იმამ-შამილი: ლიდერი,დიპლომატი

შამილი თავისი დროის ერთ-ერთი ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, რომელმაც განთლება ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირებისაგან მიიღო.
მისი პირველი მასწავლებელი და უხლოესი მეგობარი პირველი იმამი ღაზი-მუჰამედი იყო. შამილი მასთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში დაიარებოდა დაღესტნის აულებში, როგორც ყაზი მუჰამედის ერთგული მოწაფე(მუთალიმი).
შამილის ცხოვრებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მისი კიდევ ერთი მასწავლებელის საიდ არკანელის პიროვნებამ. როდესაც კავკასიის ომი დაიწყო, საიდ არკანელი შამილის წინააღმდეგ გამოვიდა და მთლიანად უარყო მიურიდიზმის იდეები.
საიდ არკანელი შამილს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას უიმედო წამოწყებად უთვლიდა. მას მიაჩნდა, რომ ორი პატარა სუბიექტის ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ თავიდანვე იყო განწირული.
თუმცა როგორც ვიცით შამილს მისი რჩევები არ გაუთვალისწინებია. შამილმა თავისი ორგანიზატორული ნიჭით მალევე შეძლო მთიელთა მოძრაობის გაერთიანება ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის დროშით.
შამილი მიჰყვებოდა ღაზი-მუჰამედის მოძღვრებას. ის თავისი იდეოლოგიის ცენტრში აყენებდა ღაზავათს და მას შარიათის სხვა პირობების დაცვაზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ნიკო ხუციშვილის თანახმად: დაღესტნის არც ერთ იმამზე, არც ყაზი მოლასა და არც ჰამზათ ბეგზე, არ არსებობს იმდენი სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრი, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამდენიც არსებობს შამილზე.
სხვადასხვა აზრისანი არიან მკვლევარები შამლის პიროვნების შესახებ. მისი სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა და არაერთი მკვლევარის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე გვიყვებიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები. მის შესახებ წერდნენ ასევე ევროპული გაზეთები. მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.[15;85,86]
შამილი ძალზე ნიჭიერი დიპლომატი იყო. ის კარგად ხვდებოდა, რომ მხოლოდ დაღესტნელებითა და ჩეჩნებით ვერ შეებრძოლებოდა რუსეთს და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა სხვა ხალხის მიმხრობასაც.
შამილსს ქართველებთანაც სურდა პოლიტიკური ურთიერთობა მაგრამ ქართველები რუსეთთან კავშირში იყვნენ. შამილი კარგად ხვდებოდა ქართვლი თავადაზნაურობა, რომ რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე იდგა.
ამასთან დაკავშირებით ჯ. კვიციანი წერს: „ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ომებმა და ადგილობრივი ხალხების თავგამწირვამ მნიშვნელოვანი გამოძახილი ჰპოვა მოწინავე ქართულ საზოგადოებაში
“ სწორედ იმ დროს, 1860 წელს, ილია ჭავჭავაძემ ცნობილი ლექსი ,,ქართლის დედა“ დაწერა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია:
„ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა
ერთ ფიქრსა ჰფიქრობს,
-და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება“.
ამ ლექსში ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე დადებითად მიიჩნევს შამილის ბრძოლას და ერთიანი კავკასიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შამილი კახეთში შემოიჭრა და ისიც, რომ გრიგოლ ორბელიანი ჩრდილო-კავკასიელების წინააღმდეგ იბრძოდა. [7;45’46].
აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი მწერალი ა. ყაზბეგი შამილის ბრძოლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც მკვლევარი კენკებაშვილი აღნიშნავს: „მწერალი შამილში ხედავდა ლიდერს და კავკასიელ ხალხებს ერთად უნდა ებრძოლათ საერთო მჩაგვრელი ძალის-რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ„ [თ.კენკებაშვილი 1992]
როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ყაზბეგიც გამსჭვალულია კავკასიის ერთიანობის იდეით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შამილი ხელმძღვანელობდა შარიათით, მაგრამ, სადაც საჭირო იყო შამილი სცვლიდა შარიათის დადგენილებებს.
შამილს დათმობებზე წასვლაც შეეძლო და უკიდურესი ზომების მიღებაც ურჩების წინააღმდეგ. მომხრეებს და ერთგულ ხალხს მეტად სამართლიანად ექცეოდა, მუდმივად ასაჩუქრებდა, აძლევდა სხვადასხვა პრივილეგიებს.
ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ განზრახული ნაბიჯები, რათა ხალხში მისი ავტორიტეტი მეტად ამაღლებულიყო. შამილი სასტიკად ექცეოდა მოწინააღმდგეებს, უმეტესად სიკვდილით სჯიდა.
შამილის საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა თურქეთს. თურქეთის სულთანი ბაიაზეთი შამილს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა შამილს თურქეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია.
შამილის რეფორმები და მისი ბრძოლა ადიღეელების დიდ ყურადღებას იპყრობდა.შამილმა მათი თხოვნით იქ ნაიბები გაგზავნა.ერთ-ერთი მათგანი მუჰამედ ამინი აბაძეხების ნაიბი გახდა.
