნანახი არა აქვთ და…
– ვიდეო რა არის?
– ვიდეო… ვიდეო მაგნიტოფონი.
– რა ვიდეო მაგნიტოფონი? მაგნიტოფონი?
მივხვდი, გაგონილიც არ ჰქონდათ.
– იგივეა, რაც მაგნიტოფონი, ოღონდ ტელევიზორში აერთებ და კასეტით ფილმს უყურებ.
– თუ მუსიკას უსმენ?
– არა… ფილმს უყურებ.
ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.
– ოი, ოი, გიორგი, ეს  რა დაახეთქე; შენ ვინ ყოფილხარ!
ნერვები მომეშალა
– ჰო, მესმის თქვენი… თქვენს აულებამდე  ეს სიახლე ჯერ ვერ ჩამოაღწევდა.
ბიჭები ჩამომსხდარ ჩეჩნებს დაუბრუნდნენ და რაღაც უთხრეს. ხმამაღალმა სიცილმა მიმახვედრა, რომ ჩემს უსაზღვრო ფანტაზიაზე იცინოდნენ.
ამ ამბის მერე ჩეჩნებში  გამოუსწორებელი მატყუარას სახელი გამივარდა. ურთიერთობაშიც მერიდებოდნენ და ზურგს უკან დამცინოდნენ.
ჩვენს პოლკში 20-მდე ჩეჩენი მსახურობდა. მათი ლიდერი  გახლდათ გროზნოელი სტუდენტი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა თანამემამულეებში. ცხოვრებაში იშვითად მინახავს ასეთი ლამაზი მამაკაცი, როგორიც იყო რუსლანი.
თეთრი პირის კანით, შავი, ლამაზად დაწყობილი თმებითა და თხელი ტუჩებით, საოცრად ჰგავდა ალენ დელონს. თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს ნატიფი და ნაზი ბიჭი ჩეჩნებმა ლიდერად როგორ აღიარეს მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. შემთხვევით გადავაწყდი, ერთ-ერთი კავკასიური ეროვნების 3 წარმომადგენელი როგორ მიბეგვა ჩხუბში ისე, რომ თვითონ ერთი მუშტიც არ მოხვედრია.
სასადილოდან  მარტო ვბრუნდებოდი. ჩეჩნების ჯგუფს ჩამოუარე და მივესალმე. სალმითვე მიპასუხეს.
როგორც შემდეგ მიამბეს, თურმე რუსლანმა ჩემს ჩეჩნებს ჰკითხა:
– თქვენი გურჯია?
– ჩვენი გურჯია..
– მომწონს, კარგი ბიჭი ჩანს.
– კი, კარგი ბიჭია… ვმეგობრობდით კიდეც მასთან, მაგრამ მერე საოცარი მატყუარა აღმოჩნდა  და ვიდეომაგნიტოფონის ამბავი უამბეს.
– ოი, ბიჭებო, რამდენჯერ გითხარით, თუ რამე არ იცით მოდით და მკითხეთ. ის მართალია… არსებობს ასეთი მაგნიტოფონი. მართალია მე არ მინახავს, მაგრამ გროზნოში ბევრს ჰქონდა.
რუსლანის სიტყვა შეუცდომელი ჭეშმარიტება იყო ბიჭებისთვის. საღამოს ლოგინზე ჩამომჯდარს ხუთივე მომადგა:
– გიორგი, კარგად არ გამოგვივიდა შენთან. მართლა ვერ წარმოგვედგინა ასეთი მაგნიტოფონი; რუსლანმა გვითხრა, რომ მართალი ყოფილხარ..
ისეთი სასაცილოები იყვნენ ეს 18 წლის ,,მამაკაცები”, რომ წყენამ იმ წამს გადამიარა.
– ჰო, თავიდან მეც გამიჭირდა დაჯერება… მართლაც საოცარი რამეა.
– გიორგი, კაცურად.. იქნებ ერთი კინო მოგვიყვე, თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა – მაგომედი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს
– თქვენ უარს ვერ გეტყვით ბიჭებო – დავიფასე თავი – რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?
– ყველა გვაინტერესებს.
