ქისტი ქალების საუბრიდან

ქისტი ქალების საუბრიდან

პირველი ქალი
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს – მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!
თოფი ჰქონდეს – ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი – მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს – შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს – ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და… ჩვენი ციხე მეგონოს!
მეორე
მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!
მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!
რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო – შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!
მესამე
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად…
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!
ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი…
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..
 
გაბრიელ ჯაბუშანური

Share

Leave a Reply