მუჰამედ ამინმა შეძლო შამილის დავალებების შესრულება-მიურიდიზმის გავრცელება და ადიღეს მოსახლეობის ნაწილში შარიათის დამყარება,მაგრამ ნაიბის მცდელობა,დასავლეთ ჩერქეზეთში ჩამოეყალიბებინა შამილის იმამატის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, უშედეგოდ დასრულდა.[8; 39]
შამილის პიროვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ანა დრანსე. მის თანახმად, შამილი მეტად ჭკვიანია, არის არა მხოლოს დიდი მხედარმთავარი, არამედ დიდი კანონმდებელიც.
გამოირჩევა საოცარი მოკრძალებითაც. ავტორი ამბობს, რომ შამილი ყველანაირად ერიდებოდა ტყვე ქალებთან პირისპირ შეყრას, მათ მიმართ საოცარ თავაზიანობას იჩენდა. ანა დრანსე ასევე ამბობს, რომ შამილი ტყვე ქალებს ევროპული ეტიკეტით უმასპინძლდებოდა, რაც მის ღრმა განათლებაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, დრანსე წერს: “შამილს თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ სურს, რომ მამაკაცი სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთოს და შინაურულ მყუდრო ცხოვრებას მიეჩვიოს; მძიმე სამუშაოთა შესრულების შემდეგ, მას ღრმად დაეძინება და არ გამოცხადდება იმამის დაძახილზე საშიშროების დროს, ამიტომაც ლეკი მიჩვეულია იზრუნოს მხოლოდ ცხენსა და იარაღზე. ყველანაირი მძიმე სამუშაო ქალებს აწევთ კისერზე“.
XIX საუკუნის ორმოციანი წლები შამილის ბრწყინვალე ეპოქის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ პერიოდში შამილის საიმამოს ტერიტორია თითქმის სამჯერ გაფართოვდა. მან რამდენჯერმე დაამარცხა რუსეთის ჯარი და ჩაშალა მათი გეგმები. შამილმა ამავე პერიოდში თაბასარანის მიმხრობაც მოახერხა.
შამილის ბრძოლის ტაქტიკას მაღალი შეფასება აქვს ისტორიოგრაფიაში:
როგორც ხ. ხანგოშვილი წერს: „შამილის ბრძოლის ტაქტიკა იყო კლასიკური პარტიზანული. მან შექმნა მოძრავი რაზმები, ერიდებოდა გენერალურ, ბრძოლებს და მის დევნაში რუსეთის ჯარის კოლონებს ქანცი უწყდებოდათ.“
1846 წლიდან შამილის წარუმატებლობის ხანა დაიწყო, რადგან რუსებმა ჩეჩნეთის დიდი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს.
ჩეჩნეთის დაკარგვა შამილისათვის ნიშნავდა დიდი ძალისა და სასურსათო ბაზის დაკარგვას. ამ პერიოდიდან შამილი ცდილობდა კავშირის დამყარებას ოსმალეთთან და ინგლისთან, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ბარიატინსკი ყველანაირაად ცდილობდა შამილის ნაიბებისა და სხვა მაღალი მოხელეების მოსყიდვას და ხშირ შემთხვევაში, ამას ახერხებდა კიდეც საკმაოდ წარმატებულად.
ყირიმის ომის დასრულების შემდგომ, რუსეთის ჯარმა ბარიატინსკის მეთაურობით შამილის სამყოფელს, ღუნიბს ალყა შემოარტყა და ორ კვირიანი ბრძოლის შემდეგ შამილის დამარცხება და მისი დატყვევება მოახერხა. შამილი გაგზავნილი იქნა პეტერბურგში.
მწერალი ე. უბილავა მის რომანში „შამილი“, მოგვითხრობს შამილის დატყვებისა და პეტერბურგში გამგზავრების ამბავს. როდესაც შამილი მიემგზავრებოდა, უკანასკნელად მოუხედავს თავისი მიწა-წყლისკენ და მისი სიტყვები ყოფილა “მშვიდობით მთებო კავკასიისა“.
შამილის დატყვევების შემდეგ იმამატმაც არსებობა შეწყვიტა.
მისი დამარცხების შემდგომ ჩეჩნეთი და დაღესტანი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. შამილის 25 წლიანი ბრძოლა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.
შამილის შეუპოვარმა ბრძოლამ რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მის მიერ ერთიანი-თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნამ,მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც იყო საერო პროგრესული განვითარების მაგალითი, დიდი კვალი დატოვა კავკასიელ ხალხებში.
შამილის სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა. და გახდა სიმბოლო შეუპოვარი ბრძოლისა, რომლის პიროვნებაც დღეს მეტად აქტუალური და მისაბაძია.
ქ. კალუგაში გადასახლების შემდეგ, შამილის მეთვალყურე კალუგის გუბერნიის სამხედრო მმართველი მიხეილ ჩიჩაგოვა გახდა. მის მეუღლეს შამილი თავისი ცხოვრების შესახებ უამბობდა. ეს ნაამბობი მან წიგნად გამოიცა (Шамил на Кавказе и в Росии, биографический очерк, составил М. Н. Чичагова С – Петербург,1889 г.).
აღნიშნულ წიგნში, სამწუხაროდ არ არის ყველა მონაცემი ფიქსირებული, თუმცა ერთ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ; დატყვევებულ შამილს ვერ წარმოედგინა, რომ იმპერატორის კარზე მკაცრად არ დასჯიდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის რომელიმე შორეულ მხარეში არ გადაასახლებდნენ. იმპერატორის კარზე თბილად მიღების შემდგომ კი შამილი ეთბაშად იქცა გულთბილ პიროვნებად, ისეთად როგორიც ის იყო ბუნებით და ცხოვრების წესით.
შამილი მისაბაძი პიროვნება იყო, არის და იქნება, რადგან ის არის სიმბოლო თავისუფლებისათვის ბრძოლისა. ჩრდილო კავკასიელებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, შამილი არის გმირი, რომელმაც ორი პატარა სუბიექტი დაუპირისპირა რუსეთის იმპერიას. მისი მიზანი იყო მხოლოდ ერთი, ის იცავდა თავის ტერიტორიას კოლონიზატორებისაგან. შამილი რუსებს სრულიად არ ენდობოდა, გაუტანლებსა და უპირობოებს ეძახდა და სამართლიანად მიიჩნევდა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ჰაზავათს.

