უფროს-უმცროსი

უფროს-უმცროსი

“ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.“

ვაჟა-ფშაველა

ვაჟკაცს ქისტებში, უპირველეს ყოვლისა, ცნობენ ზრდილობით, კულტურით, ქცევის მანერით. მამაცობას, გამბედაობას, შეუპოვრობასა და შეუდრეკელობას წინა პლანზე არ სწევენ, რადგან ამ თვისებების უქონლობა ვერც წარმოუდგენიათ, ეს თვისებები დედის მუცლიდან დაჰყვებათ ქისტებს და ამდენად ვაჟკაცის მთავარ საზომად არ მიაჩნიათ. ცხადია, ყველა ხალხში და მათ შორის ქისტებშიც მოიძებნებიან მშიშარა და მხდალი ადამიანები, სიკვდილი არავის უნდა, მაგრამ ქისტი უმალ მოკვდება, ოღონდ შიში არ შეატყონ, ბრძოლის ველს ხომ ცოცხალი არ დატოვებს, არ მიატოვებს თანამებრძოლებს და არ გაიქცევა. ისიც ცხადია, რომ ვაჟკაცის უპირველესი მიზანი, ქისტური და, საერთოდ, კავკასიური გაგებით არის ის, რომ უნდა ემსახურებოდეს თავის ხალხსა და სამშობლოს. ხალხისა და სამშობლოს დაცვაში სიკვდილი უმაღლესი ჯილდოა ვაჟკაცისთვის.
ვაჟკაცობა (ყუანახალ) შეიცავს ისეთ თვისებებს, რომელიც მოითხოვს კაცისგან მუდამ მზადყოფნას, ემსახუროს ხალხს (ყამ), სამშობლოს (დაიმოხქ), ტომს (თუჴუმს), გვარს (თეიფს), ნათესავებს (იოშ-ვოშ) და ოჯახს (ჰუსამ).

ყველაზე დიდი სიმდიდრე ყონახისა არის პატიოსნება და ღირსება, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეს და საჭიროების ემთხვევაში სიცოცხლესაც სწირავდეს.

ღირსეული ვაჟკაცი პატივს სცემს უფროსებს, არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრია უფროსი, ნათესავი, თანამოძმე თუ სხვა
ერის წარმომადგენელი. უხუცესები მოძღვრავენ ახალგაზრდებს:
შენ სახე (ჲოჰ’) ხარ შენი ხალხისა, როგორ შთაბეჭდილებასაც და ტოვებ მათზე შენი ღირსეული თუ უღირსი საქციელით, ისე შეაფასებენ ისინი შენს ხალხს.

უფროსისადმი პატივისცემა ოჯახიდან იწყება. ბავშვობის ასაკში უნდა ჩაინერგოს ქცევის წესი. ქისტურ ოჯახში უფროსი
როცა შემოდის, უმცროსი, პატარაც რომ იყოს, ფეხზე წამოდგება. პაპის გამოჩენისთანავე ყველა ფეხზე დგება.

დღეში ასჯერ გადის, შემოდის სახლში უფროსი და ყოველ შემოსვლაზე ფეხზე ხომ ვერ წამოხტებიანო.