– კეთილი, მაშინ საშინელებათა ფილმს მოგიყვებით.. იმაზე თუ როგორ ჭამდა უზარმაზარი  ზვიგენი დამსვენებლებს..
დაახლოებით ერთი საათის   შემდეგ მონაყოლით დაზაფრულ და გაოგნებულ ჩეჩნებს ვთხოვე,  გვიანაა, დავიძინოთ-მეთქი.
– რა თქმა უნდა,   დაიძინე გიორგი…  მაგრამ, ეს რაც მოყევი, მართლა მოხდა?
– არა, ბიჭებო, ეს ხომ კინოა…  დაიძინეთ და   ხვალ სხვას მოგიყვებით..
მეორე საღამოს 5-ის მაგივრად  ათნი მოვიდნენ.
– გაიცანი გიორგი – ასლანი, შამილი, ნაზირი, ზელიმხანი…
წამოვდექი და ყველას კავკასიურად მხარზე მხარის მიდებით მივესალმე.
– გიორგი, ბიჭებს მოვუყევით შენი ფილმი, მაგრამ ჩვენ შენსავით კარგად არ გამოგვდის;  ჰოდა ბიჭებმა გვთხოვეს, წამოგვეყვანა..
– კარგი გიქნიათ, ოღონდ  ყოველ საღამოს ცოდო ვარ… შაბათ-კვირას მოდით ხოლმე… ეხლა კი, რახან მოხვედით, სტუმრებს ისე ხომ არ გავუშვებ – გავიხსენებ რამეს. აბა მითხარით, რემბოს შესახებ თუ გსმენიათ…
ამის მერე ყოველ შაბათს საღამოს, ყაზარმის შესასვლელთან წამოწოლილი ქუთაისელი როსტომი მთელი ხმით გამომძახებდა:
– სად ხარ ბიჭო გიაიააა…
– აქ ვარ, რა ხდება როსტომ – გამოვძახებდი მე.
– ე ბიჭო,  მოდი, მოხედე სტუმრებს… მევიდნენ შენი ჩეჩნები.
მალე  ისე გავშინაურდი, რომ თავის თავყრილობაზეც კი მიმიწვიეს, რომელიც რომელიღაც მუსულმანურ რელიგიურ დღესასწაულს ეძღვნებოდა. ოფიცერთა სახლის სარდაფში განლაგებულ საქვაბეს შუა აზიიდან  გაწვეული ჩეჩენი – ახმედი განაგებდა (როგორ მოხვდნენ ჩეჩნები შუა აზიაში, მოგვიანებით გავიგე), მის განკარგულებაში რამოდენიმე დიდი დარბაზი და ხუთიოდე უზბეკი ცეცხლფარეში იმყოფებოდა.
ჩვენი პოლკის ოცამდე ჩეჩენი  დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიესალმა ერთმანეთს, ჩემი მისვლა არავის გაკვირვებია, მეც   ყველას ვიცნობდი – ვიდეო სეანსების მუდმივი კლიენტები ბრძანდებოდნენ. ლოცვა მეზობელი ასეულის ქერა სერჟანტმა  სულთანმა წაიკითხა, ყველამ ხელები   და  სახე ჯერ  ზევით აღაპყრო, მერე სახეზე ჩამოისვა და რუსლანმაც  სადღესასწაულო სუფრაზე მიგვიწვია, რომელიც ტკბილეულითა და ხილით იყო გაწყობილი.
საკვების გადაღებას არავინ ჩქარობდა, ჯერ ერთმანეთს სთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა რომ საკვები ჯარში აშკარად არ გვყოფნიდა და ჯარისკაცები  სანახევროდ მშივრები დავდიოდით, მოუთმენლობის ან სულწასულობის გამოჩენა  ჭამის დროს ჩეჩნებში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა.
