სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი
ჩეჩნები პანკისის ხეობაში დაახლოებით XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ცხოვრობენ.
ჩეჩნური მეტყველება, რომელსაც პანკისის ხეობის ქისტურს უწოდებენ,წარმოდგენილია შემდეგ სოფლებში: დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი, ომალო,შუა ხალაწანი. ამ ბოლო ათწლეულში ქისტები დასახლდნენ, აგრეთვე, პანკისის ხეობის ყოფილ ოსურ სოფლებშიც (დუმასტური, ქვემოხალაწანი, წინუბანი, ქორეთი), რამდენიმე ქისტური კომლი ცხოვრობს ს. ზემო ხალაწანში ქართველებთან (ფშავლებთან) ერთად.
ქისტური მეტყველება ჩეჩნური ენის სხვადასხვა კილოს, კილოკავისა თუ თქმის ნარევია. მისი ასეთი სიჭრელე გარკვეულწილად იმის მიზეზია, რომ დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში არაა დაზუსტებული ქისტური მეტყველების ადგილი ჩეჩნური ენის დიალექტებს შორის. ზოგი მკვლევარი საერთოდაც უარყოფს ასეთი დიალექტის არსებობას, რადგან, მათი აზრით, ქისტურის კილოკავები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ამჟამადაც არის გავრცელებული. ქისტური მეტყველება საქართველოში რაც გაჩნდა, მალე ორი საუკუნე გახდება.
მაშასადამე, იგი ნახური ენებისაგან იზოლირებულად, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე არსებობს. გარდა ამისა, ქისტური მეტყველება ქართულ გარემოში ქართული ენის გავლენის ქვეშ მოექცა, ბევრია ქართულიდან შეთვისებული სიტყვა. ამ მხრივ ქისტური მკვეთრად უპირისპირდება ჩეჩნური ენის ყველა დიალექტს (ნახურ ენა-კილოთაგან წოვა-თუშურია საქართველოში წარმოდგენილი). ქართული ენის გავლენა ქისტურზე განსაკუთრებით გაფართოვდა XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, როცა ქისტურ სოფლებში გაიხსნა ქართული სკოლები, ბიბლიოთეკები, გავრცელდა ჟურნალ-გაზეთები, ამუშავდა რადიო-ტელევიზია. შეიქმნა ორენოვნების ჩამოყალიბების პირობები. ამ მხრივ ქისტური მეტყველების შესწავლა ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისითაცაა საინტერესო.
ნახური (კერძოდ, ჩეჩნური) ენებისაგან იზოლირებულად განვითარების პირობებში ქისტურმა შემოინახა ზოგი არქაული მოვლენა, მიუხედავად ამისა ქისტურში თვალშისაცემია სხვადასხვა პერიოდის ინოვაციები, მაგალითად, პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბება, რაც უცხოა ჩეჩნურ-ინგუშური ენებისათვის. აღსანიშნავია, რომ პიროვანი უღვლილება ნიშანდობლივია წოვათუშურისათვისაც. წოვათუშურსა და ქისტურში პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბებას ასეთი უღვლილების ქარ-თულში არსებობას უკავშირებენ. ქისტური მეტყველების მონაცემთა გათვალისწინება ნახურ ენათა გაღრმავებულ შესწავლას შეუწყობს ხელს. პანკისელი ჩეჩნების თვითსახელწოდება არის ქ ი ს ტ ჲ ე `ქისტი”, მრ. რიცხვში ქ ი ს ტ იჲ `ქისტები”. ეს ტერმინი ჩეჩნებმა და ინგუშებმა არ იციან, ისინი ქისტებს ეძახიან გ უ რ ჟ ჲ ე ხჰ ა რ ნ უ ო ხ ჩ ი ჲ -ს, რაც ნიშნავს `საქართველოდან ჩეჩნებს”.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი ტომები (ხევსურები, ფშავლები,თუშები) თავიანთ მეზობელ ჩეჩნებს ქისტებს ეძახდნენ. ამ ტერმინით ახლა პანკისელი ჩეჩნები არიან ცნობილი, მთის გადაღმა მცხოვრებთ კი ამჟამად ყველა ჩეჩენს ეძახის. ქ ი ს ტ ი ტერმინი ეროვნების აღმნიშვნელი არ არის, ეროვნების აღსანიშნავად იყენებენ ნ ო ხ ჩ ი ჲ (მრ. რ.) `ჩეჩნები” სიტყვას. წარმომავლობის დაკონკრეტებაც ხდება ტერმინებით: მ ჵ ა ჲ ს თ ო `მაისთელი”, ხ ი ლ დ ჲე ჰ ´ ა რ ო `ხიდოხაროელი”,ტ ჲ ე რ ლ ო `ტერელოელი”, ჰ ´ ა ჩ ა რ ჳ ო `ჰაჩაროელი”, მელხჲე `მითხოელი”, ე ჴჴჴ ე `ახიელი”, ტ უ გ ა ჲ `ტუგაელი”, ან კიდევ ღ ა ლ ღ ა `ინგუში”…
