განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია გამართეს.
პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრეს.
პროექტის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე, ბავშვებს წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. გარდა ამისა, პროექტის მიზნებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში არსებული სკოლის ბიბლიოთეკების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს წიგნის რესტავრაციის პოპულარიაზაციას ახალგაზრდა თაობაში.
ბოლო წლებში ხეობის სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდა. კერძოდ, 2015 წელს ადგილობივი თემის გააქტიურების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პანკისის ხეობის სკოლებისთვის სამინისტრომ „სასკოლო ინიციატივების“ ფორმატში 12 პროექტი დააფინანსა (ჯამში-32 000 ლარამდე); სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ამუშავდა კითხვის კლუბი, რომელიც აერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს. ისინი ერთად განიხილავენ აქტუალურ თემებს, ამზადებენ სპექტაკლებს, მონაწილეობას იღებენ სასკოლო კონკურსებში; წარმატებით მუშაობს პროექტიც „კინო სკოლაში“.
განათლების სამინისტროს ფოტომასალა.