I
გრამატიკული კლასის კატეგორია
ყველა ნახურ ენასა და დიალექტში, მათ შორის ქისტურშიც, არსებითი სახელები ჯგუფდებიან გრამატიკული კლასების მიხედვით. როგორც ცნობილია, არსებით სახელებში არ არის შემონახული ცვალებადი გრამატიკული კლასის ნიშნები. სახელთა დაჯგუფება გრ. კლასების მიხედვით წარმოებს მასთან სინტაქსურად დაკავშირებული სიტყვების მეშვეობით, რომლებსაც გააჩნიათ ცვალებადი გრ. კლასის ნიშნები.
ცვალებადი გრ. კლასის ნიშნების მქონეა ზედსართავ სახელთა ნაწილი, ზოგი რიცხვითი სახელი, ასამდე მარტივი ზმნა.. სახელის გრამატიკული კლასის განსაზღვრა, ჩვეულებრივ, ხდება დ-უ “არის” მეშველი ზმნის საშუალებით. არსებითი სახელები ნაწილდებიან ოთხ გრამატიკულ კლასში.
ესენია: ვ-, ჲ -, ბ-, დ
მაშასადამე, სახელი იქნება იმ გრამატიკული კლასისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
შდრ., ქისტური: კანთ (დაა: …) ვ-უ “ბიჭი (მამა…) არის”
ნაან (ჲო‘, ჩა…) ჲ-უ “დედა (გოგო, დათვი…) არის”
მაალხ (ბუთთ, უსთ…) ბ-უ “მზე (მთვარე, ხარი…) არის”
ლუო (ლათთ, ჯჵალ…) დ-უ “თოვლი (მიწა, ძაღლი…) არის”
როგორც ვარაუდობენ, სახელებშიც (პრეფიქსის სახით) იგივე კლასის ნიშნები უნდა გვქონოდა, რაც, მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ზმნაში გვაქვს, მასთან დაკავშირებული სიტყვები კი იმეორებდნენ სახელის ნიშნებს.
ნახურ ენათა სახელებში გაქვავებული სახით დღემდე არის შემორჩენილი ოდინდელი გრამატიკული კლასის ნიშნები. გრამატიკული კლასის კატეგორია ჩეჩნური ენის თითქმის მთელ მორფოლოგიას განმსჭვალავს. ყველაზე სრულად იგი მაინც ზმნაშია დაცული. ამიტომ სახელთა კლასებად განაწილების საკითხი წინამდებარე ნაშრომში ზმნურ კატეგორიებშია განხილული.
II
ბრუნვათა სისტემა
არსებით სახელთა ბრუნება ჩეჩნური ენის მორფოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო საკითხია. ასეა ქისტურშიც.
სირთულის მხრივ აღსანიშნავია ორფუძიანი ბრუნების პრინციპი საზოგადო სახელებში, ფონეტიკურ პროცესთა ფართო მოქმედება, ფუძის ცვეთა და ბრუნების პროცესში ფუძის ცვეთის შედეგად დაკარგული ბგერების აღდგენა, სხვადასხვა წარმოშობის ე. წ. ჩანართი ელემენტების გაჩენა მხ. რიცხვის ირიბ ბრუნვებსა და მრ. რიცხვის ყველა ბრუნვაში, მეორე ფუძის განზოგადების შემთხვევები და სხვა. გარდა ამისა, გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული ბრუნვათა ნიშნების გამოყოფის საკითხი, ბრუნვათა კლასიფიკაცია ძირითად და თანდებულიან ბრუნვებად, ბრუნების სახეობებად დაყოფა (და არა ტიპებად, რადგან ქისტურში, ისევე როგორც ჩეჩნურში, ბრუნება ერთია).
ზემოთ ითქვა, რომ ქისტური ჩეჩნური ენის დიალექტების ნარევია. ამდენად ქისტურის მონაცემების გათვალისწინება ბევრ შემთხვევაში ახლებურად გააშუქებს სახელთა ბრუნების საკითხებს ჩეჩნურში.
ქისტური დიალექტის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მასში გამოსაყოფია ორი კილოკავი: მაისთური და ხილდიხაროული. მაისთური, თავის მხრივ, იყოფა დუისურ და ჯოყოლოურ თქმებად.
ხილდიხაროული მეტყველება წარმოდგენილია ს. ომალოში, მითხოური, ჰაჩაროული, ახიური კილოკავები, რომელთა წარმომადგენლებიც პანკისში ცხოვრობენ, ამჟამად შერწყმულია მაისთურთან ან ხილდიხაროულთან. იგივე ითქმის ინგუშური ენის შესახებაც.