არაქისტი იტყვის

დიახ, ათასჯერაც რომ შემოვიდეს ოჯახის უფროსი, დანარჩენი წევრები უნდა წამოდგნენ, ხანდაზმულები წამოიწევიან ატივისცემის ნიშნად. ოჯახში როგორი წესრიგია, უფროსზეა დამოკიდებული. ისე, როცა ოჯახიდან გასული უფროსი შემოდის, მაშინ წამოდგომა აუცილებელია, ხოლო ოჯახში ტრიალის დროს წარამარა წამოხტომა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ოჯახში უფროსს მაგიდასთან თუ ტახტზე თავისი ადგილი აქვს. ეს ადგილი უფრო მზის ამოსვლის მხარეს არის, ოღონდ არც
ერთ შემთხვევაში კარის ახლოს. ასევე უფროსი მაგიდის თავში ზის, როცა უცხო (ან უხუცესი მეზობელი, ან სტუმარი) არ ესწრება
პურობას, მაშინ ყველა ერთად მიუსხდება მაგიდას. მაგრამ უცხოს თანდასწრებით შვილი მამასთან ვერ დაჯდება, არც უმცროსი ძმა უფროსთან ისადილებს სტუმრის ან კიდევ უფროსი ხალხის თანდასწრებით.
როდესაც ახალგაზრდები სხედან ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და უფროსი კაცი გაივლის, ყველანი ფეხზე წამოდგებიან, მიესალმებიან, კეთილ დღეს უსურვებენ, გამოჰკითხავენ, დახმარება ხომ არ სჭირდება და სხვა. გაივლის მოხუცი და
ახალგაზრდები დასხდებიან და განაგრძობენ საუბარს. უფროსი თუ ცხენზე ჯდება, იქ მყოფი უმცროსი აუცილებლად
მიეხმარება: ცხენს აღვირს დაუჭერს მარჯვენათი, მარცხენას უნაგირის კეხს მოჰკიდებს, რომ არ გადაიხაროს, შემდეგ მარჯვენა
ფეხს უზანგს მიუმარჯვებს და მხოლოდ შემდეგ გადასცემს აღვირს. ასევე იქცევა მოხუცის (უფროსის) მანქანაში ჩაჯდომის დროსაც: კარებს გაუღებს, ჩაჯდომაში მიეხმარება, ფეხს ხელს შეაშველებს, კარს მიუხურავს და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს.
განსაკუთრებით პატივისცემით ემსახურებიან ახალგაზრდები ინვალიდებს, ყოველმხრივ ცდილობენ, გაუადვილონ მოძრაობა,
ადგომა-დაჯდომაში ხელს შეაშველებენ, მოსახერხებელ დასაჯდომს უძებნიან, სიარულში ეხმარებიან. ეს სასიამოვნო აყურებელია, ხოლო როცა შენ გემსახურებიან, ბედნიერებას განიჭებს.
მაქვს მე ამის პრაქტიკა! თავად ვარ ინვალიდი. როცა მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებ, უმალ გაჩნდებიან ახალგაზრდები, გადმოსვლაში მეხმარებიან, ინვალიდ ფეხებს ფრთხილად გადმოსწევენ, ადგომაში შემშველებიან, ყავარჯნებს მომაწვდიან, სანამ არ გავწონასწორდები, ხელს როდი მიშვებენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ქისტო ახალგაზრდებო, უთქვენოდ ნურც ყოფილა ეს ქვეყანა, თქვენ ალამაზებთ მას!
ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა როცა შენიშნავს, რომ ეზოში დროული კაცი საქმიანობს, შეშას ჭრის, ბოსტანს ბარავს და სხვ.
საოჯახო საქმიანობას ეწევა, გადახტება ეზოში, ერთ პატარა მულს გაიტანს (`ცამეხიე~), დაასვენებს მოხუცს და თავის გზას გაუდგება. დიდი არაფერი შეღავათია, მაგრამ ყურადღებაა, უფროსის პატივისცემაა, რაც ბევრს ნიშნავს მოხუცისათვის, ქალი იქნება თუ კაცი. უფროსის პატივისცემა, როგორც ითქვა, ბავშობიდან იწყება. დედ-მამა ყოველთვის ფხიზლად არიან, როგორ ასრულებენ მათი შვილები პაპა-ბებიის დავალებებს, როგორ ესაუბრებიან, როგორ პასუხობენ კითხვებზე და ა.შ. ყოვლად დაუშვებელია ბავშვების უკმეხობა პაპა-ბებიასთან, მამიდა-ბიძებთან, უფროს და-ძმებთან. ამას მკაცრად აკონტროლებენ მშობლები, შეიძლება მათდამი დამოკიდებულებაში ურჩობა აპატიონ შვილებს, მაგრამ ოჯახის სხვა უფროსი წევრების მიმართ უპატივცემლობა დაუსჯელი არ დარჩება. ასევე ყურადღებით არიან, თუ როგორ ექცევიან ქუჩაში უფროსებს ბავშვები. სხვათა შორის, უფროსს, სულაც რომ არ იცნობდეს ბავშვსა და მის მშობლებს, უფლება აქვს, დატუქსოს ბავშვი, მოზარდი. კარგად მახსოვს, როგორ დაატრიალებდნენ ხოლმე ჯოხებს უხუცესები და სცემდნენ ახალგაზრდებს ერთმანეთში კამათისა და ჩხუბის დროს. არავის მოუვიდოდა აზრად ხელის შებრუნება კი არა და, შეკამათებაც კი _ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით ხოლმე და სიცილით ერთმანეთს ნატკენ ადგილებს ვუსინჯავდით.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხუცის გამოჩენისთანავე ყველა ფეხზე დგება, წინა, საპატიო ადგილს უთმობენ და
მხოლოდ მისი მოკალათების შემდეგ სხდებიან. პირველი სიტყვა უფროსს ეკუთვნის, მისი სიტყვის შეწყვეტა, საუბარში ჩართვა დიდ უზრდელობად ითვლება, ბოლომდე უნდა მოუსმინო, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი სიტყვა. უფროსის მიერ საუბრის დასრულების შემდეგ უმცროსი ნებართვას ითხოვს და მერე იწყებს ლაპარაკს. თუ ვერ ეთანხმება უფროსის მოსაზრებას, ბოდიშს იხდის მის წინაშე და ისე მიაწვდის თავის აზრს, რომ არ ეწყინოს. თუ არ არის საკითხი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი, სჯობია, გაჩუმდეს და არაფერი თქვას.
როცა უფროსი საუბრობს, უზრდელობად ითვლება, თუ ადგები და წახვალ შენს საქმეზე. რაც არ უნდა გეჩქარებოდეს, უნდა
მოიცადო, სანამ სათქმელს იტყვის. როცა უფროსები ერთმანეთში საუბრობენ, ახალგაზრდები ჩუმად დგანან და უსმენენ. საუბარში უკითხავად ჩართვა ქისტებში დიდ უზრდელობად ითვლება. მოსმენა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, მოხუცებს გამოცდილება აქვთ, ბევრი უნახავთ და გაუგონიათ, გამოცდილება კი სიბრძნეს მატებს, ჭკუას ცოდნით იყენებენ. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, სანამ ვაჰაბიტები მომძლავრდებოდნენ, დაკრძალვის დროს, თუ სიცივე იყო, ცეცხლს დაანთებდნენ და მის გარშემო სხდებოდნენ უხუცესები და საუბრობდნენ. მათი საუბარი ძირითადად ეხებოდა რელიგიურ საკითხებს, წინაპრებს, ვაჟკაცობას, ნათესაობას, ღირსებას, ზრდილობას, კაცის დანიშნულებას, ქალის ზნეობას და ა.შ.

