“ქართველი მწერალი ალ. ყაზბეგი, კარგად იცნობდა ჩეჩნებს, მათ ყოფა-ცხოვრებას, ადათებს, მათ სულისკვეთებას. ყოველთვის დიდი სიყვარულით და სიმპათიებით იყო გამსჭვალული ამ ერის, როგორც თავისუფლებისმოყვარე და გაუტეხელი ერის მიმართ. მან თავის შემოქმედებაში დიდ ადგილი დაუთმო ამ ერის დარდსა და მწუხარებას, მათ ბრძოლას მეფის რუსეთის წინააღმდეგ. აღწერა, როგორ იყვნენ მოქცეული იმდროინდელი კლასობრივი და ეროვნული უსამართლობის მარწუხებში, როგორ არ ურიგდებოდნენ მეფის რუსეთის დამპყრობლურ დამოკიდებულებას და როგორ იბრძოდნენ ბოლომდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაწარმოები „ელისო“ იმ კუთხით, რომ ეს ნაწარმოები მწერალმა მიუძღვნა ჩეჩენ-ინგუშების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს – მათ იძულებით თუ მოტყუებით გადასახლებას ოსმალეთის იმპერიაში. XIX ს. 60-იან წლებში დაიწყო სხვა ჩრდილოკავკასიელებთან ერთად ჩეჩნებისა და ინგუშების მუჰაჯირობა, რომელიც გრძელდებოდა ოქტომბრის რევულუციის დასრულების შემდეგაც. კავკასიის ომების შემდგომ, როდესაც რუსეთმა ფაქტიურად დაიპყრო ეს რეგიონი, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ ურიგდებოდა რუსეთის გაბატონებას მათ მიწა-წყალზე, ადვილად წამოეგო რუსეთთან საიდუმლოდ შეთანხმებული ოსმალეთის იმპერიის ხელისუფალთა პროპაგანდას. მიატოვეს მშობლიური მიწა-წყალი და ოსმალეთში გადასახლდნენ. საბოლოოდ კი პალესტინასა და იორდანიაში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შამის არაბული პროვინციის შემადგენლობაში შედიოდნენ. მათ გაიარეს ურთულესი გზა, სანამ დამკვიდრდებოდნენ, როგორც დიასპორა და დღეს ეს დიასპორა მნიშვნელოვან და გარკვეულ როლს თამაშობს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულ სირიის არაბთა რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფოში.სწორედ ამ მოტყუებითი და იძულებითი გასახლების საშინელი ეპიზოდი სრული სიზუსტით აქვს აღწერილი ალ. ყაზბეგის: „..ეს მამულის მოსიყვარულე, იმისთვის თავგანწირული ჩეჩნები, ესალმებოდნენ თავის სამშობლოს, რომლის შესარჩენად და ასაღორძინებლად მამას შვილი არ შეუწყალებია, ცოლს – ქმარი და იმდენის ბრძოლის და მსხვერპლის შემდეგ ისინი უნდა მოშორებულიყვნენ იმას! – ღმერთო! სადა ხარ?.. – იძახდა იმათი ცისკენ მიპყრობილი თვალები, მაგრამ მაშინვე დედამიწას დაეშვებოდა პასუხმიუღებელი.ყოველი ბუჩქი, ყოველი ადგილი, ყოველი კუნჭული ამ ადგილებისა იმათ მოაგონებდა თავიანთ მამაცურს სივაჟკაცეს, რომელზედაც სისხლი დაენთხია რომელსამე გულის გამგლელს მახლობელს. ყველა ადგილებთან მიკარება, ყოველი ნაბიჯის გადადგმა იმათ აგონებდა მწუხარე სურათებს, ეს უვლიდა გულში გახურებულს შანთებად და უსიტყვოდ მარტო გმინვას წარმოათქმევინებდა. არის ხოლმე ისეთი წამი, როდესაც სიტყვას ადგილი აღარა აქვს კაცის მწუხარებაში.