ჯოჰარ
თავს დაგიხრიან ხენია,
სუნჟა გიმღერის ნანასა,
ჟუჟუნა წვიმა აკურთხებს
სისხლით დანამულ ყანასა,
რა დაავიწყებს ბუნებას
ვაჟკაცსა შენისთანასა?
არ დაჩიავდეს დაიმოხქი
დევ-გმირთა ნამეოხარი,
ცხოველებს, კლდეებს, ხეთა ჯარს,
მარად ახსოვდეთ ჯოხარი.
ნუთუ გზა ისევ გვიჩვენა
გადაბრუნებულ ურემმა?
ოდეს ყოფილა ეული
მგელი დაჩაგრონ ტურებმა?
ოდეს ყოფილა ჩეჩენი
დუშმანს გაუხდეს მონადა?
ხმალს აღმართავდა ჯოხარი
მტაცებელთ გასაგონადა,
სამშობლოს დასაცავადა
მტრის სისხლის გასაჟონადა.
მთაში შენს საფლავს ამაყად
კვლავ დარაჯობენ ხენია,
ტკბილადაც მოგაგონდება
თავისუფლების დღენია.
ხავსმოდებულ საფლავის ქვას
ამშვენებს წმინდა შაჰადა,
უფალმან შენი სახელი
მარადიული გახადა.
დღემდეცა იდუმალია,
შენი საფლავის ადგილი
მტრისთვის საფლავის მიგნება
რომ არა იყოს ადვილი.
მხოლოდ რჩეულთა მებრძოლთა
იციან სად არს საფლავი,
რომ არ გაუხდეს დამპყრობელს
იგი საჯიჯგნი-სახრავი.
დღემდე იცავენ, უვლიან,
ცივ სიოს არ აკარებენ,
ლოცვასაც აღავლენენ და
იმ ქვეყნად გაგახარებენ.
ისევ ღამდევა, ამოდის
მწვერვალთა თავზე მთვარეა
ეული მგელი ბანს აძლევს,
და მთელი არემარეა.
საფლავის თავზე ბერმუხა,
ათასწლეულთა მნახველი,
მოჰყვება მატიანესა,
საგანძურთ გადამნახველი.
ხოლო პატარა მდელოსა
აგიყოვებენ იანი,
ერთ დღესაც აფრიალდება
იჩქერთა დროშა მგლიანი!
ალეკო კვახაძე
2012 აპრილი