ახალგაზრდები გარს შემოვერტყმებოდით და გულისყურით ვუსმენდით, ცოდნას ვიძენდით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთი საუბრები დიდ გავლენას ახდენდა ახალგაზრდების მორალური სახის ჩამოყალიბებაში, ზოგჯერ მოსმენილი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა და ცვლიდა ახალგაზრდის ცხოვრებას. მოვიყვან ერთ მაგალითს პირადი ცხოვრებიდან. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გამამწესეს დუმასტურის საშუალო სკოლაში. დუისიდან ფეხით დავდიოდი,
3-4 კმ. გავლა დიდი არაფერია ახალგაზრდისთვის, მაგრამ არ მომწონდა მასწავლებლობა, არ ვთვლიდი კაცის შესაფერის სპეციალობად და გამალებული ვეძებდი სხვა სამსახურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი სკოლას. ერთხელაც, ერთ წვიმიან დღეს სკოლიდან ადრე წამოვედი, ნათესავი დამეღუპა და დაკრძალვას უნდა დავსწრებოდი. ჭირისუფლის ეზოში უხუცესები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და საუბრობდნენ, მათ უკან, გარშემო, ახალგაზრდები იდგნენ და უსმენდნენ. მეც მათ შევუერთდი, წვიმისგან დასველებული, მობუზული ვიდექი, მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი.

ერთ-ერთი შეეკითხა ბატონ უსუფს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც იმ პერიოდში (XX ს. 60-იანი
წლების დასასრული) ერთადერთმა იცოდა არაბული ენა და სასულიერო (ისლამური) განათლებაც ჰქონდა მიღებული:


_ ისუბ, როგორ ფიქრობ, ადამიანის პროფესიას თუ ექნება
მნიშვნელობა სამოთხეში გამწესებასთან დაკავშირებით?
_ კი, ვფიქრობ, რომ ექნება, რადგან ზოგიერთი სპეციალობა
სასარგებლოა ადამიანებისათვის და რაც ადამიანის კეთილდღეობისთვის გამოსადეგია, ღმერთისთვისაც მოსაწონია.
_ მაშ ისიც მითხარი, რომელი სპეციალობის ადამიანი მოხვდება სამოთხეში პირველ რიგში?
_ მასწავლებლი! _ უყოყმანოდ უპასუხა უსუფმა.

_ მასწავლებელი ჩვენი შვილების მეორე აღმზრდელია მშობლების შემდეგ. ის
ასწავლის ჩვენს შვილებს, ცოდნას აძლევს ცხოვრების უკეთ მოწყობისათვის, ასწავლის ზნეობას, მორალს. მასწავლებლი-მოძღვარი
ასწავლის სარწმუნოებას, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება,როგორ უნდა იაროს ღმერთის მოსაწონი გზით. მასწავლებელი ასწავლის სპეციალობას, რათა ზედმეტი ტვირთის გარეშე მოაწყოს ცხოვრება, სხვასაც მიეხმაროს, სიკეთე გაუკეთოს. მასწავლებლობა დიდი საქმეა, ეს ყველამ უნდა იცოდეს.