ვისაც ეს ხმა არ გაუგონია, იმას არ უგრძვნია, არ გაუგია გოდება ნამდვილად შეწუხებულის გულისა, იმას არ წარმოუდგენია, რა მწვავე ხმის აღმოხდენა შეუძლიან ნამდვილს მგლოვიარე გულს და რამდენად მეტს გაგრძნობინებდათ ეს ხმა ათასგვარად შეხამებულს სიტყვებზედ.ყველას თვალები სევდიანათ გასცქეროდა თავიანთ ნასოფლარს, გალაშკის ქედებს, სადაც როდესღაც ისე ამაყად იბრძოდნენ ეს წამებულნი და სადაც იმდენი სიტკბოებით სავსე წუთები გამოეცადნათ.“მართალია, აქ მან თითქოს შეცვალა ჩეჩნების ხასიათი, ადათ-წესები, რომ ჩეჩნების ერთ-ერთი აულის მამასახლისმა თითქოს ყველაზე ბედკრულ ჟამს მიატოვა თავისი ხალხი და დააპირა გაქცევა ერთადერთ ქალიშვილან და მის ქართველ შეყვარებულთან ერთად. გაქცევასაც ვერ მოახერხებენ და მტრის სასიკვდილო ტყვია სამივეს წამოეწევა და ტრაგიკულად მთავრდება მათი ბედი. მაგრამ აქაც მაინც ჩანს ჩეჩენი ხალხის თავდადება. ხალხის მიერ არჩეულ ბელადს სამივე ვაჟი დაღუპული ჰყავს რუსებთან ბრძოლაში და როცა მისი ქალიშვილს ელისოს ვაჟია სთხოვს, რომ მას გაყვეს ცოლად, ის უარს ამბობს და ირჩევს მამას. ამბობს, რომ ის ვერ შეძლებს მამის მიტოვებას. საკუთარი ხალხის მიტოვება და გაქცევა, მითუმეტს ის თუ ხალხმა აირჩია წინამძღოლად, მიუღებელია ჩეჩნური ბუნებისათვის. მსგავსი შემთხვევა არც ყოფილა ჩეჩნების საუკუნოვანი ბრძოლების მანძილზე, მაგრამ აქ ალ. ყაზბეგის მიზანი სხვა იყო – წარმოეჩინა, როგორც აკაკი ბაქრაძე აღნიშნავს „ …მახვილი მიმართული ჩეჩენის წინააღმდეგ, რომელიც გმირავს ქართველსაც. (მოთხრობის ფინალიც ამ აზრს ადასტურებს). გავხსნათ ფრჩხილები: მეფის მთავრობის ანტიეროვნული პოლიტიკა, მიმართული ჩეჩენთა წინააღმდეგ, ერთნაირად დამღუპველი იყო კავკასიის ყველა ხალხისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც.“ ალ. ყაზბეგის ამ ნაწარმოებში, თუ როგორ შეიძლებოდა რეალობაში მოქცეულიყვნენ ჩეჩნები და თავად ელისოც, ნათლად აისახა ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმში „ელისო“.1928 წელს ალ. ყაზბეგის ამ ნაწარმოების მოტივებზე ნიკოლოზ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ელისო“, როდესაც „მუნჯური პერიოდის“ ლეგენდარული ნაშრომად ითვლებოდა ქართული კინო. სცენარი დაწერა სერგეი ტრეტიაკოვთან (პოეტი, დრამატურგი) ერთად. მართალია, მათ ორიგინალურობისა და „სახკინმრეწვის სხვა პროდუქციისგან განსხვავებულის ძიებაში შეარჩიეს ეს ნაწარმოები. მეფის რუსეთის ანტიეროვნული პოლიტიკა კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ შეცვალეს, თითქოს პოლიტიკა მხოლოდ ჩეჩნების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ თუნდაც თემის ამ მხრივ შეცვლით მათ მსოფლიო საზოგადოების წინაშე ღიად წარმოაჩინეს და უფრო ფართოდ გაშალეს მთიელი ხალხის ბრძოლა და თავგანწირვა მეფის რუსეთის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მათი მუჰაჯირობა ოსმალეთის იმპერიაში. სწორედ ამ თემის წინ წამოწევა მაშინ, უახლეს ისტორიაში გახდა სიმბოლო იმის, თუ როგორ აღწევს პიკს რუსეთის ორსაუკუნოვანი უპასუხისმგებლო, სასტიკი