შესავალი
კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში.მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული იყო, მეცნიერები თვლიან, რომ IX-XI ს. I მესამედში კასპიისპირეთში განხორციელებულ სამხედრო აქციებს გარკვეული პოლიტიკური მოტივაციაც გააჩნდა.
ძველი რუსული მატიანეები გვაწვდიან ცნობებს ცალკეულ რუს მთავრებსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა შორის დაპირისპირების შესახებაც. კერძოდ, მათში მოთხრობილია კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის მიერ “კოსოგებსა” (ადიღები) და “იასებზე” (ოსები) მოპოვებულ (965წ.) გამარჯვებაზე; ტმუტარაკანის მთავარ მსტისლავ ვლადიმირის ძის გალაშქრებაზე (XIს. 20-იან წლებში) “კოსოგების” (ადიღების) წინააღმდეგ და ადიღთა ბელად რედედისთან მის ორთაბრძოლაზე იმავე რუსული მატიანის ცნობით, ალანია-ოვსეთის საზღვრამდე მისდია ყივჩაყებს 1116 წელს იაროპოლკ ვლადიმირ მონომახის ძემ, სადაც დაქორწინდა კიდეც ოსთა მთავრის ასულზე.
XVIს. შუა ხანებიდან, მას მერე რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული სახელმწიფო და მისი ხელმწიფე – მოსკოვის დიდი მთავარი – ივანე IV 1547 წელს საზეიმოდ ეკურთხა მეფედ და ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა რუსეთი,რეალურად კავკასიაში ჩნდება როგორც აქტიური პოლიტიკური მოთამაშე.1557 წელს პირველი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დაიდო მოსკოვსა და ყაბარდოს მთავარ თემურყვას (თემრიუკ იდაროვს) შორის, რომელიც დინასტიური ქორწინებით განმტკიცდა.
ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოზიციები რუსეთმა სუნჯასა და თერგის შესართავთან (1567წ.) და თერგის დელტაში (1588წ.) ციხე-სიმაგრეების აგებით გაამყარა. სწორედ ამ პერიოდში (1564-1571წწ.) ლევან კახთა მეფის ინიციატივით რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კავკასიონი გადმოლახეს და კახეთში ჩადგნენ. მოსკოვმა XVIს. 80-იან წლებში უკვე იურიდიულად გააფორმა თავისი პროტექტორატი კახეთის სამეფოზე,ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ცალკეული თემებისა და დაღესტნის ზოგიერთი სახანოს თავის მფარველობაში აყვანას, თუმცა რუსეთს ამ პერიოდში, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით,როგორც ჩანს, რაიმე სერიოზული ნაბიჯი კავკასიის მიმართულებით არ გადაუდგამს.
XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერადაც არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. რადგან რუსეთი რუსეთ-თურქეთის 1677-1681 წლების ომში იყო ჩართული და არ ეცალა კავკასიისათვის.
თურქეთმა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჟეჩ პოსპოლიტას წაართვა პოდოლიე და ცდილობდა ხელთ ეგდო მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინა.მარჯვენა ნაპირის უკრაინაში თურქეთის დამკვიდრება არ დაუშვა რუსეთმა. 1677 და 1681 წლებში კაზაკებისა და რუსეთის ჯარებმა ორჯერ სერიოზული დარტყმა მიაყენეს თურქეთისა და ყირიმის სახანოს ჯარებს. 1681 წელს რუსეთს თურქეთსა და ყირიმის სახანოს შორის დაიდო ზავი,ზავის პირობა თურქეთსა და ყირიმის სახანოს ავალდდებულებდა, რომ 20 წლის განმავლობაში რუსეთის მტრებისათვის დახმარება არ აღმოეჩინათ.
1682 წელს მეფე თევდორე მე-3 გარდაიცვალა და რუსეთი შინაპოლიტიკური კრიზისი დაიწყო. XVII საუკუნი 90-იანი წლების დამდეგიდან პეტრე I დიდი (1682-1725) აქტიურ სახემწიფოებრივ მოღვაწეობას შეუდგა დაბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა კასპიისპირეთშიც მოეპოვებინა პოზიციები და ხელში ჩაეგდო აქ გამავალი სავაჭრო გზები. ზღვაზე გასასვლელის მოპოვების აუცილებლობაზე პეტრემდე რუსეთის სხვა მეფეებიც ფიქრობდნენ. პეტრე I- მა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქცია.
1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა,მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.
მხოლოდ XVIIIს. 20-იან წლების დამდეგს პეტრე I-მა მოინდომა ქართლის მეფე ვახტანგ VI-სთან კავშირში გადამწყვეტი დარტყმის მიყენება სპარსეთისთვის, მაგრამ ე.წ. “ლაშქრობა სპარსეთში”, რომლის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ კასპიისპირეთის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევა და სრული გავლენის დამყარება მთელ კავკასიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა და კავკასიაში სტატუს-ქვო შენარჩუნდა.