პანკისის ხეობის დანარჩენ სოფლებში ომალოს, ჯოყოლოსა და დუისის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მაშასადამე, ჩეჩნური ენის ქისტური მეტყველების ანალიზი მაისთურისა და ხილდიხაროულის შესწავლას ისახავს მიზნად.
ბრუნვები – ქისტურ დიალექტში, როგორც სალიტერატურო ჩეჩნურში, გამოიყოფა რვა ბრუნვა, რომელთაგან ოთხი ძირითადია და ოთხიც ერთთანდებულიან ბრუნვას წარმოადგენს.
ძირითადი ბრუნვები სინტაქსურ ურთიერთობებს გამოხატავენ, თანდებულიანები სივრცობრივი ურთიერთობების გამომხატველი ბრუნვებია. არნ. ჩიქობავა წერს: “სახელის მორფოლოგიაში, პირველ ყოვლისა, ივარაუდება ბრუნვის კატეგორია (რამდენი და რა ბრუნვები გვაქვს) და ბრუნების პროცესი. ნახურში…
ძირითადია ოთხი ბრუნვა: სახელობითი (ნომინატივი), მოთხრობითი (ერგატივი), ნათესაობითი (გენიტივი) და მიცემითი (დატივი)” [ჩიქობავა 1975, 135].
დებულება ვრცელდება ქისტურ დიალექტზეც. ერთთანდებულიანი ბრუნვებია: თანაობითი, შედარებითი, გამსჭვალვითი, მიმართულებითი I. ბრუნების პროცესის რკვევა, რა თქმა უნდა, გულისხმობს სახელის ფუძის განხილვასაც (იხ. ქვემოთ).
ძირითადი ბრუნვები – სახელიბითი ბრუნვა ქისტურში, როგორც ჩეჩნური ენის ყველა დიალექტში, ფუძის სახით არის წარმოდგენილი. მაშასადამე, სახელი სახელობითში გაფორმებული არ არის, მისი ნიშანი უნიშნობაა (შდრ., თანამედროვე ქართულში ხმოვანფუძიან სახელებს სახელობითში ბრუნვის ნიშანი არ ერთვის).
უნდა აღინიშნოს, რომ სახელობითში სახელის ფორმა ყოველთვის ძველი, თავდაპირველი სახით არ დასტურდება: აკლია ბგერა, ზოგჯერ _ მთელი მარცვალიც, ე. ი. ფუძე გაცვეთილია, შეცვლილია ფუძისეული ხმოვნები _ ზოგი სახელის II საბრუნებელი ფუძე განზოგადებულია და სახელობითის ფორმად გვევლინება. ამ რიგის სახელები ნათესაობითში აღიდგენენ ხოლმე თავდაპირველ სახეს.
მაშასადამე, ასეთ შემთხვევებში ნათესაობითის ფუძე უფრო ძველია სახელობითის ფუძეზე. სახელობითის ფორმა მიმართვის ფუნქციითაც გამოიყენება. მიმართვის ფორმა წინადადებაში განკერძოებით დგას და ძახილის ინტონაცია ახასიათებს. ასეთ ფორმას ქისტურში შეიძლება წინ უსწრებდეს ვა, ვო:, ჰე: ნაწილაკები ან II პირის ნაცვალსახელები მხოლოობითსა და მრავლობითში.
ამ ნაწილაკებსა და ნაცვალსახელებს მიმართვის ფორმასთან სხვადასხვა ნიუანსური დატვირთვა აქვთ, რაც ცალკე კვლევის საგანი შეიძლება იყოს. 22 მიმართვა ფორმობრივად არ განსხვავდება სახელობითისაგან, ამიტომ ის ცალკე ბრუნვის ფორმას არ წარმოადგენს.
ნათესაობითი – ბრუნვის ეს ფორმა “ნახურ ენებში ძირითად ბრუნვებს განეკუთვნება. იგი არის ერთ-ერთი უძველესი ბრუნვა” [დეშერიევი 1963, 419]. ნათესაობითის ძირითადი და ერთადერთი ფუნქცია არის პოსესიურობის გამოხატვა. ნათესაობითი ბრუნვის ფორმანტი არ არის წარმოქმნის ელემენტი, როგორც ეს, მაგალითად, ნ. იაკოვლევს მიაჩნდა [იაკოვლევი 1960, 39] და ზოგი მკვლევრის მიერ იყო გაზიარებული. ნ. იაკოვლევის დასკვნა რუსული ენის მონაცემთა მიხედვით ჩანს გამოტანილი.