და დანაშაულებრივი პოლიტიკა კავკასიაში. ნიკოლოზ შენგელაიამ და სერგეი ტრეტიაკოვმა საბჭოთა დროს საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ვერც კი მოასწრო ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისხლიან კვალზე განვითარება, ამ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა ფედერალური ცენტრის სრული ზეგავლენის მიუხედავად გადაიღეს ულმობელი ისტორიის ფონზე ელისოს და ვაჟას ისტორია. ეს იყო ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც აისახა რუსეთის ცარიზმის დროს როგორც მთიელი ხალხის ერთიანობა რუსი მმართველების თვითნებობის წინააღმდეგ კავკასიაში და დღეს, ეს არის როგორც პატარა ერების მიმართ რუსული დესპოტიზმის მარადიული ისტორიული დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ავტორებმა შეისწავლეს ისტორიული მასალები და გაეცნენ მეფის რუსეთის საარქივო დოკუმენტებს. მათ ეს ფილმი გადაიღეს უკვე ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. საინტერესოა ამ საარქივო დოკუმენტებიდან ორი დეპეშა: ერთი “აუცილებლად მიმაჩნია მივმართო ძირითად სამეფო სისტემას, სახელმწიფოს განაპირა მხარეებში კაზაკების ჩასახლებას. ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაუყოვნებლივ შეუდგეთ ჩეჩნების გადასახლებას თურქეთში და ამათ მიწებზე კაზაკები დაასახლოთ”, რომელსაც ხელს აწერს თერგის ოლქის ჯარების მთავარსარდალი გენერალი ლორის-მელიქოვი. მეორე – “გისურვებთ სრულ წარმატებას. რაც უფრო მალე, მით უკეთესი. გენერალი კარცოვი. ვლადიკავკაზი. წელი 1864”.აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით თავად ნიკოლოზ შენგელაია:„ჩვენს მიზანს არ შეადგენდა ალ. ყაზბეგის „ელისო“-ს ილუსტრაცია მოგვეწყო კინოში. დაგვაინტერესა იდეამ, რომელიც მოცემულია „ელისო“-ში. ეს არის ძველი რეჟიმის დაპყრობითი პოლიტიკის გამოაშკარავება და მისი შედეგების სახეობა. როდესაც ჩვენ შევუდექით და ჩეჩნეთის ლოკალის შესწავლას სათანადოდ, გამოირკვა რომ ალ. ყაზბეგს ბელეტრისტიკის ხათრით დაუმახინჯებია ისტორიული სიმართლე კოლონიალური პოლიტიკის, ან უკეთ, ვერ გაუნათებია საჭიროებისდა გვარად. მაშინ ჩვენ დავიწყეთ თვით ისტორიული დოკუმენტების შესწავლა. გავეცანით თერგის ოლქის უფროსის საიდუმლო არქივს (რომელიც მხოლოდ რევოლუციის შემდეგ იქმნა გამოაშკარავებული და ხელმისაწვდომი) და სხვა მრავალ მასალებს.ამ მასალების შემდეგ ჩვენ „ელისოს“ დრამატიული კოლიზია სრულიად შევცვალეთ. სცენარში შევიყვანეთ უფრო მასების მოქმედება და მისი მდგომარეობის გადმოცემა. ფაბულა დავასუსტეთ და სიუჟეტის სიბრტყე გადავიტანეთ თვით საზოგადოების მოქმედებათა სიღრმეში.