ბრძოლა თავისუფლებისთვის და ნიკოლოზ პირველის ანდერძი

კავკასიის ომი, ოფიციალური მონაცემებით, 1859 წელს დასრულდა. 1864 წელს დაეცა შამილის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უკანასკნელი ბასტიონი – ჩერქეზეთი.
იმის მიუხედავად, რომ მთიელები სისხლისმღვრელ ომში დამარცხდნენ, მეფის რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ჩრდილოკავკასიელთა თავისუფლებისმოყვარეობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისთვის, ამიტომ მათ გარკვეული უფლებები მისცა, რომელთა გამოყენებაც ადგილობრივ თვითმმართველობაში შეეძლოთ.
მაგრამ რუსეთს მოსვენებას არ აძლევდა კავკასიაში აჯანყებების ახალი ტალღის აგორების შიში, ამიტომ გადაწყდა, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთაგან ყველაზე აქტიურნი გადაესახლებინათ. 1864 წელს დაიწყო ჩეჩნების, დაღესტნელების, ოსებისა და ჩერქეზების თურქეთში გადასახლება. ეს პროცესი უმძიმესი აღმოჩნდა გადასახლებულთათვის. გზაში უამრავი ადამიანი იღუპებოდა. ყოველივე ამან დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. ინგლისში გადასახლებულთა დახმარების კომიტეტიც კი შეიქმნა, რომელიც ჩრდილოკავკასიელებს სპეციალურად შექმნილი ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ეხმარებოდა.
ცარიზმის უსასტიკესი პოლიტიკის მიუხედავად, კავკასია დანებებას არ აპირებდა.
1877 წელს “დამორჩილებულ” ჩეჩნეთსა და დაღესტანში საერთო-სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც სათავეში ედგა ალი-ბეკ ზანდაკსკი. რუსეთის 50-წლიანი ბრძოლის შედეგი – დამორჩილებული ჩრდილო კავკასია – კვლავ უარს აცხადებდა მორჩილებაზე. რუსეთს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა საკუთარი “მონაპოვრის” დასაცავად. ასეც მოხდა: აჯანყებულ რაიონებში უზარმაზარი სამხედრო ძალა გადაისროლეს. ჩეჩნეთში, ერთ ადგილობრივ მოსახლეზე 15 რუსი ოკუპანტი მოდიოდა. ამის მიუხედავად, რუსეთმა აჯანყების ჩაქრობას ზუსტად ერთი წელიწადი მოანდომა. აჯანყების მეთაურები, დაახლოებით 28 კაცი, სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მეთაურთა შორის იყვნენ: 23 წლის ალი-ბეკ ჰაჯი; 70 წლის უმა ზუმსოევსკი; მისი ვაჟი, გვარდიის ოფიცერი დადა ზუმსოევსკი. სასამართლოს თავმჯდომარემ მათ ტრაფარეტული კითხვით მიმართა: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ იმპერიის კანონების წინაშე?” ალი-ბეკ ჰაჯიმ ყველა განსასჯელის სახელით განაცხადა: “ჩვენ ვაღიარებთ, რომ დამნაშავენი ვართ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ალაჰისა და ჩეჩენი ხალხის წინაშე, რადგან ვერ შევძელით ალაჰისგან მომადლებული თავისუფლების მოპოვება!”
28 განსასჯელიდან ყველას სიკვდილი მიუსაჯეს. მათგან მხოლოდ ერთმა ისარგებლა იმპერატორისთვის შეწყალების თხოვნის გაგზავნის უფლებით. მას შეწყალებაზე უარი ეთქვა.
სიკვდილმისჯილებს ჩამოხრჩობის წინ უკანასკნელი სურვილის გამოთქმის საშუალება მისცეს. 28-დან მხოლოდ ერთმა, 70 წლის უმა ზუმსოევსკიმ, ითხოვა: “ბებერი მგლისთვის ყველაზე ძნელი თავისი დაფლეთილი ლეკვის ხილვაა – გთხოვთ, ჯერ მე ჩამომახრჩოთ, შემდეგ კი – ჩემი შვილი!” რუსეთის სასამართლო არც ისეთი დიდსულოვანი აღმოჩნდა, რომ მოხუცისთვის თუნადც უკანასკნელი სურვილი შეესრულებინა – სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამა და შვილი ერთ თოკზე ჩამოკიდეს.