ყველამ იცის თავისი წარმომავლობა _ წინაპართა სამოსახლო ადგილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ის კილოკავები,კილოები, რომლებმაც ქისტურის როგორც დამოუკიდებელი ერთეულის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, თითქმის ყველა წარმოდგენილია ქისტების ისტორიულ სამშობლოში. გამონაკლისია მ ა ი ს თ უ რ ი, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთში არ ჩანს, სავარაუდოდ, ისინი მთლიანად გადმოსახლდნენ საქართველოში. რაოდენობის თვალსაზრისით მაისთელები ქისტურად მეტყველი მოსახლეობის ძირითად ნაწილს, უმეტესობას წარმოადგენენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნ. მარს მაისთური მეტყველება ცალკე ენად მიაჩნდა. მისი აზრით, ნახურ ენათა ჯგუფ-ში ოთხი ენა იყო წარმოდგენილი (ჩეჩნური, ინგუშური, მაისთური და წოვა-თუშური). რა თქმა უნდა, მაისთურის ცალკე ენად გამოყოფის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ტერმინი ნახური (ნ ა ხ `ხალხი”+უ რ – ი ქართული ფორმანტები) დაამკვიდრა ინგუშმა მკვლევარმა ზ. მალსაგოვმა. როგორც ცნობილია, XX საუკუნის 20-იან წლებში ჩეჩნურ-ინგუშური საერთო სახალხო ენა ორ სალიტ. ენად გაიხლიჩა. ნ ა ხ უ რ ი ე ნ ა, ნ ა ხ ი ს ტ ა ნ ი (ქვეყანა) ტერმინების დამკვიდრებით იგი შეეცადა ამ ორი ხალხისა და, აგრეთვე, ორი სალიტ. ენის გაერთიანება (ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა).
დ. მალსაგოვისთვის ნახური ენების ჯგუფში სულ ორი ენა შედის _ ჩეჩნურინგუშური და წოვა-თუშური. მაისთური ენა კი სამართლიანად მიიჩნია ჩეჩნური ენის გალანჭოჟური დიალექტის კილოკავად. საინტერესოა დ. მალსაგოვის ჩეჩნურ-ინგუშური ენის დიალექტთა კლასიფიკაცია. ჩეჩნურ-ინგუშურ გაერთიანებულ ენაში მან შემდეგი დიალექტები გამოყო:
1) ჩეჩნური ენის ბარის კილო;
2) ინგუშური;
3) ჭებერლოური;
4) ითუმყალური;
5) გალანჭოჟური;
6) ახიური.
ამ დიალექტებიდან გალანჭოჟური ამჟამად არ არსებობს. ჩეჩნებისა და ინგუშების თავიანთი ისტორიული სამშობლოდან გადასახლების შემდეგ გალანჭოჟი დაცარიელდა_ ყაზახეთიდან და შუა აზიიდან დაბრუნებული მოსახლეობა იქ აღარ დაბრუნდა (უფლება არ მისცეს, კონტროლი ძნელი იყო!).
დ. მალსაგოვის კლასიფიკაციაში არ ჩანს ქისტური, რომელიც მაშინაც (დ. მალსაგოვის ნაშრომი დაიბეჭდა
1941 წელს ქ. გროზნოში), როგორც დღეს, პანკისში იყო წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ დ. მალსაგოვის ნაშრომი ჩეჩნურ-ინგუშური ენის დიალექტოლოგიას ეხება,საგანგებოდ არის შესწავლილი ამ ენათა დიალექტები და ამასთან, ამ ნაშრომს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ქისტური მკვლევართა ყურადღების მიღმა დარჩა დიდი ხნის განმავლობაში. პირველი ნაშრომი, რომელიც უშუალოდ ქისტურს ეხება, ეკუთვნის დ. იმნაიშვილს. ნაშრომის სათაურია: `ქართული ენიდან სიტყვათა სესხების კანონზომიერებისათვის
პანკისის ქისტურში” (იკე, ტ. XI, თბ., 1959 წ.).