დასკვნა

ჩრდილო-აღმოსავლეთ-კავკასიაში კერძოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია რუსეთის-ექსპანსიურმა პოლიტიკამ. საშინაო და საგარეო ფაქტორებმა.
ეკონომიკურად ჩამორჩენილმა არერთსულოვანმა საზოგადოებამ და ფეოდალების ბატონობამ. რუსეთის იმპერიას თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე თავისი გეგმების განხორციელება გაუადვილა.
დაღესტნელ და ჩეჩენ ხალხს შამილის სახით მოევლინა ლიდერი რომელმაც ისინი გაერთიანა ერთიან-ცენტრალიზებულ თეოკრატიულ სახელმწიფოში.
ამ გზით რეალური გახდა ცარიზმის წინააღმდეგ ანტიკოლონიალური ბრძოლა.
ღაზი-მოლას მიერ დაწყებული და შამილის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერთიანი ძლიერი სახელმწიფო იყო უდიდესი მიღწევა, უდიდესი პროგრესი.
იმამათი იყო ზღუდე, რომელიც 25 წლის განმავლობაში ეფექტურად იცავდა თავს რუსეთის კოლონიური პოლიტიკისგან.
შამილის მიერ გატარებული რეფორმები იყო პროგრესული განვითარების მაგალითი. მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ შეძლო საზოგადოების გაერთიანება და ანტიფეოდალური ბრძოლა.
ამ შეპოვარი ბრძოლის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, რომ ამ ომმა უდიდესი ზარალი მოუტანა იმამატს ყველანაირი თვალსაზრისით: მოსახლეობა დაიღალა გაუთავებელი ბრძოლებით, შიშით, გარდა შიდა ფაქტორებისა.
რუსეთის არმიის რიცხობრივმა უპირატესობამ, მის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და შამილის დამარცხება გამოიწვია.
შამილი თავისი დროის უდიდესი რელიგიური და საერო მოღვაწე იყო. მამაცი, სამაგალითო მებრძოლი.
მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის არის სიმბოლო პატრიოტიზმის. შამილი არის პიროვნება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა ერთობაშია და რომ საკუთარი მიზნებისათვის ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ადამიანმა უნდა იბრძოლოს თავისუფლებისათვის და თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უკეთესი მომავლისათვის.
 
ნინო ლომიძე

Share

Leave a Reply