ცარიზმის ანტიკავკასიური პოლიტიკის შედეგად ჩეჩნებისა და ინგუშების რაოდენობა 300 ათასით შემცირდა.
კავკასიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა პერიოდში
1927 წლის მაისში ჩრდილო კავკასიის პირველ კონგრესზე დაფუძნდა ჩრდილო კავკასიისა და დაღესტნის გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი. ეს ორგანო წარმოადგენდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩრდილო კავკასიის, დროებით მთავრობას. იმავე წლის სექტემბერში გაიმართა მეორე კონგრესი, რომელზეც დამტკიცდა ჩრდილო კავკასიის კონსტიტუცია. 1918 წლის 14 მაისს, როდესაც რუსეთში ძალაუფლება კომუნისტებმა ჩაიგდეს ხელში, ჩრდილო კავკასიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გავიდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან. 1918 წლის 8 ივნისს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა თურქეთთან, რომელმაც ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობა აღიარა, ისევე, როგორც სხვა, არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ.
ჩრდილო კავკასიის სახელმწიფოზე პირველი დარტყმა დენიკინელებმა განახორციელეს ლოზუნგით: “ერთიანი, განუყოფელი რუსეთისათვის!” მათ განიზრახეს, მეორედ დაემორჩილებინათ ჩრდილო კავკასია. დენიკინს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ყაბარდოსა და ჩრდილო ოსეთში. ამის შემდეგ მან ჩეჩნეთ-ინგუშეთისკენ გადაინაცვლა, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, როგორსაც არც ერთი მისი გენერალი არ ელოდა. ჩეჩნებისა და ინგუშების დასამორჩილებლად დენიკინმა ფერფლად აქცია მათი ათობით მსხვილი აული და დაბა: ეკაჟევო, დოლაკოვო, ალხან-იურტი, ჩეჩენ-აული, სტარი-იურტი, უსტარ-გარდოი, გუდერმესი, გერზელ-აული და სხვები. დენიკინის ამგვარმა ქმედებამ ჩეჩნებისა და ინგუშების უდიდესი სიძულვილი გამოიწვია. ისინი შურისძიების გრძნობით აღივსნენ და გაასმაგებული ძალით ეკვეთნენ დამპყრობლებს. მოგვიანებით დენიკინმა აღიარა, რომ კავკასია მისთვის “აბობოქრებულ ვულკანად” იქცა.
ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა მარცხდებოდა, მაგრამ 1919 წლის სექტემბერში შეიხმა უზუნ-ჰაჯიმ დენიკინელები გააძევა დაღესტნის, ჩეჩნეთის, ოსეთის, ყაბარდოს მთიანი ზონიდან და კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამჯერად დამოუკიდებელ რესპუბლიკას ეწოდა ჩრდილო კავკასიის საემირო.
1920 წლის თებერვალში დენიკინი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩრდილო კავკასიის საემირო, მაგრამ გამოჩნდა ახალი მტერი – მეორე წითელი არმია, როგორც მთილეთა “განმათავისუფლებელი” დენიკინელებისაგან. სინამდვილეში ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასიის საემირო საერთოდ გააუქმეს.
1920 წლის აგვისტოში ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის მთებში ბოლშევიკების წინააღმდეგ საერთო-სახალხო შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა, რომლის მეთაურიც იმამ შამილის შვილიშვილი, საიდ-ბეკი, იყო. აჯანყება ზუსტად ერთ წელიწადს გაგრძელდა – 1921 წლის სექტემბრამდე. საბოლოოდ, აჯანყებულები დამარცხდნენ, რადგან რუსეთმა მათ წინააღმდეგ წითელი არმიის უმსხვილესი ნაწილები გამოიყენა.
ამ აჯანყების ჩაქრობამდე, 1921 წლის 20 იანვარს, ვლადიკავკაზში გაიმართა მთიელთა ყრილობა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა სტალინი. მან ისაუბრა საბჭოთა ხელისუფლების ნაციონალური პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე და ისიც აღნიშნა, რომ საიდ-ბეკის აჯანყების ყველა მონაწილეს შეეხებოდა ამნისტია, თუ საბჭოთა ხელისუფლებას აღიარებდნენ და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტდნენ. სტალინის თქმით, საბჭოთა ხელისუფლება, თავის მხრივ, აღიარებდა მთიელთა სუვერენიტეტს, რისთვისაც ისინი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. სტალინმა წამოაყენა წინადადება, შექმნილიყო მთიელთა ერთიანი საბჭოთა რესპუბლიკა – ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უფლებით. მისი თქმით, ამგვარად აღსრულდებოდა ჩრდილოკავკასიელთა მრავალსაუკუნოვანი ოცნება, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
მთიელთა ყრილობამ საბჭოთა ხელისუფლებას შემდეგი პირობები წაუყენა: 1. მთიელთა რესპუბლიკის მთავარ კანონებად შარიათისა და ადათის გამოცხადება; ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობა რესპუბლიკის შიდა საქმეებში. 2. მეფის რუსეთის მიერ კავკასიელ მთიელთათვის წართმეული მიწების დაბრუნება.
