,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”
ვაჟა-ფშაველა
სტუმრისა და მასპინძლის ურთიერთობის წეს-ადათი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და ყველა ეპოქაში აქტუალური იყო.
ქისტებში სტუმარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,შეიძლება ითქვას,რომ ქისტური ადათ-წესების მიხედვით სტუმარი ისეთი უფლებითაა აღჭურვილი,რომ მასპინძელი წინ ვერ აღუდგება სტუმრის ახირებულობას,უსაქციელობას და ზოგჯერ ზღვარგადასულ ოჯახის უპატივისმცემლობასაც კი.
მასპინძელი ოჯახში და თავის სოფელში სტუმარს უკადრის საქციელზე პასუხს ვერ მოსთხოვს,გააცილებს და გააფრთხილებს ,რომ შემდეგ შეხვედრისას პასუხს აუცილებლად აგებინებს თავის ნამოქმედარზე.
სტუმრის უსაფრთხოება ხელშეუხებელია,სტუმრის შეურაცხყოფა მასპინძლის არაფრად ჩაგდებად,მისი კაცობის,ღირსების შელახვად ითვლება,რაც დაუსჯელი არ დარჩება. მასპინძელი ვალდებულია დაიცვას სტუმარი,ამავე დროს,ის პასუხს აგებს სტუმრის უსაქციელობაზე. მაგ: თუ სტუმარმა ჩხუბი ატეხა,დაჭრა ვინმე ან სულაც გაძარცვვა ვინმე,ან კიდევ იქურდა,დაზარალებული მასპინძელს მიადგება და პასუხს მოსთხოვს. თუნდაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ სტუმარი მიიმალოს,მასპინძელი ვალდებულია,მის დანაშაულზე აგოს პასუხი.
მართალია მთლად ასეც არ არის საქმე,რომ სუტუმარს ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი,რასაც ის ჩაიდენს მასპინძლის კისერზე გადაივლის და იგი თავისუფალია. არა,მასაც პასუხი მოეთხოვება,მისი მასპინძელი შემდეგ პასუხს მოსთხოვს თავისი ავტორიტეტის შელახვისთვის. სტუმრის უსაქციელობა რა თქა უნდა მასპინძელსაც ჩირქს სცხებს,რადგან ქისტებში იტყვიან: როგორი მასპინძელია სტუმარიც ისეთი ჰყავსო.
ერთი შეხედვით სტუმარი ტერორს ახორციელებს მასპინძელზე,რამეთუ ძალიან დიდ ტვირთს აკისრებს თავის სტუმრობით. მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული,რომ მასპინძელიც ხშირად სტუმრის როლშია და ისიც იმავე პრივილეგიებით სარგებლობს,როგორც მისი სტუმარი. ასე რომ,სტუმარ-მასპინძელი,როგორც იტყვიან,ბარი-ბარში არიან.
ქისტურ ადათებში,შეიძლება თამამად ითქვას,სტუმრის პატივისცემა პირველ ადგილზე დგას. ქისტებში ამბობენ,სამი რამის გადადება არ შეიძლება – სტუმრის პატივისცემა,მიცვალებულის დამარხვა და მოწიფული ქალიშვილის გათხოვება,როგორც ვხედავთ სტუმრის პატივისცემა პირველ ადგილზეა დაყენებული.
ერთ-ერთ ვაინახურ საგმირო სიმღერაში (ილლი) მოთხრობილია,თუ როგორ აღმოჩნდა დილემის წინაშე ახალგაზრდა,რომელმაც ერთდროულად სამი უაღრესად სერიოზული ცნობა მიიღო.