მხრებში გავიშალე, თურმე დიდ, სასიქადულო საქმეს შევჭიდებივარ და ეს არ ვიცოდი. იმ დღიდან საქმეს მტკიცედ მოვკიდე
ხელი, მოსწავლეებს მარტო ქართულ ენას და ისტორიას როდი ვასწავლიდი, არამედ ჩვენს ადათ-წესებს, ზნე-ჩვეულებებს, ვნერგავდი მათში კაცობას, წესიერებას, ვაღვივებდი ქისტურ თვითშეგნებას,ღირსების გრძნობას და ასე შევრჩი სკოლას 27 წელი.
დღეს ჩემს ყოფილ მოსწავლეებს რომ ვხვდები, ჭაღარით მოსილ ვაჟკაცებს, რომლებიც პატივისცემითა და სიყვარულთი მეხვევიან, როცა თვალს ვადევნებ მათ ცხოვრებას, კაცურ ღირსებას, მიხარია და გულში გავივლებ ხოლმე, რომ ცუდად არ გამიტარებია
ეს ცხოვრება და ეს ერთადერთი სიამაყეა ჩემი!
აგერ მოაგელვებს მხედარი ბედაურს, ამაყად ზის გაჭიმულიცხენზე, უცბად შენიშნა გზის პირზე მსხდომარე უფროსები, აღვირს მოზიდა, ბედაური შეაჩერა, ცქვიტად ჩამოხტა, აღვირითდაიჭირა ცხენი და ჩაუარა უხუცესებს. სალამი უთხრა, მოიკითხა,
ჯანმრთელობა უსურვა და გზა განაგრძო. გასცდა ოციოდე მეტრს, კვლავ მოახტა ცხენს და ლაღად გასწია. თუ საპირისპიროდ მომავალი მგზავრი შენიშნა და მიხვდა, რომ ფროსია, კვლავ ჩამოხტება ცხენიდან, მიესალმება, შემდეგ ამხედრდება და გზას განაგრძობს. როცა მანქანის საჭეს უზის, ცხადია, ვერ ჩამოვა და მანქანას ხელით ვერ წაიყვანს. მაგრამ აუცილებლად
შეანელებს, წამოიწევა, თავს დაუქნევს და ასე მიესალმება, ხოლო თუ გზაში შემოხვდება პატივსაცემი უხუცესი, გააჩერებს მანქანას, ჩამოვა, მიესალმება და შემდეგ გზას განაგრძობს. ისიც ცხადია, რომ ყველას ვერ გაუჩერებს, გააჩნია ასაკს და ადგილსამყოფელს: თუ სხვა სოფლიდან არის, სალმის შემდეგ შესთავაზებს წაყვანას, 28 თუ შორს მიდის, აუცილებლად მიიყვანს, რაც უნდა ეჩქარებოდეს. გზაში სიარულის დროს უმცროსი უფროსს მარცხნივ და ოდნავ უკან მიჰყვება. ამით ის იცავს უფროსის დაუცველ, უფრო ნაკლებად მოსახერხებელ მარცხენა მხარეს, მაგრამ თუ ღამით მიდიან, მაშინ ახალგაზრდა კვლავ მარცხნივ მიჰყვება, ოღონდ უკვე საგრძნობლად წინ, თუ გზა ვიწროა ან ბილიკზე მიდიან, მაშინ რამდენიმე მეტრით წინ მიდის. ეს ჩვეულებები შორეული წარსულიდან მოდის, როცა მგზავრობა უსაფრთხო არ იყო, როცა მტრის თავდასხმა ყოველ წამს იყო მოსალოდნელი. უფროსისათვის გზის გადაჭრა ცუდ საქციელად ითვლება, სახლში, ეზოში თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში შესვლის დროს უფროსს გზას უთმობენ, სამსახურს შესთავაზებენ. არ შეიძლება, უცხო ადგილას მოხუცის უყურადღებოდ მიტოვება, უნდა შეიტყო, რისთვის გარჯილა, რით შეგიძლია დახმარება და სხვ. აუცილებლად უნდა მიეხმარო საქმის დასრულებაში, მიაცილო საჭირო ადგილამდე და ა.შ. რაც შეეხება რიგს, აქ ლაპარაკიც არ არის საჭირო: აუცილებლად დაუთმობენ რიგს, დასაჯდომს შესთავაზებენ, ყოველნაირად ეცდებიან, გაუადვილონ მგზავრობა, სამუშაო თუ სხვა საქმიანობა, რაც მთავარია, მოხუცი უყურადღებოდ არ იქნება, თუ ახლომახლო ახალგაზრდა ჭაჭანებს. უფროსის თანდასწრებით უმცროსი წყალს არ დალევს, რაც უნდა სწყუროდეს, სანამ უპირველესად არ შესთავაზებს უფროსს. ამ შემთხვევაში ქართველები საპირისპიროდ იქცევიან: წყალი უმცროსისააო, იტყვიან და უმცროსს შესთავაზებენ პირველობას. ქისტებში დიდ უზრდელობად ჩაითვლება, თუ ახალგაზრდა უფროსებისათვის შეუთავაზებლად წყალს დაეწაფება. ასევე საჭმელს არ მიეკარება უმცროსი, სანამ უფროსს არ
შესთავაზებს. თუნდაც უფროსი არ იყოს, გარშემო მყოფთაც შესთავაზებს ჭამას. და რაც მთავარია, რაოდენ მშიერიც არ უნდა
იყოს, პირველი არ დაიწყებს ჭამას, აუცილებლად დაელოდება, სანამ უფროსი გატეხავს პურს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა
მასპინძელი ოჯახში სტუმრისთვის გაშლილ სუფრაზე პირველი გატეხავს პურს. აქაც ყოველთვის ხორცის საუკეთესო ნაჭერს, უკეთეს კერძს სთავაზობს სტუმარს, მხოლოდ მერე თავად გადაიღებს. აქ უფროსის ადგილს იკავებს სტუმარი, ყველაზე პატარაც რომ იყოს თანამეინახეებს შორის. დღეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ახალგაზრდები ოჯახში, ქუჩაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიგარეტს ეწევიან და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ გარშემო მყოფთ, უფროსებს პირიქით, მათაც, როგორც თანტოლებს, სიგარეტს სთხოვენ და თან მოკიდებასაც ავალებენ. ასეთი რამ ქისტებში გამორიცხულია. უმცროსი უფროსების, მშობლების, ბებია-პაპების, ბიძების წინ სიგარეტს არ მოსწევს, გზაშიც რომ შეხვდეს, ან გადაგდებს, ან მუჭში მოიქცევს და დამალავს. სამძიმარზე სიგარეტის მოწევა არ არის მიღებული. ყოველ შემთხვევაში, ეზოდან გადიან და სადმე მოფარებულ ადგილას ეწევიან. ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა სამძიმარზე სიგარეტის ბოლი აქა-იქ ადის, ხმამაღალი საუბარი და სიცილი გაისმის. სამძიმარს უხდება ხმადაბალი საუბარი, მიცვალებულის კარგი საქმეების გახსენება და მისი სულის ცხონებისათვის ვედრება, სამძიმარი ქორწილს არ უნდა ჰგავდეს, როგორი ხნიერიც არ უნდა იყოს მიცვალებული. ამაზე ზრუნავენ უხუცესები და ახალგაზრდებიც ყურადღებით არიან, რომ არაფერი შეეშალოთ.
მუშაობის დროს უმცროსი ყოველთვის ხელს ჰკიდებს მძიმე სამუშაოს, ყველანაირად ცდილობს, გაუადვილოს უფროსს სამუშაო. მაგალითად, სიმინდის თოხნის დროს გამწკრივდებიან მუშები და ერთი სვე გააქვთ. ცხადია, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ყველა ცდილობს, წინ გაიჭრას, მეზობელი ჩამოიტოვოს. ასეთი ჯიბრი სახალისოა, მაგრამ დროულისთვის მძიმე ტვირთია და ამიტომ უმცროსები არასდროს ჩამოიტოვებენ უფროსს, მის წილსაც იზიარებენ და ასე მიჰყავთ წინ. ასე ხდება სხვა სახის მუშაობის დროსაც. უმცროსი ყურადღებით არის, რომ უფროსი აარიდოს დატვირთვას არა მარტო მუშაობის დროს, არამედ მგზავრობისას, სახიფათო ადგილის გავლისას და სხვ. ქისტებში ხშირად ჰყვებიან მონადირე მამა-შვილის ტრაგიკულ ამბავს. ერთხელ მამამ ახალგაზრდა შვილი გაიყოლა სანადიროდ. მოიარეს ჭიუხები, ვერსად წააწყდნენ ნადირს და გადაწყვიტეს, გასულიყვნენ ხევს გაღმა კლდიანში, სადაც ჯიხვების ჯოგი შენიშნეს. ხევი ზვავით იყო დაფარული, ზვავზე გადასვლა პრობლემა არ არის, მთავარია, დაქანება დიდი არ იყოს და არ დაქანდე ქვემოთ დიდი სიჩქარით. ამ დროს ძალიან ძნელია სისწრაფის შენელება და გადაჩეხვის რისკი დიდია. ფრთხილი მონადირე ხანჯლით ჭრის ნაფეხურებს და პრობლემის გარეშე გადადის. მაგრამ არსებობს მეორე, უფრო საშიში და მზაკვარი საფრთხე: გაზაფხულის პირზე ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით შუაში, ზვავი ქვეშიდან იწყებს დნობას და გათხელდება ხოლმე. თუ ასეთ ადგილას მოხდა გავლა ან გადარბენა, შეიძლება
უფსკრულში გადაეშვა, ზვავქვეშა მდინარემ გაგიტაცოს, ზედ ზვავის მთაც აღიმართოს და ცხედარიც კი ვერ მოინახოს.
მამამ პირველმა გადაიარა სახიფათო ზვავზე მშვიდობიანად. რომ დაეზღვია ვაჟიშვილი, კვლავ უკან დაბრუნდა, ხელმეორედ
გადაიარა კვლავ ზვავზე, გავიდა მეორე ნაპირზე და შვილს ნება მისცა, გადმოსულიყო მეორე ნაპირზე. როგორც კი ყმაწვილი შუა
გზამდე მივიდა, ერთი საშინლად დაიგრუხუნა. ხევებმა ბანი მისცეს. მოსწყდა ასეულტონიანი ზვავი და საშინელი ზათქითა და გრუხუნით დაეშვა უფსკრულში და მოქანავე ყმაწვილიც თვალის დახამხამებაში ჩაიტანა, შემდეგ დაიძრა მთის დაქანებული ფერდობიდან ახლა უკვე თოვლის ზვავი, საშინელი სისწრაფით დაქანდა ქვევით, ყინულის ზვავიც გაიყოლა და ქვემოთ დაეშვა. ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა დაფეთებულ მამას აზვირთებულმა თოვლის, მიწის, კლდეებისა და ხეების მასამ, რომ კლდეს ჩაჭიდებულმა ძლივს შეძლო თავის შეკავება, რომ ქარის ტალღას თან არ გაეტაცა. ისეთი ბუღი იდგა, არაფერი ჩანდა, მხოლოდ გამაოგნებელი გრიალი და ღრიალი ისმოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ირგვლივ სიწყნარემ დაისადგურა, მხოლოდ აქა-იქ დაგორებული ქვებისა და დამტვრეული ხეების
