მოსისხლეობის მაგალითი

მოსისხლეობა წინა ბლოგშიც განვიხილეთ თეორიულად. ახლა კი გთავაზობთ მოსისხლეობის მაგალითს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება. ხ.ხანგოშვილის წიგნიდან “ქისტების ადათ-წესები”.
“გასული საუკუნის 80-იან წლებში მოკლეს დუისელი მ. მაჩალიკაშვილი გროზნოს მთებში. მას საკუთარი ცხვარი ჰყავდა, ზამთარ-ზაფხულ ჩეჩნეთის ბარსა და მთაში აძოვებდა. უფრო რომ გაადვილებოდათ ცხვრის მოვლა, პანკისელი მეცხვარეები ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე ცხვრის პატრონებს უამხანაგდებოდნენ(ნამგალს მონახავდნენ) და ერთად აძოვებდნენ მთებში.
იმ წელს მ. მაჩალიკაშვილს მდ. არგუნის ზემოწელში მთაში ჰყავდა ცხვარი. წინა დღეს ჩეჩენი ამხანაგის ნათესავები ესტუმრნენ, მეორე დღეს დილაადრიან დაეშვნენ ჩეჩნები ბარისკენ, არ დაუცადეს დუისელ                  მ. მაჩალიკაშვილა და მის ამხანაგს, რომლებიც ასევე აპირებდნენ ცხენებით ბარში ჩასვლას. სანამ ცხენებს ბარგს აჰკიდებდნენ და სამგზავროდ მოემზადებოდენენ, მზემ მაღლა აიწია. საუზმის შემდეგ ქისტებიც გზას დაადგნენ.
სანამ ითუმხალში ჩააღწევდნენ, საკმაოდ დავაკებული ადგილი უნდა გაევლოთ. წინ მიდიოდა მუხმადი და მას მიჰყვებოდა ჯაბრაილი. უცბად თოფი გავარდა და წინ მიმავალი წაიქცა. ამხანაგმა ვერ გაიგო, საიდან მოისმა თიფის ხმა, მდინარე არგუნი სწრაფად მიექანება, უზარმაზარ ლოდებს ეხეთქება და საშინლად ხმაურობს.
ჯაბრაილმა ჯერ კიდევ ცოცხალი ამხანაგი ცხენს გადაჰკიდა და ითუმხალში ჩაიყვანა, იქიდან მანქანით საავადმყოფოში ჩაიყვანეს, მაგრამ მ.მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ეჭვი ამხანაგზე, გარდაცვლილის თანასოფლელზე მიიტანეს და საბჭოური მეთოდებით დაიწყეს დაკითხვები და ძლიერი ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული. მაგრამ იმდენად აბსურდული იყო მოკლულის ამხანაგის დადანაშაულება მკვლელობაში, რომ მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაულის დაბრალება სურდათ უდანაშაულო კაცისთვის. ალბათ, მოახერხებდნენ კიდეც, თუ არა ითუმხლის საბჭოს თავმჯდომარის პრინციპულობა.
მკვლელობის ადგილის დათვალიერებამ შედეგი ვერ გამოიღო, არავითარი სამხილი არ არსებობდა, გასროლილი მასრაც კი ვერ მოიძებნა. მილიციამ მკვლელობის მოტივი და ვერსიაც კი ვერ დაადგინა და დაზარალებულები მიხვდნენ, რომ მათი კაცი იკარგებოდა “საგ ვოუშ ვა” და დაიწყეს ძიება.
ეჭვი ნამგლის(პატრონის) ოჯახზე მიიტანეს, დაადგინეს, რომ საქმეში შესაძლებელია ქალი ყოფილიყო გარეული, მაგრამ გარდა ეჭვისა, არანაირი სამხილი მ. მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობდა. თუნდაც ყოფილიყო რაიმე, მკვლელობა დაუშვებელია, რადგან ქისტური სამართლის არსებობს დასჯის მეთოდები, შეურაცხყოფის ანაზღაურების ჯარიმები და ა.შ.
შედგა ადათობრივი სამართალი. ჩეჩნებმა დაიფიცეს და საქმეც შეწყდა, მაგრამ არა! მაჩალიკაშვილები იძიებდნენ საქმეს და დარწმუნდნენ, რომ მათი კაცი მოკლეს იმ საბედისწერო დღეს მთიდან დილით ადრე წამოსულებმა. მკვლელობის ადგილის დეტალურმა დათვალიერებამ მკვლელობის სურათი აღადგინა: მკვლელები მკვლელობის ადგილიდან ცოტა მოშორებით მდ. არგუნის გაღმა გავიდნენ, ნაპირს დაბლა ჩამოჰყვნენ და მურყნარში ჩასაფრდნენ, ახალგაზრდა ნორჩი მურყანის ტოტიც გადატეხეს, რომ სამზირი გაეფართოებინათ. წყალგაღმიდან დაუმიზნეს და ესროლეს ცხენის წინ მიმავალ მ. მაჩალიკაშვილს, ასევე მოინახა კაცი რომელმაც დაასახელა მკვლელობის დამკვეთი – მკვლელის დედა.
გავიდა ხანი. წამოიზარდა მოკლულის ძმისშვილი, რომელიც გროზნოში გაემგზავრა და იქ დაიწყო მუშაობა. გზადაგზა იკვლევდა მკვლელის ვინაობას, ადგილსამყოფელს და ერთ ღამესაც შუა სოფელში მიადგა სახლს და დაუძახა. მასპინძელმა კარში გამოიხედა, იკითხა რომელი ხარო და ჭიშკრისკენ წამოვიდა. შურისმაძიებელი შეეკითხა, შენ არ ხარო მავანი და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ჰკითხა:
-რატომ მოკალი ბიძაჩემი, რა დაგიშავა?
-აუჰ! – ამის თქმაღა მოასწრო და პისტოლეტმაც იქუხა.
შურისმაძიებელმა სწრაფად დატოვა სოფელი და იქვე ნაპირას მდგომ ძველ დანგრეულ სკოლის შენობას შეაფარა თავი. სოფელში განგაში ატყდა, შეიარაღებული ხალხი დაეძებდა სისხლის ამღებს და არავის აზრად არ მოსვლია, შეეხედათ დანგრეულ, ბურახმოდებულ შენობაში. ის კი შუაღამისას, როცა ყველაფერი მიჩუმდა, გამოვიდა, რკინისგზის ლიანდაგს გაუყვა და ჩავიდა სოფელ სამაშკაში დეიდასთან, რომელიც იმ სოფელში იყო გათხოვილი.
ერთ-ერთ მდევარს, მოკლულის ნათესავს, შემდეგ ეთქვა, რომ ვერაფრით ვესროდი თოფს იმ ახალგაზრდას, რომელიც ისეთი მამაცი აღმოჩნდა, მარტო შევიდა ჩეჩნების სოფელში და ნათესავებითა და გვარ-ტომით შემორტყმული კაცი მოკლა და ბიძის სისხლი აიღო. მართლაც მამაცი იყო მუხმადის ძმისშვილი, სანაქებო ყუანახი დადგებოდა, ახალგაზრდა რომ არ წასულიყო ამ ქვეყნიდან: რუსის ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა ინგუშეთის მთებში ინგუშ მეგობართან ერთად.”

Share

Leave a Reply