- იმ ღამეს მამის მკვლელს უნდა გაევლო მეზობელ სოფელზე.;
- მის შეყვარებულს იმ ღამეს ნიშნავდნენ სხვაზე;
- მამის მეგობრები იმ ღამეს სტუმრობდნენ;
სამივე ცნობა იყო პრობლემური,მათ გადასაჭრელად ახალგაზრდა ქისტი მზად იყო,ძალაც შესწევდა და ნებისყოფაც,მაგრამ პრიორიტეტული რომელი იყო,ეს უნდა გადაეწყვიტა. გადაწყვეტილების მიღებაში ქვრივი დედა დაეხმარა: მამის მკვლელს შეხვდები და სისხლს აიღებ,მთავარია არ დაივიწყო,არ შეგინელდეს შურისძიების გრძნობა; შეყვარებულიც არ გათხოვდება,თუ გულით უყვარხარ. გათხოვდება და სხვა გოგოს ნახავ,ერთგულსა და მოყვარულს,მაგრამ თუ სტუმრებს არ უმასპინძლებ,ისინი განაწყენებულნი წავლენ და დაივიწყებენ შენი სახლისკენ მომავალ გზას. ხოლო შენ,თავზე ლაფდასხმული ივლი მთელი შენი სიცოცხლე,შენს შთამომავლობასაც წამოაყვედრებენ,სტუმარს დაემალა,სათანადო პატივისცემა არ მიაგოო.
სტუმარი სახლში ვერ შევა,თუ იცის,რომ ოჯახის უფროსი სახლში არ არის,თუ სტუმარი შორიდან არის მოსული,მაშინ დიასახლისი,მეოზბელს ან ნათესავს მოიწვევს და სტუმარს გაუმასპინძლდება,პატივისცემის გარეშე არ გაუშვებს.მაგრამ როგორ იქცევა დიასახლისი,თუ სტუმარი გვიან მიადგა? ამის მაგალთი არსებობს,როცა სტუმარი გვიან ეწვია ოჯახს,არ იცოდა,რომ მასპინძელი ოჯახში არ იმყოფებოდა,ქალმა უმასპინძლა,სტუმრის ოთახში დააძინა,თავად კი ლამპა გარეთ გაიტანა,ჩამოჯდა და მთელი ღამე ასე გაატარა.
ქისტებს სტუმრისთვის ცალკე ოთახი აქვთ გამოყოფილი,რომელიც ყოველთვის არის მოვლილი,სუფთა გვეშაგები და თეთრეული მზად არის. ამ ოთახს არ იყენებენ ოჯახის წევრები,ბავშვებსაც კი აკრძალული აქვთ იქ შესვლა.
სტუმარს ოჯახში საპატიო ადგილზე სვამენ,მასპინძელი სახლის გარეთ,ეზოში ხვდება სტუმარს,წინ გაუძღვება,პირველი შედის სახლში და უთითებს საპატიო ადგილს. ( აღმოსავლეთით,კერიასთან,არცერთ შემთხვევაში კარებთან ახლოს) დიასახლისი ჭამის წინ ხელებს დააბანინებს,თუ მოზრდილი შვილები ჰყავს,ისინი მოემსახურებიან სტუმარს. სუფრაზე მასპინძელი პირველი იწყებს ჭამას და არასდროს არ შეწყვეტს ჭამას სტუმარზე ადრე. გაცილების დროს კი,აუცილებლად გაჰყვება სტუმარს ეზოს გარეთ,მხოლოდ ქუჩაში დაემშვიდობება,ხოლო თუ შორიდან არის მოსული,მაშინ სოფლის ბოლომდე გაჰყვება. სოფლიდან გაცილება აუცილებელია თუ სტუმარს რამე საფრთხე ემუქრება.
სტუმარს თუ რამე ნივთი მოეწონება,მასპინძელი აჩუქებს,ადვილად შეელევა,როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ის,ასევე სტუმარიც აჩუქებს ხოლმე მასპინძლის ბავშვებს რამეს. ამაზე ქისტები იუმორით იტყვიან ხოლმე ,,დჵა ქოჩ,სჰა ქოჩ” ( იქით პერანგი,აქეთ პერანგი).
სრულიად უცხო ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ქისტურ ოჯახს მიადგეს და მასპინძლობა სთხოვოს. მასპინძელი არასდროს არ ჰკითხავს,ვინ არის,სად მიდის,რა საქმეზეა მოსული და ასე შემდეგ,მას სტუმარი მიადგა კარზე,ეს ღვთის წყალობაა და პატივით უნდა მიიღოს.
საუკუნის წინ ქისტ ეთნოგრაფს,მათე ალბუთაშვილს აქვს აღწერილი სტუმარ-მასპინძლის ურთიერთობები,რაც დიდად არ შეცვლილა დღესაც,მათე ალბუთაშვილი საინტერესოდ და რეალურად წერს.
კავკასია პურის ქვეყანა და ხალხიც პურადი არის საერთოდ,პოეტისა არ იყოს,პურადობა არც ქართველს ეძრახვის,მაგრამ ქისტის პურადობა – სტუმართმოყვარეობა,განსაკუთრებულია.
თუშს ვერ ვაქებ, – ნომადია. ფშაველმა თქვა: სტუმარო,შენი სტუმრობა მე არ მგონია ხუმრობაო.
ხევსური სტუმარს – მაზრის უფროსს ასე დაუხვდა ,,ქონ-კალტის კვერა არა,მაჩა-ლიკო,ჩემ დიაცმ გიქნა,ხახოუნი კი არარაირა,მიჯიდი მა ყურეჩდ მიღმიმჯე!”
ქისტი აგრე არ დაუხვდება სტუმარს. სტუმარი (ჰააშ) ქისტის სახლში ბატონია! ის წევს,ზის,დგას თუ მიდი-მოდის,მასპინძელი,უმფროს-უმცროსი მას პირში შეჰყურებს,თვალს არ აშორებს,რას მოსთხოვს,რას უბრძანებს ან დაავალებს,ასე ჰყავს მთელს ოჯახს თვალში აღებული სამს დღეს და,გაგრძელდა,ერთი კვირაც. თუ მეტხანს დარჩა,ჩვეულებრივი წევრივით იქნება ოჯახში,მისი დათხოვნა არ შეიძლება.
სტუმარსაც აქვს გარკვეული ვალდებულებები მასპინძლის მიმართ, მაგალითად,სტუმარს მასპინძელთან შეთანხმების გარეშე ,მისი ინფორმირებისა და სათანადო მიზეზის არქონის შემთხვევაში უფლება არ აქვს გადავიდეს სტუმრად სხვა ოჯახში,ე.ი გამოიცვალოს მასპინძელი.
ეს,ერთი შეხედვით უცნაურად მოეჩვენება არაქისტ მკითხველს,ალბათ,იტყვის,როგორ,უფლება არ მაქვს,თავად ავირჩიო მასპინძელი,ეს ხომ ადამიანის უფლებების შეზღუდვაა და ა.შ მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ თუ სტუმარმა მიატოვა მასპინძელი და სხვა მასპინძელი მონახა,პირველი მასპინძელი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება: გაჩნდება რაღაც ეჭვი,მასპინძელმა პატივისცემა ვერ შეძლო,ცუდად დახვდა ან სულაც,შეურაცხჰყო და სხვა. ასეთ შემთხვევაში მასპინძლის ავტორიტეტი ილახება,მის ღირსებას ჩრდილი მიადგება,ამიტომ არსებობს ადათი,რომლის მიხედვითაც სტუმარს მასპინძლის უპატივისმცემლობისთვის ჯარიმა ეკისრება.
სტუმარი,რომელიც მასპინძლის ნებართვის გარეშე სხვა მასპინძელს მოძებნის,ვალდებულია თეთრი ვაცით მივიდეს ყოფილ მასოინძელთან და პატიება სთხოვოს.
რატომ მაინცდამაინც თეთრი ვაცით? ამასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა – თეთრი ფერი მშვიდობის ფერია,გვარში,უცხოს მიღების დროსაც თეთრი ხარი იკვლება,ეს ადათი უხსოვარი დროიდან მოდის და დღესაც მისდევენ ქისტები!
სულხან ბორძიკაშვილი | მომზადებულია ხასო ხანგოშვილის ,,ქისტების ადათ-წესები-ს” მიხედვით