პირველად ჩეჩნების შესახებ ღრმა ბავშვობაში, აფხაზეთის ომის დროს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს იბრძოდნენ, ჩემთვის ჩეჩნები არასდროს ასოცირდებოდნენ მტრებთან. შემდგომში რუსეთთან ომის დროს, ისინი ჩემთვის იქცნენ მემბრძოლი სულის სიმბოლოებად, იდეისთვის მებრძოლ ერად, რომელიც ამ იდეისთვის ბრძოლას შეეწირა. სწორედ მათ ამგვარ აღმქას ეხმიანებოდა ფრაზა „ჩეჩენ ვეჩენ“.
ეს ფრაზა ჩვენი მსგავსი მცირე ერის წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს რაღაც ღირებულება, რაც წარუშლელი და დაუმარცხებელია. ჩეჩენი ერი იქცა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
სწორედ ეს სიმბოლო დაინგრა ჩემთვის თანამედროვე ჩეჩნეთში 2015 წლის ზაფხულში ჩასვლისას. ქალაქ გროზნოში არ იგრძნობა ომის არავითარი კვალი. ვერ ნახავთ ვერცერთ ნატყვიარს კედლებზე, ვერ ნახავთ დანგრეულ ან დამწვარ შენობებს, რისი მოლოდინიც ჩასვლამდე სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა. ომის კვალი მხოლოდ შეუსაბამოდ მცირე მოსახლეობასა და არაბუნებრივად მშვიდ ქალაქში ვლინდება.
ისტორიული ქალაქი გროზნო აღარ არსებობს, ყველა შენობა, ყველა ქუჩა განახლებულია და მთელ ამ პროცესს, მთელს ქალაქს ჰყავს თავისი „შემოქმედი“.
„შემოქმედი“, რომელიც არ გაძლევს ქალაქში საკუთარი თავისა და ოჯახის დავიწყების საშუალებას. გროზნოს ცენტრალურ რაიონში თითქმის არაა შენობა, რომელზეც გამოსახული არ არის რამზან კადიროვი ან ჩეჩენი ერის მამად წოდებული ახმად კადიროვი.
მამა-შვილის პორტრეტები ქალაქის ყველა ქუჩიდან გვიმზერს და, რა თქმა უნდა, მათ გვერდით არის თანამედროვე ჩეჩნეთის შექმნის მთავარი „შემოქმედი“, ქალაქისა და რესპუბლიკის „განმაახლებელი“ ვლადიმერ ვლადიმერის-ძე პუტინი.
თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის დედაქალაქის ყველა შენობაზე ამ თავისუფლების მთავარი დამახშობლის, დამმარცხებლის პორტრეტია გამოსახული, ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა პუტინის ამაყ სახელს ატარებს, ხოლო ბავშვები პატრიოტულ სულისკვეთებას ივითარებენ პატრიოტულ კლუბ „პუტინში“.
სწორედ აღნიშნული სახეცვლილების დანახვის შემდეგ გამიჩნდა თანაგრძნობის განცდა ერის მიმართ, რომლის ნახევარი რუსეთთან თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, ხოლო გადარჩენილ ნაწილს დღეს უწევთ იცხოვრონ რესპუბლიკაში, სადაც პუტინს ადიდებენ და ერის მამად ამ ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის მოწინააღმდეგე კადიროვების ოჯახი იწოდება.
ომის კვალი კი არსადაა, მსხვერპლის კვალი არსადაა. ჩეჩნეთში არის ახმად კადიროვის მავზოლეუმი 20 კილოგრამიანი ოქროს ჭაღით და კადიროვის „ტუფლების“ გამოფენით. იქ არის რამზან კადიროვის დედის სახელობის უზარმაზირი მეჩეთი, რომელიც ძნელად მოგაგონებთ ტაძარს თავისი ნაირფერი განათებით, არის მეორე მსოფლიო ომის ღია მუზეუმი, თუმცა არსადაა იმ ათასობით მსხვერპლის სიმბოლო, რომლებიც რუსეთთან ომს შეეწირნენ, ისინი უბრალოდ უკვალოდ გაქრნენ.
მსხვერპლის სიმბოლოდ მე აღვიქვი თანამედროვე გროზნოში აღმართული ცათამბჯენები, რომელთა ფუნქციური დანიშნულება თავიდან გაუგებარია, თუმცა მოგვიანებით ცხადი ხდება, რომ როგორც ფილმში „ადამიანები შავებში“ მათი მთავარი დანიშნულებაა მოსახლეობის მეხსიერების წაშლა. იმ წარსულის წაშლა, რომელშიც რუსეთი მტერია, პუტინი – ჩეჩენი ერის განადგურების პირას მიმყვანი, კადიროვების ოჯახი ერის მოღალატე, ხოლო ჩეჩენი ერი – თავისუფლებისთვის მებრძოლი, „ჩეჩენ ვეჩენი“.
ჩეჩენეთში ჩემი მოხვედრის მიზანი იყო რუსეთის რბილი ძალის მიერ ჩვენთვის წარმატებული მოდელის ჩვენება, დიახ, ჩეჩნეთი რუსეთის „რბილი“ ძალის წარმატებად ითვლება. მეორეს მხრივ, ჩეჩნეთი, ესაა რეგიონალურ-ეთნიკური კონფლიქტის დედა სახელმწიფოს მიერ თავისთვის წარმატებულად გადაჭრის მოდელი. სწორედ ამგვარ გადაჭრასთან ვიყავით ახლოს 2008 წელს, ძნელია ამჟამად წარმოიდგინო თუ რა მოხდებოდა ომი ჩვენ რომ მოგვეგო?! თუმცა ყველა, ვინც ფიქრობს ან ფიქრობდა, რომ ომი არის კონფლიქტის გადაჭრის გზა აუცილებლად უნდა ჩავიდეს გროზნოში.
წყარო