ქალის როლი და ფენომენი ვაინახურ საზოგადოებაში

იშვიათია სამყაროში  საზოგადოება, სადაც ქალი ისეთი პატივცემული და დაფასებულია, როგორც ეს ვაინახურ თემში ხდება. მართალია, არსებობს  არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა ვაინახებში ქალი დაჩაგრულია და  არანაირ როლს არა ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ აზრის ჩამოყალიბებას თავის მხრივ ხელი შეუწყო იგივე მცდარმა წარმოდგენამ ისლამურ სამყაროში ქალის დაჩაგრულობის შესახებ.

ფაქტი კი ის არის, რომ ვაინახი ქალის ფენომენი და როლი ბევრ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების სრულყოფილი ჩამოყალიბებისა და არსებობისათვის.
ქალის როლი ვაინახურ ოჯახში ძველად თვალსაჩინო იყო. ამაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც – ” წიინ ნაან” (სახლის დედა, დიასახლისი). ქალს ყოველთვის დიდი როლი ეკავა მთიელთა ცხოვრებაში, ის მამაკაცთან ერთად ეწეოდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს: ოჯახს უვლიდა, ბავშვებს ზრდიდა და სამეურნეო საქმეებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ბევრ ლეგენდასა თუ ზღაპარში, პოემასა და სიმღერაში ვაინახი ქალი დახატულია მამაც მეომრად, დიდად პატივცემულ ბრძენად, მისი სახე – ეს არის ამაყი და მომთხოვნი ქალის სახე, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას.
მიუხედავად, ერთი  შეხედვით, უუფლებო მდგომარეობისა, ქალი თავისი ჭკუითა და ენერგიით თვალსაჩინო როლს თამაშობს ვაინახთა  ცხოვრებაში, – წერდა დალგატი ვაინახი ქალის შესახებ.
ვაინახურ საზოგადოებაში ასაკოვანი ქალები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ რჩევას ეკითხებოდნენ და ზოგჯერ სახალხო სასამართლოში მედიატორებადაც კი ირჩევდნენ. ვაინახური საგმირო სიმღერების მიხედვით, ჯიგიტის საზრუნავი ის არის, რომ ცუდი საქციელის გამო გასაკიცხი არ გახდნენ შეყვარებული  ქალიშვილების მიერ, ხოლო სიყვარული კი ჯიგიტებს უბიძგებს კეთილშობილებისკენ, მათი გმირობა შთაგონებულია დედის ან დის, ცოლის ან შეყვარებულის მიერ და ყოველთვის იღებენ მათ მორალურ მხარდაჭერას.
ვაინახებში ყოველთვის არსებობდა და არსებობს დედის კულტი, არანაკლებ მნიშვნელოვანია უძმო დისა და ქვრივი ქალის ფენომენი ამ თემში.
ვაინახური საგმირო ეპოსის-ილლის სიუჟეტების ცენტრალური ხაზი მიჰყავს გმირის დედას, რომელიც არის გმირის ჩამოყალიბების, მისი მსოფმხედველობის მომწიფების, სამშობლოსათვის თავდადების იდეის მთავარი წყარო. დედის სახე საგმირო ეპოსში ეს არის სახე ქალისა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ვაინახი ხალხი თავის ცნობერებაში. ჩეჩენი პოეტი  ქალი რაისა ახმატოვა წერს: ”კერიის ცეცხლის შენახვა, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი სიტყვითაც არ აწყენინოს დედას, პატიოსნად იშრომოს, იცხოვროს ღირსეულად – აი, ძალიან მოკლედ ჩამოყალიბებული ღირსების კოდექსი ჩემი ხალხისა, რომელიც  პოეტური აზროვნების თანსწორად გვერგო ჩვენ, შთამომავლებს”.
ერთ-ერთი საგმირო სიმღერის თანახმად სოფლის უხუცესები მიდიან გმირის დედასთან მისი ერთადერთი ვაჟის სათხოვნელად:
”ვთხოვოთ დედას, ვინც სურხო დაბადა,
                   რათა დაგვითმოს მან თვისი ვაჟი”
მოხუცებმა ქუდები მოიხადეს და მუხლი მოიდრიკეს სურხოს კარის ზღურბლზე. თვით ეს ფაქტი მრავალმნიშვნელოვნად მეტყველებს სურხოს დედის ავტორიტეტზე. უხუცესებმა გმირ დედას, აუხსნეს, რომ  მხოლოდ მის შვილს შეეძლო ამ საგმირო საქმის შესრულება. დედა სიტყვის უთქმელად შევიდა შვილთან, გააღვიძა და უთხრა, რომ აულის უხუცესნი მოვიდნენ და შენი დახმარება მთხოვეს და და მე ძალა არ მეყო მათთვის უარი მეთქვა:
”მათ, რომ სულიც მოგთხოვონ,
                   ამოიგლიჯე მკერდიდან და მიეცი…”
დედის სიტყვები ნათლად წარმოაჩენენ მის სულიერ სიდიადეს, სიმტკიცეს, მაღალ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე.
