ღირსება – ვაინახური ფოლკლორი

ერთ მშვენიერ დილას ერთმანეთს შეხვდნენ წყალი, ქარი, ცეცხლი და ღირსება. ქვეყნიერების დასათვალიერებლად ერთად წავიდეთო, დათქვეს და წავიდნენ.
ყველგან, სადაც კი წყალი მივიდოდა, ნაირნაირი ყვავილი და ბალახი ცოცხლდებოდა, ჩნდებოდა ნამი, მდინარეები იწყებდნენ დენას.
ყველგან, სადაც კი ცეცხლი მივიდოდა, წყვდიადი იფანტებოდა, გაყინული ტბები თბებოდნენ და ყინულისაგან თავისუფლდებოდნენ.
ყველგან, სადაც კი ქარი მიაღწევდა, ლელქაშის ღეროები თავს ხრიდნენ, თითქოს ერთმანეთს სალამს აძლევენო, ხოლო სათიბებსა და ველ-მინდვრებში ბალახები აბრეშუმის თავსაბურავის ფოჩებივით ლივლივებდნენ.
ცეცხლი, ქარი და წყალი აქეთ-იქით დანავარდობდნენ, თამაშ-თამაშით მირბი-მორბოდნენ, თავაწეული ღირსება კი მათსავით წინ და უკან არ დარბოდა, არამედ ამაყად მიაბიჯებდა წინ.
ქვეყნის მცველი ბუმბერაზები ღირსების დანახვაზე აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
მეგობრები _ წყალი, ქარი, ცეცხლი და ღირსება _ ბოლოს ჩვენი ქვეყნის, ინგუშეთის, ერთ უდაბურ მთასაც მიადგნენ.
ქარმა მთის შემოვლა დაიწყო, თან პატარ-პატარა კენჭებს აქეთ-იქით ისროდა, მათთან თამაშით ერთობოდა.
წყალი ნაკადულს შეუერთდა, მთიდან რომ მოჩქეფდა.
ცეცხლმა იმ ცეცხლთან გააბა მასლაათი, მთის ქვეშ, მიწაში რომ გიზგიზებდა.
_ მეგობრებო, _ თქვა მოუსვენარმა ქარმა, _ გახედეთ ჩვენს წინ გადაშლილ თვალუწვდენელ ველ-მინდვრებს. ძალიან მინდა, გასართობად გავინავარდოო.
მდინარე დაეთანხმა, მოიწონა ნათქვამი. ცეცხლმაც დაუდასტურა, ღირსებას ხმა არ ამოუღია.
_ კარგი იქნებოდა, შევთანხმებულიყავით, თუ სად იქნება თითოეული ჩვენგანი, _ თქვა ცეცხლმა.
_ კარგიო, _ თქვეს დანარჩენებმა.
_ თუ სადმე დაინახავთ, რომ სახლი ან თივის ბულული იწვის, იცოდეთ, რომ მე იქა ვარ, _ თქვა ცეცხლმა.
_ თუ შუა მინდორში ლელქაშს დაინახავთ, იცოდეთ, რომ მე იქა ვარ, _ თქვა წყალმა.
_ ფოთოლთა შრიალი, გზაზე ამოვარდნილი მტვერი ჩემს თავს გაპოვნინებთო, _ თქვა ქარმა.
ღირსება მათ საუბარს ყურს უგდებდა და ჩუმად იდგა.
_ ღირსებავ, რატომ დგახარ ჩუმად? _ ჰკითხა ქარმა, _ შენ როგორ უნდა მოგნახოთ?
_ მომიტევეთ, მეგობრებო, _ უხალისოდ თქვა ღირსებამ, _ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. ვინც მე წამითაც კი დამტოვებს, მას ჩემთან მობრუნების ნება არასოდეს აღარა აქვსო…

Share

Leave a Reply