მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩეჩენთა და ინგუშთა წინაპრებს განუწყვეტლივ უხდებოდათ მრავალრიცხოვან მტერთა თავდასხმების მოგერიება. ამგვარ არამშვიდობიან, დაძაბულ ვითარებაში, ვაინახი გლეხი ერთდროულად უნდა ყოფილიყო მხვნელიცა და მწყემსიც, ქვისმთლელიცა და მეომარიც, რათა გადარჩენილიყო და თავისუფლებაც შეენარჩუნებინა. ნებისმიერ წამს შეეძლო საბრძოლველად მოეხმო მისთვის მთისა თუ კოშკის წვერზე დანთებულ კოცონს.
და მაშინ უნდა გაცემულიყო პასუხი ოდინდელ კითხვაზე – სიკვდილი თუ გამარჯვება. ამდენად, ვაინახის ცხოვრებაში, საგანგებო მნიშვნელობას იძენდა სამხედრო საქმე. იგი (ისევე, როგორც იარაღი), ჩეჩნებსა და ინგუშებში, დროის შესატყვისად, საკმაოდ მაღალი დონისა იყო, რამეთუ ემყარებოდა საკუთარ მდიდარ გამოცდილებას და აგრძელებდა საუკუნოვან ტრადიციებს, აგრეთვე შემოქმედებითად ითვისებდა ამ დარგში მომხდარ სიახლეებსა და გამოგონებებს.
ვაინახთა სამხედრო საქმე წარსულში რეალურად შეესაბამებოდა მათსავე სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, ყოფით გარემოს, ეპოქის სულსა და საარსებო მოთხოვნებს. აქაური გამოცდილი მეომრები კარგად იცნობდნენ და ერთობ ჩინებულად იყენებდნენ ძველთაგან ხმარებული დამცავი და შესატევი იარაღის ძირითად ნიმუშებს, რომელთა ცალკეული სახეობანიც, სრულყოფის უწყვეტ პროცესში, მუდმივ ურთიერთგავლენას განიცდიდნენ.
ამასთან, ადგილობრივ მთიელთა შეიარაღების თუ ამ იარაღის ბრძოლაში გამოყენების სოლიდური, მდიდარი ცოდნა ნასაზრდოებია როგორც საკუთარი საუკუნოვანი მდიდარი ტრადიციებით, ასევე მეზობელთა მოწინავე გამოცდილების ყურადღებით შესწავლით. იარაღი ხომ მუდამ უფრო “საერთაშორისო” იყო, ვიდრე მატერიალური კულტურის სხვა საგნები.
მისი ახალი ნაირსახეობანი, უფრო სრულყოფილნი და უფრო გამოსადეგნი, უფრო სწრაფად ხვდებოდნენ მეზობელი ხალხის ხელში, ვიდრე სამკაული და შრომის იარაღი, რადგან ჩამორჩენა სამხედრო საქმესა და შეიარაღებაში დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი შეიძლებოდა გამხდარიყო.
თავდაცვის იარაღი
მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩეჩნებსა და ინგუშებს შესატევი იარაღისაგან საიმედოდ იცავდა აბჯარი, საბრძოლო თავსარქმელნი, ფარები, ხელნავები და საბრძოლო თათმანები.
მთიელ მებრძოლთა სხეულს ფარავდა თავიდან ტყავის, ხოლო შემდგომ უფრო საიმედო ლითონის რგოლოვანი საჭურველი – ჯაჭვის პერანგი და რგოლოვანი ჯავშანი, რომელთაც სწორსახელოიანი კვართის ფორმა ჰქონდათ, კვად
რატული ჩაჭრილი თავგასაყარი (ხშირად საყელოიანიც) და ჭრილი თეძოზე.
იხმარებოდა აგრეთვე გაშლილი თარგის (ანუ გრძივ გახსნილი), მრგვალი თავგასაყარისა და გადაფენილ საყელოიანი ფორმის ტანსაფარი.