სიმღერაში ” ილლი უმარზე, ტახას ძეზე” მოთხრობილია, თუ როგორ დაარიგა ობლად გაზრდილი ერთადერთი ვაჟიშვილი დედამ და ეს რჩევა მეტყველებს, თუ როგორ დგას ვაინახი დედა თავისი ხალხის ადათ-წესების სადარაჯოზე. ერთ დღეს უმარს სამი ცნობა მოუვიდა: პირველი – მის მამისმკვლელს თერგზე უნდა გამოევლო და ეძლეოდა შანსი შურისძიებისა, მეორე – მამის  მეგობრები იმ ღამეს სტუმრობდნენ ყაბარდოდან და მესამე – მის დანიშნულ მზეთუნახავ მალხა-აზის ძალად ათხოვებდნენ.
ძლიერ დაღონდა უმარი, იცოდა, რომ თითოეულ ამ ამოცანას ცალკ-ცალკე იგი მოერეოდა, მაგრამ არ იცოდა, რომელი იყო ამ სამში ყველაზე საშური და სწორედ აქ მხსნელად მოევლინა დედა, თავისი რჩევით: მამის მკვლელს კიდევ შეხვდები და შურს იძიებ; საცოლესაც მონახავ არა ხარ  ბებერი; აი მამის მეგობრები კი სათანადოდ თუ არ მიიღე, მეორედ აღარ გესტუმრებიან.
დედას რჩევამ აღანთო გმირი და შეძლო სამივე ამოცანის გადაჭრა. მართლაც, ძალიან ძნელი იყო ამ სამი, მეტად საჭირბოროტო საქმის აწონ-დაწონა, თითოეული ცალკ-ცალკე მეტად სერიოზული, ძნელი და საპასუხისმგებლო იყო, მაგრამ ბრძენმა დედამ განჭვრიტა, რომ სტუმარ-მასპინძლობის ადათი  ყველაზე მაღლა იდგა და მისი დარღვევით დაირღვეოდა ღირსების კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი.
როდესაც ერთ – ერთ გმირს სახლში მოყვანილი საცოლე, დაღლილს და მძინარეს, ყაჩაღებმა სახლიდან მოსტაცეს, დედა უმალ  აღვიძებს შვილს და მკაცრად უბრძანებს დაიბრუნოს შელახული ღირსება და როგორ ამაყია დედა, როცა  ვაჟიშვილი გატაცებულ საცოლეს დაიბრუნებს და გამარჯვებული ბრუნდება შინ.
არც ქართველი მწერლები და პოეტები დარჩენილან გულგრილნი ქისტი ქალის საოცარი ფენომენის მიმართ. გაბრიელ ჯაბუშანურის ”ბალადა ქვაკაცაზე” შემდეგს მოგვითხრობს:
აბრაგი ახმედის დედა ფეტიმატი ფრიად პატივცემული ქალი იყო, შრომისმოყვარე, ალალი ლუკმის დამფასებელი. მისი ქმარი და ვაჟიშვილი თერგგაღმა კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპნენ, მაგრამ ქალი სულიერად არ დაცემულა:
”მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი –
                             დედაი ახმედის ფეტიმატ.
                             როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე
                             მოუკლეს,-
                             არ გატყდა, არა….”
იგი ღმერთს შესთხოვს, რომ დარცენილმა ერთადერთმა ვაჟმა ახმედმა ათწილად უზღოს სამაგიერო გიაურებს, ხოლო თუ მისმა ვაჟმა არ გაამართლა მისი იმედები, დე ისიც მიიღოს უფალმა.
ის უხმოდ დაემხო მუხლებზე და შესთხოვა ყოვლისგამგეს:
” – ალაჰ!
                             შენ ხედავ:
                             ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა, –
                             ერთი მზე,
                             ერთი ძე
                             ახმედ
                             მრჩება და თუ იგი ათწილად არ უზღვავს
                             მაგიერს გიაურთ,
                             ვახმე!…
                             გაფიცებ ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,
                             შენს სახელს გაფიცებ დიადს, –
                             მიიღე ძე ესეც!…”
ვაინახი ქალის საოცარი ბუნებისა  საიდუმლო ნაწილობრივ ახსნა დიდმა ქართველმა პოეტმა გაბრიელ ჯაბუშანურმა, რომელმაც დქვრივებულ ქისტ ქალს ასეთი ნანა ამღერებინა  ჩვილი ვაჟის აკვანთან:
”ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას,
          ეს ის არის რომ განგმირა მამა
          ემაგ ტყვიით უნდა მოჰკლა მკვლელი…
          მაგრამ შვილო თუ გამოხვალ მტრელი
          თუ ახარე მოსისხლე და მტერი,
          მაშინ შენვე მოგვხდეს ეგე ტყვია.”