ცნობილია, რომ ნასესხები სიტყვები იცვლებიან მსესხებელი ენის ფონეტიკური და გრამატიკული კანონზომიერებების მიხედვით. პანკისურ ქისტურში, აღნიშნული ნაშრომის მიხედვით, განსხვავებული ვითარებაა, კერძოდ, ქართულიდან ნასესხებ სიტყვათა რაოდენობა სოფლების მიხედვით განსხვავებულია. გარდა ამისა, ს. დუისის მეტყველებაში ნასესხები სიტყვები უფრო მეტად `გაქისტურებულია”, ვიდრე ჯოყოლურსა და იმალოურში. ამ მოვლენას ნაშრომის ავტორი სარწმუნოების გავლენით ხსნის: ჯოყოლსა და ომალოს ქისტური მოსახლეობა ადრევე გაქრისტიანდა, დუისის ქისტები კი მაჰმადიანები არიანო.
უნდა ითქვას, რომ სარწმუნოების მხრივ ვითარება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიცვალა: ყველა ქისტი ამჟამად მაჰმადიანური რელიგიის აღმსარებელია. სესხების კანონზომიერებიდან აღნიშნულ ნაშრომში საყურადღებოა: 1) ნასესხებ სიტყვებში ხმოვანთა პოზიციური დაგრძელების შემთხვევები. ხმოვანი გრძელდება ღია მარცვალში ან სონორი თანხმოვნის შემდეგ: ოოგურ `აგური”, შოომფურ `შამფური”…); 2) ე, ო ხმოვანთა უქონლობა ჩეჩნურში ნასესხებ სიტყვებშიც ვლინდება: ქართული ე > ჲა | ჲე, ო > უა | უო; ეს წესიც დაზუსტებულია, იგი არ მოქმედებს უმახვილო პოზიციაში, სადაც ე და ო იძლევა ა-ს (მარტივდება სავარაუდო
ჲა > ა, ჳა > ა): კჲედალ `კედელი”, კჳალაფ `კოლოფი” ბილათ `ბილეთი” კჳაკა `კოკა”…
დაწვრილებით არის განხილული ხმოვანთა დისტანციური ასიმილაციის სახეობები (პალატალიზაცია, ლაბიალიზაცია…) ჩეჩნურში, იგივე მოვლენები ნასესხებ სიტყვებშიც იჩენენ თავს ქისტურში: შდრ.: ხეელიჩ (< ხალიჩა), ოოგურ (< აგურ-ი)…კონტაქტური ასიმილაციის მაგალითად მოხმობილია აუ > ოა (ქართ. კავ-ი >
კავ > კაუ > კოა).
ფაქტი კარგად არის შენიშნული, მაგრამ არ არის ახსნილი, რის საფუძველზე არის მიღებული ოა აE კომპლექსისაგან. მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელის ფუძეში ხმოვნის განვითარება,
ზოგი თავკიდური თანხმოვანთა კომპლექსების გამარტივების შემთხვევები, სახელის ფუძის ცვეთის საკითხები…
სტატიაში ზოგი რამ სადავოა, მაგალითად, სხ > ცხ (მ-სხალ-ი > ქისტ. ცხალ), ქართული სხვა, დიალ. ვარიანტი ცხო- ცხ (სხ) კომპლექსს აღადგენს ავტორი ჩვენებით ნაცვალსახელში ც უ ნ ი ნ (იზა `ის” ჩვ. ნაცვალსახელის ნათ. ბრუნვის ფორმა) < იცხუნინ < ისხუნინ… რაც დამაჯერებელი არ ჩანს.
დ. იმნაიშვილის აღნიშნული სტატია მნიშვნელოვანი გამოკვლევაა ქისტური მეტყველების შესწავლის საქმეში. ნაშრომის რეზიუმეში რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა, სრულად არ არის მოცემულ სტატიაში განხილული საკითხები, რითაც იგი ხელმიუწვდომელი გახდა რუსულენოვანი მკვლევრებისათვის. ქისტურ დიალექტს საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა ი. ალიროევმა. მისი `ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტი” დაიბეჭდა 1962 წელს (ჩეჩნეთ-ინგუშეთის ისტორიის,ენისა და ლიტერატურის სამეცნ. კვლევითი ინსტიტუტის მაცნე, ტ. III, ენათმეცნიერება.გროზნო).
