ქართველი მწერალი, ლექსიკოგრაფი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წელს ქართლში, სოფელ ტანძიაში. იგი იყო ქართლის მეფეების მამიდაშვილი, მათი მასწავლებელი და ამღზრდელი. სინდისი, სიბრძნე და პატიოსნება იყო სულხან-საბა იმდროინდელი საქართველოსათვის.იგი „ჩვენი ქვეყნის არც ერთ ნაბიჯს არ სტოვებდა ყურადღების გარეშე და ექიმივით ყურს უგდებდა პატარა სამშობლოს მაჯისცემას“, წერს ქართული ენის ცნობილი მკვლევარი ალექსანდრე ღლონტი.
მისი, როგორც მწერლის, ლექსიკოგრაფის, საზოგადო მოღვაწის, მეფეთა მასწავლებლისა და ამღზრდელის, ელჩისა და საქართველოსათვის მლოცველი ბერის ღვაწლი აუწონავია.
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ პირველი ქართული განმარტებითი ლექსიკონია, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ლექსიკოგრაფიაში. მან გამოავლინა და ლექსიკონში აღბეჭდა ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდი მე-17 საუკუნის დასასრულის ეპოქისათვის. ავტორი ეყრდნობოდა ცნობილ ლიტერატურულ ძეგლებს, მაგრამ იგი ამავე დროს სარგებლობდა ცოცხალი ენობრივი სამყაროს ამოუწურავი საუნჯითაც.
საბა გაუკვალავ გზას თელავდა და ამიტომ, რა თქმა უნდა, დიდ სიძნელეს წარმოადგენდა ძირითადი ლექსიკური ფონდის დიდი სისრულით ჩვენება. სირთულეს ორი გარემოება ქმნიდა: ერთი – ლიტერატურული ძეგლების სიმცირე, განსაკუთრებით საბას ეპოქის ამსახველ თხზულებათა ნაკლებობა და მეორე: ბეჭდური გამოცემებისა და ლექსიკონების უქონლობა. ლექსიკოგრაფს „სიტყვის კონის“ შევსება, დაზუსტება და დახვეწა არ შეუწყვეტია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში. იგი ამ ლექსიკონზე მუშაობდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
როგორც ალ. ღლონტი წერს, „ქართულ ლექსიკონში“ 140-ზე მეტი წყაროა დასახელებული. მათ შორისაა როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი ლიტერატურა, როგორც სასულიერო, ისე საერო-საისტორიო მწერლობის ძეგლები. უწყაროოდ ლექსიკონში არცერთი სიტყვა არაა აღბეჭდილი, მაგრამ ყველა მათგანს მითითება არ ახლავს.
„სიტყვის კონა“ პირველი ქართული ლექსიკონია, რომელსაც მიიჩნევენ ანბანზე გაწყობილ, თავისებურ ენციკლოპედიურ ლექსიკონად.
სულხან-საბას „სიტყვის კონა“ შეიცავს მრავალ ლექსიკურ ერთეულს, რომლებიც მნიშვნელოვან მასალას იძლევა ქართული ენის ისტორიის შესწავლის საქმეში. იგი ფასეულია, აგრეთვე, კავკასიურ, მათ შორის, ნახური ენებისათვისაც. აღნიშნული ლექსიკონის გაცნობისას ჩვენ გამოვავლინეთ ლექსიკური ერთეულები, რომლებსაც პარალელები ეძებნება ნახურ ენებში.
შევნიშნავთ, რომ ქართულ-ნახური ლექსიკური შეხვედრები შესწავლილი აქვს თინათინ გონიაშვილს ნაშრომში „ქართულ-ნახური ლექსიკური შეხვედრები“, რომელიც დაიბეჭდა ენიმკი-ს მოამბის მე-6 ტომში 1940 წელს. ამ ნაშრომში დაახლოებით ორი ასეული ქართულ-ნახური ლექსემაა გამოვლენილი. უნდა ითქვას, რომ ჩვენ არა გვაქვს დაწვრილებით შედარებული თ. გონიაშვილის მიერ გამოვლენილი მასალა „სიტყვის კონასთან“, ჩვენი საანალიზო მასალა უშუალოდ ემყარება საბას ლექსიკონს და ამ მხრივ მივიჩნიეთ ქართულ-ნახური ლექსიკური პარალელები საინტერესოდ. აღვნიშნავთ, რომ საბას ლექსიკონს თანმიმდევრული, სიღრმისეული შესწავლა სჭირდება და მასში ენის საკითხებით დაინტერესებული მკითხველი ბევრ საინტერესო ცნობას მოიპოვებს.
ამჟამად განვიხილავთ ქართულ-ნახური ლექსიკური პარალელების მცირეოდენ ნაწილს.
საბას ლექსიკონში მოპოვებული მასალიდან საანალიზოდ გამოგვაქვს რამდენიმე სახელი.