“ფილმის მიხედვით, 1864 წლის სამეფო ბრძანებულების თანახმად, რუსეთის ხელისუფლება აპირებს საკუთარი ძალების გასამყარებლად კავკასიაში ჩეჩნების გასახლებას საკუთარი მიწებიდან ოსმალეთის იმპერიაში. კაზაკთა მეთაური თაღლითური გზით ახერხებს გაუნათლებელი მთიელი მოსახლეობის სახელით წარადგინოს წერილობითი თხოვნა რუსეთის გენერალ-გუბერნატორთან, სადაც თითქოს აული ვერდის მუსულმანური მოსახლეობა ითხოვს გადასახლებას თურქეთში და ამავე დროს თვითონ ითხოვს ჩასახლებას თავისი ხალხით ამავე აულში. აულის მამასახლისის ქალიშვილი შეუყვარდება ხევსურ ვაჟიას, რომელიც ქრისტიანია. ვაჟია თავგანწირვით ეხმარება ჩეჩნებს მოძალადეებთან ბრძოლაში. შეძლებს ჩეჩნების დევნილობის შესახებ გაცემული განკარგულების გაუქმებას, მაგრამ მისი ეს გმირული ძალისხმევა სოფლის გადარჩენისათვის უშედეგო აღმოჩნდება. მკვიდრნი თავიანთი სახლებიდან უკვე გააძევეს და სოფელს ტოვებენ. ვაჟიას, როგორც გიაურს, არ აქვს უფლება ელისოსთან ერთად წავიდეს დასახლებიდან, მაგრამ ელისო ვერ მიატოვებს გაჭირვებაში ჩავარდნილ მოხუც მამასა და თანასოფლელებს და თურქეთში მიჰყვება მათ. მოთხრობაში ელისო მამასაც აიყოლიებს და მზად არის შეყვარებულთან ერთად გასაქცევად, მაგრამ აქ ფილმში ელისოს სულ სხვა ხასიათი აქვს, როგორც მის მამას ასთამურს, რომელიც მზად არის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლოს საკუთარი ხალხის გადასარჩენად. ფილმში ელისო ძლევს ვაჟის სიყვარულს და ხალხის სიყვარულს უფრო წინ აყენებს, მზად არის თავის ხალხთან ერთად იყოს ბედნიერიც და უბედურიც. ელისო, რომელიც თვალს ადევნებს ამ უსამართლობას თავისი ხალხის წინააღმდეგ, არ შეუძლია შეურიგდეს ბედს, ღამით შეაღწევს აულში, სადაც უკვე ჩასახლდნენ კაზაკები და აულს ცეცხლს წაუკიდებს. აქ უკვე მთელი დატვირთვა გადადის ელისოზე, როგორც ფილმის მთავარ პერსონაჟზე. ეს იყო მისი ბოლო წვეთი, რომ აფეთქებულიყო მასში რევოლუციური რისხვა და სოლიდარობის გამოხატვა დევნილთა და შეურაცხყოფილთა მიმართ. საინტერესოა ერთ-ერთი ეპიზოდი ფილმში, როდესაც მოსახლეობა აპროტესტებს, როდესაც გაიგებენ, როგორ მოაწერინეს მოტყუებით ვითომდა ნებაყოფლობით გადასახლების თხოვნაზე. ისინი შეიკრიბებიან მეჩეთთან და ხელების და მუშტების ქნევით ამცნობენ რუსებს, რომ ისინი არ აპირებენ სამშობლოს მიტოვებას. კაზაკთა ცხენოსანი რაზმი მათ დასასჯელად ცხენებს დაძრავენ ადგილიდან და მათკენ გააჭენებენ. კადრები ერთმანეთს ენაცვლება და უეცრად ჩეჩნები მიწაზე უძრავად სხდებიან. გარინდებულები ელოდებიან, თუ რა მოყვება მათ ამ გადაწყვეტილებას. და მართლაც, როცა ფიქრობ, რომ რაზმი გადაუვლის, ცხენები შეჩერდებიან. კაზაკები ცდილობენ ცხენების დაძრას, მაგრამ ისინი ურჩობენ და ამით იცავენ მიწაზე მსხდომებს. როგორც პაატა იაკაშვილი წერს, „კაზაკებთან შეტაკებისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩაგრული ხალხის ეროვნული ენერგია. თითქოს ჩეჩენთა მოქმედება პასიური ხასიათისაა, სინამდვილეში მათ რაციონალურ საქციელში ჩანს მცირერიცხოვანი ერის საუკუნოვანი სიბრძნე, რამაც ამ ხალხს აქამდე გააძლებინა…“მაგრამ ისტორიული ჭეშმარიტება არ იცვლება – ჩეჩნებს მაინც მოუწიათ მშობლიური აულის მიტოვება. ტანჯვა-წამებით სავსე გზას