თითქმის ერთნაირი ფორმისა და რგოლთა ბმის მქონე ჯაჭვის პერანგი და რგოლოვანი ჯავშანი არსებითად განსხვავდებოდნენ ერთურთისგან კონსტრუქციული დეტალებით. უმთავრესად ეს განსხვავება გამოიხატებოდა ლითონის რგოლთა დამზადების ხერხში (თუ პერანგში შედუღებულ–მოქლონვილია, რგოლოვან ჯავშანში მხოლოდ მოქლონვილია), დამაგრების ხერხში (პერანგში ორმხრივი, “სამსჭვალზე”, ჯავშანში – ცალმხრივი, “ხიჭვებზე”), მავთულის განივკვეთში (პირველში – მრგვალი, მეორეში – გაბრტყელებული), რგოლთა ფორმაში (პირველში – წრიული, მეორეში – ოვალური) და ზომაში (პირველის რგოლები შედარებით მოზრდილია).
სხვაობაა რგოლთა რაოდენობაშიც (ჯაჭვის პერანგში არანაკლებ 20 ათასი, რგოლოვან ჯავშანში – 60 ათასი და მეტი), ხოლო წონით მეორე პირველზე ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ საჭურველში რგოლები თავისებურად იყო განლაგებული: შედარებით მასიურნი – მხრებსა და მკერდზე, ნაკლები – კალთებზე, სახელოებსა და საყელოზე. ეს განსაზღვრული მიზნით კეთდებოდა: ჯერ ერთი, რომ მსუბუქი და მოსახერხებელი ყოფილიყო და მეორეც – მეტად მოწყვლადი (ანუ შესატევი იარაღით უკეთ მისადგომი) ადგილები უკეთ ყოფილიყო დაცული. ამიტომ, მეიარაღე ასეთ ადგილებს აძლიერებდა მომსხო რგოლების ჩაწვნით, ხოლო ნაკლებმოწყვლად ზონებს მომცრო რგოლების ხარჯზე ამსუბუქებდა.
შესატევი იარაღის სწრაფი განვითარების გასაწონასწორებლად რგოლოვანმა ჯავშანმა, რომელიც ჯაჭვის პერანგის ევოლუციის და სრულყოფის საფუძველზე წარმოიშვა, არაუგვიანეს XV საუკუნისა, ფართო გავრცელება ჰპოვა ვაინახ მეომრებში. თუმცა მას ჯაჭვის პერანგი სავსებით არ გაუძევებია ხმარებიდან, არამედ განაგრძობდა მასთან თანაარსებობას გასული საუკუნის დასაწყისამდე. ხანდახან მებრძოლი ორივე ზემოაღნიშნულ საჭურველს ერთიმეორეზე ჩაცმულსაც კი იყენებდა. ეს საჭურველნი საკმაოდ მსუბუქნი გახლდნენ და ერთნაირად მოსახერხებელნი მხედრისათვის და ქვეითისთვისაც.
საჭურველქვეშ მეომარი ატარებდა მჭიდრო დალიანდაგებულ (შალის ან ბამბის) ჩასაცმელს, რაც უფრო მოსახერხებელს ხდიდა საჭურვლის ტარებას. ჯაჭვის პერანგები და რგოლოვანი ჯავშნები საიმედოდ იცავდნენ პატრონებს იმ პერიოდშიც, როცა კავკასიაში გავრცელდა (მართალია ჯერ კიდევ არასრულყოფილი) ხელის ცეცხლსასროლი (პატრუქიანი და კაჟიანი) იარაღი.
ბურთულასებრი ტყვიები ძალზე იშვიათად ახერხებდნენ რგოლოვანი წნულის გახვრეტას, ისიც ძალზე ახლო მანძილიდან სროლისას.
ამასთან დაკვშირებით დიდად საინტერესოა XIX საუკუნის დასავლეთევროპელი სწავლულისა და მოგზაურის ვ.ი.კლაპროტის ცნობები, რაც ნათლად ახასიათებს ადგილობრივი საჭურვლის სიმტკიცეს, იგი გვამცნობს: “მათი ჯაჭვის პერანგები მეტწილად ძვირად ფასობენ; მათ შორის ხშირია ძალზე კარგი ნახელავი.
გამოცდის მიზნით მათ აფენენ ხბოზე და ესვრიან პისტოლეტს. როგორც წესი, ტყვია ვერ ხვრეტს მათ, ხოლო ხბო ოდნავ შეტოკდება ხოლმე. ჯაჭვის პერანგის ქვეშ ისინი ატარებენ დაბამბულ სამოსს, რაც ტყვიის ასხლეტას აუმჯობესებს.”
მეომრები საჭურველს შიგნიდან და გარედან ხშირად აკერებდენენ ჭრელ (ხანდახან ძვირფას) ქსოვილებს, რათა იგი სატარებლად მოსახერხებელი და შენიღბული ყოფილიყო. საჭურვლის მჭიდროდ მოსარგებად ხმარობდნენ სარტყელს და სხვადასხვა იარაღის ქამრებს.