რუსეთის ხელისუფლება გადამწყვეტ შეტევაზე კავკასიის მიმართულებით გადავიდა 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც მან გაგზავნა სამხედრო კონტინგენტი საქართველოში და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან – ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სა და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად პირველად განახორციელა სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ. 1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა პირველად შეიტანა მცირე კორექტივი ოსმალეთის პოლიტიკაში იმერეთის სამეფოს მიმართ.
XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში,რუსეთის საგარეო პოლიტიკა აღარ იყო ისეთი აქტიური, როგორც XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ქვეყანა ისვენებდა ხანგრძლივი და მძიმე ომებისგან.
რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა
იმ პერიოდში,როდესაც ბრძოლა მიდიოდა კავკასიის დაუფლებისთვის ირანსა და თურქეთს შორის,კავკასიის ქრისტიანი ერები, ქართველები და სომხები პრორუსულ ორიენტაციაზე იყვნენ, ხოლო მუსლიმი ერები კი, ნაწილი პროთურქული, ნაწილი პროირანული.
იმ პერიოდში რუსეთს უნდა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება და ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება კავკასიის დაპყრობა, ამაში კი მას საქმეს უადვილებენ ქართველი მეფე-მთავრების პრორუსული ორიენტაცია.
რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა განხორციელდა სამ ეტაპად:
- 1801 – 1813 წ.წ, ამ პერიოდში რუსეთი იპყრობს საქართველოს, აზერბაიჯანს და შავი ზღვის სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიას.
- 1813 – 1829 წ.წ განხორციელდა, დაიპყრო სამხრეთ საქართველო,აღმოსავლეთ სომხეთი და შავი ზღვის სანაპიროს უდიდესი ნაწილი.
- 1830-1864 წ.წ – მესამე ეტაპზე დასრულდა მთლიანად კავკასიის დაპყრობა.
XVIII – საუკუნის 80 – იანი წლების დასაწყისისთვის რუსეთმა გადაწყვიტა ყირიმის სახანოს დაპყრობა და მთელი ძალები მობილიზებული იქნა შავი ზღვის აუზზე ბატონობისთვის,აშკარა იყო რუსეთის ინტერესები კავკასიაში და სამხრეთ კავკასიისთვის მებრძოლ ირანსა და თურქეთს ახლა უკვე რუსეთი დაემატა. ამ პერიოდში ამ სამ სახელმწიფოში რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო და ამას ერეკლე II – ე ხვდებოდა, ის ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რუსეთის სწრაფვა სამხრეთ-კავკასიისკენ, მაგრამ მოცემულ მომენტში აშკარა რუსული პოლიტიკის გატარება საშიში იყო, რადგან მართალია ირანი და თურქეთი ამ პერიოდში დასუსტებული იყო, თუმცა არა იმდენად, რომ საქართველოსთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ.
ამ პერიოდში საქართელოც მძიმე სიტუაციაში არის და ფაქტიურად ერი გადაშენების პირას დგას, მოსახლეობა მხოლოდ 700-800 ათას ადამიანს ითვლის და ლოგიკურია ამ პერიოდში როცა ირანისა და თურქეთის მხრიდან მოდის აგრესია, საქართველო ცდილობს მფარველის მოძებნას, რუსეთსაც უნდა კავკასიასი უბრძოლველად შევიდეს, გადალახოს ქედი და ამ შემთხვევაში ორივეს ინტერესი იკვეთება, თუმცა რუსეთს უნდა რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო სთხოვს რუსეთს მფარველობას.
ამიტომ 1782 წელს ერეკლე II -მ მიმართა ეკატერინე II – ეს, ქართლ-კახეთის სამეფო მფარველობაში მიეღო.
1783 წელს ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომელიც ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში გაიმართა.
1784 წელს კი სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II – მ და იგივე აქტი მოახდინა ეკატერინე II – მაც.
ერეკლე II – იმედოვნებდა, რომ ამ ტრაქტატის შედეგად, საქართველო მოახერხებდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და მოახერხებდა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებასა და საქართველოს გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთს ძლიერი და ერთიანი საქართველო არ სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა სუსტი ქვეყანა, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.
ტრაქტატის დადება რაც რუსეთის კავკასიაში გამოჩენას ნიშნავდა, როგორც კავკასიის სახანოებისთვის, ასევე თურქეთის ირანისა და ევროპული სახელმწიფოებისთვის (საფრანგეთი და ინგლისი) მიუღებელი იყო.
გეორგიევსკის ტრაქტატის დადება იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი დიპლომატიური მარცხი, რადგან ამან გამოიწვია სხვადასხვა სახანოების ლაშქრობები საქართველოში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ა.შ
ქართლ-კახეთის დაპყრობით დაიწყო კავკასიაში რუსეთის ვრცელი იმპერიული გეგმები.
1826-28 წლებში რუსეთ – ირანისა და 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომებში გამარჯვებით, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებების ძალით, რუსეთმა ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დააკანონა თავისი ბატონობა ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთკავკასიასა და შავი ზღვის სანაპიროზე დაპყრობილ ამიერკავკასიაში რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.
1846-49 წლებში მთელი ამიერკავკასია, ცენტრალური რუსეთის მსგავსად, გუბერნიებად დაიყო. 1864 წელს კავკასია სამეფისნაცვლოს სტატუსი მიიღო.
რუსეთმა ამიერკავკასია ისე დაიპყრო,რომ ჩრდილო-კავკასია მის მფლობელობაში არ გადასულა. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მდგომარეობა ჩრდილო-კავკასიაში მძიმე იყო. ყაბარდო აშკარად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დაღესტნის თავისუფალი თემების დიდი ნაწილი საერთოდ არ ცნობდა რუსეთის უზენაესობას, ავარის სახანოს კი გაუკვეველი პოზიცია ეკავა, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ჩერქეზეთიდან რუსეთის ტერიტორიას მუდმივად ესხოდნენ თავს,კარგად ორგანიზებული რაზმები.
თავდასხმების მიზანი იყო ჩრდილო-კავკასიის ბარში რუსეთის მიერ მიტაცებული ნაყოფიერი მიწების უკან დაბრუნება.ამ ტერიტორიის გარეშე კავკასიის მთის მოსახლეობას არსებობა ძალიან უჭირდა. მოსახლეობა სიღატაკისა და შიმშილისათვის იყო განწირული. რუსეთი ჩრდილო კავკასიის მთის მოსახლეობისათვის წართმეული ტერიტორია, სპეციალური გამაგრებით,ე.წ კავკასიის ხაზით იცავდა.
1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიაში გააქტიურდა. XIX საუკუნის ოციან წლებში რუსებმა რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდოსა და ყუბანისპირეთში, დამსჯელ ექსპედიციებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდა. კავკასიელები ვერ ურიგდებოდნენ რუსების ბატონობას. ჩრდ. კავკასიაში ძლიერი ანტირუსული მოძრაობა იწყებოდა, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ გამოვლინებას წარმოადგენდა 1825 წელს მიმდინარე აჯანყება, ბეიბულათ თაიმაზოვის წინამძღოლობით.
რუსეთის სასტიკი მოპყრობით გატანჯულმა მოსახლეობამ ისლამის იდეებით დაიწყო გაერთიანება,საბფუველი ეყრებოდა მიურიდიზმს. მიურიდიზმის ფუძემდებლები იყვნენ მუჰამედი და ყაზი მოლა, ყაზი მოლას გარდა ჯემალ – ედინის მიმდევარი იყო შამილი, მან გააფართოვა მიურიდიზმი და რელიგიურ – დოგმატური სფეროდან,სამართლებრივ – პოლიტიკურ სფეროში გადაიტანა და ომის პირობას შეუსაბამა.
1830 წლიდან იმამმა ყაზი მოლამ რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი ( საღვთო ომი ) გამოაცხადა. ომის პერიოდში კავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა 60 000 კაციდან 100 000 კაცამდე მერყეობდა, არტილერიის რაოდენობა 120 ქვემეხიდან 1000 ქვემეხამდე გაიზარდა.
ომის დაწყებისთანავე ივანე პასკევიჩმა ალყა შემოარტყა გიმრს,ყაზი მოლას მთავარ საყრდენ პუნქტს, მაგრამ დაღესანში,ჩეჩნეთში,ჭარ-ბელაქანში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებებმა დამპყრობლებს ყაზი მოლას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
1832 წელს, კავკასიის ახალმა მთავარმართებელიმა, გენერალმა გ. როზენმა ოქტომბერში გიმრი აიღო, იმამი ყაზი მოლა ბრძოლაში დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა მისი უახლოესი თანამებრძოლი, შამილი.
ყაზი მოლას სიკვდილმა ჯიჰადი ( საღვთო ომი ) ვერ შეაჩერა, მიურიდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ყაზი მოლას სიკვდილის შემდეგ, იმამად არჩეულ იქნა ჰამზათ ბეგი ( 1832 – 1834 ), ყაზი მოლამ და ჰამზათ ბეგმა ჯიჰადის დაწყებასა და მიურიდიზმის იდეების დანერგვასთან ერთად დაიწყეს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ოდითგანვე არსებული ადათების ნაცვლად შარიათის კანონების დამკვიდრება, შარიათის კანონების დამკვიდრებამ ხელი შეუწყო იმამატის განმტკიცებას.