ჭახანი ისმოდა, ირგვლივ სურათი მკვეთრად შეიცვალა, მონადირე გაოგნებული აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქოს ორიოდე წუთში სულ სხვა ადგილას მოხვდა, ისე შეცვლილიყო გარემოს რელიეფი. ბოლოს გაოგნება სასოწარკვეთილებამ შეცვალა, ერთადერთი ვაჟიშვილი ზვავმა შთანთქა. გამწარებული მამა აქეთ-იქით ეცა, დაღმა დაეშვა, ხეების, ქვების, მიწის გორახებს შორის და თოვლყინულის ნაპრალებში დაძვრებოდა, ეძებდა შვილის გვამს, მაგრამ უშედეგოდ. დაღამების შემდეგ ერთი კლდის ძირში მიეგდო, დილით სოფელში ჩავიდა, ხალხი შეყარა და დაიწყეს გვამის ძებნა, მაგრამ ვერსად მიაგნეს. მთელი კვირის განმავლობაში ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ ზვავზე ხალხი, მაგრამ ისე დაიკარგა კაცი, თითქოს მიწამ პირი უყოო. შემდეგ წავიდა მსჯელობა მომხდარის შესახებ და ეს მსჯელობა დღესაც გრძელდება. მაინც რაზე მსჯელობენ? რა, პირველად ჩაყლაპა ზვავმა მონადირე? არა, ამაზე არც არის საუბარი.
საუბრობენ იმაზე, მართალი იყო თუ არა მამა, რომელმაც სამჯერ გადაიარა ზვავზე შვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შვილს უნდა ეზრუნა მამის უსაფრთხოებაზე, უმცროსს უნდა უზრუნველეყო უფროსის უსაფრთხოება. აქ კი პირიქით მოხდა, დაირღვა უფროს-უმცროსის ადათი და შედეგიც ტრაგიკული დადგა.
თუმცა უხუცესები ბოლოს მაინც დააყოლებენ: ბედისწერას ვერავინ გაექცევაო!
ქისტური ადათით, უფროსთან უმცროსი უაღრესად კორექტული უნდა იყოს, ზრდილი და ყურადღებიანი, რათა უადგილო, მოუზომელი ქცევით, თუნდაც უხეში კითხვის დასმით არ აგრძნობინოს წლების სიმრავლე, უძლურება და წყენა არ მიაყენოს. ხშირად მომისმენია კახელებში უხუცესებთან ახალგაზრდების ლაზღანდარობა, სარკასტული იუმორი და სხვ. კარგად მოგითელია ჟამი, პაპა, დროა გადაბარგდე საბოლოო სახლში ასეთ იხუმრობა გულს სტკენს მოხუცს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა უსიხარულოა სიბერე. ქისტებში ასეთი რამ გამორიცხულია, საჭიროების დროს კი, შეახსენებენ კაცს თავის ასაკს, მაგრამ საუბრის ისეთ ტონს, მანერას, სიტყვებს შეარჩევენ, რომ დროულ კაცს არ ეწყინოს. მოვიყვან ერთ მაგალითს პირადი ცხოვრებიდან. დაახლოებით 15 წლის წინ ივრის სათავეებში სანადიროდ წავედი. ლეკუანის აღმოსავლეთ ფერდობზე ეყენა პირადი ცხვარი ჩემს მეგობარ ვისერგი ქავთარაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ მწყემსი ჰყავდა, ნადირობის მოყვარული და ერთად ინადირებთო. ადრეც ნამყოფი ვიყავი ივრის სათავეებში, დათვი იცის და გარეული თხა (ფსიტი), ხალისით
გავყევი. დილით ადრიან ვისერგიმ გამაღვიძა, სწრაფად ვისაუზმეთ და ხევში დავეშვით. ადრიანი დილა იყო, კარგი ამინდის ნიშანი მსუბქი ბურუსი თანდათანობით მთების წვერებისკენ იკრიბებოდა და ბალახზე ნამს ტოვებდა. სამარისებური სიჩუმე იდგა, სულიერ არსებებს ჯერ არ გაეღვიძათ, მხოლოდ ხევიდან ისმოდა წყლის ხუილი. ასეთ დროს სასიამოვნოა მთაში სიარული, ხალისს გრძნობ და მსუბუქად მიაბიჯებ. გელა წინ მიმიძღოდა, როგორც უმცროსი გზას მიკაფავდა.
ხევზე საკმაოდ მოზრდილი მდინარე სწრაფად მიქროდა ბარისკენ, როგორც ქისტები იტყვიან, ორი წისქვილის წყლის ოდენა იყო.
გელამ სწრაფად მონახა ხე _ ხიდი (წყლის ნაპირზე მოჭრილი და მეორე ნაპირზე გახიდული ხე), გადავედით და მდინარეს მაღლა,
რკინის მთის მთაგრეხილებისკენ ავუყევით. სწრაფად მივდიოდით, მზის ამოსვლამდე ხევხუვების ძირებამდე უნდა მიგვეღწია. საღამოს მთების წვერებისკენ ასული ფსიტები დილით დაბლა ჩამოდიან და ხევებში, ჩრდილებში ძოვენ და ისვენებენ, ხანდახან ვჩერდებოდით მცირე ხნით, რათა დურბინდით შეგვეთვალიერებინა მთის ფერდობები და პარალელურად დაბლა ჩამოქანებული ცერები.
ჩქარი სიარულისგან დავიღალე, ნელ-ნელა იზრდებოდა მანძილი გელასა და ჩემს შორის, მაგრამ არც ისე დიდად, რადგან მალე
ვეწეოდი. ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ახალგაზრდა მონადირე სვლას ანელებდა, როგორც კი ჩამოვრჩებოდი. ამას მერე მივხვდი იმ დიალოგის შემდეგ, რომელიც ჩვენ ორს შორის გაიმართა და რომლის გამოც მომყავს ეს არცთუ საყურადღებო ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან.