საუბარი წყნარად, ჩეჩნურად მიდიოდა და თუ ვინმეს ხუმრობაზე გაიცინებდნენ, მხოლოდ  მაშინ მითარგმნიდნენ ხუმრობის შინაარს და სიცილის მიზეზს… სუფრაზე ალკოჰოლი არ იყო, თუმცა ამას მხიარულებისთვის ხელი არ შეუშლია. მალე რუსლანმა ტახტი ასწია და რუსული ბალალაიკა და ფანდური ამოიღო, მერე შემომხედა და ფანდური გამომიწოდა, ის იყო უნდა მეთქვა, რომ დაკვრა არ მეხერხება, რომ უცებ გავშეშდი, ფანდურზე ქართული წარწერა შევნიშნე  ,,გურამი. 1956 წელი”. რუსლანმა გამიღიმა.
– ხედავ რა ძველია… ეს ფანდური ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შემდეგ ჩეჩნებს გადასცეს.
– ალბათ, ისინი უკეთესად უკრავდნენ.
რუსლანმა ფანდური შეათამაშა და ბილალს გადაუგდო. თვითონ ბალალაიკას წვალება დაუწყო, თან ღიმილით მანიშნებდა, ბოდიში, სხვა არაფერი გვაქვსო. მალე ინსტრუმენტები აიწყო. წრეზე ჩამოვჯექით, რუსლანმა ბიჭებს გადახედა, თითქოს შეკვეთას ელოდაო.
ბიჭები კი  ჩუმად ისხდნენ და რიდითა და პატივისცემით შესცქეროდნენ.  მივხვდი, რომ იგი თავად შეარჩევდა რეპერტუარს.
რუსლანმა ბილალს რაღაც უთხრა და სიმებს ჩამოკრა, ბილალმაც დიდხანს არ ალოდინა და ქართული ფანდურის ხმოვანებამ საოცარ ჟრუანტელად დამიარა ტანში. რამოდენიმე აკორდიც  და ბილალმა   ჩეჩნური სიმღერა წამოიწყო.
ვისაც ჩეჩნურ ენაზე საუბარი მოუსმენია, ვერ წარმოიდგენს, რომ ამ ენაზე სიმღერა საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი საოცრად მელოდიურ და ამავე დროს ნაღვლიან სიმღერებს, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში  ასე არხევდა ჩემს კავკასიურ გენებზე გაჭიმულ სიმებს. სიმღერის დასრულების შემდეგ ბილალს ვთხოვე:
– თუ შეგიძლია რუსულად იმღერე  ბილალ… სიტყვები რომ გავიგო
– რა თქმა უნდა, შემიძლია – ხმადაბლა მითხრა ბილალმა – მაგრამ… რუსლანი გვიკრძალავს.
– რატომ? – გამიკვირდა მე.
– როგორ თუ ,,რატომ?” – საპასუხოდ გაუკვირდა მას.
იგივე თხოვნით რუსლანს მივმართე:
– რუსლან, კაცურად… სანამ ჩეჩნურს ვისწავლი, ერთხელ რუსულად მიმღერეთ. მინდა    შინაარსი გავიგო-მეთქი.
გაეცინა და ბილალს თავი დაუქნია.
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმღერები  სიყვარულზე იქნებოდა და სმენად გადავიქეცი:
,, ამოიწვერა      მთებში  ცისკარი
სხივი  მოჰფინა  ჩეჩნურ    აულებს…
შამილს მოჰყვება გმირების   გუნდი
ქარი გაფანტავს მოწოლილ ღრუბლებს…’’
ამღერდა ბილალი უაქცენტო რუსულით.
გაკვირვებისგან პირის დაღებაც ვერ მოვასწარი, რომ სულთანმა და მაგომედმა მიუმღერეს:
,, ვის     გაუხდია    მთიელი    მონად…
სიცოცხლეს დავთმობთ, შიში არ ვიცით..
რუსთა       ხიშტებზე     კამარას   შეკრავს,
თავისუფალი    მთების       არწივი..’’