1834 წელს დაღესტნის იმამი გახდა შამილი( 1834 – 1859 ).
1834 წლიდან კავკასიის ომი ახალ ფაზაში შევიდა,ჯიჰადს უკვე წინამძღოლის ნიჭით უხვად დაჯილდოებული დიდი პატრიოტი და უმამაცეს ადამიანი შამილი ედგა სათავეში, შამილმა შეძლო ძლიერი თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. იმამატის ტერიტორია მოიცავდა ჩეჩნეთის სამხრეთსა და დაღესტნის ჩრდილო ნაწილს.
იმამატი დაყოფილი იყო ოლქებად, რომელთა სათავეშიც ნაიბები იდგნენ, იმამატის ცენტრალური სამხედრო – ადმინისტრაციული აპარატი დაახლოებით 400 მიურიდისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ შამილის უერთგულესი და ამავე დროს უმამაცესი ადამიანები.
შამილის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალა 10 000 დან 20 000 მდე კაცს ითვლიდა, შამილის რეზიდენცია აულ ახულგოში იყო, 1834 წელს შამილის პირველი შეტაკება მოხდა რუსეთთან.
1834-37 წლებში დიდი მასთაბის ბრძოლები არ მომხდარა, ამან კი შამილს საშუალება მისცა თავი მოეყარა სერიოზული სამხედრო ძალისათვის,შამილი ხედავდა, რომ მხოლოდ იმამატის ძალებით რუსეთს ვერ გაუმკლავდებოდა, საჭირო იყო მოკავშირეების შეძენა, იგი თურქეთის სულთნის ერთგულების დეკლარირებასაც ახდენდა,იმავდროულად დახმარებას ინგლისის მთავრობას სთხოვდა, რეალური დახმარება ვერც თურქეთისგან და ვერც ინგლისისგან ვერ მიიღო.
1839 წელს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ჯარმა ახულგო აიღო,დაჭრილი შამილი მიურიდების რაზმთან ერთად ჩეჩნეთში გადავიდა.
XIX საუკუნის 40 – იან წლებში შამილმა რუსეთის ჯარები რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა.
ხელში ჩაიგდო შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებული ხაზის ერთი მონაკვეთი, დაიკავა ავარია და კვლავ აღადგინა თავისი ხელისუფლება დაღესტანში.
1842 წელს იჩქერიის ტყეში,შამილმა გაანადგურა რუსთა დიდი რაზმი.
1845 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი აულ დარგოს რაიონში პირადად ხელმძღვანელობდა დამსჯელ ექსპედიციას, რუსებმა დიდი ზარალი ნახეს და უკან დაიხიეს. ამ წარმატების შემდეგ, 1846 წელს შამილი ოსეთსა და ყაბარდოში შეიჭრა, აპირებდა ჩერქეზეთზეც გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, გარკვეული წარმატებების მიუხედავად იმამატის საზღვრებში ოსეთის ყაბარდოსა და ჩერქეზეთის მოქცევა, შამილმა ვეღარ შეძლო.
1853 წლისათვის რუსეთმა შამილის რაზმებს მთიანი დაღესტნის ტერიტორია დაატოვებინეს.
ყირიმის ომის დროს შამილის ძალები იმდენად დასუსტებული იყო, რომ 1854 წელს, მან მხოლოდ კახეთის რამდენიმე რაიონის დარბევა შეძლო.
ყირიმის ომის შემდეგ შამილის მდგომარეობა უიმედო გახდა, 1859 წლის აგვისტოში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ჯარმა ღუნიბი აიღო, შამილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო იმამატმა არსებობა შეწყვიტა.
შამილის დამრაცხებამ ძირფესვიანად შეცვალა ვითარება ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაშიც, მუჰამედ ემინმა, რომელიც 1848 წლიდან შამილის დავალებით სათავეში ედგა, ჩერქეზების ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, 1859 წლის ნოემბერში, თავი დამარცხებულად ცნო და რუსეთის ერთგულება დაიფიცა.
1863-64 წლებში რუსეთის ჯარმა მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტერიტორია დაიკავა, 1864 წლის მაისში რუსებმა ბრძოლით დაიკავეს ჩერქეზთა ერთ-ერთი ტომის, უბიხების სიმაგრე კბადუ,კავკასიის დაპრყრობისათვის წარმოებული ომი დამთავრდა.
ამრიგად 1801 წლიდან 1864 წლამდე რუსეთის იმპერიამ მთელი კავკასია დაიპყრო.
სულხან ბორძიკაშვილი