საჭურვლის აღნიშნული სახეობანი წარსულში საკმაოდ ძვირად ფასობდნენ (მაგალითად ერთი ჯაჭვის პერანგის საფასურად, მისი ხარისხის შესაბამისად, იძლეოდნენ 10––დან 200 ხარამდე) და მათი ქონა შეეძლო მხოლოდ შეძლებულ და ცნობილ მეომარს.
საბრძოლო თავსარქმელად წარსულში ადგილობრივი მთიელნი იყენებდნენ ლითონის ნაჭედ მუზარადებს,ჯაჭვის სარქმელს და სპეციალურ დალიანდაგებულ ქუდებს.
XVII საუკუნემდე ვაინახებში სჭარბობს კონუსური და სფერულკონუსური ფორმის მუზარადები, ხშირად რამდენიმე ნაწილისაგან მოქლონვილი და ჯაჭვის ზარადინით დაბოლოებული (კისრის, მხრების, ყურების და ნაწილობრივ სახის დასაცავად). ხანდახან ჩაფხუტებს აქვთ მომრგვალებული (ხშირად რგოლიანი) ან წვეტიანი დაგვირგვინება, საჩიხი (წინაფრა) და სამზერი ჭრილები.
ამ ჩაფხუტთა პოპულარობა და გავრცელებულობა განპირობებულია მათი სიმარტივით, საკმაო სიმტკიცით და საიმედოობით. მდოვრედ წაგრძელებული ფორმა და ვიწრო დაბოლოება ხელს უშლიდა პირდაპირი შვეული დაკვრის განხორციელებას საკვეთ–საჩეხი (მახვილი, ხმალი) და საცემი იარაღით (გურზი, კვერთხი და მისთანანი), რომელნიც სხლტებოდნენ ამგვარი ზედაპირიდან.
სიძვირის გამო ასეთი ჩაფხუტის ქონა ვაინახ მეომართა შეძლებულ ფენას თუ შეეძლო. ძირითადად ესენი იყვნენ ცნობილი მხედრები.
“მისიურკა” შედგებოდა ლითონის პოლოტიკისა და გრძელი გროლოვანი ბადისაგან. ამ კოსნტრუქციის წყალობით იგი მშვენივრად იცავდა თავს, სახეს, კისერსა და მხრებს.
სახელიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ “მისიურკა” ჩრდილო კავკასიაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა (არაბული სიტყვიდან “მისრ” – ეგვიპტე) და შედარებით მარტივი ფორმის, საიმედოობის, სიიაფის, მოსახერხებლობის და პრაქტიკულობის (განსაკუთრებით მთიან და ტყიან გარემოში) გამო ფართო გავრცელება ჰპოვა XVII–XIX საუკუნეებში ჩეჩნეთ–ინგუშეთისა და საქართველოს მთიელთა შორის, თანდათანობით გამოაძევა რა ხმარებიდან ნაჭედი ლითონის ჩაფხუტები.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლაში “მისიურკას” ხანდახან ჩაფხუტის ქვეშაც ატარებდნენ, როცა ამ უკანასკნელს ზარადინი შემოაცვდებოდა ხოლმე. შიდა მხრიდან ჩაფხუტებსა და “მისიურკებს” აფენდნენ დალიანდაგებულ (შალის ან ბამბის) შუასაფენს, რაც აიოლებდა ტარებას და გარკვეულწილად ფანტავდა თავსარქმელზე მიყენებულ დარტყმათა ძალას.
ამავე მიზნით ვაინახები დამატებით იყენებდნენ საგანგებო ჩაფხუტქვეშა ნაჭრის სარქმელს, ხოლო საბრძოლო თავსარქმელს, მჭიდროდ მოსარგებად, გვერდებზე ამაგრებდნენ თასმებს, რომელთაც ნიკაპქვეშ ინასკვავდნენ.
ხშირად ზარადინის ძირა ნაწილის შესაკრავად ხმარობდნენ სპეციალურ შიბს ან კავს.
