სოფელ ერზიში ცხოვრობდა ორი ძმა _ ჩა და ჩერბაჟი. ერთხელ ძმები ორცხოი-ჭოჟაის ხეობაში სანადიროდ წავიდნენ. შუადღემდე იარეს და ძლივს ერთი კურდღელი მოკლეს. უფროსმა ძმამ უმცროსს უთხრა, კურდღელი შეწვი, მანამდე მე გავივლი, იქნება ნადირს გადავეყაროო.
ჩერბაჟმა ცეცხლი დაანთო, კურდღელი შეწვა და შეჭამა, შემდეგ წამოწვა და ძილი მოერია. სიზმარში ნახა, ერთი მოხუცი კაცი ტყიდან გამოვიდა და თავს წაადგა. კაცი თოვლივით თეთრ სამოსელში იყო, წარმოსადეგი შესახედაობისა. მან ჯოხით შეანჯღრია ჩერბაჟი და უთხრა: _ ხალხს რომ იტაცებენ, ის ყაჩაღები მოდიან, იარაღი მოამზადეთო.
ჩერბაჟი წამოხტა, მიმოიხედა, ირგვლივ არავინ ჩანდა. ეშმაკი თუ იყოო, ჰაერში თოფი ისროლა და ისევ წამოწვა. ამასობაში ისევ ჩაეძინა. ძილში მოხუცი კაცი ისევ გამოეცხადა, ჯოხის წვერით ზურგზე უჩხვლიტა ჩერბაჟს და კვლავ უთხრა: ნუ წევხარ! ყაჩაღთა ჯგუფი მოდის, ხალხს რომ იტაცებს, თოფ-იარაღი აისხითო.
_ საკვირველიაო, _ თქვა მან და წამოჯდა. ახლომახლო ისევ არავინ იყო. _ ღმერთი გაუწყრეს ეშმაკის საქმესო, _ თოფი ისევ გაისროლა და კვლავ დაწვა. ყმაწვილ კაცს ისევ დაეძინა. მესამედაც მოვიდა მოხუცი, ჯოხით შეანჯღრია ჩერბაჟი და უთხრა:
_ თქვენთვის სიკეთე მინდა და ის მალაპარაკებს. ადამიანებს რომ იპარავენ, იმ ყაჩაღებთან საბრძოლველად გაემზადეთო, _ ამის თქმა და მოხუცის გაქრობა ერთი იყო.
უმცროს ძმას ძილი გაუკრთა _ ნეტა რას ნიშნავს ეს ყველაფერიო. სწორედ ამ დროს ტყიდან გამოვიდა მისი უფროსი ძმა, მხარზე მოკლული ჯიხვი ეკიდა.
_ თოფს რატომ ისროდი, ხომ არაფერი მოხდაო, _ იკითხა მან.
ასე და ასე იყოო, რაც სიზმარში ნახა და რაც მოხუცმა კაცმა უთხრა, ყველაფერი უამბო უმცროსმა ძმამ უფროსს.
_ ახლოს მოიწიე, _ უთხრა მან ჩერბაჟს და პერანგი აუწია. ჩერბაჟს ზურგზე სამი ლაქა აჩნდა.
ძმებმა ჯიხვის მწვადები შეჭამეს, კარგად დაისვენეს და წავიდნენ. საღამო ხანი იყო, თერგის ხეობიდან მომავალი ყაჩაღები რომ დაინახეს. ძმები ხეობის ვიწრობში შორიშორს ჩასაფრდნენ, ყაჩაღებს შეუტიეს და დახოცეს. მხოლოდ ერთი კაცი დატოვეს ცოცხალი, რომელსაც ქუდი წაართვეს და უთხრეს:
_ არ დაგავიწყდეს, რატომ გიშვებთ ცოცხალს. ჩვენ რომ ყაჩაღები დავხოცეთ, ყველას უნდა უამბო, თუ არა და შენს ქუდს ყველას ვაჩვენებთ და შეგარცხვენთო.
ეს ამბავი ყაჩაღმა ყველას უამბო, ბოლოს კი ხელმწიფემდეც მივიდა. ხელმწიფე ყაჩაღებისგან ძლიერ შეწუხებული იყო, აღარ იცოდა, რა ექნა. ამიტომ ჩა და ჩერბაჟი თავისთან მიიწვია.
_ რასაც ინებებთ, თქვენი სურვილი შესრულდება, გვითხარითო, _ თავაზიანად ეუბნებოდნენ ნაზირ-ვეზირები ძმებს. _ გინდათ დროშა, რომელზეც დამოწმებული იქნება, რომ თქვენს შთამომავლებში კაცები _ ვაჟკაცები და ქალები _ ცეცხლოვანები არიანო.
ძმებმა თქვეს:
_ ჩვენ არაფერი გვინდა. თავადობაც არ გვინდა, რადგან მონები არასოდეს ვყოფილვართ. თუ ჩვენი დასაჩუქრება გინდათ, მამული გვაჩუქეთო.
ხელმწიფემ ძმებს მამული აჩუქა, სწორედ ის, ახლა რომ გელთი* არის. ძმები თავიანთი ნათესავებით ამ მიწაზე დასახლდნენ.