ამ ნაშრომში განხილულია (შესავლის შემდეგ) ქისტური დიალექტის ფონეტიკური თავისებურებანი (ფონეტიკური პროცესებით), მორფოლოგიური და სინტაქსურითავისებურებანი. მორფოლოგიური თვისებურებანი მოცემულია შემდეგი თანმიმდევრობით: არსებითი სახელი (სიტყვაწარმოება, მრ. რიცხვის წარმოება, არს. სახელთა გრ. კლასებში განაწილების თავისებურებანი, სახელის ბრუნების თავისებურებანი);ზმნა და ზმნური სიტყვაწარმოება, დროთა წარმოების თავისებურებანი,მიმღეობა და აბსოლუტივი; ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, რიცხვითი სახელი,ზმნისართი, დამხმარე მეტყველების ნაწილები, ლექსიკური თავისებურებანი, ნასესხებილექსიკის წყაროები, ონომასტიკა (ტოპონიმიკა, ეთნონიმიკა, ანთროპონიმიკა).
ნაშრომს ბოლოში ერთვის დასკვნა, რომელსაც მოსდევს ლექსიკურ თავისებურებათა ჩვენება ჯოყოლოურსა და ომალოურში და გამოყენებული ლიტერატურა. გარდა ამისა, დანართის სახით მოცემულია ქისტური ტექსტები რუსული თარგმანებით და ერთი ტექსტის გრამატიკული ანალიზი.
ი. ალიროევის ნაშრომი (სულ 3-87 გვ.) ყურადღებას იქცევს უსისტემობით, კერძოდ, მორფოლოგიური საკითხების განხილვის არათანმიმდევრულობით, თვალშისაცემი ექლექტურობით, ბევრი საკითხი მოცემულია ძალიან მოკლედ, სქემატურად (მაგ., ზმნისართი, დამხმარე მეტყველების ნაწილები, სინტაქსური თავისებურებანიდა სხვა). გამოტოვებულია არაერთი თავისებურება, რაც ქისტურისათვის არის დამახასიათებელი, სპეციფიკური სალიტ. ჩეჩნურთან შედარებით (მაგ., პიროვანი უღვლილების საკითხები, კილოს კატეგორიის საკითხები და ა. შ.). მიუხედავად მრავალი ნაკლისა, ი. ალიროევის აღნიშნულმა ნაშრომმა ქისტური დიალექტის მასალა ხელმისაწვდომი გახადა ჩეჩნური დიალექტოლოგიით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის და ტერმინი `ქისტური დიალექტიც” ამ ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ დამკვიდრდა სათანადო ლიტერატურაში.
ი. ალიროევის დამსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქისტური ლექსიკის შეკრება-გამოქვეყნების საქმეში. ქისტური მასალა (ძირითად მაისთური) წარმოდგენილია მის ნაშრომში `ჩეჩნური და ინგუშური ენებისა და დიალექტების დარგობრივი ლექსიკის შედარებით-შეპირისპირებითი ლექსიკონი” (მაჰაჩყალა, 1975), სადაც ერთ სიტყვა-სტატიაში მოცემულია ჩეჩნური, ინგუშური, ახიური, ქისტური, ჭებერლოური და ითუმყალური მასალა მრ. რიცხვის ფორმებისა და გრამატიკული კლასების ნიშანთა ჩვენებითი ორივე რიცხვში. ეს ლექსიკონი, შეიძლება ითქვას, ნახურ ენათა შესწავლის სინამდვილეში უნიკალურია. მის ერთ-ერთ ღირსებას ბაცბური ენის მონაცემთა ჩვენებაც წარმოადგენს (ბაცბური სათაურში არ ფიგურირებს).
სავარაუდოა, რომ ლექსიკონის II გამოცემა უფრო სრული იქნება, დაზუსტდება ზოგი სიტყვის დაწერილობაც, გასწორდება კორექტურული ხასიათის უზუსტობებიც… ამ ნაკლის მიუხედავად ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს ნახური ენების ლექსიკით დაინტერესებულ მკითხველს. ნახურ ენათა დარგობრივი ლექსიკა განხილულია იმავე ავტორის ნაშრომში `ნახური ენები და კულტურა” (გროზნო, 1978). ქისტური დიალექტი მოკლედ არის დახასიათებული ი. არსახანოვის ნაშრომში ჩეჩნური დიალექტოლოგია” (გროზნო, 1969), სადაც მოცემულია: ფონეტიკური პროცესები, მორფოლოგიური თავისებურებანი მეტყველების ნაწილთა მიხედვით, ნაშრომს ერთვის დიალექტური ტექსტები რუსული თარგმანებითურთ, მათ შორის ქისტური ტექსტიც.