ჩამოთვლილ ლითონის თავსარქმელებთან ერთად ვაინახები ძველთაგან ხმარობდნენ ფერადი ქსოვილის ან ტყავის დალიანდაგებულ საბრძოლო თავსაბურავსაც (მეტწილად ქუდებს). სწორედ ამ ნიმუშებით სრულდება მთელი ჩრდილო კავკასიის მთიელთა საბრძოლო თავსარქმელების მრავალსაუკუნოვანი ევოლუცია.
მეტწილად ისინი მრგვალი ფორმისა იყო და ორფეროვანი, მჭიდროდ დალიანდაგებული შალზე, სელზე ან ბამბაზე. ხშირად ამ თავსაბურავთა ქვედა კიდეები შემოკერებული იყო ფერადი ძაფებით ან ქსოვილის (ხანდახან ტყავის) ქობით.
შუა საუკუნეებში ასეთი ქუდები იმეორებდნენ ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული ლითონის ნაჭედი ჩაფხუტების ძირითად კონსტრუქციულ თავისებურებებს. თუმცა ასეთი თავსაბური საიმედოობით არ იყო ლითონის ჩაფხუტის ბადალი, მაგრამ მაინც საგრძნობლად ამცირებდა მახვილის, ხმლისა და სხვა შესატევი იარაღის დარტყმის ძალას.
ისიც აღსანიშნავია, რომ უბრალოობისა და სიიაფის გამო იგი ხელმისაწვდომი იყო რიგითი ვაინახი მებრძოლისათვის. ამასთანავე, ამ თავსარქმლის ტარება შეიძლებოდა ყოველდღიურად და იცავდა პატრონს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან.
ჩეჩენთა და ინგუშთა დამცავ შეიარაღებაში ერთი უძველეს სახეობათაგანია სხვადასხვაგვარი ფარები (”ტურსი”, “ტორჩი”, “ქხალქხანი” და სხვ.). ჩეჩნეთ–ინგუშეთში ცნობილი მათი ნიმუშები გამოირჩევიან მცირე ზომით, წრიული ფორმით და მოხერხებულობით როგორც ფეხოსანთა, ისე მხედართა ყველა დაცვით მანიპულაციაში.
ყველაზე მასობრივი და ძველი ვაინახებში იყო ბრტყელი, მოწნული ფარი, მკვრივი ტყავით დაფარული ხის ფარი, აგრეთვე მცირედამობურცული, ტყავგადაკრული ხის ფარი, რკინის სალტითა და უმბონით (რომლის დანიშნულებაც იყო პირდაპირი დარტყმის მოგერიება, ხელის მტევნის დაცვა და ფარის ცენტრის სიმტკიცის გაზრდა).
ამათ გარდა ვაინახი მეომრები ხმარობდნენ სხვა სახის ფარებსაც: ტყავის ბრტყელ, ლითონის კარკასიან, ლითონის ფიგურულ ბალთებიან და ამობურცულ მთელნაჭედ ლითონის ფარებს. უკანასკნელ სახეობათა ნიმუშებს ვაინახები იყენებდნენ უპირატესად ახლო ბრძოლებში, მჭიდრო ხელჩართულ შერკინებაში.
მჩეხავი–მკვეთი დარტყმების არეკვლას ვაინახები უმთავრესად ფარებით აწარმოებდნენ და მოცემული ნაირსახეობანი ძირითადად არც თუ ურიგოდ ასრულებდნენ ამ ფუნქციას. სავარაუდოა, რომ ისინი უმკლავდებოდნენ აგრეთვე ჯერაც არასრულყოფილ პატრუქიან და კაჟიან ხელის ცეცხლმსროლელ იარაღსაც.
ლაშქრობაში ფარი ჩვეულებრივ იტარებოდა მხარიღლივ, გრძელ ტყავის ქამარზე დაკიდებული.
ამ მხარეში მოპოვებული ფარები გამოირჩევიან თავისი საგულდაგულო გაწყობით (ცალკეულ შემთხვევებში კი მხატვრულ–მაგიური ლამაზი ორნამენტაციით), რაც უეჭველად მეტყველებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მათ ენიჭებოდათ და აგრეთვე მათ შემქმნელთა მაღალ ოსტატობაზე.
ადგილობრივ ფართა მეტად გავრცელებული ფერებია ყავისფერი, შავი და წითელი. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ XVI–XVII საუკუნის რუსული წყაროები ინგუშებს მოიხსენიებენ სიტყვით “კალკან”, რაც შეიძლება დავუკავშიროთ თურქულ სიტყვას “კალკან” – ფარი. ადგილობრივ სახარეთმცოდნეო ლიტერატურაში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ინგუშთა ეთნიური თვითსახელი ნიშნავს “ფაროსანს”.
