23 თებერვალს, 13:00 სთ-ზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.
გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.
სრულიად საიდუმლო
ამხანაგ სტალინს
დ ე პ ე შ ა
23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.
ბერია
რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა.
კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა.
როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა – საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა – ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს.