პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები ქართულსა და ჩეჩნურ ენებში

პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები ქართულსა და ჩეჩნურ ენებში
ნაშრომი შესრულებულია ფილოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად
 

 
                                                               ა ნ ო ტ ა ც ი ა
  წინამდებარე  ნაშრომში  განხილულია ნაცვალსახელის  ჯგუფები  ქართულსა  და  ჩეჩნურ  ენებში,  კერძოდ პირისა  და  ჩვენებითი  ნაცვალსახელები. 
   ამ  კონკრეტულ  ნაცვალსახელთა  ჯგუფებს  (პირისა  და  ჩვენებითი)  ფართო  გამოყენების  არეალი  გააჩნიათ,  როგორც  ქართულ,  ისე ჩეჩნურ  ენებში.
   ნაშრომში  არის  ცდა,  ისტორიულ-შედარებითი  მეთოდის  გამოყენებით,  მოვახდინოთ  ენათა  მონაცემების  შეპირისპირება  და  ვაჩვენოთ  განსხვავება  და  მსგავსება,  ამ  ორ  მონათესავე  ენას  შორის.
   ცხადია,  ქართულისა  და  ჩეჩნურის მონაცემთა შედარების  დროს,  გვერდს ვერ  ავუვლიდით,   მონათესავე  ენათა  ჩვენებასაც.
   საანალიზოდ  ვიყენებთ  სვანურ,  ზანურ,  ინგუშურ  და  ბაცბურ  (წოვა-თუშურ)  ენათა  მონაცემებსაც,  რომელიც  სასწავლო  კურსის  ფარგლებში  შევისწავლეთ.
   საკითხის  შესწავლისას ძირითადად  გამოყენებულია  ქართველ  ენათმეცნიერთა  შრომები.
 
 
 
 
                                                                                        S u m m a r y
   In  this  work  is  being  considered  category  of  pronoun  in  Georgian  and  Chechen  langguages,  concretely  thire  personal  and  demonstrative  pronouns.
   This  specific  groups  of  pronoun  (personal  and  demonstrative)  have  wide  area  of  use  in Georgian and Chechen languages.
   In  the  work  is  attempt  to  compare  lingual  facts  of  these  languages  and  by  historical- comparative  method  show  difference  and  similarity  between  these  related  languages.
   It  is  fact,  that  during  compare  Georgian  and  Chechen  languages,  we  can`t  ignor  the facts  of  relative  languages.
   For  analysis  we  were  guided also Svan,  Zan,  Ingush  and  Batsbi(Tsova-tushetian)  lingual  facts,  which  we  have  studied  during  the  educational  curse.
   For  study  the  question,  works  of  Georgian  linguists  have  been  used.
 
 
 
                                                                                            შ ე ს ა ვ ა ლ ი
ქართული და ჩეჩნური ენები მონათესავე ენებს წარმოადგენენ, თუმცა განეკუთვნებიან ერთი ენობრივი ოჯახის ორ სხვადასხვა ჯგუფს. ქართული, ზანურ (მეგრულ-ლაზურ) და სვანურ ენებთან ერთად შედის, იბერიულ კავკასიურ ენათა ოჯახის, ქართველურ ენათა ჯგუფში, ხოლო ჩეჩნური ინგუშურ და ბაცბურ (წოვა-თუშურ) ენებთან ერთად ქმნის ნახურ ენათა ჯგუფს (იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის შემადგენლობაში).
ნაცვალსახელი, როგორც მეტყველების ნაწილი, ცნობილია, ჯერ კიდევ დიონისო თრაკიელის გრამატიკიდან. ნაცვალსახელი როგორც ქართული, ისე ჩეჩნური ენის მორფოლოგიაში ერთ-ერთი საინტერესო მეტყველების ნაწილია.
ნაცვალსახელი არსებითად განსხვავდება სხვა სახელებისაგან, მას შეუძლია გვიჩვენოს კონკრეტული საგნის ნიშან-თვისება, რიცხვი, პირთან მიმართება და თან ისე, რომ არ დაასახელოს იგი. როგორც დასახელებიდან ჩანს, ნაცვალსახელი ახდენს შენაცვლებას სახელთან და გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ერთი და იგივე სიტყვის გამოყენება და საუბარი უფრო მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარვმართოდ.
ჩეჩნურ ენათმეცნიერებაში ნაცვალსახელის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი: ц1ерметдош (წიერმეთდოშ), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,სახელის ნაცვალ სიტყვას“.
ნაცვალსახელი შეიძლება იხმარებოდეს არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელების ნაცვლად.
აკაკი შანიძის განმარტებით: ,,ნაცვალსახელი ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც ფრაზაში ეკვივალენტია რომელიმე სახელისა (არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელის)“.   მისივე მოსაზრებით, ნაცვალსახელზე უფრო მართებული ფორმაა სახელთნაცვალი . იგი მას შემოკლებით ნაცვალსაც კი უწოდებს.  ტერმინი, სახელთნაცვალი იგივე ნაცვალსახელი, მომდინარეობს ანტონ I კათალიკოსის გრამატიკიდან.
,,ნაცუ̂ალ-სახელი ესე მნიშუ̂ნელი პირობითად განმრჩევი არსებისა, ვინაჲთგან ნაცუ̂ლად სახელისაცა მოიღების, რომელ-არს განრჩევა წოდებითი, თჳთოჲსა მყოფთა არსებისა. ამისთჳს ზედ-წოდებულ -არს პირველთაგან ღრამატიკოსთა ნაცუ̂ალ-სახელი“  [ანტ. I, 1885: 148].
ნაცვალსახელი საკმაოდ რთული და სპეციფიკური მოვლენაა ენაში. იგი ყველაზე ზოგადი და განყენებული მეტყველების ნაწილია, ამის გამო ენათმეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნაცვალსახელი უძველესი წარმონაქმნი უნდა იყოს ენაში.
ვარლამ თოფურიამ გამოყო სამი მიზეზი, რის გამოც ნაცვალსახელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართულ ლინგვისტიკაში: 1) მეტყველების ნაწილთა შორის ის საკმაოდ ძველია და ამიტომაა დეფექტურად წარმოდგენილი: ზოგი მათგანი სულ არ იცვლება და ამ მხრივ შესამჩნევი კავშირი აქვს ზმნისზედასთან; თუ იცვლება, ყველა ფორმის წარმოება არ შეუძლია. 2) როგორც ძველი მეტყველების ნაწილი, გამოყენებულია მორფოლოგიურ ელემენტებად _ ბრუნვისა და პირის ნიშნებად. 3) ნაცვალსახელი ისეთი უბანია, სადაც ყველაზე მეტია მსგავსება სულ სხვადასხვა სისტემის ენათა შორის არა მარტო სტრუქტურის მხრივ, არამედ მატერიალურ ნაწილშიც (ჟ. ფეიქრიშვილი 2010:89).
ნაცვალსახელს არ გააჩნია საკუთარი კითხვები. მას შეუძლია მხოლოდ მიუგოს მის მიერ შეცვლილი მეტყველების ნაწილების კითხვებზე.
ნაცვალსახელები თავიანთი გრამატიკული და სემანტიკური მნიშვნელობებით ქვესისტემებს ქმნიან ენებში. იმის გამო, რომ ნაცვალსახელი მიიჩნევა ენის უძველეს ლექსიკურ ფონდად, მათი სესხება ერთი ენიდან მეორეში ძალზედ იშვიათია. ნაცვალსახელი ხშირად ინახავს ენის უძველეს გრამატიკულ ნორმებს. ამის ნათელი მაგალითია, ქართული ენის ნაცვალსახელი (მაგალითად, მათი ბრუნების თავისებურებანი).
ამ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, ბუნებრივია, რომ ნაცვალსახელი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ენათმეცნიერებაში ამ დარგის გაჩენიდან დღევანდელ დღემდე.
ნაცვალსახელი ქართულ ენაში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით ჩეჩნურ და ზოგადად ნახურ ენათა მაგალითზე. ეს აიხსნება იმით, რომ ნახურ ენათა მეცნიერული შესწავლა, შედარებით გვიან დაიწყო.
ქართული ენის ნაცვალსახელი განხილულია ჯერ კიდევ პირველ გრამატიკებში, როგორიცაა ზურაბ შანშოვანისა და ანტონ კათალიკოსის შრომები, სადაც ჩამოთვლილია ნაცვალსახელთა ჯგუფები, იმავე ნაშრომებში არის მცდელობა მათი ბრუნვათა პარადიგმების ჩვენებისა. მას შემდეგ მოყოლებული შეისწავლებოდა ნაცვალსახელთა მორფოლოგიური საკითხები.
ჩეჩნურში გამოიყოფა ნაცვალსახელთა რვა ჯგუფი: პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, უკუქცევითი, კითხვითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი და უარყოფითი.
ზოგი მკვლევარის აზრით, ჩეჩნურში ცალკე უნდა გამოიყოს უკუქცევითი _ კუთვნილებით ნაცვალსახელთა ჯგუფიც.
ქართულ ენაში, ტრადიციის მიხედვით, გამოიყოფა ათი ნაცვალსახელთა ჯგუფი: პირის, ჩვენებითი, კითხვითი, კუთვნილებითი, კითხვით – კუთვნილებითი, მიმართებითი, ურთიერთობითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი და უარყოფითი.
როგორც ვხედავთ, ჩეჩნურში ქართულთან მიმართებით გვაკლია კითხვით-კუთვნილებითი, მიმართებითი და ურთიერთობითი ნაცვალსახელთა ჯგუფები. ქართულში კი _ უკუქცევით ნაცვალსახელთა ჯგუფი.
ნაცვალსახელთა ამ ჯგუფებიდან ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.
 
 

თავი I.   პირის  ნაცვალსახელები  ქართულ  ენაში

 
თანამედროვე სალიტერატურო ქართულ ენაში გამოიყოფა შემდეგი პირის ნაცვალსახელები: მე, შენ, ის (იგი), ჩვენ, თქვენ, ისინი (იგინი), თავი.
როგორც წესი, პირი სამია გრამატიკული გაგებით. პირველი პირი, მეორე პირი და მესამე პირი. პირებს შორის განირჩევა რიცხვი (მხოლობითი და მრავლობითი).
რიგ ენათა პირის ნაცვალსახელებში შეიძლება განირჩეოდეს ინკლუზიური და ექსკლუზიური ფორმები (თუმცა ეს უკანასკნელი არ ახასიათებს ქართულ ენას). ინკლუზიური და ექსკლუზიური ფორმები, ქართველურ ენათაგან გვხვდება სვანურში.
I პირის ნაცვალსაცელებია მე და ჩვენ;  II პირისა  _ შენ და თქვენ;  III პირისა კი _ ის (იგი) და ისინი (იგინი).
პირის ნაცვალსახელთა სქემა ქართულში:
მხ.რ.                         მრ.რ

  1.     I.        მე                                 ჩვენ            
  2.   II.        შენ                               თქვენ 
  3. III.        ის (იგი)                       ისინი (იგინი) 

 
   მე-ს ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს საუბრისას; შენ სიტყვით მიმართავს მას, ვისაც უშუალოდ ესაუბრება; ხოლო ნაცვალსახელით ის (იგი) მოიხსენებს მას, ვინც პირველი და მეორე პირის მიღმაა, რომელიც არც მე არის და არც შენ, არამედ სხვაა. მესამე პირთან არ წარმოებს უშუალო დიალოგი.
ნაცვალსახელ ჩვენ-ს ადამიანი გამოიყენებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან ერთად გულისხმობს სხვასაც. ეს სხვა, შეიძლება იყოს მეორე ან მესამე პირი, ან ორივე ერთად. ამის მიხედვით, ამ ნაცვალსახელს შეიძლება ორნაირი გაგება გააჩნდეს:
1)      როდესაც ჩვენ გულისხმობს პირველ პირსა და თანამოუბარს, ანუ მეორე პირს (ან პირებს). ამ შემთხვევას ენათმეცნიერებაში ეწოდება ინკლუზიური ჩვენ    (ჩვენ= I+II).
2)      როდესაც სიტყვაში ჩვენ მოუბარი (I პირი), თავის თავთან ერთად გულისხმობს სხვას (ან სხვებს), ანუ მესამე პირს და გამორიცხავს თანამოუბარს (ან თანამოუბართ), ანუ II პირს. ამ შემთხვევაში ამ მოვლენას ეწოდება ექსკლუზიური ჩვენ   (ჩვენ= I+III-II). 
   როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ენა არ განარჩევს ინკლუზიასა და ექსკლუზიას არც ზმნასთან შეთანხმებაში და არც დამოუკიდებელ ნაცვალსახელურ ფორმებში.
როგორც ზემოთ ითქვა, ქართულის უშუალო მონათესავისათვის, სვანურისათვის, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფის წევრია, ინკლუზივისა და ექსკლუზივის გარჩევა ჩვეული მოვლენაა. თუმცა იგი მას არ განარჩევს სახელურ ფორმაში: ნა̈ი//ნა̈//ნაჲ  _ ჩვენ (განსხვავდება მხოლოდ დიალექტების მიხედვით).
განარჩევს ზმნაში:
ნა̈ი ლ-იშ-დ _  ჩვენ ვართ (ინკ.)  I+II.
ნა̈ი ხუ̂-იშ-დ _ ჩვენ ვართ (ექსკ.) I+III-II.
სვანური, ინკლუზივისა და ექსკლუზივის ურთიერთქმედებას განარჩევს კუთვნილებით ნაცვალსახელებშიც:
გუშგუ̂ეჲ ჩა̈ ჟ _ ჩვენი ცხენი (ინკ.) _ ჩემი და შენი (თქვენი).
ნიშგუ̂ეჲ ჩა̈ ჟ  _ ჩვენი ცხენი (ექსკ.)_ ჩემი და მისი (მათი).
ვითარება სვანურში ჩვენთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ჩეჩნურში (ასევე ინგუშურსა და ბაცბურში) ინკლუზიური და ექსკლუზიური ფორმები გარჩეულია (ეს მოვლენა განხილულია ქვემოთ).
ნაცვალსახელით თქვენ მოუბარი ჩვეულებისამებრ მიმართავს მეორე პირში მყოფ ორ ან ორზე მეტ ადამიანს. თავაზიან საუბარში, ან ოფიციალურ დონეზე, მეორე პირში მყოფ ერთ ადამიანსაც თქვენობით მივმართავთ ხოლმე. თუმცა ეს არ არის ქართული ენისათვის დამახასიათებელი ძირეული მოვლენა. იგი ინდო-ევროპულ ენებთან კონტაქტის შედეგად გაჩნდა ჩვენს ენაში. თვით ინდო-ევროპულ ენებში კი, როგორც გარკვეულია, იგი ლათინურის ზეგავლენით გაჩნდა.
,,ჩვენ  ზოგჯერ მე-ს ნაცვლად არის ნახმარი. მას ამ შემთხვევაში მორიდებულობის ელფერი დაჰკრავს (ზოგჯერ. პირუკუ, საზეიმოც). მაგ: ი. გოგებაშვილი თავისი ნაწარმოების პირველი ტომის წინასიტყვაობაში წერს: ,, ჩვენ განყოფილებებად არ დავყავით წერილები“…   ,,ჩვენ იძულებული ვხდებოდით ახალი წერილები გვეძღვნა ამ საგნებისათვის“     [ლ. კვაჭაძე 1969 :197].
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ იაკობ გოგებაშვილს სხვა ვინმეც ეხმარებოდა ამ კონკრეტული ნაწარმოების შექმნაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტორი სიტყვით ჩვენ გულისხმობს მხოლოდ საკუთარ თავს.
ქართულ ენას მესამე პირის ნაცვალსახელებად არ გააჩნია დამოუკიდებელი ფორმები. იგი მესამე პირის ნაცვალსახელებად იყენებს ჩვენებით (მითითებით) ნაცვალსახელებს. ამრიგად, ქართულში III პირის  ნაცვალსახელები ბიფუნქციონალურები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს სრულიად კანონზომიერი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ მოუბარ პირს, ანუ  I პირს არ შეუძლია უშუალოდ ესაუბროს III  პირს. იგი მხოლოდ მიუთითებს III  პირის შესახებ.
III  პირის ნაცვალსახელებია: ეს, ეგ, ის, იგი, ესენი, ეგენი, ისინი…
ამ  ნაცვალსახელებს, თავისი დეცესიური ფუნქციიდან გამომდინარე, შეუძლიათ სივრცეში სიშორე _ სიახლოვის გამოხატვა.
ეს  გულისხმობს მას, ვინც იმყოფება პირველ პირთან ახლოს, ეგ  არის ის პიროვნება, რომელიც იმყოფება მეორე პირთან ახლოს. ხოლო ნაცვალსახელი ის  გულისხმობს მას, ვინც არც პირველ და არც მეორე პირის სიახლოვეს არ იმყოფება. იგი მათ მიღმაა და შეიძლება საერთოდაც არ ჩანდეს საუბრის ადგილიდან.
ვარლამ თოფურიას შეხედულებით, მესამე პირის ნაცვალსახელები სივრცეში სიშორე-სიახლოვეს გამოხატავენ  თავკიდური ხმოვნების მეშვეობით. ე- პირველსა და მეორე პირში; _ მესამეში.  მისივე აზრით, _ს ორმაგი ფუნქცია მეორეული მოვლენა უნდა იყოს. პირველ პირში ე_ს ადგილას იქნებოდა    ხმოვანი.  ამის მიხედვით შეიძლება აღდგეს კიდეც პირველადი წარმოება:
აგი (I პირი), ეგი (II პირი), იგი (III პირი)  (ჟ. ფეიქრიშვილი 2010).
ამ შეხედულებას ადასტურებს დასავლეთ საქართველოში გავრცელებული დიალექტებიც, კერძოდ, იმერული, გურული…
მაგ: აგი კაცი, ეგი ვაშლი…
თუკი I და II პირის ნაცვალსახელები მხოლოდ ადამიანებს აღნიშნავენ (გარდა ისეთი ლიტერატურული ხერხებისა, როგორიცაა ,,გაპიროვნება“ ან ზღაპრებისა, სადაც ცხოველები ან უსულო საგნები მეტყველებენ),  III პირის ნაცვალსახელი თანაბრად გამოიყენება როგორც ადამიანთა, ისე სხვა სულიერ, უსულო თუ აბსტრაქტული სახელების მიმართ.
მაგ: ეს (კაცი) ჩემიანია (ადამიანის მიმართ)
ის (ხე) ლამაზია (არა ადამიანის მიმართ)
საინტერესო პირის ნაცვალსახელია თავი.  წარმომავლობით იგი ჩვეულებრივი არსებითი სახელია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილს. მაგ: თავი დაიბანა, თავი გაიქნია…
ნაცვალსახელურ გაგებაში სიტყვა თავი.  გამოდის III პირის ნაცვალსახელური ფუნქციით. მაგ: თავი გაწირა, თავი გამოიჩინა, თავი შეირცხვინა…
,,თავი, როგორც პირის ნაცვალსახელი ჩვეულებრივი ობიექტია (იშვიათად სუბიექტიც) და იმავე სუბიექტისა და ობიექტის აღსანიშნავად იხმარება. ამიტომ სხვა პირის ნაცვალსახელებისაგან განსხვავებით მას უკუქცევითს ეძახიან. მაგ.,  ,,მან თავი შეაკლა მას“ : აქ თავი იგივეა, რაც სუბიექტი ( = იგი შეაკვდა მას).  ,,მან მას თავი მოაკვლევინა“ : აქ თავი ობიექტსვე გულისხმობს.    [ლ. კვაჭაძე 1969: 198].
როგორც ითქვა, პირის ნაცვალსახელ თავ-ს, სხვებისაგან განსხვავებით, უწოდებენ უკუქცევით, ნაცვალსახელს.
ძველ ქართულში უკუქცევითი ნაცვალსახელის ფუნქციით თავთან ერთად გამოიყენებოდა სულიც.  ორივე ნაცვალსახელი პარალელურად არის გამოყენებული ოთხთავის ორსავე რედაქციაში:
მწყემსმან კეთილმან თავი თჳსი დადვის საცხოვრისთა თჳსთა ზედა _ მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართა თჳსთათვის  (იოანე 10, 11).
მსახურებად და მიცემად თავისა თჳსისა საჴსრად მრავალთა წილ _ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა (მათე 20, 28).   (მასალა მოხმობილია არ. მარტიროსოვის ნაშრომიდან 1964: 107-108).
   თუ დავუშვებთ, რომ უკუქცევითი ნაცვალსახელი სული, სომხურის ან ბერძნულის კალკირებით დამკვიდრდა ქართულ ენაში, მაშინ თავი აშკარად ქართული მოვლენაა. ამ ფაქტს ადასტურებს ქართველურ ენათა ჩვენებაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზანურსა და სვანურში უკუქცევითობა სუსტადაა წარმოდგენილი და იგი ქართული ენის გავლენით არის გაჩენილი.
ზანური ენის მეგრულ დიალექტში სიტყვა დუდი (თავი), მხოლოდ ზოგიერთ გამოთქმაში ასრულებს უკუქცევითობის ფუნქციას. მაგ: ,,ბოში, დუდი მუოთ მიიჸოთია?“ _ ,,ბიჭო თავი რად დაიკარგეო?“;   „მუშ დუს კოჩი ღოლანსჷ ნი, ინა ტერს ვა აღოლენია.“ _ „კაცი თავის თავს, რომ უზამს, მას მტერი ვერ უზამს.“
რაც შეეხება ზანური ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტს, აქაც დუდი გვაქვს სიტყვა თავის შესატყვისად, თუმცა იგი უკუქცევითი ნაცვალსახელის ფუნქციით არ გამოიყენება.  „ამ (უკუქცევითი ნაცვალსახელის) მნიშვნელობით შეიძლება შეგვხვდეს თი, რომელიც, როგორც წესი, კუთვნილებით ნაცვალსახელებთან ერთად არის წარმოდგენილი.  [ა. მარტიროსოვი 1964 :109].
სვანურ ენაშიც სიტყვა თხუ̂იმ (თავი), იშვიათად გამოიყენება უკუქცევითობის ფუნქციით. მაგ: ,, თხუ̂იმ უწვრად ნომ(ა) ამცვრინა!“ _ ,,თავი სისხლაუღებლად არ დამატოვებინო.“;   „თხუ̂იმ ლახსისგჷნ“ _ „თავი შესძულდა.“    [ა. მარტიროსოვი 1964: 109].
სხვა ნაცვალსახელებთან შედარებით თავი მტკიცედ ჩამოყალიბებულ სახეს ვერ გვაძლევს. ამიტომაც მას სჭირდება დამხმარედ კუთვნილებითი ნაცვალსახელები. თუ კუთვნილებით ნაცვალსახელთა ადგილი ძველ ქართულში პოსტპოზიციური იყო, ახალ ქართულში იგი პრეპოზიციურია. თავი სამივე პირის მიმართ იხმარება. ბრუნვათაგან ის გვხვდება სახელობითში, მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში. ნაცვალსახელ თავის შედარებით ჩამოუყალიბებელი სახე, ალბათ, აიხსნება მისი გვიანდელობით ქართულ ენაში.
ქართულ პირის ნაცვალსახელებზე დაკვირვება გვიჩვენებს,რომ  შენ, ჩვენ, თქვენ ნაცვალსახელებს ბოლოში _ მოუდით. პირველი პირის ნაცვალსახელ, მე_ს კი იგი არ მოეპოვება. არ გვხვდება არც ძველ ქართულ ტექსტებში.  მენ//მენა დასტურდება, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში. მაგალითად: მენა ქისტებმ დამიჭირეს (ფშავ.);  ვინ შამაქებდის მენა (გუდამაყ.).
_იანი ფორმით მე ხშირად თავს იჩენს, შენ ნაცვალსახელთან ერთად; მაგ: მენ და შენ თავ საჟეკელიავ (ინგ.).  მენა, დიალექტური ფორმის სახით, გვხვდება ქართულ ლიტერატურაშიც, პერსონაჟთა მეტყველების სახით.  მაგ: ,,მენა შენი ჭირიმე, გლახა ჭრიაშვილი გახლავარ“ (ილია, II, 329 ).   „მენამც თავს შამოვევლები“ (ვაჟა, I, 238).
  მენ//მენას ერთეული შემთხვევები გვხვდება ძველ ქართულ ტექსტებშიც: ,,წელთა ჴმალსა შემოვირტყამ“, თქვა: დავდგები აქა მენა… (შაჰნ. II, 3921)  (ა. მარტიროსოვი 1964: 85).
ამ სახის არიანი ფორმები არ გვხვდება სხვა ქართველურ ენებში, ერთეული შემთხვევების გარდა. კერძოდ, ი. ყიფშიძეს იგი დადასტურებული აქვს ლაზურის ჩხალურ თქმაში.
ქართული ენის დიალექტთა ჩვენების მიხედვით, არნოლდ ჩიქობავამ ყველგან გამოყო სადეტერმინაციო  _ნ(ა) ელემენტი:
მენ(ა)           ჩვენ(ა)
შენ(ა)           თქვენ(ა)
   ბოლოკიდური _ნა სუფიქსი თავს იჩენს ხოლმე თანდებულებსა და ზმნისართებში, რომლის შემცვლელადაც ხშირად _და სუფიქსი გვევლინება ხოლმე: სა_ნა….სა_და.
ამ ფაქტების გათვალისწინებით საეჭვო თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო, რომ მე მომდინარეობს მენ(ა)_სგან. თუმცა  არ. მარტიროსოვი ეჭვის თვალით უყურებს ამ ფაქტს და სვამს შემდეგი შინაარსის შეკითხვას: „თუ რატომაა, რომ ძველი ქართულის უძველეს ძეგლებში საერთოდ მენ(ა) არ მოგვეპოვება, თუ არ ჩავთვლით მისი ხმარების ერთადერთ შემთხვევას პარხლის ოთხთავში“?  [ა. მარტიროსოვი 1964: 87].   არ. მარტიროსოვი აღნიშნავს, რომ __ს დაკარგვა პირველი პირის ნაცვალსახელში გამოსარიცხი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ სალიტერატურო ქართულში შენ და თქვენ ნაცვალსახელთა __ც წოდებით ბრუნვაში ჩვეულებრივ იკვეცება ხოლმე.  მაგ: შე ოჯახაშენებულო!; თქვე კაი კაცებო!
ქართულ ლიტერატურაში, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელთა ენაში  შენ, ჩვენ, თქვენ ნაცვალსახელებთან ერთად გვხვდება შენა, ჩვენა, თქვენა ფორმებიც. არ. მარტიროსოვის დაკვირვებით, ეს ბოლოკიდური _ ახალი გაჩენილი უნდა იყოს ენაში მსგავსად ვინა, ესა, ეგა, ისა ნაცვალსახელებისა. მსგავსი ვითარება უცხოა ძველი ქართული ენისათვის. გავრცობილი შენა,  ჩვენა,  თქვენა, როგორც წესი,  გვხვდება ფრაზის ან წინადადების დასასრულს. კითხვისა და ლოგიკური მახვილი ფრაზაში უშუალოდ ამ ფორმებზე მოდის.  შენა, ჩვენა, თქვენა_ს შეიძლება ჰქონდეს განმეორებითობის ფუნქციაც. მაგ: შე მაიმუნო, შენა!
ნაცვალსახელები ჩვენ და თქვენ ძველ ქართულში უმარცვლო უ̂_ს შეიცავდნენ: ჩუ̂ენ, თქუ̂ენ, ჩუ̂ენი, თქუ̂ენი. ეს არქაული ფორმები დაცულია მოხეურში,გურულსა და რაჭულში. მაგ: ჩუ̂ენ ვინც მოგუ̂ყობოდა (რაჭ.)  (ა. მარტიროსოვი  1964: 92)
ინგილოურსა და ფერეიდნულში, ასევე ნაწილობრივ მესხურში უე//ვე კომპლექსი გადადის ო//ო̈ _ ში.
I და II პირის ნაცვალსახელები ძირეული სიტყვებია, რომლებიც ფორმას არ იცვლიან. მათ არ არ გააჩნიათ რიცხვისა და ბრუნვის კატეგორიები, რადგან არ ღებულობენ რიცხვისა და ბრუნვის ნიშნებს. პირის ნაცვალსახელები გვიჩვენებენ ბრუნების იმ საფეხურს, როცა ბრუნვები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ენაში და რიცხვის კატეგორია მხოლოდ ფუძეთა მიხედვით იყო გარჩეული.
მე და შენ ნაცვალსახელები თითო-თითო პიროვნებას გამოხატავენ, ჩვენ და თქვენ კი_ ერთზე მეტს, მრავალს. თუმცა ისინი არ არიან ერთმანეთის მხოლობით-მრავლობითი ფორმები. არც ჩვენ ნიშნავს ბევრ მე_ს და არც თქვენ_ ბევრ შენ_ს. ისინი სულ სხვადასხვა წარმომავლობის სიტყვებია, რომელთაც გრამატიკული რიცხვის კატეგორია არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში რიცხვის კატეგორია გამოხატულია არა სხვადასხვა ფორმით, არამედ სხვადასხვა ფუძის მეშვეობით. I და II პირის ნაცვალსახელები რიცხვით დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ სუპლეტურად გამოხატავენ.
ქართულში პირის ნაცვალსახელთა ბრუნება სუსტადაა გამოხატული. ხშირ შემთხვევაში სახელები არ იცვლიან ფორმას. ზოგი ბრუნვის ფორმა კი საერთოდ არ მოეპოვებათ. ეს მოვლენა, როგორც ზევით იყო აღნიშნული, აიხსნება იმით, რომ პირის ნაცვალსახელები წარმოგვიდგენენ ბრუნვის უძველეს სახეობას.
მე და ჩვენ ნაცვალსახელებს მხოლოდ ოთხი ბრუნვის ფორმა გააჩნიათ. მე სახელობითში, მოთხრობითსა და მიცემითში ერთი ფორმით არის წარმოდგენილი, ნათესაობითში კი საერთოდ ფუძეს იცვლის და ჩემ ფორმით გვხვდება. დანარჩენი ბრუნვები არ გააჩნიათ. მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვების დანაკლისის შესავსებად აქვთ იმავე სუფიქსით ნაწარმოები კუთვნილებითი ნაცვალსახელები: ჩემით, ჩემად, ჩემდა … ჩვენით, ჩვენად, ჩვენდა…
   შენ და თქვენ ნაცვალსახელებს ეწარმოებათ ბრუნვის 5 ფორმა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი და წოდებითი. მათაც არ ეწარმოებათ მოქმედებითი და ვითარებითი ფორმები და ამ დანაკლისის შესავსებად ისინიც ანალოგიურ ხერხს მიმართავენ (შენით, შენად, თქვენით…).
პირის ნაცვალსახელთა ბრუნების სქემა:
სახ.      მე        შენ          ჩვენ          თქვენ
ერგ.    მე        შენ          ჩვენ          თქვენ
მიც.     მე         შენ          ჩვენ          თქვენ
ნათ.     ჩემ       შენ          ჩვენ          თქვენ
მოქ.      —–       —–       —–           —–
ვით.     —–       —–       —–           —–
წოდ.     —–       შენ,შე    —–          თქვენ, თქვე
 
ნათესაობით ბრუნვაში პირის ნაცვალსახელებს ყოველთვის დაერთვის თანდებული: ჩემკენ, შენთვის, ჩვენთვის…  
სახელობითში, მიცემითსა და ერგატივში მსგავსი ფორმების გასარჩევად საჭიროა ჩავსვათ არსებითი სახელი: მე (ბიჭი) ვკითხულობ (სახელობითი); მე (ბიჭმა) წავიკითხე (ერგატივი);მე (ბიჭს) წამიკითხავს (მიცემითი).
 

   თავი II.  პირის  ნაცვალსახელები  ჩეჩნურ  ენაში

 
   ჩეჩნური ენის პირის ნაცვალსახელებს, ქართულთან შედარებით, მეტად ფართო გამოყენებითი არეალი გააჩნიათ.  ჩეჩნურ ზმნას, ქართული ზმნისაგან განსხვავებით არა აქვს ისეთი ზმნური კატეგორიები, როგორიცაა პირი და რიცხვი. ამ დანაკლისის კონპენსაციას ენა ახდენს სწორედ როგორც ითქვა პირის ნაცვალსახელთა მეშვეობით. პირისა და რიცხვის გასარჩევად  ჩეჩნურ ზმნას ყოველთვის თან უნდა ახლდეს შესაბამისი პირის ნაცვალსახელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი გაუგებარი იქნება თანამოსაუბართათვის, რადგანაც ზმნაში, დამოუკიდებლად არ ჩანს ზმნის პირი და რიცხვი.   მაგ:
со в-еха _ მე (კაცი) ვცხოვრობ
хьо в-еха _ შენ (კაცი) ცხოვრობ…
როგორც მაგალითიდან ჩანს, ზმნა в-еха (д-аха_ს ,,ცხოვრება“ აწმყო დროის ფორმა) საჭიროებს პირის ნაცვალსახელს, რათა გამოხატოს, თუ ვის მიერ ხორციელდება აღნიშნული მოქმედება.
პირის ნაცვალსახელთა სქემა ჩეჩნურში ასეთია :
მხ.რ                           მრ.რ.
I.      со  მე                       вай (ინკ.), тхо (ექსკ.)  ჩვენ
II.     хьо  შენ                   шу  თქვენ
III.    и, иза  ის                уьш  ისინი
 
I პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი  со (მე),  საერთოა სამივე ნახური ენისათვის, ისევე როგორც მრავლობითი რიცხვის ფორმები вай, тхо (ჩვენ).  ქართულისაგან განსხვავებით, ჩეჩნური განარჩევს ინკლუზიურ და ექსკლუზიურ შინაარსს ნაცვალსახელში.
როდესაც მოსაუბრე სიტყვა ჩვენ_ის გამოსახატად იყენებს вай_ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ,,ჩვენ“_ში, იგი გულისხმობს უშვალოდ თანამოსაუბრეს ან თანამოსაუბრეებს. ე. ი.  II პირს.  ხოლო, რაც შეეხება ნაცვალსახელ тхо_ს, იგიც ნაცვალსახელ ჩვენ_ს წარმოადგენს, მხოლოდ ექსკლუზიური გაგებით.
II პირის ნაცვალსახელებიც  хьо (შენ) და шу (თქვენ) წარმოადგენენ საერთო ნახურ ნაცვალსახელებს. ქართულისაგან განსხვავებით ჩეჩნური шу_ს არ გამოიყენებს ერთი ადამიანის მიმართ. არც თავაზიან საუბარში და არც ოფიციალურ დონეზე. ერთი პიროვნების (ვინც არ უნდა იყოს) მიმართვის ფორმა ყოველთვის იქნება хьо (შენ). ამ თვისებაში ჩანს კავკასიურ ენათა ძველი ტრადიცია.
III პირის ნაცვალსახელებს გააჩნიათ  ჩვენებით ნაცვალსახელთა ფუნქციაც. მაგ: и хен  ,,ის ხე“;   и к1ант  ,,ის ბიჭი“…
ჩეჩნური ენის III პირის ნაცვალსახელები, ქართულისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ ერთმანეთის მხოლობით-მრავლობითის ფორმებს. Иза და уьш სხვადასხვა წარმომავლობის სიტყვებს წარმოადგენენ.  Иза_ს შემოკლებულ ვარიანტი არის ИИза მეტყველებასა და ლიტერატურაში გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი ფორმა. И კი გამოიყენება,  საზღვრულთან ერთად. მაგ;  არასწორია: иза стаг  „ის კაცი“; иза ц1а  „ის სახლი“…  არამედ: и стаг;  и ц1а
III პირის ინგუშური და ბაცბური ნაცვალსახელები მცირედ განსხვავდებიან ჩეჩნურისაგან. ინგუშურში გვხვდება ыз (ის) და ыж, ან ыжаш (ისინი). თუმცა ისინი, საერთუ წარმომავლობის სიტყვები უნდა იყვნენ.  ბაცბურში გვაქვს (ის) და ობი, ან ოჴრი (ისინი). და ობი ერთმანეთის მხოლობით-მრავლობითის ფორმებს წარმოადგენენ (სუფიქსი ბი, ბაცბურში ერთ-ერთ მრავლობითის საწარმოებელ ფორმად გვხვდება. მაგ: თურ ,,ხმალი“, თარ-ბი ,,ხმლები“ ).
ჩეჩნური პირის ნაცვალსახელები , ქართულის ჩვენებითი ნაცვალსახელების ანალოგიურად, სუპლეტურად იბრუნვიან: ერთი ფუძე ჩვეულებრივ არის სახელობითის ფორმა, ხოლო მეორე ფუძე გამოიყენება დანარჩენი ბრუნვების საწარმოებლად.
 
პირის ნაცვალსახელთა ბრუნების სქემა ჩეჩნურში:
მხ. რიცხვი
სახ.      Со  მე                             хьо     შენ                 и, иза        ის
ნათ.     Сан                                 хьан                         (о)цунан
მიც.     Суна                                хьуна                      (о)цунна
ერგ.     Аса                                  ахьа                         (о)цо
თან.     Соьца                              хьоьца                    (о)цуьнца
განმ.    Сох                                   хьох                       (о)цунах
შედ.     Сол                                  хьол                        (о)цул
მიმ. I.   соьга                               хьоьга                      (о)цуьнга
 
მრ. რიცხვი
სახ.          Вай  ჩვენ(ინკ.)         тхо  ჩვენ(ექს.)                   шу  თქვენ             уьш  ისინი
ნათ.         Вайн                          тхан                                   шун                         (о)церан
მიც.          Вайна                        тхуна                                 шуна                       (о)царна
ერგ.          Вай                            оха                                     аша                          (о)цара
თან.          Вайца                        тхоьца                              шуьнца                    (о)цаьрца
განმ.         Вайх                          тхох                                  шух                          (о)царах
შედ.          Вайл          тхол                шул                          (о)царал
მიმ. I.        Вайга         тхоьга            шуьга                        (о)цаьрга
ზემოთ ითქვა, რომ პირის ნაცვალსახელთა ბრუნებაში ჩეჩნურშიც არსებობს ზოგი გამონაკლისი, რომელიც ქართულ პირის ნაცვალსახელთა ბრუნებასთან მსგავსებას ამჟღავნებს. ასეთია, მაგ., Вай  ,,ჩვენ“, რომელიც სახელობითსა და ერგატივში ერთი ფორმით არის წარმოდგენილი. ფორმათა გარჩევა კონტექსტით არის შესაძლებელი_ ერგატივის ფორმა მხოლოდ გარდამავალ ზმნასთან არის შესაძლებელი.
როგორც ვხედავთ, ჩეჩნურ პირის ნაცვალსახელებს, ქართულისგან განსხვავებით, გააჩნიათ უკლებლივ ყველა ბრუნვის ფორმა.  ბრუნვის დროს ფონეტიკურ ცვლილებას განიცდიან ფუძეებიც.  III პირის ნაცვალსახელებს (ე. ი. ჩვენებით ნაცვალსახელებს) საერთოდ ეცვლებათ ფუძე, რომელიც ძირეულად სხვა წარმომავლობის სიტყვაა.
თავისებურება ახასიათებთ  I და II  პირის ნაცვალსახელებსაც. მათ ერგატივში, თავკიდურად უჩნდებათ  а (а_са, а_хьа, а_ша) და  о(о_ха) ხმოვნები.  о_ха < о_тха.
   „ ერგატივის თავკიდური  а_ , о_ ხმოვნების მომდევნო სეგმენტები _са, _хьа, _ ха (< = _тха), _ша, შესაძლებელია, I და II  პირის ნაცვალსახელთა უძველესი ფორმებიც იყოს“   [რ. ფარეულიძე 2011: 101].
III  პირის ნაცვალსახელთა ბრუნებისას, თავკიდურად ჩნდება о_ ნაწილაკი. გამოდის, რომ გვაქვს ორი პარალელური ფორმა. როგორც  მაგალითებიდან ჩანს о_ნიან  ფორმას ყურადღების მეტად გამახვილების ფუნქცია გააჩნია. გამოდის, მეორე საბრუნებელი ფუძეც ორი სახისა გვაქვს: цу და оцу (მხ_ში), цара და оцара (მრ_რ).
ბრუნებისას III პირის ნაცვალსახელი არ იცვლება, როცა გამოდის მსაზღვრელის ფუნქციით:
სახ.     и говр (ის ცხენი)
ნათ.    (о)цу говран         შდრ:  цу говран
მიც.     (о)цу говрана                  цу говрана
ერგ.     (о)цу говро                     цу говро…
ეს ვითარება ქართულის ანალოგიურია:
სახ.       ის ცხენი
ერგ.      იმ ცხენმა
მიც.       იმ ცხენს
ნათ.       იმ ცხენის…
 

   თავი III.  ჩვენებითი  ნაცვალსახელები  ქართულ  ენაში

 
ჩვენებითობას (დეიქტურობას) ქართული ენა აწარმოებს შესაბამისი ნაცვალსახელებითა და ზმნისართებით. როგორც თანამედროვე, ისე ძველ ქართულში გვაქვს ჩვენებითობის სამწევრიანი სისტემა:
ახლ. ქართული: ესეგის//იგი
ძვ. ქართული:  ესეეგეიგი.
ქართული ენა ჩვენებით ნაცვალსახელთა სირთულით გამოირჩევა. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გამოიყოფა შემდეგი ჩვენებითი ნაცვალსახელები: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი (აგეთი), ეგეთი (მაგეთი), ისეთი (იგეთი); ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი; ამისთანა. მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი…
   ამ ნაცვალსახელთაგან ძირეულია ეს, ეგ, ის (იგი) ფორმები, ხოლო დანარჩენები წარმოქმნილნი არიან სწორედ ამ ძირეული ფორმებისგან.
   როგორც ვხედავთ, ქართული ენა ჩვენებით ნაცვალსახელთა სიმრავლით გამოირჩევა. ჩამოთვლილ ნაცვალსახელებს შეგვიძლია დავუმატოთ დიალექტურ ფორმათა ნაირსახეობანიც. ქართულ ენათმეცნიერებაში ჩვენებით ნაცვალსახელთა აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი მითითებითი ნაცვალსახელიც. ჩვენებითი ნაცვალსახელები გამოიყენება საგანზე, საგნის ნიშან-თვისებასა და რიცხვით მნიშვნელობაზე მისათითებლად. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე არსებობს ეს პარალელური ტერმინი.   ჩვენებითი = მითითებითი…
ეს, ეგ, ის(იგი) ნაცვალსახელები, ჩვენებით ნაცვალსახელთა გარდა, შეიძლება პირის ნიშნებადაც მოგვევლინონ. თუმცა წარმომავლობით ისინი ჩვენებითი (დეიქტური) ნაცვალსახელები არიან. თუ აღნიშნული ნაცვალსახელი მოუდის ზმნას, მაშინ ის პირის ნაცვალსახელია; ხოლო თუ მოუდის არსებით სახელს, მაშინ ის ჩვენებითი (მისათითებელი) ნაცვალსახელია. მაგ: ის მოდის (პირის ნაცვ.) — ის კაცი მოდის (ჩვენებითი ნაცვ.)…
ამ სამწევროვან სისტემას შეუძლია გვიჩვენოს საგნის დისტანცია (სიახლოვე-სიშორე) მოუბართან მიმართებაში. ეს  აღნიშნავს ობიექტს, რომელიც I პირის სიახლოვეს იმყოფება; ეგ  აღნიშნავს ობიექტს, რომელიც იმყოფება II პირის სიახლოვეს; ხოლო ნაცვალსახელით ის (იგი) აღინიშნება ობიექტი, რომელიც შორს იმყოფება I და II პირებისაგან. იგი შეიძლება იმყოფებოდეს ან III პირთან, ან საერთოდ არ ჩანდეს საუბრის ადგილიდან.
ქართული ენისაგან განსხვავებულ ჩვენებას იძლევიან სხვა ქართველური ენები. ზანურსა და სვანურში გვაქვს მითითების მხოლოდ ორწევროვანი სისტემა, რომელთაგან პირველი აღნიშნავს მოსაუბრესთან ახლოს მყოფ ობიექტს, ხოლო მეორე __ მოსაუბრისაგან შორს მყოფ ობიექტს.
ზანური:  ათენა _ ეს; ეთინა _ ის (სხვადასხვა ფონეტიკური ვარიანტებით).  (მეგრ.);  ჰაჲა//აჲა//ჰამ _ ეს; ჰეა//ია//ჰიმ _ ის (ლაზ.).
სვანური: ალა//ალე//ალი//̈ლი _ ეს;  ეჯა//ეჯი _ ის.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართულ ენათმეცნიერებაში ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, თუ რომელი სისტემა იყო ამოსავალი ქართველურ ენებში: ორწევროვანი თუ სამწევროვანი?
ამ საკითხზე მეცნიერებაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ბ. ფოჩხუა, არნ. ჩიქობავა, ი. იმნაიშვილი ამოსავლად მიიჩნევენ ორწევრიან სისტემას. ქართული ენის სამწევროვან სისტემას კი ისინი ორწევროვანი სისტემისაგან მომდინარედ თვლიან.
ვ. თოფურია, არ. მარტიროსოვი და ზოგიერთი სხვა ენათმეცნიერი კი ფიქრობს, რომ ამოსავლად სამწევროვანი სისტემა უნდა გვქონოდა. თუ ეს ვარაუდი სწორია, გამოდის, რომ ქართულ ენას დაუცავს უძველესი ვითარება, ხოლო სხვებს სამწევროვანი სისტემა დაუკარგავთ.
როგორც ვიცით, თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ოთხი ჩვენებითი ნაცვალსახელი იხმარება (ეს, ეგ, ის, იგი), ძველ ქართულში კი გვქონდა სამი (ესე, ეგე, იგი)ის(ი) უცნობი არის ძველი ქართულის ტექსტებისათვის,  X საუკუნემდე მაინც.
ნ. ჩართოლანის თვალსაზრისით, თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ორი, ორწევროვანი სისტემა: I. ესეისი;  II. ეგეიგი. ისინი სხვადასხვა დიალექტიდან მომდინარეობდნენ.
ესე, ეგე ახლოს მყოფ საგანს აღნიშნავდა, ისი, იგი კი _ შორს მყოფ საგანს. შემდეგ მომხდარა შერწყმა, რის შედეგადაც ჩამოყალიბებულა სამწევროვანი სისტემა. თუ ესე და ეგე თავდაპირველად სინონიმური მნიშვნელობით იხმარებოდა, მომხდარა მათი სემანტიკური დიფერენციაცია. სწორედ ეს საფეხური გვაქვს წარმოდგენილი ძველ სალიტერატურო ქართულ ენაში, სადაც ზოგჯერ დაცულია ამ ნაცვალსახელთა გაუდიფერენცირებულობის შემთხვევები“  [ნ. ჩართოლანი 1985:92]. 
   ნაწარმოები ჩვენებითი ნაცვალსახელებიც სამ_სამი ერთეულითაა წარმოდგენილი: ასეთი-მაგეთი-ისეთი;  ამისთანა-მაგისთანა-იმისთანა;  ამნაირი-მაგნაირი-იმნაირი; ამდენი-მაგდენი-იმდენი; ამგვარი-მაგგვარი-იმგვარი…
   „ქართულში, თუ მტკიცე პრინციპს დავადგებით, ჩვენებით ნაცვალსახელთა ერთ სისტემაში მოქცევა, მართლაც გაჭირდებოდა, რადგან თანხმოვანთა მიხედვით დაჯგუფებისას ესე, ეგე, იგი სამეულში ესე ზედმეტი აღმოჩნდებოდა, სამწევრიანი სისტემა ნაკლულად წარმოგვიდგებოდა“  [არ. მარტიროსოვი 1964 :167].
ძველი ქართული ენისათვის უცხოა ნაცვალსახელი ისი. ივ. იმნაიშვილის აზრით, ეს უკანასკნელი, თვით უძველეს ქართულშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოდევნა მისმა ბადალმა იგი-მ, რომელიც სემანტიკურად არ განსხვავდებოდა მისგან.
თუ შევადარებთ ძველი და ახალი ქართულის ჩვენებით ნაცვალსახელთა ბგერით აგებულებას, შევამჩნევთ, რომ ახალი ქართულის ფორმებმა განიცადეს ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცა. ძველი ქართულის ჩვენებითი ნაცვალსახელი შედგებოდა შემდეგი პრინციპით: ხმოვანი + თანხმოვანი + ხმოვანი (v+c+v); ახალ ქართულში კი გვაქვს ხმოვანი + თანხმოვანი (v+c). ეს ცვლილება შეეხო ყველა ნაცვალსახელს, გარდა იგი ნაცვალსახელისა.  ეს
 
   „ბოლო ხმოვნის მოკვეცა ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემაში დაწყებულია XII-XIV სს. ძეგლებში, მაგრამ სრულხმოვნიანი ფორმები მაინც ჯერ კიდევ ბევრად სჭარბობს ბოლოხმოვანმოკვეცილს. ასე, მაგ.,  ,,ვეფხისტყაოსანში“  ამ ნაცვალსახელთა ხმარებაში ასეთი შეფარდება გვაქვს: ესე _ 13-ჯერ,  ეს _ 10-ჯერ,  ეგე _ 29-ჯერ,  ეგ _ 1-ჯერ,  ისი _ 24-ჯერ,  ის _ 2-ჯერ,  იგი _ 239-ჯერ,  იგ _ 3-ჯერ“  [ნ. ჩართოლანი 1985:93].
ბოლოხმოვნიანი ვარიანტები:
ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩენგან მონაღუაწები (რუსთ. 1293,1).
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა (რუსთ. 1477,2).
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია (რუსთ. 136,3).
ბოლოხმოვანმოკვეცილი ვარიანტები:
_ წა ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული (რუსთ. 984, 2).
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა (რუსთ. 886,2).
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა (რუსთ. 1488, 4).   (მაგალითები აქაც და ქვემოთაც დამოწმებულია ნ. ჩართოლანის შრომის მიხედვით).
მსაზღვრელად გამოყენებისას ირიბ ბრუნვათა ფორმებიც განიცდიან ცვლილებას: ამა, მაგა, იმა ფუძეები ბრუნვის ნიშნის გარეშე გვხვდება.  „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება ამ ფუძეთა კიდევ უფრო გამარტივებული ბოლოხმოვანმოკვეცილი ვარიანტებიც: ამ, მაგ.
ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს (რუსთ. 177,1).
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა! (რუსთ. 637,4).
XIX ს_ის 60-იანი წლებიდან ჩვენებით  ნაცვალსახელთა სისტემა ქართულ ლიტერატურაში, ძირითადად უკვე ფონეტიკურად გამარტივებული (ხმოვანმოკვეცილი) სახითაა წარმოდგენილი:
აი, ეს ჩემი ოჯახი, ჩემი ციხე და სახლია (ვაჟა, II, 105,1).
დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისთვის (ილია, 337, 28).
სადღა არის ის სასახლე, აქ რომ ხალხმა ააშენა! (გალაკტ. I, 6).
ძველ ქართულში, ჩვენებით ნაცვალსახელთა ხმარებისას გამოიყენებოდა პოსტპოზიციური წყობა (სახლი ესე), ახალ ქართულში მოხდა ცვლილება და გაბატონდა პრეპოზიციური წყობა (ეს სახლი).
„ვეფხიტყაოსანი“  შეიძლება ითქვას, ძირითადად პრეპოზიციური წყობითაა დაწერილი:
ფრიდონ მონა გამოგზავნა:  „წა ნახეო ისი სპანი (რუსთ. 1324,1).
მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი (რუსთ. 934,1).
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები (რუსთ. 1408,2).
მართალია ქართულ პოეზიაში ლექსთწყობა ხშირად ითხოვს პოსტპოზიციურ წყობას, თუნდაც თანამედროვე პოეზიაში, მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“ საკმაოდ იშვიათად გვხვდება იგი:
მოვახსენე:  „დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი (რუსთ. 961,3).
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი (რუსთ. 890,3).
XIX მეორე ნახევრიდან, ლიტერატურულ საქმიანობაში უფრო ფართოდ ებმებიან სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, რომელთაც შემოაქვთ თავიანთი დიალექტისათვის დამახასიათებელი ფორმები.  მათგან გავრცელებულია კუთხური წარმოშობის ბოლოხმოვნიანი ვარიანტები ესა, ეგა, ისა. ეს ფორმები გვხვდება, როგორც, აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში.
ეს ვერანა ესა! ტირილით ჯავრობდა გიგლა გიშერაზე (შ. არაგვ. 27,33).
ეგა სთქვი, ეგა და! (ილია, 328,9).
ან მე უნდა დამივიწყო, ან ისა (გ. წერეთ. 234,24).
ამ პერიოდიდან ლიტერატურაში გვხვდება, ოდენხმოვნიანი ფორმბი:
ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო (ვაჟა, I, 42, 6).
წყეული ძაან ღონიერია თურმე (ნ.ლომ. 32,34).
დასავლეთ საქართველოს ზოგ დიალექტებში (იმერული, გურული…) გვხვდება განსხვავებული სამწევროვანი სისტემა ჩვენებითი ნაცვალსახელებისა:  აგი//ეგიმაგიიგი. ეს ფორმები უცხოა სალიტერატურო ენისათვის, გარდა იგი-სა. ხანდახან იგი-ში იკარგება ნაწილაკი და ვიღებთ იი-ს  (იი
აგი მე თვითონაც ასჯელ მიფიქრია“ (ე. ნინოშ. 38,34).
ნეტაი საითკენ უნდა იყოს მაგი ქვეყანა (გ. წერეთ. 64,7).
იი ეკუცია კიდევ შამოუყენებიათ სოფელში (ე. ნინოშ.168,2).
მართალია XIX საუკუნის მეორე ნახვრიდან ლიტერატურაში დიდი ოდენობით შემოვიდა დიალექტური ფორმები, მაგრამ ისინი ლიტერატურულ ნორმებად ვერ იქცნენ. ეს ფორმები, დიდწილად მაინც, დამახასიათებელი იყო პერსონაჟთა მეტყველებისათვის. გამონაკლის წარმოადგენს ბოლოხმოვნიანი ვარიანტები (ესა, ეგა, ისა). მათ მოახერხეს და გზა გაიკაფეს სამწერლობო ენაში.
ქართული ენის ჩვენებითი ნაცვალსახელები მრავლობითს აწარმოებენ არიანი ფორმებით. ესენი, ეგენი, ისინი, იგინი. როგორც ვხედავთ, მათ ბოლოში აღუდგებათ ბოლოკიდური ხმოვნები, რომელიც ძველი ქართულისათვის იყო დამახასიათებელი. ბოლოკიდური ხმოვნის გაჩენას, ასევე, იწვევს ვე ან ნაწილაკის დართვა: ესე-ც, ესე-ვე, ეგე-ც, ეგე-ვე, ისი-ც…
   ლიტერატურაში სალიტერატურო ისინი, იგინი-ს გვერდით გვხვდება დიალექტური ისენი, იგენი-ც.
– არ-თა- ნიანი მრავლობითთან ერთად, გვხვდება ასევე, ძველი ქართულისათვის უცნობი _ებ-იანი წარმოება:
ესეები ყველა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო (აკაკი, 49,19).  და მისთ.
ქართულ ჩვენებით ნაცვალსახელთა ბრუნებაში თავის იჩენს ორფუძიანიბრუნება. ამ ორი ფუძიდან, ერთი სახელობითი ბრუნვის ფორმაა, ხოლო მეორე ფორმის მეშვეობით ხდება დანარჩენ ბრუნვათა წარმოება. შენაცვლებული ფუძეებია: ამა_, მაგა_, იმა_, მა_.
ჩვენებით ნაცვალსახელებს მრავლობით რიცხვში, ლიტერატურული ნორმების გათვალისწინებით, აქვთ მხოლოდ არ-თანიანი ფორმები.  მათი ბრუნება შედარებით მარტივია, მართალია, ბრუნებისას აქაც იცვლება ფუძე, თუმცა გააჩნიათ მხოლოდ ოთხი ფორმა. მათგან ერგატივი, მიცემითი და ნათესაობითი ერთი და იგივეა.
 
 
ჩვენებით ნაცვალსახელთა ბრუნების სქემა:
 
მხ.რ.
სახ.      ეს             ეგ                    ის                     იგი
ერგ.     ამა-ნ        მაგა-ნ             იმა-ნ                მა-ნ
მიც.     ამა-ს        მაგა-ს             იმა-ს                მა-ს
ნათ.     ამ-ის       მაგ-ის             იმ-ის               მ-ის
მოქ.     ამ-ით      მაგ-ით            იმ-ით             მ-ით
ვით.     ამ-ად     მაგა-დ             იმა-დ             მ-ად
წოდ.    ——       ——-              ——-             ——
 
 
 
მრ.რ.
სახ.         ესე-ნ-ი            ეგე-ნ-ი             ისი-ნი                იგი-ნ-ი
ერგ.        ამა-თ               მაგა-თ              იმა-თ                  მა-თ
მიც.        ამა-თ               მაგა-თ               იმა-თ                 მა-თ
ნათ.        ამა-თ               მაგა-თ               იმა-თ                 მა-თ
მოქ.        ——-               ——–               ——-                 ——
ვით.       ——-               ——–               ——-                 ——
წოდ.      ——-                ——–              ——–               ——
რაც შეეხება ჩვენებით ნაცვალსახელთა ბრუნებას საზღვრულთან ერთად, აქაც იქნება ორფუძიანი ბრუნების პრინციპი. თუმცაღა მსაზღვრელი მოთხრობითის შემდეგ აღარ იცვლის ფორმას.  მაგ:
სახ.         ეს სახლი                    ეგ სახლი                     ის სახლი
ერგ.        ამ სახლმა                   მაგ სახლმა                  იმ სახლმა
მიც.        ამ სახლს                     მაგ სახლს                    იმ სახლს
ნათ.        ამ სახლის                  მაგ სახლის                  იმ სახლის
მოქ.        ამ სახლით                 მაგ სახლით                 იმ სახლით
ვით.        ამ სახლად                მაგ სახლად                  იმ სახლად
წოდ.       ————                  ————-                    ————
ჩვენებითი ნაცვალსახელი იგი მსაზღვრელად, როგორც წესი, ახალ სალიტერატურო ქართულში აღარ  იხმარება. მის ნაცვლად ვხმარობთ ნაცვალსახელს ის.  მაგ: ის ცხენი, ის კაცი, ის მთა… ძველი ქართულისათვის კი დამახასიათებელი იყო იგი-ს გამოყენება მსაზღვრელად, თანაც პოსტპოზიციურ ფარმაში. მაგ: ცხენი იგი, კაცი იგი, მთა იგი.
თავი IV.  ჩვენებითი ნაცვალსახელები  ჩეჩნურ  ენაში
 
როგორც ჩეჩნური ენის პირის ნაცვალსახელთა განხილვისას აღინიშნა, ჩეჩნური ენის III პირის ნაცვალსახელებს (и, иза; уьш)  გააჩნიათ ჩვენებით (მითითებით) ნაცვალსახელთა ფუნქციაც. ეს თვისება საერთოა როგორც ჩეჩნური, ისე ქართული ენისათვის. თუ აღნიშნული ნაცვალსახელი ახლავს ზმნას, მაშინ ის პირის ნაცვალსახელია, ხოლო თუ ახლავს სახელს, მაშინ ჩვენებით ნაცვალსახელს წარმოადგენს.
მაგ:  и ваха _ ის წავიდა (პირის ნაც.)
и стаг ваха _ ის კაცი წავიდა (ჩვენ. ნაცვ.)
ჩეჩნურში სხვა ჩვენებითი ნაცვალსახელებია:  х1ара _ ეს და х1орш _ ესენი. ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის მხოლობით-მრავლობით ფორმებს. ნახურ ენათაგან ბაცბურ (წოვა-თუშური) ენა  გამოირჩევა ჩვენებით ნაცვალსახელთა სიმრავლით (, , ის, უჴ, ეჰ, ოჰ, ოჰაჸ, ოჲეჸ).
ჩეჩნურში ნაცვალსახელთა ბრუნება სუპლეტურად წარმოებს. ეს არის ჩვენებით ნაცვალსახელთა მსგავსების ერთ-ერთი ნიშანი ქართულსა და ჩეჩნურში. გამოიყოფა ორი ფუძე: სახელობითი: х1ара; х1орш, ხოლო დანარჩენ ბრუნვებში _ кху (მხ.რ.) და _ кхара (მრ.რ) სათანადო ბრუნვის ნიშნებით.
ჩვენებით ნაცვალსახელთა ბრუნების სქემა:
მხ.რ                                                 მრ.რ
სახ.       х1ара                                                 х1орш
ნათ.      (х1о) кхуьнан                                  (х1о) кхеран
მიც.       (х1о) кхунна                                    (х1о) кхарна
ერგ.       (х1о) кхо                                           (х1о) кхара
თან.        (х1о) кхуьнца                                  (х1о) кхаьрца
განმ.       (х1о) кхунах                                       (х1о) кхарах
შედ.        (х1о) кхунал                                       (х1о) кхарал
მიმ. I.    (х1о) кхуьнга                                 (х1о) кхаьрга
 
როგორც ვხედავთ кху და кхара ფუძეების წინ ყველა ბრუნვაში თავკიდურად ჩნდება х1о _ ელემენტი. მსგავსი მოვლენა ხდება III პირის ნაცვალსახელთა ბრუნებისას ( იხ. წინა თავებში), როდესაც საბრუნებელი ფუძეების წინ о _ ხმოვანი უჩნდებათ, მაგ: цо//о-цу, церан//о-церан.  х1о_სა და о_ ელემენტებს ყურადღების უფრო მეტად გამახვილების ფუნქცია გააჩნიათ.
საზღვრულთან ერთად ბრუნების შემთხვევაში, აქაც ორი ფორმა გააჩნიათ: 1) х1ара                                               ; 2) (х1о)кху. რიცხვის ცვლის დროს х1ара და (х1о)кху, უცვლელნი რჩებიან. მაგ. х1ара говр  ეს ცხენი; х1ара говраш  ეს ცხენები…
სახ.    х1ара говр (говраш)
ნათ.   (х1о)кху говран (говрийн)
მიც.    (х1о)кху говрана (говрашна)
ერგ.    (х1о)кху говро (говраша)…
ამგვარი წარმოება ქართულის მსგავსია. შდრ:
სახ.    ეს ცხენი (ცხენები)
ერგ.   ამ ცხენმა (ცხენებმა)
მიც.    ამ ცხენს (ცხენებს)
ნათ.    ამ ცხენის (ცხენების)…
 