საბრძოლო ვითარებაში ხელის დასაცავად პროფესიონალ მეომრებს ემსახურებოდნენ რკინის ან ფოლადის საიდაყვეები და საგანგებო ჯაჭვის თათმანები, რომელთაც ვაინახები შესაძლოა გასცნობოდნენ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, მონღოლ–თათართა მიერ ჩრდილო კავკასიის დალაშქვირს დროს.
საიდაყვე შედგებოდა 2–3 მოხრილი ფირფიტისაგან (ერთი ამათგან დიდი იყო), რომლებიც ერთმანეთს რგოლებით ან ღერძაკებით უკავშირდებოდა და აბზინდიანი თასმებით იკვრებოდა. საიდაყვეს ფსკერზე გამოკრული იყო ფერადი ქსოვილის რბილი, დალიანდაგებული საფენი.
ბრძოლაში ვაინახი მეომრები საიდაყვეებით წარმატებით იგერიებდნენ მახვილის, ხმლის, ხანჯლისა და სხვა ცივი იარაღის დარტყმებს. არსებული გადმოცემით, ვაინახები საიდაყვეს დიდ ფირფიტას ბოლოს უმახვილებდნენ, რათა მჭიდრო შერკინებისას მეტოქისთვის მჩხვლეტი დარტყმა მიეყენებინათ.
ჩეჩენთა და ინგუშთა ჯაჭვის საბრძოლო თათმანი ორი ტიპისა იყო. პირველს განეკუთვნება ერთი ან ორი ფენა ჯაჭვით ნაქსოვი, ქსოვილის სარჩულიანი და ხელზე მორგებული, რომელიც შიშვლად ტოვებდა მხოლოდ თითებს (იარაღის უკეთ საპყრობლად). ამავე მიზნით ხელისგულიც კი არ იყო ჯაჭვით დაფარული. ხანდახან კიდურა მომცრო რგოლებით თათმანი საიდაყვეზე მაგრდებოდა. უფრო ხშირად იგი თასმით მაგრდებობა უშუალოდ ხელზე. მარცხენა ხელი უთათმანო იყო რადგან ფარი იცავდა. ამის მიუხედავად, ვაინახები ხშირად მარცხენაზეც იცვამდნენ თათმანს.
მეორე ტიპს განეკუთვნება თათმანი, რომელიც მთლიანად წვრილი ჯაჭვითაა მოქსოვილი და ფარავს მთელს ხელის მტევანს ხელისგულიან–თითებიანად. ასეთი თათმანი, ჩვეულებრივ, მხოლოდ მარცხენაზე იხმარებოდა, რადგან იარაღის საპყრობად შედარებით მოუხერხებელი იყო.
ამდენად, ამ თარგის თათმანი პირველთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული იყო მთიელებში.
საიმედო დამცავის ხარისხის გამო ვაინახთა ამ დანიშნულების აღჭურვილობა წარმატებით ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას მრავალი საუკუნის განმავლობაში და ასე მოატანა XIXსაუკუნის შუამდე.
შესატევი იარაღი
წარსულში ვაინახთა განკარგულებაში მყოფი შესატევი იარაღი იყოფა სატყორცნ, საჩხვლეტ, საჩეხ–საკვეთ, საცემ და ცეცხლმსროლელ ნიმუშებად.
სატყორცნი იარაღის სახეობებში პირველყოვლის უნდა აღინიშნოს ოდითგან სახელგანთქმული ვაინახურიმშვილდები და ისრები.
გამოიყენებოდა მარტივი, რთული და რთულშედგენილი მშვილდები.
მარტივი მხოლოდ ხისაგან მზადდებოდა. შუა საუკუნეებში იგი საბავშო იარაღად იქცა. რთული მშვილდი შედგებოდა მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან და ემატებოდა სხვა მრავალი მასალა (რქა, ძვალი, მყესი, ტყავი, ჩლაქვი ანუ არყის ხის ქერქი და სხვ.).
ეს მშვილდები ვაინახთა მიერ გამოიყენებოდა ძველთაგან ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე. რთულშედგენილი მშვილდის საფუძველს წარმოადგენდა რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი დამატებითი მასალით შევსებული.