დაადგებიან და სწორედ ამ გზაზე ყველაზე ძლიერ სცენას წარმოადგენს „უბედურებისა და ცეკვის სცენა“. გზად მიმავალ ურემში წევს მომაკვდავი ქალი პატარა ატირებული ბავშვით. სიკვდილის წინ ელისოს სთხოვს ბავშვის წაყვანას მოზდოკში ნათესავებთან. ქალი კვდება, ტირილს იწყებს ელისო და მასთან ერთად იწყებენ ქალები მოთქმას, მოთქმა გადადის ხალხის ვაება-გოდებაში, პიროვნული ტრაგედია გადაფარა მთელი ერის ტრაგედიამ. ეს ამაყი და ძლიერი ერი, რომელიც ითმენდა რუსი დამპყრობლების ყოველგვარ სისასტიკეს, ძალადობას და სიკვდილს, უეცრად თითქოს მოტყდა, უიმედობამ მოიცვა, უკანასკნელი გაბრძოლებას და დანებებას დაემსგავსა ეს მათი ისტერია. ამას თან ენაცვლება ელისოს მიერ ცეცხლწაკიდებული აულ ვერდის კადრები, რაც უფრო ამძაფრებს სურათს. რა შენიშნავს ამას მამასახლისის ასტამირი, მაშინვე გაიაზრებს მთელი ამ გლოვის ისტერიის სიმძიმეს, როცა წინ ელოდებათ დამღლელი და სირთულეებით სავსე გრძელი გზა. ის აიძულებს მუსიკოსებს, რომ დაუკრან საცეკვაო. თვითონვე შევარდება წრეში და იწყებს ცეკვას და სხვებსაც აიძულებს იცეკვოს. პირველი, ვინც გამოფხიზლდება ელისოა, რომელიც მაშინვე გაიაზრებს მამის შემართების მიზანს და თვითონვე მიყვება ცეკვაში. იზრდება ცეკვის ტემპი, კადრები უფრო ახლოდან ჩნდება, ჩანს, როგორ აღწევს მელოდია მოტირალ ქალებამდეც. თავიდან გაოგნებულები უსმენენ, მერე კი თავადაც ერთვებიან ზეიმში, ექსტაზში შესულები ძლიერად უკრავენ ტაშს.„გლოვის ექსტაზში მყოფნი მხიარულების ექსტაზში გადადიან, – გადამყვანი ცეცხლოვანი ცეკვაა… ეს არის ელვისებური სისწრაფით განვლილი გზა, სულიერი დაცემიდან ამაღლებამდე. უბედურებისგან დაშლილი ჩეჩნები ერთად შეკრა ნაცნობმა მელოდიამ და საცეკვაო ილეთებმა. გავიხსენოთ ქვრივის სახლის მშენებლობის კადრები, საცეკვაო რიტმით დამონტაჟებული. ამ ეპიზოდს შეიძლება ვუწოდოთ “ცეკვით შენება”. გლოვიდან გამოსვლის ეპიზოდს კი – “ცეკვით გადარჩენა”. ამ ეპიზოდში ცეკვა დევნილთათვის იქცა ერთგვარ ეთნიკურ დომინანტად, რომელმაც გამოიხმო მათი ეროვნული ენერგია და ამ გზით იხსნა ექსრტემალურ სიტუაციაში მყოფი ხალხი… „ – წერს პაატა იაკაშვილი, როცა აანალიზებს ფილმში კადრების ტემპო-რიტმს და რომელიც თვლის, რომ „ფილმი „ელისო“ -ს მნიშვნელობა კინოესთეტიკის ფარგლებს სცილდება და წარმოადგენს ეროვნული ენერგიის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს.“აღსანიშნავია ხალხის ერთობა, მიუხედავად დიდი გასაჭირისა. ერთად აშენებენ სახლებს და პროტესტსაც ერთად გამოხატავენ. ერთად იციან გლოვაც და დატირებაც, ცეკვაც და მხიარულებაც. ფილმში ამ ეპიზოდების წინ წამოწევამ, რასაც თან ერთვის მეფის რუსეთის მიერ ხალხის ჩაგვრასა და უსამრთლობა, დიდი გავლენა მოახდინა მაყურებელზე.,,ელისოს” ფინალურ სცენაში კონტრასტულის დაპირისპირების დიაპაზონმა უკიდურესობამდე მიაღწია. აქ ერთმანეთს უპირისპირდება სიკვდილი და სიცოცხლე, წარღვნა და დაბადება, მოსპობა და სიცოცხლის განახლება, თეთრი და შავი და ამ ბრძოლაში სიცოცხლე იმარჯვებს. სწორედ პლასტიკაში, მარადიულ მოძრაობაში, მოქმედებასა და შემოქმედებაში დაინახა ნიკოლოზ შენგელაიამ ადამიანის ცხოვრების არსი, მისი უდიდესი ლტოლვა გამარჯვებისკენ.