სტალინმა ორივე პირობაზე თანხმობა განაცხადა. მთიელთა ყრილობის დელეგატებმა, სანაცვლოდ, საბჭოთა ხელისუფლების აღიარება აღუთქვეს. ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ შეიქმნა მთიელთა საბჭოთა რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში უნდა შესულიყო: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ოსეთი, ყაბარდო, ბალყარეთი, ყარაჩაი.
მთიელთა საბჭოთა რესპუბლიკას დიდხანს არ უარსებია. ბოლშევიკებმა მიიჩნიეს, რომ უფრო ადვილი იქნებოდა მთიელთა ცალ-ცალკე მართვა. საბჭოთა ხელისუფლების 1924 წლის დეკრეტით, ერთიანი რესპუბლიკის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე ავტონომიური ოლქი.
ნეპის პერიოდში (1921-1928 წლებში) ჩრდილო კავკასიაში სიმშვიდე სუფევდა. მღელვარება დაიწყო მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება კოლექტივიზაციის განხორციელებას შეუდგა. როცა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის აულებში საოლქო კომიტეტის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, გლეხობას ყველაფერი წაართვეს, “კულაკები” კი ოჯახებიანად დააპატიმრეს, მთელი ჩეჩნეთი აჯანყდა.
ყველაზე მასშტაბური და კარგად ორგანიზებული იყო აჯანყებები სოფლებში: გოიტში (მეთაურები: ახმედ-მულა და კურიევი); შალიში (მეთაური შიტა ისტამულოვი); ბენოეში (მეთაურები: იაროჩი და ხოჯასი).
აჯანყებულებმა შექმნეს დროებითი მთავრობა, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლებას წაუყენა შემდეგი მოთხოვნები: 1. შეწყდეს გლეხობის ქონების უკანონო კონფისკაცია – კოლექტივიზაციის ლოზუნგით; 2. შეწყდეს გლეხების, ქალებისა და ბავშვების თვითნებური დაპატიმრება – “კულაკებთან” ბრძოლის მოტივით; 3. ჩეჩნეთის ყველა რაიონიდან გაიყვანონ ???-ს წარმომადგენლები, მათ ადგილებზე დაინიშნონ ჩეჩენი ხალხის რიგებიდან თავად ხალხის მიერ არჩეული პირები; ამ უკანასკნელთ მიენიჭოთ მხოლოდ კრიმინალური ელემენტების სამართლებრივი დევნის უფლება; 4. გაუქმდეს ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. “სახალხო სასამართლოები”; აღდგეს შარიათის სასამართლოს ინსტიტუტი – როგორც ამას ითვალისწინებდა 1921 წელს ვლადიკავკაზში გამართული მთიელთა ყრილობა; 5. შეწყდეს სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლებების წარმომადგენელთა ჩარევა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის საშინაო საქმეებში.
აჯანყებულებმა მოთხოვნები მოსკოვში გაგზავნეს. ისინი მზად იყვნენ, დაეყარათ იარაღი, თუ ეს მოთხოვნები შესრულდებოდა.