შდრ., ქართული კედლის საათი და რუსული стенные часы… [ჩიქობავა 1979, 186]. ქისტურში, როგორც ჩეჩნურში, სახელის ნათესაობითის ფორმა წარმოადგენს (უმეტეს შემთხვევაში) დანარჩენი ბრუნვებისათვის საწარმოებელ ფუძეს. ჩეჩნურ სალიტ. ენაში ნათესაობითი ბრუნვის ფორმანტია -ან (<-ინ). ჩეჩნურისაგან განსხვავებით ქისტურში ნათესაობითის ფორმანტები არის: -ნ, -ან, -ენ, -ინ, -ონ, -უნ, -ჲე.
გარდა ამისა, ნათესაობითში შეინიშნება უნიშნობაცა და შინაგანი ფლექსიაც (მეორეული). უნიშნობაში იგულისხმება ბრუნვის ნიშნის მოკვეცა, შინაგან ფლექსიაში _ ბრუნვის ნიშნის გავლენით შეცვლილი ფუძე (ფუძისეული ხმოვანი), თვით ბრუნვის ნიშანი ამ შემთხვევაშიც მოკვეცილია. განვიხილოთ ნათესაობითი ბრუნვის ნიშნები.
ნათესაობითში -ნ ფორმანტის წინ ხმოვნის უქონლობა შედეგია მისი შერწყმისა ფუძისეულ ხმოვანთან, შერწყმის შედეგად მიღებული გრძელი ხმოვანი კი გამარტივებულია. შდრ., მაგალითად: ქისტური (ან ჩეჩნური) გა:ლი || გა:ლაჲ (II საბრუნებელი ფუძის განზოგადების შედეგი) “ტომარა”, ნათ.: გა:ლი-ნ (<გა:ლი-ინ < გა:ლა-ინ); ხი “წყალი”, ნათ.: ხი-ნ…
ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის თანხმოვნითი სეგმენტი -ნ ჩეჩნურში სუსტდება (-ნ > -ნ) და წინა ხმოვანს ანაზალებს, ქისტურში კი იგი უკვალოდ იკარგება თანხმოვანფუძიან სახელებში ხმოვნით სეგმენტთან ერთად, მაგრამ თავს იჩენს ნათესაობითისაგან ნაწარმოებ ბრუნვებში მხოლოდ ხმოვნითი ელემენტი. ნათესაობითის ფორმანტის დართვით, 23 როგორც ზემოთ აღინიშნა, ქისტურში იცვლება ზოგი სახელის ფუძისეული ხმოვანი, ხოლო ფორმანტი იკარგება. ეს მოვლენა ფლექსიურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მეორეულია, მოჩვენებითია.
შდრ.: სახ. საგ “კაცი, ადამიანი” ნახ “ხალხი” ნათ. სეგ (<*სეგ-ინ <*საგ-ინ) ნე:ხ (<*ნე:ხ-ინ <*ნა:ხ-ინ) ნათესაობითის ფორმანტი შენარჩუნებულია მყარ გამოთქმებში, როგორიცაა: სეგინწ(ა) (<საგინწა) “ვინმე კაცისას, ვინმე კაცის სახლში”…
ფორმანტის გავლენით ფუძისეული ხმოვნის ცვლა ჩეჩნური სალიტ. ენისათვისაც არ არის უცხო, შდრ.: სახ. კანთ “ბიჭი, ვაჟი” ნათ. კენთ-ან (<*კენთ-ინ <*კანთ-ინ) მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ამ შემთხვევაში ფორმანტისეული ხმოვანი, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია მითითებული, ნაზალურია (სალიტ. ენის ნორმების მიხედვით იწერება სრულად), თუმცა მიუთითებენ, რომ ნაზალობა მოშლილია და ხმოვანიც ჩავარდნილი თვით ჩეჩნურშივე [არსახანოვი 1965, 106].
ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის ხმოვნებისათვის ამოსავლად ივარაუდება -ინ ფორმანტი. ეს მოსაზრება გაზიარებულია მკლევართა მიერ. საქმე ის არის, რომ სახელის II და III მარცვალში ხმოვანი ბუნდოვნად ისმის, ფუძისეული ხმოვნების ცვლა, რომელიც ბრუნების პროცესში ვლინდება, ფორმანტად -ინ-ს გვავარაუდებინებს. არსებობს მოსაზრება, რომ -ნ ფორმანტი წარმოშობით უკავშირდება გრამატიკული კლასის ნიშანს [თიმაევი 1975, 59], რაც ისტორიულად გამორიცხული არ არის, რადგან ბევრ კავკასიურ ენაში ბრუნვის ნიშნები წარმოშობით გრამ. კლასის ნიშნებისაგან მომდინარეობენ.