როსტომ ფარეულიძე: ჩეჩნური ენა

ნაშრომი ეძღვნება ჩეჩნური ენის გრამატიკას _ ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ძირითად სინტაქსურ მოვლენებს. ჩეჩნური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფში ინგუშურ და წოვა-თუშურ ენებთან ერთად.

ჩეჩნებსა და ინგუშებს ერთი სასაუბრო ენა აქვთ, მიუხედავად ამისა, მე- 20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ცალკე ჩეჩნური და ცალკე ინგუშური სალიტერატურო ენები ჩამოყალიბდა. ნაშრომში, ნახურ ენათმეცნიერებაში არსებული გრამატიკული მემკვიდრეობის გარდა, გათვალისწინებულია ავტორის მიერ ჩეჩნური ენის შესწავლისას მიღებული დასკვნები. ნაშრომს აქვს როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო ხასიათი. მისი პრაქტიკული დანიშნულების გამო არ არის განხილული ის სადავო საკითხები, რომელთა შესახებ საენათმეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა.

გარდა ამისა,რთული და სპეციფიკური გრამატიკული საკითხები, შესაძლებლობის ფარგლებში, მარტივად არის განხილული. ჩეჩნურ-ქართულ ლექსიკონში, რომელიც ნაშრომს ერთვის, ცვალებადი გრამატიკული კლასის ნიშნის მქონე სიტყვები წარმოდგენილია მხოლოდ д- ნიშნით. მაგრამ ასეთი სიტყვები დალაგებულია არა д-ზე, არამედ მის მომდევნო ხმოვანზე. ასე, მაგალითად, д-ада “გაქცევა” შეტანილია а-ზე, д-ита “დატოვება” _ и-ზე და ა. შ. აღსანიშნავია, რომ й- კლასის ნიშნის გრაფიკულად გამოყოფის შესაძლებლობა არ არის е, я, яь, ю, юь ასონიშნებით დაწყებულ კლასნიშნიან სიტყვებში (შდრ. еха, უნდა იყოს й-эха “თხოვნა”, “გრძელი”…), ასეთი სიტყვები ლექსიკონში ვარსკვლავით არის აღნიშნული.

სიტყვათა დალაგების ამ პრინციპს, თავისი ნაკლის მიუხედავად, უპირატესობა აქვს _ ლექსიკონი განტვირთულია იმ ლექსემებისაგან, რომლებიც მხოლოდ გრამატიკული კლასის ნიშნებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ტერმინებში ნახ-ურ-ი, ვაი-ნახ-ურ-ი გამოიყოფა ნახ ფუძე, რომელიც ჩეჩნურში, ინგუშურსა და წოვა-თუშურში ნიშნავს “ხალხს, ადამიანებს”. -ურ-ი დაბოლოება ქართულია (შდრ., რუსული нах-ск-ий, вай-нах-ск-ий). მაშასადამე, ნახ-ურ-ი ნიშნავს ამას: ხალხ-ის-ა, ხალხ-ურ-ი.

ვაინახ-ურ-ში ვაი (< ვაინ ) “ჩვენი” კუთვნილებითი ნაცვალსახელია: ვაი-ნახ (< ვაინ ნახ) “ჩვენი ხალხი”, “ჩვენებურები”. მა- შასადამე, ვაინახ-ურ-ი ნიშნავს “ჩვენს ხალხს”, “ჩვენებურებს”. ნახურ-ი ტერმინით აღინიშნება სამივე (ჩეჩნური, ინგუშური, წოვა-თუშური) ენა, ხოლო ვაინახურ-ით _ ჩეჩნური და ინგუშური (წოვა-თუშურის გამოკლებით). ნ ა ხ სიტყვისაგან ნაწარმოებია, აგრეთვე, ტერმინი ნახოლოგია. ყველა ეს ტერმინი ხელოვნურია, სამუშაო ტერმინებია და მათი გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით არის გამართლებული. ეს ტერმინები, მათი ხელოვნურობის მიუხედავად, კავკასიოლოგიაში ფართოდ გავრცელდა მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებიდან.

წიგნის ელექტრონული ვერსია > გადმოწერა

Share