აჯანყების “მშვიდობიანი გზით” ჩასაქრობად ჩეჩნეთში სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა. მათ ადგილზე შექმნეს ადგილობრივი “მშვიდობიანი კომისია”, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ავტორიტეტული სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივი კომისია სოფელ შალიში ჩავიდა და სოფლის მოსახლეობას განუცხადა, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ, თუ აჯანყებულები არ დაყრიდნენ იარაღს. ამის შემდეგ კომისიამ გამოაქვეყნა “ჩეჩენი ხალხისადმი მიმართვა”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩეჩენი ხალხის საშინაო საქმეებს თავად ჩეჩენი ხალხი გადაწყვეტდა. აჯანყებულებმა ეს მიმართვა საკმარისად მიიჩნიეს და იარაღის დაყრაზე თანხმობა განაცხადეს. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, შალიში ჩავიდა GPU-ს რაზმი და აჯანყების ორგანიზატორები დააპატიმრა. ეს ოპერაცია სამ დღეს გაგრძელდა. დამსჯელმა რაზმმა აიყვანა აჯანყების თითქმის ყველა აქტიური მონაწილე. მეოთხე დღეს კი, ღამის პირველ საათზე, ალყა შემოარტყა აჯანყების მეთაურის, შიტა ისტამულოვის, სახლს. GPUს რაზმის ულტიმატუმს, რომ სახლში მყოფნი უბრძოლველად დანებებოდნენ, შიტამ და მისმა ძმამ, ჰასანმა, სროლით უპასუხეს. დამსჯელმა რაზმმა ისტამულოვების სახლს ცეცხლი წაუკიდა. მძიმედ დაიჭრა ჰასან ისტამულოვი. მაგრამ ძმები მაინც არ ნებდებოდნენ თავდამსხმელებს. გამთენიისას გამოჩნდა შიტას დასახმარებლად ჩამოსულ ჩეჩენთა ასკაციანი რაზმი. ისტამულოვები გადარჩნენ. შიტამ ჩეჩნებს “წმინდა ომისკენ” მოუწოდა. მათი მიზანი უნდა ყოფილიყო შამილის იმამატის აღდგენა და კავკასიიდან რუსების განდევნა. ისტამულოვის მოწოდებას მოჰყვა აჯანყებების ახალი ტალღა შალიში, გოიტაში, ბენოისა და სხვა სოფლებში.
1929 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის საზღვართან წითელი არმიის ნაწილები გამოჩნდა. დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო ძალა გაგზავნა: ფეხოსანთა ოთხი დივიზია; მსროლელთა 28-ე დივიზია – ვლადიკავკაზიდან; ვლადიკავკაზის ფეხოსანთა და კრასნოდარის კავალერისტთა სასწავლებლების კურსანტები; სამი საარტილერიო დივიზიონი; სასაზღვრო დაცვის მთის მსროლელთა ორი პოლკი; ???-ს სამი ესკადრონი. ამ ნაწილებს ხელმძღვანელობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური ბელოვი. მათ 1930 წლის იანვრის შუა რიცხვებში აიღეს აჯანყებულთა ორი მთავარი პუნქტი – გოიტა, სადაც გაანადგურეს აჯანყებულთა შტაბი და შალი, საიდანაც ისტამულოვის ლაშქარმა ორგანიზებულად დაიხია უკან, მთიანი ჩეჩნეთისკენ. 1930 წლის აპრილში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება ჩააქრო სოფელ ბენოიშიც.
ამ პერიოდში კომუნისტური პარტიის პოლიტიკაში ერთგვარი ცვლილებები მოხდა: სტალინმა და ცენტრალურმა კომიტეტმა კრიტიკულად შეაფასეს საკოლმეურნეო მოძრაობის განხორციელებისას დაშვებული შეცდომები. გადაწყდა, ნაციონალურ რაიონებში ჩამოყალიბებულიყო არა კოლმეურნეობები, არამედ ამხანაგობები. ჩეჩნეთის პარტიული მუშაკები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და “მემარცხენე გადახრებში” დასდეს ბრალი. ჩეჩნეთიდან გაიყვანეს სამხედრო ნაწილები და გამოაცხადეს, რომ აჯანყების მონაწილეებს და მეთაურებსაც კი ამნისტია შეეხებოდათ.
აჯანყებულები საკუთარ აულებს დაუბრუნდნენ. მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა შიტა ისტამულოვიც. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მას დანაშაული არ აპატია: 1931 წლის შემოდგომაზე ისტამულოვი GPU-ს რაიონული განყოფილების უფროს ბაკლანოვთან დაიბარეს – ვითომდა ამნისტიის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გადასაცემად. სინამდვილეში GPU-ს რაიონულ განყოფილებაში მისული ისტამულოვი მოკლეს. მისმა ძმამ, ჰასანმა, ახალი რაზმი ჩამოაყალიბა და 1935 წლამდე სასტიკად უსწორდებოდა ჩეკისტებს შიტა ისტამულოვის მკვლელობისთვის.
ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისი იყო. GPU-მ ახალი სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება დაიწყო ჩეჩნეთში – ამჯერად კულაკებისა და კონტრრევოლუციონერების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით. დააპატიმრეს 35 ათასი ადამიანი. რეპრესიებს ჩეჩენთა აჯანყებები და პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდებოდა ჩეჩნებს. მიზანმიმართულად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ჩეჩნეთში ყველა ბანდიტია; რომ ისინი მხოლოდ მთებსა და ტყეებში გახიზნულთა შორის კი არ უნდა ეძებნათ, არამედ ბანდიტები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: ჩეჩენი მეცნიერები, მუშები, გლეხები, ჩინოვნიკები, პარტიული მუშაკებიც კი.
1934 წლის შემოდგომაზე სოფელ გელდიგენის მკვიდრთა თვალწინ ????-ს წარმომადგენლებმა ბრძოლაში დაჭრილ იბრაჰიმ გელდიგენსკის ნავთი გადაასხეს და დაწვეს.
1935-1936 წლებში ჩეჩნეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ იგი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1937 წლის 31 ივლისს, ღამით, GPU-მ ჩეჩნეთის ყველა აულში მოულოდნელი თავდასხმა მოაწყო. დააპატიმრეს 14 ათასი ადამიანი. ე.წ. “სამეულმა” დაპატიმრებულთაგან ნაწილს დახვრეტა მიუსაჯა, ნაწილს – საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლება. სიკვდილმისჯილებს ჯგუფურად ხვრეტდნენ. დახვრეტილთა გვამები სატვირთო მანქანებით მიჰქონდათ გორიაჩევოდსკაიას მთის ძირში და ერთად მარხავდნენ.
“გენერალურ ოპერაციას” ახალი აჯანყებები მოჰყვა ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. გაჩნდა პარტიზანთა ახალი ჯგუფები. გააქტიურდნენ ძველი პარტიზანები.
1937 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთში მიავლინეს ეჟოვის მოადგილე შკირიატოვი, რომელმაც ჩეჩნებისა და ინგუშების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო. მისი განკარგულებით, პირდაპირ საოლქო კომიტეტის პლენუმის მსვლელობისას დააპატიმრეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის საოლქო კომიტეტის მთელი შემადგენლობა. ამას მოჰყვა რიგითი მოქალაქეების დაპატიმრებები. აპატიმრებდნენ იმ ჩეჩნებსა და ინგუშებსაც კი, რომლებიც დიდი ხნის წინათ გადასახლდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში. ჩეჩნეთ-ინგუშეთში “წმენდის” ახალი ტალღა 1938 წლის ნოემბრამდე გრძელდებოდა.
1940 წელს ჩეჩნები და ინგუშები კიდევ ერთხელ აჯანყდნენ. აჯანყების მეთაურები იყვნენ იურისტი მაირბეკ შერიპოვი და მწერალი ჰასან ისრაილოვი. ????-ს მტკიცებით კი, აჯანყებას გერმანელები მეთაურობდნენ.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ბოლშევიკები უფრო მეტ სისატიკეს და დაუნდობლობას იჩენდნენ ჩეჩნებისა და ინგუშების მიმართ, ვიდრე ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1942 წელს საბჭოთა ავიაციამ ორჯერ დაბომბა ჩეჩნეთი და ინგუშეთი. დაიღუპა უამრავი ადამიანი – ძირითადად, ბავშვები, ქალები და მოხუცები.
ჩეჩნები და ინგუშები საბჭოთა ხელისუფლებაში ხედავდნენ თავიანთ დაუძინებელ მტერს. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა არა მთელი ერი, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილი. ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც არსებობდნენ კომუნისტები, წითელი არმიის ოფიცრები, ე.წ. სტახანოველები, სოციალისტური შრომის გმირები – ანუ ადამიანები, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ბოლოს და ბოლოს, არსებობდნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც არანაირ მონაწილეობას არ იღებდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამის მიუხედავად, სტალინმა არც ერთი ჩეჩენი და ინგუში არ დაინდო – 1944 წლის 23 თებერვალს ყველა ჩეჩენი და ინგუში გადაასახლა კავკასიიდან. ასე შეასრულა ასი წლის შემდეგ ნიკოლოზ პირველის ანდერძი, რომლის თანახმადაც, კავკასიის მთიელები მთლიანადუნდა განადგურებულიყვნენ.

Share