ჩეჩნურში ჩვენებით ნაცვალსახელთა ფუნქციით გამოყოფენ ადგილის ზმნისართებსაც:
Д1ара//д1ора  ის, იქაური
Кхузара  ეს, აქაური
Цигара  ის, იქაური
Хьуьллара  ზემო, ზემოური
Охьара  ქვემო, ქვემოური…
ეს ფორმები ადგილის ზმნისართთა _ра ფორმანტიანი ვარიანტებია გამოსვლითობის ფუნქციით. _ра ფორმანტის მოცილებით მივიღებთ: д1а//д1о, кхуза, цига
„кхуза, цига ფორმებში თვალში საცემია წინა მარცველბის მსგავსება х1ара ,,ეს“, иза ,,ის“ ნაცვალსახელთა II საბრუნებელ ფუძეებთან _кху და цу ფორმებთან. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილ ადგილის ზმნისართთაგან кхуза_ს და цига_ს პროკლიტიკად ერთვის х1о_ და  о_ სეგმენტები (х1окхуза, оцига), სწორედ ის სეგმენტები, რომლებიც ასევე პროკლიტიკად ერთვიან ჩვენებით ნაცვალსახელთა II საბრუნებელ ფუძეებს. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი: ეს ფაქტი აღნიშნულ ფორმათა ერთიანობაზე მიუთითებს.  [რ. ფარეულიძე 2011:104].
   кхузара, цигара და სხვა ფორმები საზღვრულთან ერთად შემდეგნაირად იბრუნვიან:
სახ.   кхузара бер (აქაური ბავშვი)                  цигара к1ант (იქაური ბიჭი)
ნათ.  кхузарчу беран                                          цигарчу к1ентан
მიც.   кхузарчу берана                                        цигарчу к1антана
ერგ.   кхузарчу беро                                            цигарчу к1анта…
ამ ნაცვალსახელებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ფორმებიც: кхузарниг, цигарниг, д1ораниг…
ყველა მათგანს ეწარმოება მრავლობითი რიცხვის ფორმა: кхузарнаш, цигарнаш, д1оранаш, хьуьлларнаш, охьарнаш...

 დ ა ს კ ვ ნ ა

 
 
ქართულ და ჩეჩნურ პირის ნაცვალსახელთა შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ:

  1. ქართულში I და II პირის ნაცვალსახელები სახელობითში, ერგატივსა და მიცემითში ფორმებს არ იცვლიან, არა აქვთ მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის ფორმები: ჩემით ან ჩემად, შენით ან შენად, ჩვენით ან ჩვენად, თქვენით ან თქვენად კუთვნილებითი ნაცვალსახელების ფორმებია (არნ. ჩიქობავა).
  2. I და II პირის ნაცვალსახელთა ფუძეები ნათესაობითში, როგორიცაა ჩემ_ , შენ_ , ჩვენ_ , თქვენ_ თავს იჩენენ თანდებულთა დართვისას (შდრ. ჩემ_თვის, შენ_გან…). მიუხედავად ამისა, ჩემ_ არ არის I პირის ,,მე“ ფორმისგან ნაწარმოები (კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუძეა გამოყენებული).
  3. I და II პირის ნაცვალსახელები ჩეჩნურში, ქართულისაგან განსხვავებით, ბრუნებადია. გამონაკლისს წარმოადგენს  вай  ,,ჩვენ“ (ინკლუზივი), რომელსაც სახელობითი და ერგატივი გარჩეული არა აქვს. შედარებისათვის: სახელობითსა და ერგატივს არ განარჩევს ქართულში კითხვითი ნაცვალსახელი ,,ვინ“.
  4. ერგატივში პირის ნაცვალსახელებს ჩეჩნურში თავში ემატებათ  _ხმოვანი, რომლის წარმომავლობაც გარკვეული არ არის (შდრ: со ,,მე  хьо ,,შენ“… ერგ.  а_са, а_хьа…). არსებობს მოსაზრება, რომ ერგატივის ფორმებს აღნიშნული ხმოვანი პრანახურ ენაში არ უნდა ჰქონოდა.
  5. ქართულისაგან განსხვავებით ჩეჩნურში (ზოგადად, ნახურ ენებში) გარჩეულია I პირის ინკლუზიური (вай ,,ჩვენ“) და ექსკლუზიური (тхо ,,ჩვენ“) ფორმები მრავლობითში. I პირის ინკლუზიურ დაექსკლუზიურ ფორმებს ქართველურ ენათაგან განარჩევს სვანური ენა, ისიც მხოლოდ ზმნურ ფორმებში.
  6. ჩვენებით ნაცვალსახელებს ჩეჩნურში, ისევე როგორც ქართულში, აქვთ III პირის ნაცვალსახელთა ფუნქცია. მაშასადამე, III პირის ნაცვალსახელებს ორივე ენაში საკუთარი ფორმები არ გააჩნიათ.
  7. ჩვენებითი ნაცვალსახელები ქართულსა და ჩეჩნურში იბრუნვიან ერთნაირად _ სუპლეტურად: სახელობითის ფუძეს უპირისპირდება დანარჩენ ბრუნვათა ფუძე (შდრ: ქართ.  სახ. იგი, ერგ. მან… ჩეჩნ.  სახ. иза, ნათ. цуьнан…).
  8. არასახელობით ბრუნვებში ქართულში მან ფორმას შეიძლება წინ დაერთოს /ხმოვნები, (შეადარეთ: ის_მან, ეს_მან…). ანალოგიური ვითარება გვაქვს ჩეჩნურშიც ( სახ. иза ,,ის“ _ цунна // о_ цунн ,,მას“… ან კიდევ: х1ара ,,ეს“ _  кхо // х1о_кхо ,,ამან“). მსგავსება ენათა გენეტიკურ ნათესაობაზე უნდა მიუთითებდეს.
  9. მსაზღვრელის ფუნქციით ჩვენებით ნაცვალსახელს ჩეჩნურში სულ ორი ფორმა აქვს _ ერთი სახელობითისათვის, მეორე _ დანარჩენი ბრუნვებისათვის. შდრ.

სახ.     х1ара стаг            ,,ეს კაცი“
ნათ.   (х1о)кху стеган
მიც.     (х1о)кху стагана
ერგ.     (х1о)кху стага…
შდრ. ქართ.  სახ. ეს კაცი, ერგ. ამ კაცმა, მიც. ამ კაცს…  მსგავსება იდენტურია.
10.  ქართულისაგან განსხვავებულია ჩეჩნურში ჩვენებით ნაცვალსახელთა დამოუკიდებელი ფორმების არსებობა. მსგავს ნაცვალსახელებს ჩეჩნურში ნაცვალსახელის ფუნქცია არა აქვთ, ისინი სუბსტანტივებს წარმოადგენენ. ჩვენებით ნაცვალსახელთა დამოუკიდებელი ფორმების მაწარმოებელია _ниг სუფიქსი. შდრ:
სახ.     иза  ,,ის“                х1ара  ,,ეს“
ნათ.    цуьнан                   кхуьнан
მიც.     цунна                     кхунна…
მათგან ნაწარმოები ფორმები იქნება:
სახ.    цуьнаниг                      кхуьнаниг
ნათ.   цуьначун                      кхуьначун
მიც.   цуьначунна                  кхуьначунна…
მსგავსი ფორმები, როგორც ითქვა, სუბსტანტივებს წარმოადგენენ და დაესმით არს. სახელის კითხვა რა? (х1ун?).
 
 
 
                       გამოყენებული ლიტერატურა

  1. გეგუჩაძე ლ. _  ,,ქართული ენა, II ნაწილი“,  თბილისი, 1999
  2. კვაჭაძე ლ. _  ,,ქართული ენა“ , თბილისი, 1969
  3. მარტიროსოვი არ. ,,ნაცვალსახელი ქართველურ ენებში“,  თბილისი, 1964
  4. ტაბიძე გ. _  ,,პოეზია, ტ. I“ , თბილისი, 2011
  5. ფარეულიძე რ. _  „ ჩეჩნური ენა“ ,  თბილისი, 2011
  6. ფეიქრიშვილი ჟ. _  ,,ქართული ენა“ , თბილისი, 2007
  7. ფეიქრიშვილი ჟ. _  „ქართული ენის მორფოლოგია“,  ქუთაისი, 2010
  8. შანიძე ა. _  „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I“ , თბილისი, 1973
  9. შოთა რუსთაველი _  ,,ვეფხისტყაოსანი“,  თბილისი, 2011

10.  ჩართოლანი ნ. _  „ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემები ქართულში სხვა ქართველურ ენებთან შედარებით“ , თბილისი, 1985
11.  ჯავახიშვილი ი. _ ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი X. თბილისი, 1992
12.  Сб. Языки народов СССР, Том IV , Дешериев Ю. Д. Чеченский язык, Москва, 1967
13.  Яковлев Н.Ф., морфология чеченского языка. Грозный, 1960
 
 
Ivane Javakhishvili Tbilisi State University`s faculty of humanities
Program of bachelor: Caucasian studies
 
Tomadze Giorgi
 
Personal and demonstrative pronouns in Georgian and Chechen            languages
 
The work is done to get degree of bachelor of humanities
 
 
 
Manager of work: Rostom Fareulidze
Associated professor
 
Tbilisi 2015

Share

Leave a Reply