ბექხან ფარეულიძე: ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების ნგრევას

რამდენიმე დღის წინ სოფელ ჯოყოლოში სალოცავი ნიშის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, პანკისის ხეობის იმამმა განცხადება გაავრცელა.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
პირველ რიგში მინდა ვთხოვო ყველას, წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და პანკისის ხეობის მუსლიმი თემის მიმართ ნუ აჟღერებენ ბრალდებებს. ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს არ ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ, ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ არ ხდებოდა კონტროლი.

ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.
დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს, მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.
ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ,გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.
მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას,ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.
ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს.

 
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა ცისკარიშვილებმა სალოცავი ნიში ააშენეს, რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე მისულს კი, ის დანგრეული დახვდა.
მომხდარის დროული გამოძიების მოთხოვნით ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა.
სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Share

Leave a Reply