“,,ელისო” დიდ ეკრანზე გამოვიდა 1928 წლის 23 ოქტომბერს. იმდროინდელი პრესა ერთხმად აღიარებდა ფილმის დიდ გამარჯვებას და ამ გამარჯვების გამომწვევ მიზეზებსაც კი დეტალურად აღწერდა. ეკრანზე გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ,,ელისო” უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში აჩვენეს. ფილმი ს აფიშებს ამშვენებდა სახელი – ,,კავკასიური სიყვარული”. დიდი გამოხმაურება ჰქონდა იმდროინდელ პრესას, ფილმს ქართული კულტურის ჩირაღდანი უწოდეს ამერიკელების მიწაზე. გერმანიაში, ქალაქ შტუდგარდში საერთაშორისო კინობაზრობაზე შედგა ფილმის პრემიერა, სადაც შენგელაიას ფილმი ,,ელისო” საბჭოთა კინოს ყველაზე ღირებულ ნამუშევარს წარმოადგენდა. ამან დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა ფილმს. 1941 წელს ფილმმა სახელმწიფო პრემია მიიღო.1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.2015 წლის თებერვალში ფილმი “ელისო” ვაშინგტონში მიმდინარე ქართული კინორეტროსპექტივის ფორმატში წარმოადგინეს. ფილმის ჩვენება მოხდა ცოცხალი მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით, რომელსაც ქართული ფოლკლორისა და საგალობლების შემსრულებელი ცნობილი ამერიკული გუნდი ასრულებდა. ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე, დაესწრნენ დიპლომატიური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებიც.***ელისოს როლს ასრულებს ცნობილი მსახიობის ნატო ვაჩნაძის და კირა ანდრონიკაშვილი. ამ როლმა გახადა ცნობილი, კირა როგორც ერთ-ერთი უნუჭიერესი მსახიობი. სიმბოლურია კირას მიერ ამ როლის შესრულება, რადგან კირას მეუღლე სწორედ რუსეთის იმპერიალური პოლიტიკის, 1937-38 წლების საშინელი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. თავად კირაც გაიზიარებდა მეუღის ბედს, რომ არა ნატო ვაჩნაძის პირადი ნაცნობობა ი. სტალინთან, მაგრამ გადასახლებაში მაინც მოყვა. ვფიქრობ რომ, არანაკლებ საინტერესოა კირას ცხოვრება. კირა ანდრონიკაშვილი 1908 წელს დაიბადა გიორგი ანდრონიკაშვილის ოჯახში. დედა პოლონელი ჰყავდა – ეკატერინე სლივიცკაია. სლივიცკაიას ბებია იტალიელი მომღერალი ვოზოლი იყო, რომელიც ვორონცოვმა იტალიურ ოპერაში მიიწვია და საქართველოში ჩამოიყვანა. როგორც ჩანს, ვოზოლის საქართველო მოეწონა, სცენა მიატოვა, ცოლად გაჰყვა მეცოსოპრანო კაპელმაისტერ შონინგს და სამუდამოდ დარჩა საქართველოში. მათი ქალიშვილი ცოლად შეირთო სლივიცკიმ. კირა 2 წლის და ნატო 4 წლის იყო, როცა მათი მამა ოჯახთან ერთად ვარშავაშადან საქართველოში დაბრუნდა. მას ნიშნავენ თერგის ოლქის უფროსად და მალევე მან მიიღო კიდეც ჩეჩენი აბრაგის ზელიმხან ხარაჩოელის განადგურების საბედისწერო ბრძანება. ზელიმხანმა მას რამდენჯერმე შეუთვალა, რომ დაენებებინა მისი დევნისთვის თავი, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მას თავს არ დაანებებდა, იძულებული გახდა მოეკლა იგი. კირას დედა ოთხ ობოლთან ერთად დასახლდა გურჯაანში. 