ა) საბას დარაჯა თურქულ ნასესხობად მიაჩნია, ქართულად ხარისხ-ს ნიშნავს, შენიშნავს იგი. დარჟ გვხვდება ჩეჩნურსა და ინგუშურში, სადაც ის ხარისხ-ს გამოხატავს (Мациев 1960), ინგუშურში ა. ქურქიევს ამ ლექსემისთვის მიწერილი აქვს „ხარისხი“ (რელიგიური), ოღონდ განმარტებული არ არის, რას ნიშნავს იგი რელიგიაში (Куркиев 2005).
იგივე სიტყვა შეტანილია ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილ „ინგუშურ-რუსულ ლექსიკონში“ ( Бекова … 2009), სადაც იგი განმარტებულია შემდეგნაირად: ხარისხი , დონე, ჩინი, თანამდედობა (პოსტი). არ ჩანს მითითება, რომ ამ ლექსემას რაიმე კავშირი აქვს რელიგიასთან.
დარჟ სიტყვა შეტანილია არბი ვაგაპოვის წიგნში „ჩეჩნური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (2011), სადაც მოხმობილია ამ სიტყვის შესატყვისები რამდენიმე დაღესტნური ენიდანაც. ასე, მაგალითად, ხუნძურში გვაქვს დარაჟა, ლეზგიურში, თაბასარანულში დარეჟა, იგივე სიტყვა გვხვდება, აგრეთვე, ყუმუხურში, ყარაჩაულ-ბალყარულში დარაჯა ფორმით და აღნიშნულ ენებში აქვს ხარისხის მნიშვნელობა. ა. ვაგაპოვს ამ ლექსემის პირველწყაროდ მიაჩნია არაბული დარაჟ-უნ „ხარისხი“.
მაშასადამე, დარაჯა ქართულში თურქული ენიდან ჩანს შეთვისებული, ჩეჩნურში – ყუმუხურიდან. შდრ., ყუმუხური დარაჟა; ჩეჩნურ-ინგუშურ ფორმაში სესხებისას მოკვეცილია ბოლოკიდური ხმოვანი, გარდა ამისა, ორმარცვლიანი დარაჟ-იდან მეორე ხმოვნის ამოღებით მიღებული ჩანს დარჟ (დარაჟა > დარაჟ > დარჟ). საფიქრებელია, რომ იგი ჩეჩნურ-ინგუშურში გვიანდელი ნასესხობა უნდა იყოს, ნასესხობა იმ პერიოდისა, როცა ნახური ენებიდან უკვე გამოყოფილი იყო წოვა-თუშური ენა. წოვურში ეს ლექსემა არ არის დაფიქსირებული.
ბ) აშკი, საბას ლექსიკონის მიხედვით, არის „ილეკროს ძაფი, რომელსა თურქნი მავთულსა უწოდენ“.
თავის მხრივ, იმავე ლექსიკონში განმარტებულია სიტყვა ილეკრო-ც: „ილეკრო – ოქროს, ვერცხლისა, სპილენძისა, რკინისა… და მისთანათა ერთბამად“, ერთბამად, ე.ი. ილეკრო ერთად, ერთობლივად, ზოგადად, მეტალთა სახელს უნდა ნიშნავდეს. ახალი ქართულით, სავარაუდოდ, „ილეკროს ძაფი“ არის ნებისმიერი მეტალის ძაფი, მავთული.
აშკი უნდა უკავშირდებოდეს ნახურ „რკინის“ აღმნიშვნელ სიტყვას ჩიგ (ჩეჩნური), შქ (ინგუშური), ‘აჲჰკ (წოვური), შდრ., წოვური ‘აჲჰკ ლამ „რკინის მთა“ (დიდი მთის სახელია პანკისის ხეობაში, ტოპონიმი). წოვური ფორმა მიღებული ჩანს *‘აჰკი-საგან, ეს, თავის მხრივ, *‘აჰიკ (< *‘აჰიგ) ფორმისაგან. მაშასადამე, *აჰიგ > *აჰიკ > *აჰკი > აჲჰკ .
ჩიგ//შქ// ‘აჲჰკ ფორმები პარალელს პოულობენ აფხაზურშიც აჲხა-ს სახით, სადაც იგი რკინა-ს, ცულ-ს, ნაჯახ-ს, ლაგამ-ს ნიშნავს (გვანცელაძე 2003). აფხაზური ფორმის დაკავშირება ჩეჩნურთან ეკუთვნის არბი ვაგაპოვს (Вагапов 2011).
ჩეჩნურში ჩიგ „რკინა“ ფორმა მეორეული ჩანს, მისთვის ამოსავალი უნდა იყოს ჩიგ: ჩიგ > ჩიგ (დისტანციური, რეგრესული, ნაწილობრივი ასიმილაცია). ამ ლექსემაში თავკიდურად ა-ს არსებობას ადასტურებს ჭებერლოური ჩიგ და ძველი ქართული პარარელიც (აშკი).
ჩიგ ლექსემაში -იგ (>-გ) დეტერმინანტი სუფიქსი ჩანს. ჩიგ-ს ქისტურსა და ითუმყალურში შეესატყვისება ‘შქ, რომელიც მიღებულია შემდეგნაირად : *ჩიგ > *ჩიგ > *შგ > შქ (ინგუშური) > ‘შქ (წოვათუშური); თავკიდური ფარინგალური მჟღერი სპირანტი ‘ განვითარებულია ჩეჩნური ენის ქისტურსა და ითუმყალურ დიალექტებში, წოვათუშურში.