რთული და რთულშედგენილი ვაინახური მშვილდები გამოირჩეოდნენ მომცრო ზომით (მთიან არეში გამოსაყენებლად მოსახერხებელი რომ ყოფილიყო როგორც ქვეითის, ისე მხედრის მიერ), ერთობ საგულდაგულო გაწყობით (ხანდახან ლამაზი ორნამენტაციით ჩლაქვზე და ტყავის ზედაპირზე) და ფრიად საგრძნობი სიმძლავრით.
ისარი შედგებოდა ბუნიკის, ზროსა და ფრთისაგან. სიგრძე მერყეობდა 60–დან 90 სანტიმეტრამდე დანიშნულების შესაბამისად (მაგალითად შეჭურვილი მეტოქის, მხედრობის წინააღმდეგ თუ სხვა).
ისართა ბუნიკებს მრავაგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).
ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განივკვეთი (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.). სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).
ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან (რცხილა, ნეკერჩხალი და მისთ.), ან ამავე მიზნით გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი. საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი და სხვ.) ფრთები.
მშვილდისა და ისრების შესანახად ვაინახები იყენებდნენ ჩლაქვის ან ტყავის შალითებსა და ხის ძირიან კაპარჭებს, რომელნიც ხშირად მდიდრულად ორნამენტირებულნი იყვნენ და ძვლის ფირფიტებით მორთულნი. კაპარჭიიტევდა 25–30 ისარს, რომლის ბოლოც გაფერადებული იყო ხოლმე. ისრები კაპარჭში ბუნიკით დაღმა ლაგდებოდა.
მშვილდის სროლისას ვაინახი მებრძოლეები მარჯვედ ხმარობდნენ ძვლის, ქვის და რკინის საგანგებო დამცავ რგოლებს (მშვილდი ძალიან დაძაგრული იყო) და ტყავის სათითურებს, რომელთა მეშვეობითაც, ტრადიციულთან ერთად, სროლა წარმოებდა “მონღოლური” და “ხმელთაშუა ზღვის” ხერხებით.
გვიანი შუა საუკუნეების ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ფართო გავრცელებას ჰპოვებს (განსაკუთრებით კოშკურა ნაგებობათა და გამაგრებულ ზღუდეთა დაცვისას) კონდახიანი მშვილდები. ისინი გამოირჩეოდნენ სიმძლავრით და სიზუსტით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდითა და ბოძალდით სროლის ურთულეს ხელოვნებაში, რომელსაც ბალღობიდან ასწავლიდნენ, ვაინახებმა უდიდეს ოსტატობას მიაღწიეს, რასაც მრავალრიცხოვანი წყაროებიც ადასტურებენ.
ხშირად, მეტოქის მეტად დაზიანების მიზნით, ბუნიკს ზროზე არამყარად ამაგრებდნენ, რათა ისრის ამოძრობისას იგი სხეულში ჩარჩენილიყო. გამოიყენებოდა აგრეთვე მოწამლული ისრებიც.
ხელჩართულ ბრძოლაში ვაინახთა განსაკუთრებით გამორჩეული იარაღი იყო საჩეხ–საკვეთი ტიპის ნაირსახეობანი – სწორი ორლესული მახვილი (”დოვთ”), ცალპირა ბრტყელი მახვილი, გადრეკილი ხმლები და დრეკადი შაშკები (”ტურრ”, “ტოვრ”).
მახვილები, ბრტყელი მახვილები, ხმლები, აღბეჭდილნი სოლიდური ხარისხითა და ნატიფი გაფორმებით XVII საუკუნის ბოლომდე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩეჩენთა და ინგუშთა შეიარაღებაში.
ამავე დროს, XVII საუკუნეში, მზარდი პოპულარობით სარგებლობს ცივი იარაღის მაღალხარისხოვანი ნიმუშები, რომლებიც გადმოიღეს და გარდაქმნეს მთიულურ ფოლადის შაშკებად (”ვოლჩოკ”, “გურდა”, “კალდამ”, “გუსარ”, “ტრანსილვანკი უზელ”, “დამასკური”, “ჩეჩნური”, “ინგუშური” და სხვ.).
ამასთან ვაინახებმა შედარებით მალე აითვისეს ნაირგვარი შაშკების დამზადების ურთულესი პროცესები და ცნობილი დამასკური ფოლადის წარმოების საიდუმლოებანი.