15 წლის კირა უკვე სახელგანთქმული ვარსკვლავის დის ნატო ვაჩნაძის კვალს გაყვა და მსახიობი გახდა. იგი თამაშობს „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის საქმე“ და მაგრამ კინოს ისტორიაში ცნობილი სახე ხდება ნიკოლოზ შენგელაიას „ელისოს“ როლის შესრულების შემდეგ და სწორედ ამ როლით ტოვებს კინოხელოვნებაში უკვდავ სახელს. ამის შემდეგ ის სწავლას აგრძელებს მოსკოვის ზავადსკის სახელობის თეატრალურ სტუდიაში, აბარებს კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად მოღვაწეობს „ვოსტოკფილმში“, როგორც რეჟისორის თანაშემწე. ცოლად მიყვება ეკატერინე მეორის მმართველობის დროს რუსეთში ჩამოსახლებული გერმანელების შთამომავალს, სახელგანთქმულ მწერალს ბორის პილნიაკს. პილნიაკი გვარად ვოგაუ იყო, ფსევდონიმი „პილნიაკი“ ბელორუსის იმ ხუტორის სახელის მიხედვით აიღო, სადაც თავისი ერთ-ერთი ნაწარმოები შექმნა.პილნიაკს მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო, მეგობრობდა დრაიზერთან, თომას მანთან. 1931 წელს იყო ამერიკაშიც ჰოლივუდის მიწვევით და ამერიკიდან დაბრუნებულმა დაწერა რომანი „ოკეი“. მან უკვე 1926 წელს იწინასწარმეტყველა სტალინური რეპრესიები საკუთარ ნაწარმოებში “დაუფარავი მთვარის მოთხრობა”, რომელიც ჟურნალ “ნოვი მირში” დაიბეჭდა. ხელისუფლებამ პილნიაკის ნაწარმოების კონფისკაციას მიმართა და დაადასტურა კიდეც ის, რაც უკვე აღწერილი იყო ამ ნაწარმოებში. დაიწყო რეპრესიები, 1937 წლის 2 ოქტომბერს, მას დაბადების დღე აღარავინ მიულოცა. მეგობრები უკვე დაუხვრიტეს, დანარჩენებს კი ეშინოდათ მასთან მისვლა. ამავე წლის 27 ოქტომბერს, ბორის პილნიაკი ვაჟის დაბადების დღეზე წაიყვანეს. ის აღარ დაბრუნებულა. პილნიაკის დაპატიმრების შემდეგ ერთ თვეში კირა კინოსტუდიაში დააპატიმრეს და გადაასახლეს. 40-იანი წლების დასაწყისში კირა ანდრონიკაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს. ნატო ვაჩნაძემ მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ყოფნისას პირადად სტალინს სთხოვა დის განთავისუფლება და სტალინმა მას თხოვნა შეუსრულა. პილნიაკის დაპატიმრებამდე 1936 წელს კირამ დაამთავრა სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნო. გათავისუფლების შემდეგ მსახიობი თბილისში ბრუნდება და ისევ იწყებს კინოში გადაღება: ითამაშა ნიკოლოზ შენგელაიას “შავ მთებში”, ომის შემდეგ კი – დავით რონდელის სურათში “მწვერვალთა დამპყრობნი”. 1950 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდიაში დუბლიაჟის რეჟისორად. 