ავტორი საანალიზოდ იყენებს ქისტური დიალექტის მაისთურ კილოკავის მასალას, თუმცა ნაშრომის ამ ქვეთავს ქისტურ დიალექტს უწოდებს (პირობითად). მიუხედავად ამისა, საანალიზო მასალაში თვალში საცემია ქისტური დიალექტის ხილდიხაროული კილოკავის მონაცემებიც (ის, რაც სპეციფიკურია მხოლოდ ხილდიხაროულისათვის). პირველი მონოგრაფია, რომელიც ქისტური დიალექტის ერთ კონკრეტულ საკითხს ეხება, ეკუთვნის ს. გუმაშვილს, ნაშრომის სათაურია: `გრამატიკული კლასის კატეგორიის თავისებურებები ჩაჩნური ენის ქისტურ დიალექტში” (ხელნაწერი, თსუ,
1983).
ცნობილია, რომ გრამატიკული კლასის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი, საკვან ძო საკითხია ნახური ენებისა. ნაშრომში განხილულია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია არსებით სახელთა განაწილებასთან მხოლობითსა და მრავლობითში, მასალა შედარებულია ჩეჩნური ენის ბარის კილოს (იგივე სალიტ. ენის) მონაცემებთან, გამოტანილი ზოგი საყურადღებო დასკვნა. `რა” ჯგუფის სახელთა გრამატიკული კლასების მიხედვით განაწილების პრინციპი ნახურ ენებში ახსნილი არ არის _ ჯერ არ ვიცით, რის საფუძველზე განეკუთვნება,
მაგ.:
ა) ~ _ ~ კლასს:
ბუორზ `მგელი”, გოურ `ცხენი”, მორხ | მარხა `ღრუბელი”…
ბ) დ _ დ კლასს:
ჯჵალ | ჟჵალი `ძაღლი” ჵეს | ესა `ხბო”, ხი `წყალი”…
გ) ბ _ ბ კლასს:
ნითთ `ჭინჭარი”, ჩიმ `ფიფქი” და ა. შ.
გრამატიკული კლასის კატეგორიის შესახებ აზრი ნახურ ენათა თითქმის ყველა მკვლევარმა გამოთქვა, ამ საკითხს ბევრი საგანგებო ნაშრომიც მიეძღვნა, ძირითადი საკითხი მაინც აუხსნელი დარჩა. მიუხედავად ამისა, გარკვეულია ზოგი კერძო საკითხი, მათ შორის ს. გუმაშვილის ნაშრომშიც. ასე, მაგალითად, გარკვეულია, რომ მცირერიცხოვანი არს. სახელები ჩეჩნურ სალიტ. ენასა და ქისტურში სხვადასხვა კლასში არის განაწილებული (1700 ერთეულიდან _ 63); გამოვლინდა, რომ ზოგ შემთხვევაში ქისტური და ინგუშური ავლენენ მსგავსებას, უფრო მეტიც, არსებით სახელთა გრამატიკულ კლასებად განაწილების საკითხში ერთფეროვნება არც ქისტურ მეტყველებაში ყოფილა, სხვაობა შეინიშნება ერთსა და იმავე სოფლის მეტყველებაშიც.
ი. არსახანოვის ნაშრომის (`თანამედროვე ჩეჩნური ენა”, გროზნო, 1965) მიხედვით ცნობილი იყო, რომ ორივე რიცხვის მონაცემებით არს. სახელები ჩეჩნურ სალიტ. ენაში 6 ჯგუფს ქმნიდნენ, ქისტურ დიალექტში კი ასეთი 9 ჯგუფი გამოიყო (ამდენივე ერთეული გამოყო ა. თიმაევმა ჩეჩნური ენის ახიურ კილოკავშიც). გრ. კლასის ნიშნების გამოყენებაში რყევები მათი მოშლის წინაპირობაა. სავარაუდოა, რომ რყევები, პირველ რიგში, უნდა დაწყებულიყო ნასესხები სიტყვების გამოყენებით _ ნასესხებ სიტყვებში ასეთი ნიშნები არ არსებობდა. სასურველი იყო ნაშრომში მოცემული ყოფილიყო საანალიზო მასალა სრული სახით, თანაც სოფლების
მიხედვით.