ვაინახური შეიარაღების არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტი იყო აგრეთვე ერთპირა საბრძოლო დანა (”დოქხა ურს”) და ორლესური ხანჯალი (”შალთა”), რომელნიც დიდი მრავალგვარობით გამოირჩეოდნენ (როგორც ფორმით ასევე ზომით) და გამოიყენებოდნენ როგორც საჩხვლეტი, ასევე საჩეხ–საკვეთი დარტყმისათვის.
ამ უკანასკნელთ, ჩვეულებრივ, ვაინახები ატარებდნენ მუდმივ და ყოველდღიურ ყოფაში და თვლიდნენ ტრადიციული სამოსის წამყვან ელემენტად.
ფართოდ ცნობილი სწორპირიანი “კავკასიური” ტიპის ხანჯლები ვაინახებში ჩნდება XVIII საუკუნის დასაწყისში ადგილობრივ საბრძოლო დანათა ცალკეული ტიპების განვითარების შედეგად და უმეტეს გავრცელებას პოულობს XIX–დან XX–ის დასაწყისამდე.
ხანდახან ვაინახური ხანჯალი დიდ ზომას აღწევდა – “ოთხი თითის დადება” სიფართესა და 70 სანტიმეტრამდე სიგრძეს.
ცნობილი ვაინახი მეომრები ძვირფას აღმოსავლურ იარაღსაც იყენებდნენ (თურქულს, ირანულს, ინდურს და სხვ.), ფოლადის გადრეკილი პირით და ნატიფი (მითიურ ცხოველთა გამოსახულებიანი) ვადაჯვრით. მრავალი ამ ხანჯალთაგან, ხატოვნად გაფორმებული, დამზადებული იყო “დამასკური”, “ეგვიპტური” ფოლადისაგან, შავი ბულატისაგან.
ხელჩართულ ბრძოლაში, მომხდურის უკეთ დაზიანების მიზნით, მძლავრი საჩეხი დაკვრის განსახორციელებლად ვაინახი მეომრები წარმატებით იყენებდნენ ლითონის ცულებსა (”ჯამბოლით”) და ნაჯახებს (”ჯომმაგ “, “ჯამმაგ “, “დიგ” და სხვ.).
საყურადღებოა, რომ ასეთი იარაღის გამოყენება შეეძლო ღარიბ მეომარს, ქვეითს, მოლაშქრეს. ბრძოლაში ცულები და ნაჯახები, არცთუ იშვიათად, სატყორცნ იარაღადაც გამოიყენებოდა. საინტერესოა, რომ ვაინახთა მიერ ხმარებული იყო ე.წ. “წვერისებური” ნაჯახიც, რომელიც ძველ რუსულ ნაჯახს ჩამოჰგავს.
საცემ იარაღად ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგან იყენებდა სხვადასხვა ტიპის მასიურ ხის კომბლებს (”ჩხონკარ”, “ჩონკარ”), ხშირად ლითონით მოჭედილს, წვეტებიანს, ქვისა და ლითონის გურზებს, მოგვიანებით კი რკინის კვერთხებს.
ასეთი იარაღის მრავალსახეობის (კერძოდ კი მრგვალი, ოთხწახნაგა, თორმეტკბილიანი და სხვა) აღმოცენება განპირობებული იყო მძიმედ შეჭურვილ მომხდურთან (აბჯარი, ჩაფხუტი, ფარი) წარმატებული შერკინების აუცილებლობით.
ეს იარაღიც საკმაოდ წარმატებით გამოიყენებოდა სატყორცნად.
ხელის (თოფი, პისტოლეტი) ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა და გავრცელება (ჯერ პატრუქიანის, მოგვიანებით კაჟიანის) ჩეჩნეთ–ინგუშეთში ხდება არა უგვიანეს XV–XVI საუკუნის დასაწყისში, რამაც თავის გავლენა მოახდინა ადგილობრივ კოშკურა ნაგებობებზე (კერძოდ, მათ კედლებში გაჩნდა ვიწრო სათოფურები ცეცხლმსროლელი იარაღისათვის).
ვაინახებთან თოფი და იარაღი შემოდიოდა შავი ზღვის სანაპიროდან, ყირიმიდან, თურქეთიდან, აგრეთვე დაღესტნიდან და საქართველოდან. ამიტომ ისინი ასეც იწოდებოდნენ: “თურქული”, “ყირიმული”, “დაღესტნური”, “ქართული” და სხვა. ვაინახები იყენებდნენ აგრეთვე საკუთარი წარმოების თოფებს (”თოფ”, “თუოფ”) და პისტოლეტებს (”თაფჩა”) – მაგ. “ვაინეხ თუოფ” – “ვაინახური თოფი”, “ნოხჩიაინთაფჩ” – “ჩეჩნური პისტოლეტი” და ა.შ.