მართალია ჰაერში უკვე ,,პერესტროიკის’’ სუნი ტრიალებდა, მაგრამ ესეთი სიმღერები  საბჭოთა სამხედრო ნაწილში?!  სულგანაბული ვუსმენდი და თითო სიმღერას სამჯერ მაინც ვამეორებინებდი. ასე დაგვათენდა თავს…
ისე იმოქმედა ჩემზე ამ სევდიანმა, მაგრამ სულით ხორცამდე ვაჟკაცობით და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილმა სიმღერებმა, რომ ვფიცავ, დილით მზად ვიყავი შამილის ნებისმიერ რაზმში გავწევრიანებულიყავი და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის…
ასე იმუხტებოდნენ, ალბათ, ადრე ბრძოლის წინ მთიელები…
ამ შეკრების შემდეგ 1 წელი გავიდა. დადგა გაზაფხული. რუსლანი სახლში გაემგზავრა. მე და ჩემს ჩეჩნებს რამოდენიმე თვე გვაშორებდა სამსახურის დამთავრებამდე. მაგომედმა ახმედისგან ჩვენთვის ცნობილი საქვაბის უფროსობა გადაიბარა.
1986 წლის 9 მაისს  პოლკის საზეიმო მოწყობაზე დივიზიის მეთაური გვესტუმრა. ის იყო მიტინგი გახურდა, რომ მოულოდნელად პოლკოვნიკის მახვილმა თვალმა პლაცის სიახლოვეს მდგარი მაგომედი შენიშნა.
– აქ მოდით, ამხანაგო ჯარისკაცო – დაიგრგვინა რუსმა ოფიცერმა, დაყენებული სამეთაურო ხმით .
მაგომედი არასამწყობრო ნაბიჯით მიუახლოვდა და უხერხული სამხედრო სალამი მისცა. პოლკოვნიკმა დამცინავად ახედ-დახედა წელში გამოკერილ ფორმას და მზერა მაღალ ქუსლებზე შეაჩერა:
– ერთი მოდით აქ და შეხედეთ ამას! აი თქვენი მუშაობის შედეგი!!! –  დაუყვირა ჩვენი პოლკის მეთაურს, რომელიც იქვე  აწურული იდგა
– მაშინ, როდესაც უბრალო რუსი ბიჭები თავს არ იზოგავენ დიადი საბჭოთა სამშობლოს სამსახურში – ასეთი მაგომედები არხეინად გორაობენ ,,კაჩეგარკაში’’ და ჩვენს გვერდით მწყობრში დგომასაც არ კადრულობენ!  გინდათ მეტი გითხრათ? კი ბატონო! გინდათ ნიძლავი, რომ ამისთვის 9 მაისი დღესასწაულიც კი არ არის!!!
– ეხლავე, აქვე გაიხადეთ ეგ ჩექმები და ფორმა და დადექით მწყობრის წინ, სანამ ჰაუპტვახტში წახვალთ! მინდა ყველამ დაიხსომოს თქვენი უზადო სხეული! – მოინდომა ,,შოუს”  დადგმა რუსმა.
– არასოდეს! – უპასუხა მაგომედმა.
– რაო? – ყურებს არ უჯერებდა დივიზიის მეთაური.
– არასოდეს!!!
– შენ იცი, რომ, ამ პასუხისთვის ციხეში მოხვდები, შვილო?!
– მე თქვენი შვილი არა ვარ და არც თქვენი ციხის მეშინია! – უპასუხა მაგომედმა 1200 კაციანი მწყობრის წინ.
– აი, ამას კი ვნახავთ! ბევრ შენისთანას ჩაუფსია სასამართლოზე – გადაიხარხარა პოლკოვნიკმა.
– მაშ, მე მამაკაცი არ ვიყო, თუ თქვენს სასამართლოზე ლეკური არ ვიცეკვო! – ამაყად უპასუხა ჩეჩენმა.
– ვნახოთ, ვნახოთ, შენზე მაგარი ბიჭები გაუტეხია  საბჭოთა ხელისუფლებას; უკანასკნელად  გეკითხები…  შეასრულებ საბჭოთა მეთაურის ბრძანებას?
მწყობრიდან   მაგომედის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული  ჩეჩნური შეძახილები  გაისმა, თუმცა  მაგომედს მშვიდ გამომეტყველებაზე  ეტყობოდა, რომ გამხნევება სულ არ სჭირდებოდა
– არასოდეს!
– მაშ კარგიიი…
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ პლაცის გარშემო ხეებზე ჩამომსხდარი ყვავების ყრანტალი არღვევდა.