ქისტური მეტყველების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია სახელთა ბრუნება (იგივე ითქმის ჩეჩნურ ენის ბარის კილოზეც). ამ საკითხს გამოკვლევა მიუძღვნა რ. ფარეულიძემ (`არსებით სახელთა ბრუნება ჩეჩნურში _ ქისტური მეტყველების მასალის მიხედვით”). ამ ნაშრომში კვლევის სფეროში პირველად მოექცა ადამიანთა
გვარის სახელები, გეოგრაფიული სახელები, ახსნილია ზოგი ე. წ. ჩანართი ელემენტის ფუძისადმი კუთვნილების საკითხი და ა. შ. ნაშრომში სახელთა ბრუნება დაყოფილია ტიპებად, თუმცა ნათქვამია, რომ ბრუნება ჩეჩნურში (კერძოდ, ქისტურში) ერთია. აქედან გამომდინარე, ბრუნების მიხედვით სახელები დაყოფილი უნდა იყოს
არა ტიპებად, არამედ _ სახეობებად.
ქისტური დიალექტი კლასოვან-პიროვანი უღვლილებითაც გამოირჩევა ჩეჩნურინგუშური ენების დიალექტებისაგან, სადაც მხოლოდ კლასოვანი უღვლილება გვაქვს. კლასოვანი უღვლილება კი ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო ყველა იბერიულ-კავკასიური ენისათვის, მათ შორის ქართველური ენებისათვისაც. კლასოვანი უღვლილების განვითარების შემდგომ საფეხურს ქისტური დიალექტი და წოვა-თუშური ენა გვიჩვენებენ (ნახური ჯგუფის ენა-კილოებიდან). ქისტურიც და წოვათუშურიც გავრცელებულია საქართველოში, ორივე მეტყველება ქართული ენის ძლიერი გავლენის ქვეშ ვითარდება. ქართულში კი პიროვანი უღვლილება გვაქვს.
სავარაუდოა, რომ კლასოვან-პიროვანი უღვლილება წოვათუშურსა და ქისტურში ქართული ენის გავლენის შედეგი იყოს. კლასოვან-პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბების საკითხებს ქისტურში ეხება ა. მაგომედოვის ნაშრომი `ჩეჩნური ზმნის გრამატიკული კლასისა და პირის კატეგორია” (მახაჩყალა, 1975) და ს. გუმაშვილის `კლასოვან-პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბებისათვის ჩაჩნური ენის ქისტურ დიალექტში” (მაცნე, ენისა და ლიტ-რის სერია, #4, 1980).
ქისტური ტოპონიმია განხილულია რ. ფარეულიძის სტატიაში `პანკისის ხეობის ქისტური ტოპონიმია” (კრ. `ტოპონიმიკა”, ტ. II, თბ., 1980) და სხვ. ცალკეა გამოსაყოფი ნაშრომები, რომლებიც საგანგებოდ ქისტურს არ ეძღვნება, მაგრამ საანალიზოდ მოხმობილია, სხვა მასალასთან ერთად, ქისტურის მონაცემებიც. ასეთია, მაგალითად, დ. იმნაიშვილის ნაშრომები, ს. გუმაშვილის, თ. გონიაშვილის, ა. ჭინჭარაულის, ლ. სანიკიძის, რ. ფარეულიძის სტატიები. მიუხედავად ამისა, ქისტური დიალექტი ჩეჩნური ენისა დღემდე სათანადოდ შესწავლილი არ არის.
საშურია ქისტური დაილექტის ლექსიკისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრება და გამოცემა, რადგან ბევრი სიტყვა დავიწყებას ეძლევა და ა. შ. გარდა ამისა, საგანგებო შესწავლას მოითხოვს ქისტური ონომასტიკა (საარქივო მასალების მიხედვით, საველე მუშაობის საშუალებით…). ცალკე საკითხია ჩეჩნური ენის სინტაქსის საკითხები. ჩეჩნური ენის სინტაქსური პრობლემების გარკვევაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ქისტური დიალექტის ჩვენებებს.
როსტომ ფარეულიძე