წერილობითი წყაროები, XVII საუკინის დასაწყისიდან მოყოლებული, მუდამ აღნიშნავდნენ, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებს ჰქონდათ “ვოგნენი ბოი”, “სიათა”, “ფუზი”, “თოფი”.
თუმცა არასრულყოფილება, შედარებითი სიძვირე, რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლების (მაგ. სწრაფსროლა) უარესობა მაღალხარისხოვან მშვილდებთან შედარებით, ხელს უშლიდა ცეცხლმსროლელ იარაღს ხმარებიდან გამოეძევებინა დახვეწილი რთულშედგენილი მშვილდები ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე.
მხოლოდ მოგვიანებით, მხარეში უფრო სრულყოფილი ცეცხლმსროლელი იარაღის გავრცელების შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ.
დენთის წინასწარარწყული ულუფა (”მუოლხ”, “მოლხაშ”) და ბრპენის ტყვიები (”შუოქალ”, “შოქალაშ”) ინახებოდა ხის ან ძვლის მასრებში – გაზირებში (”ბუსტამაშ”), რომლებიც იდებოდა “ჩერკესკის” გულზე დაკერებულ სამასრეებში.
ამავე მიზნით გამოიყენებოდა სპეციალური სავაზნეები, სადენთეები, ქისები და დამაგვარი ნაკეთობანი.
XIX საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ჩეჩნებმა შეზღუდული რაოდენობით გამოიყენეს ზარბაზანიც (”იოჴა თჳოფ”).
გარდა პირდაპირი საომარი დანიშნულებისა, შესატევი იარაღის ცალკეულ ნიმუშებს ვაინახები სამეურნეო საჭიროებისთვისაც იყენებდნენ (ნადირობა და მისთ.), ასევე რიტუალურ და მაგიურ ღონისძიებებში (მათ სწირავდნენ სალოცავებს, მათზე იფიცებდნენ, ასრულებდნენ ძმადშეფიცვის წესს, იყენებდნენ მარჩიელობისას).
ძველთაგან მოყოლებული, ვაინახები დიდი ზრუნვითა და მოფრთხილებით ეპყრობოდნენ იარაღს, გადასცემდნენ მემკვიდრეობით, ინახავდნენ და ამდიდრებდნენ იარაღის დამზადებისა და მოხმარების ტრადიციას თუ საიდუმლოებას.
ხარისხიანი იარაღი მუდამ ძვირად ფასობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო ექვივალენტის როლსაც ასრულებდა.
შუა საუკუნეების ვაინახურ საზოგადოებაში შეინიშნება ფეოდალიზირებულ სამხედრო დიდგვაროვანთა (განვითარებული სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში) და მათი რაზმების გამოყოფა, რომელნიც საომარი აქციებისა და თავდაცვითი ღონისძიებების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ამით მდიდრდებოდნენ კიდეც.
სწორედ ისინი ფლობდნენ ყველაზე ძვირად ღირებულ, მაღალხარისხოვან (ხშირად შემოტანილ) ნიმუშებსა და საბრძოლო აღკაზმულობის სრულ კომპლექტებს, მიუვალ, ციხესიმაგრის ტიპის კოშკებს, აუცილებელ ჩვევებსა და სპეციალურ სამხედრო–ფიზიკურ მომზადებას.
ვაინახებთა უმეტესობა კი ძირითადად იაფ, “რიგით” იარაღს ატარებდა.
არსებული მასალები სრული სიცხადით წარმოაჩენენ საერთოს როგორც შეიარაღებაში, ასევე სამხედრო ხელოვნებაში ვაინახებსა და მეზობლებს (პირველყოვლის ყაბარდოელებს, ოსებს, აგრეთვე ხევსურებს, თუშებსა და საქართველოს სხვა მთიელებს) შორის.
სამხედრო საქმის განვითარება მათთან ხდებოდა ურთიერთგავლენისა და ურთიერთგამდიდრების პროცესში, ამ დარგში მომხდარი ცვლილებებისა და მიღწევების გულდასმითი გათვალისწინებით.
ნოდარ თოთაძე