1959 წ. ასრულებს კიდევ ერთ როლს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, – შალვა გედევანიშვილის საბავშვო ფილმში “ზვიგენის კბილი”. მისი ნიჭიერებიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მას შეეძლო კიდევ უკეთესი როლები მიეღო და უფრო ფართოდ გაეშალა საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობა. მაგრამ სამშობლოდან დაბრუნების შემდეგაც არ შეწყვეტილა მისი დევნა და ეს რამდენიმე როლის მიღების ნებართვაც დიდი მოწყალება იყო იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. კირა ანდრონიკაშვილმა ისე დაასრული საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება, რომ ვერ გაიგო მეუღლის ბედი, თუ არ ეწია მას დაპატიმრების შემდეგ. ოფიციალური ვერსიით ბორის პილნიაკი თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა 1941 წელს ერთ-ერთ ბანაკში, მაგრამ სინამდვილეში 1938 წელს აპრილში დახვრიტეს. სწორედ ამ პერიოდში მიუძღვნა მას ანა ახმატოვამ ლექსი, რაც იმ დროისათვის დიდი გაბედულება იყო. სახელგანთქმულ მწერალსა და კირა ანდრონიკაშვილს დარჩათ ერთი ვაჟი – ბორის ანდრონიკაშვილი, რომელიც არჩილის როლს განასახიერებს ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“. მშობლების დაპატიმრების შემდეგ დეიდამ, ნატა ვაჩნაძემ თბილისში წამოიყვანა, მამის გვარიდან დედის გვარზე გადაიყვანა და დის დაბრუნებამდე ზრდიდა.კირა ანდრონიკაშვილის ძმის შვილი, ულამაზესი მსახიობი, მისივე მოსახელე უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი მამიდის შესახებ წერს:“მე მამიდაჩემის კირას სახელს ვატარებ, რომელიც საოცარი ადამიანი იყო. ის თამაშობდა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში „ელისო“. გადაღებებზე ტიციან ტაბიძემ და ნიკოლოზ შენგელაიამ გააცნეს რუსი მწერალი ბორის პილნიაკი, რომელსაც ცოლად გაჰყვა (იგი არჩილის როლს ასრულებდა „ოთარაანთ ქვრივში“), შვილიც შეეძინათ, მაგრამ ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მისი მეუღლე დახვრიტეს იმის გამო, რომ დახვრეტასთან დაკავშირებით სტალინს პროტესტის წერილი მიწერა. თვითონ კირა ასტანაში გადაასახლეს, სადაც რამდენიმე წელი გაატარა. კირას შვილი დედაჩემის დედამ საქართველოში ჩამოიყვანა და მეორე მამიდის ნატო ვაჩნაძის ოჯახში იზრდებოდა“.სტატიის ავტორი ნონა ხანგოშვილი (თუმი დიშნი)გამოყენებული ლეტერატურა:ალექსანდრე ყაზბეგი. ელისო. 1882.აკაკი ბაქრაძე. თხზულებანი. ტომი IV. 2005 წ. ნიღბების სამყაროში. გვ. 536-546. ნიკოლოზ შენგელაია. რამდენიმე შენიშვნა სურათი „ელისო“-ს დადგმის შესახებ. ჟურნალი მემარცხენეობა. ქართული ხელოვნების მემარცხენე ფრონტი. 1928 წ. N 2.როლანდ ჯალაღანია. შეუკრავი წრე. თბილისი. 1987 წ. გვ. 20-25.პაატა იაკაშვილი. დისერტაცია – იდეოლოგიური ცენზურა უხმო პერიოდის ქართულ კინოში. თბილისი. 2015 წ. გვ. 165-180მექა ხანგოშვილი. ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში.მედინა ხანგოშვილი-ბარგიშოვა. დისერტაცია – ვეინახური დიასპორები სირიასა და იორდანიაში. 07.00.03 – მსოფლიო ისტორია. თბილისი. 1998 წ.
ნონა ხანგოშვილი ( თუმი დიშნი )