ჯერჯერობით ახსნას არ ექვემდებარება წოვათუშურის ‘აჲჰკ ფორმაში ჰ ბგერის გაჩენა.
გ) კარსნი-ც, საბას მიხედვით, ილეკროა, „რაიც ჯაჭვებრ გაყრილია ერთმანეთში“. ამ სიტყვასთან კავშირში უნდა იყოს ჩეჩნური ქარს „თოკი, საბელი“, ინგუშური ქარს//ქორს „თოკი, საბელი“, წოვათუშური ქარსან „საბელი“, თუმცა „თოკი”-სთვის ჩეჩნურ-ინგუშურში იძებნება მუშ ლექსემაც, რომელიც წოვურში თითქოს არ ჩანს (არსებული ლექსიკონების მიხედვით), მუშ ამჯერად არ გვაინტერესებს.
წოვათუშური ქარსან ფორმისათვის ამოსავალია ქარსან (ე. ი. სრული ნ). როგორც ჩანს, ჩეჩნურ-ინგუშურში ჯერ მოხდა ნ ბგერის ნაზალიზაცია, შემდეგ კი იგი სრულად დაიკარგა. გარდა ამისა, ბოლოკიდურ პოზიციაში იმავე ენებში მოკვეცილია ა ხმოვანიც. რომ არა წოვათუშურის ქარსან ფორმა, აუხსნელი იქნებოდა ქართულ შესატყვისში ნ თანხმოვნის არსებობა – იგი ქართულში ფუძის კუთვნილებას უნდა წარმოადგენდეს.
წოვათუშური ქარსან ფორმობრივადაც და სემანტიკურადაც არ განსხვავდება ქართული კარსნ-ისაგან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ საანალიზო სიტყვა ქართულში შეკუმშული სახით არის დადასტურებული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კარსნი, საბას მიხედვით, მეტალის ძაფია, მავთულია, ნახური ქარს//ქორს//ქარსან ცხოველის (ცხენის ან თხის) ბალნისაგან მოქსოვილი თოკია, საბელია. მიუხედავად ამისა, ამ სიტყვათა ერთმანეთთან დაკავშირებას, ჩვენი ვარაუდით, ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს.
დ) საბას მიხედვით, გარა არის „გრძლად ორკაპი ჯოხი, ორკაპი ხე წვლილი“.
ორკაპი, ქეგლ-ის (1986) მიხედვით, არის „ორი კაპის მქონე, ბოლოში ორად გაყოფილი ჯოხი, ტოტი…“. ამავე ლექსიკონის მიხედვით, კაპი არის „მოჭრილი ხის განტოტება, რომელსაც ქმნის მასზე ამოზრდილი რტოს შერჩენილი ნაწილი“.
გარა, ქეგლ-ის მიხედვით, საქსოვი დაზგის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვის განმარტებისას ქეგლ-ში მოხმობილია საბას განმარტება („გრძლად ორკაპი ჯოხი“) ორკაპი ხე, შედარებით მსხვილი, ვიდრე ჯოხი, საყრდენია ძველებური ხელით საქსოვი დაზგისათვის. ასეთ ორკაპ ხეს ჩეჩნური ენის ზოგ დიალექტში ეძახიან გრ(ა)-ს.
ვფიქრობთ, რომ საბასეული გარა, ქეგლ-ში განმარტებული გარა და ჩეჩნური გრა სემანტიკურად ერთი და იგივეა. ისინი ერთმანეთისაგან მხოლოდ პირველი მარცვლის ხმოვნითი ელემენტით განსხვავდებიან, რაც მეორეული მოვლენა უნდა იყოს.
საბას ლექსიკონის შესწავლა არაერთ საყურადღებო მომენტს წარმოაჩენს ქართულ-ნახური ლექსიკური ურთიერთობიდან.
მილენა ფარეულიძე
ლიტერატურა
- გვანცელაძე თ., აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. თბილისი, 2003.
- გონიაშვილი თ., ლექსიკური შეხვედრები ჩეჩნურისა ქართველურ ენებთან. ენიმკი-ს მოამბე. V-VI. თბილისი, 1940 .
- ორბელიანი ს.-ს., სიტყვის კონა. ტომი 1. თბილისი, 1991.
- ორბელიანი ს.-ს., სიტყვის კონა. ტომი 2. თბილისი, 1993.
- ქადაგიძე დ., ქადაგიძე ნ., წოვა-თუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი. თბილისი, 1984.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული. თბილისი, 1986.
- ღლონტი ალ., ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები. თბილისი, 1983.
- Бекова А. И., Дударова У. Б., Илиева Ф. М., Мальсагова Л. Д., Тариева Л. У., Ингушско-русский словарь. Нальчик, 2009.
- Вагапов А., Этимологический словарь чеченского языка. Тбилиси, 2011.
- Куркиев А. С., Ингуско-русский словарь. Магас, 2005.
- Мациев А. Г., Чеченско-русский словарь. Москва, 1960.