გელა უცბად შეჩერდა, ჩაიმუხლა, მეც უმალ ჩავიჩოქე. მან დურბინდი მომაწოდა და მანიშნა წინ, ცოტა მარჯვნივ მთის
წვერისკენ, საიდანაც გაშლილი ხევი დაბლა, პირდაპირ ჩვენსკენ ეშვებოდა. მაშინვე დურბინდში გაიელვა გარეული თხების წითურმა სხეულებმა და თავებზე ლამაზად მოხრილმა პატარა რქებმა. ორივენი ბალახში ჩავიმალეთ, თოფები მოვიმარჯვეთ და ლოდინი დავიწყეთ. შორს იყო ჯოგი, მაგრამ პირდაპირ ჩვენკენ აეღო გეზი. წინამძღოლი წამდაუწუმ ჩერდებოდა, ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს. დანარჩენებიც შეჩერდებოდნენ, მაგრამ მაინცდამაინც თავს არ იწუხებდნენ უსაფრთხოების დაცვით, გეგონებოდა, ზრდილობის გულისთვის ათვალიერებენო მიდამოს, როგორც ჩანს და ეს ასეც არის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინამძღოლს ეკისრებოდა.
_ მგონი, გაგვიმართლა, პირდაპირ თოფის სამიზნეზე მოდიან,
_ მეუბნება ჩურჩულით გელა.
_ ალბათ ასეა, მაგრამ ძალიან ცუდ ადგილას ვართ ჩასაფრებულნი, შეიძლება სუნი იკრან.
_ რას ამბობ, ჩვენ ხომ დაბლა ვართ, ნიავი ხომ მთის წვერებიდან ქრის, იდეალურ პირობებში ვართ, _ დარწმუნებულია თავის
სიმართლეში გელა.
_ ვნახოთ. მშრალ ხევებში ამ დროს ნიავი უფრო ხშირად დაბლიდან ქრის. კი, როცა წყალი ქვევით მიედინება, ნიავსაც თან მიაქანებს, მაგრამ ვინ იცის, აქ როგორ მოაწყო ბუნების მოვლენები ალაჰმა. ღიმილით ვამბობ.
თითქმის თოფის სასროლ მანძილზე მოგვიახლოვდნენ, მაგრამ წინამძღოლი უცბად მკვეთრად შედგა და დაისტვინა. ყველანი გაქვავდნენ. ფსიტს რქების ძირებში აქვთ ნახვრეტები, საიდანაც ადამიანის სტვენის ძალზე მიმსგავსებული სასიგნალო ხმას გამოსცემენ, ამჯერად საფრთხის მაუწყებელი სიგნალი იყო და მთელი ჯოგი მიჰყვა წინამძღოლს, რომელიც ელვისუსწრაფესად გორს მიეფარა.
ძალიან გვეწყინა, განსაკუთრებით გელა იყო გაბრაზებული, რომელიც დარწმუნებული იყო ნადირობის წარმატებაში. რას ვიზამდით, წამოვდექით და გზა განვაგრძეთ. საკმაო სიმაღლეზე ასვლის შემდეგ ახალგაზრდას დასვენება შევთავაზე.
ჩამოვსხედით მწვანე მოლზე, ოფლი მოვიწმინდეთ, თოფები გვერდზე დავაწყეთ და თან წამოღებული წყლით გამშრალი პირი
გავისველეთ.
_ რაღაც ვერ დავდივარ ძველებურად, ვერა ვარ ჯანზე, _
შევჩივლე პარტნიორ მონადირეს.
_ ვოშეი (უფროსო ძმაო), რამდენი წლისა ხარ? _ მორიდებით
მეკითხება გელა.
_ 55 წლისა ვარ-მეთქი, _ ვპასუხობ.
_ რას ამბობ? ძალიან კარგად დადიხარ. ამ ასაკში ასეთ კლდეღრეებში ხეტიალი ადვილი კი არ არის. _ მამხნევებს გელა.
დაკვირვებით შევხედე. სერიოზული სახე ჰქონდა, მივხვდი, სიმართლეს ამბობდა, მაგრამ უცბად გონებაში ელვასავით გამკრა
აზრმა, რომელიც აქამდე აზრადაც არ მომსვლია: ჰოო, მაშასადამე, დავბერებულვარ. კი, მაგრამ როგორ არ დავფიქრებულვარ ამაზე
აქამდე, სანამ ამ ყვითელნისკარტამ არ მაგრძნობინა კულტურულად. ნუთუ ვფიქრობდი, რომ ყოველთვის მექნებოდა ის ენერგია
და შემართება, რაც ადრე მქონდა? ამ დღემდე ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ და ამ ახალგაზრდის ზრდილობიანმა შექებამ
მიმახვედრა, რომ ვინც დიდხანს ცოცხლობს, სიბერეს იწვნევს. ვისაც დიდი ხნის სიცოცხლე უნდა, სიბერესაც უნდა შეეგუოს.
დიახ, ახალგაზრდის შენიშვნამ მწარე ფიქრები აღმიძრა, მაგრამ, ამავე დროს, შევაფასე მისი ტაქტი, უფროსის პატივისცემა. მან ზრდილობიანად გამაგებინა, რომ უკვე ასაკში ვარ, თანაც ისეთნაირად, რომ გული გამიკეთა, სხვანაირად რომ ეთქვა, ალბათ,
წყენა ჩამრჩებოდა გულში.
დღეს, როცა სოფელში ასაკოვანი გაივლის, ახალგაზრდები
სხედან და არც კი წამოიწევიან, გული გეტკინება, ძალაუნებურად საყვედურიც წამოგცდება, ცდილობ, შეაგონო, რომ არასწორად იქცევიან, უფროსის პატივისცემა ზრდილობის (უეზდიელ) გამოხატულებაა, მაგრამ ვაჰაბიტებს საკუთარი მოსაზრება აქვთ:
მუჰამად მოციქული კრძალავსო ადამიანის თაყვანისცემას. კი, მაგრამ პატივისცემა არ ნიშნავს თაყვანისცემას. მართალია, მუჰამად მოციქული, მართლაც უშლიდა მიმდევრებს მისი მეჩეთში შესვლის ან სხვა დროს ფეხზე წამოდგომას. მუჰამადი ალაჰის რჩეული მოციქული იყო, მან იცოდა, თუ როგორ მოხდა იესო ქრისტეს, იესო მოციქულის გაღმერთება მისი მიმდევრების მიერ და ეკლესიის კანონიზაციის შემდეგ როგორ გავრცელდა მსოფლიოში მისი ძე ღმერთის დოგმა. ის ამას ხმამაღლა უცხადებდა თავის მრევლს: მარიამის შვილის _ ისა შუამავლისადმი ქრისტიანების მსგავს გადაჭარბებულ შექებას ჩემს მიმართ ნუ გამოიჩენთ! მე მხოლოდ ალაჰის მსახური ვარ და შუამავალი დამიძახეთ!~ ამას თავის თავზე ამბობდა, მაგრამ მრევლს უქადაგებდა, რომ პატივი ეცათ მშობლებისათვის, ნათესავებისათვის, უფროსებისათვის. თვითონყურადღებით ექცეოდა ასაკით უფროსებს, მათი დაჯდომის დროს ფეხზე დგებოდა, უკეთეს ადგილს სთავაზობდა დასაჯდომად, საჭმელსა და წყალს პირველად უფროსს შესთავაზებდა და სხვ. ბუჰარის ჰადისი გვაუწყებს, როგორ მოძღვრავდა მოციქული მრევლს: ასაკით უმცროსი უფროსს პირველი უნდა მიესალმოს, მხედარი ქვეითად მოსიარულეს, მიმსვლელი _ მჯდომარეს (მსხდომთ), ერთი მრავალს პირველი უნდა მიესალმოს. ზუსტად ამას მოითხოვს ქისტური ადათიც. დიახ, უფროსს პირველად უნდა მიესალმოს უმცროსი, მხედარი ქვეითად მოსიარულეს აძლევს სალამს, ამავე დროს, ხნიერ კაცს თუ შეხვდა, უნდა ჩამოქვეითდეს, მიესალმოს, მოიკითხოს და სამსახური უნდა
შესთავაზოს. თუ ერთი მიმართულებით მიდიან, ცხენი უნდა შესთავაზოს და ა.შ.
დიახ, ამ ჰადისში ნათლად ჩანს, რომ აქ ასაკზეა საუბარი, ასაკით უფროსის პატივისცემაზეა ლაპარაკი და არა რაიმე სახის
თაყვანისცემაზე. თავად იძლეოდა მუჰამედი ამის მაგალითს, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი რომელი ეროვნების წარმომადგენელია, რომელ რასას ან სქესს ეკუთვნის. მაგალითად, ქუჩაში მიცვალებულს მიასვენებდნენ და მუჰამად მოციქული ფეხზე წამოდგა და იდგა, სანამ სამგლოვიარო პროცესია არ გასცდა. ამის მომსწრე მუსლიმმა უთხრა: ალაჰის მოციქულო, მიცვალებული ხომ ებრაელი იყო, რატომ წამოუდექი?
_ მერე რა, ის ადამიანი იყო. _ იყო მისი პასუხი.
წინაპრების დაუფასებლობა, წინაპართა ადათების უგულებელყოფა იწვევს მომავალი თაობის დეგრადაციას. ადათი და რელიგია ერთმანეთს უნდა ავსებდეს და ორივე ერთად უნდა მიჰყვეს ეპოქის მოთხოვნებს. ადათ-წესების წინააღმდეგ ბრძოლა უცილობლად მიგვიყვანს ეროვნული თვითშეგნების დაკნინებამდე, რაც ყველაზე დიდი კატასტროფაა ერისთვის.
როგორც ზემოთაც ითქვა, ახალი მიმდინარეობის ყველა წარმომადგენელი როდი უარყოფს უფროსისადმი პატივისცემას. არიან
მათში ბევრი, რომლებიც პატივს სცემენ უფროსებს, წინაპართა ადათ-წესებს, ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, სისხლში აქვთ გამჯდარი ქისტური მენტალიტეტი, არ დაუკარგავთ ქისტური კაცობის კოდექსი _ უეზდიელ (კულტურა), ყუანახალ (ვაჟკაცობა),
იაჰ (ჯიბრი კეთილ საქმეებში), იოჰ (სახე). მადლობა ალაჰს, რომ ასეთები არც ისე ცოტანი არიან. მაშ, რაშია საქმე, რა დაემართა მოზარდებს? ჯერ ერთი, პირველ ხანში ლიდერებმა გასწიეს ძლიერი აგიტაცია-პროპაგანდა ადათ-წესების წინააღმდეგ და შეძლეს ახალგაზრდების აყოლიება. მეორეც, ადამიანი ილტვის იქითკენ, საითაც იოლია ცხოვრება. ქისტი რომ იყო, ვგულისხმობ ნაღდ ქისტს, არ არის ადვილი. ამისთვის საჭიროა დიდი ძალისხმევა, ეს მძიმე ტვირთია, უნდა ზიდო მთელი ცხოვრება, შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს, წინაპრების კვალს უნდა მიჰყვებოდე, ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, თანასოფლელის, შენი ხალხის ერთგული, ჭირისა და ლხინის მოზიარე უნდა იყო. ყოველ წუთს მზად უნდა იყო შენი და შენი ხალხის ღირსების დასაცავად, ამისთვის თუ საჭირო გახდა, სიკვდილსაც არ უნდა მოერიდოს. ძალიან მძიმე ტვირთია და სულმოკლე ადამიანი ხშირად ღალატობს ამ პრინციპებს. თუ კაცი იტყვის, პაპუასი ვარო და დაიწყებს პაპუასთა დარად ცხოვრებას, იგი, მართლაც, პაპუასი იქნება, არაბობა უნდა _ არაბი იქნება და ა.შ. მაგრამ თუ იტყვი, რომ ალაჰმა სამშობლო მომცა, ქისტად გამაჩინა და ისლამი
მიბოძა, დაიცავი ეს სამი ცნება და კაცი იქნები!

Share

Leave a Reply