– პოლკო სწორდიით, სმენაა! რიგითო მაგომედ ასხაბოვ, თქვენ არღვევთ სამხედრო ფორმის ტარების დადგენილ  წესს. გიბრძანებთ, გაიხადოთ იგი და მოაწესრიგოთ!
მღელვარებისგან კინაღამ გული გამიჩერდა.
–   არასოდეს!
– დააპატიმრეთ, ამხანაგო მაიორო! – მიმართა პოლკოვნიკმა საგანგებოდ გამოძახებულ ნაწილის მორიგეს.
მაგომედი წაიყვანეს.
ამ ამბიდან დაახლოებით 2 თვეში, ჩვენი პოლკის კლუბში, მაგომედის საჩვენებელი სასამართლო გაიმართა. ჯარისკაცებით გადავსებული დარბაზის სცენაზე  სასამართლოს წევრები ისხდნენ. სამხედრო პროკურორი, რომელსაც წითელ სამხრეებზე ფარი და ორი ჯვარედინი მახვილი უელავდა, თავის გამოსვლაში აღშფოთებას ვერ მალავდა:
– მაშინ, როდესაც 26 ყრილობის გადაწყვეტილებებით ფრთაშესხმული ჩვენი საბჭოთა მშრომელები დღეს და ღამეს ასწორებენ კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებზე, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს შორის კიდევ დარჩნენ ისეთი  ელემენტები, როგორიც ეს ახალგაზრდაა…
მაგომედი არხეინად იჯდა შეიარაღებულ მცველებს შორის, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა…
პროცესი დიდხანს არ  გაგრძელებულა.
,,მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის… მუხლის  თანახმად მიესაჯოს… ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა…”
მაგომედი ფეხზე ადგა, დარბაზს გადახედა და მშვიდი ხმით დაიძახა ,,ალლაჰუ აკბარ…”
აცრემლებულმა იბრაგიმმა დარბაზიდან შეძახილითვე უპასუხა ,, ალლაჰუ აკბარ…”
მაგომედი შემოტრიალდა, მერე ერთი  მოძრაობით დაცვას დაუსხლტა და სცენაზე მთიულური ცეკვის რამოდენიმე ილეთი ლაზათიანად შეასრულა.
ეს იყო და ატყდა შეძახილები, ალიაქოთი და გაწევ-გამოწევა… მუჯლუგუნებით გასასვლელისკენ გავიკვლიე გზა, სადაც შეიარაღებულ ბადრაგს მაგომედი მიჰყავდა, მაგრამ წინ  საგანგებოდ მოყვანილი დაზვერვის ცალკეული  ასეულის რუსი სერჟანტები გადამიდგნენ.
– მაგომეეედ!  – დავიღრიალე მთელი ხმით.
დაბორკილი ჩეჩენი მანქანის ძარაზე აიყვანეს. წამით შემობრუნდა, თავი ღიმილით აიქნია და სიღრმეში გაუჩინარდა.
მანქანა დაიძრა. გაშეშებული ვიდექი. უკნიდან საუბარი შემომესმა:
– აბა, რას იტყვით ყოველივე ამაზე, ნიკოლაი ივანოვიჩ? – ორმა წითელსამხრეებიანმა პოლკოვნიკმა სიგარეტი გააბოლა.
– იმას ვიტყვი, იგორ პეტროვიჩ, რომ ეხლა ვხვდები, რა სწორად მსჯელობდა იოსებ ბესარიონოვიჩი, როცა ამბობდა… ,,ამ ხალხის აღზრდას აზრი არა აქვს. ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ!’’
კვლავ მანქანას გავხედე, რომელმაც მოსახვევში სვლა შეანელა… და ამ დროს წამით, მხოლოდ წამით, მომეჩვენა რომ  ნიავს  სიმღერის ხმა მოჰქონდა:
,, … რუსთა ხიშტებზე კამარას შეკრავს,
თავისუფალი მთების არწივი…’’
1984-86 წელი
საბჭოთა ჯარების  ჯგუფი გერმანიაში.
გიორგი გობეჩიას მოთხრობა

Share

Leave a Reply