რაოდენ  საკვირველიც არ უნდა იყოს, ვაინახი ქალი, სამყაროს ყველაზე მაღალ გრძნობაზე-დედაშვილობაზე წინ ოჯახის ღირსებას აყენებს.
ეპოსის გმირებისათვის აუცილებელია დედის თანხმობა ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ამოტომაც ისინი, სანამ შეუდგებიან გადაწყვეტილების შესრულებას, დედას მიმართავენ და თანხმობას სთხოვენ, რადგან ბავშვობიდანვე ჩანერგილი აქვთ, დედის უსუსრველი საქმე წარუმატებელია.  საერთოდაც, ვაინახებში დედის სახე ეს არის გამორჩეული ფენომენი, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება გმირის ზნეობრივი და მორალური ჩამოყალიბება, ღირსების კოდექსის ერთგული დაცვა. დედა ხშირ შემთხვევაში იძლევა რჩევა-დარიგებას, მითითებას, მკაცრად უბიძგებს ვაჟს საგმირო საქმისაკენ და ღირსების დაცვისაკენ, სამაგიეროდ, და და ცოლი, ხშირად საცოლე, განაპირობებენ ზნეობრივ მხარდაჭერას. განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ დისადმი. მეუღლე უმეტეს შემთხვევაში (განსაკუთრებულად ფოლკლორში) გვევლინება თავისი ქმრის ერთგულ და მამაც თანამებრძოლად, რომელიც მისთვის მძიმე მომენტში გვერდით უდგას და შეძლებისდაგვარად მხარს უჭერს მას.
ჩეჩნურ-ინგუშურ ფოლკლორში, საგმირო ეპოსში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უძმო დას. მასზე მრავალი სიმღერაა შეთხზული. როგორც ცნობილია  ვაინახური საზოგადოება ძირითადად ეყრდნიბოდა თეიფურ, გვაროვნულ ინსტიტუტს, რომელსაც არც ამჟამად დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.  როგორც ქვრივის ვაჟიშვილი პოულობს თანაგრძნობას ხალხში, უძმო დაც დიდი სიმპატიებით სარგებლობს და მასზე მრავალი ლირიკული სიმღერაა სექმნილი:
”ცამოწმენდილზე ვის უნახავს თქორი და წვიმა,
                   უძმო ქალწულს კი გული უძგერს, მალ-მალ უტირის”.
მართლაც ახლგაზრდა ქალწულს დამცველი სჭირდება ძმისა და მამის სახით, აკი უძმო დის სიტყვები კარგად გამოხატავს ამას:
”ნუმც შევსწრებივარ, წყაროსთან მივიდე
და წყაროს თავზე  ძმა არ დავლანდო,
ღმერთო, არ მომასწრო, საფიხვნოს შევხედო
და იქ მამაჩემს არ მოვკრა თვალი.”
ქართველი პოეტი ქისტის ქალებს ბუნების სილამაზეს ადარებს:
”ეს ფერადი ტყეები ფოთოლმოშრიალენი,
                   ქალებია ქისტისა ფერადთავშლიანები.
ქალებია ქისტისა ცეკვად გამზადებულნი…
მუქი მწვანე ფიჭვები, გრიგალების ნაცემნი,
დგანან, როგორც მღიმარი ქისტის დედაკაცები”.
ქისტი ქალის თავმდაბლობასა და მოკრძალებას ლამაზად უმღერა დიდმა ქათველმა პოეტმა ანა კალანდაძემ:
”ჭიჩოზე ნისლის კოტორი
                   მძიმედ ნელინელ ქანავსა…
                   ზემოთ მიიწევს, ღრუბლისკენ,
                   ქვე არ ჩამოდის, წალასა…
თვალებს უხარით ყურება,
გრძნობს, სახეს არცა მალავსა…
ეს თავმდაბლობა უხდების
როგორც ქისტების ქალასა…”
საერთოდაც, ქართველ პოეტებს არასოდეს დაუმალავთ თავიანთი სიმპათიები ვაინახი ქალის მიმართ და არც ქართული ხალხური პოეზია  დარჩენილა გულგრილი ქისტ  ქალთან მიმართებაში.
ქართული ხალხური პოეზია ასე აფასებს ქისტ ქალს;
”ქალი ქისტის სჯობს ხევსურსა,
          ვაჟი კი – ორსოებლელი (არხოტ-ბლოელი),
          სამდევროდ – გუდამაყრელი,
თავის ბან-კარზე  – სნოელი”.
ძველი ადათ-წესებით, ქალიშვილისა და ქვრივი ქალის შეურაცხყოფისათვის დამნაშავე 7 ძროხას იხდიდა, ქმრიანი ქალის შეურაცხყოფისათვის – 10 ძროხას, ქალის მოკვლა უდიდეს დანაშაულად, ცოდვად ითვლებოდა და მკვლელს ორი კაცის საზღაურს ახდევინებდნენ.
ვაინახი ქალის როლი არც თანამედროვე ეპოქაში დაკნინებულა, თუმცა ამის მცდელობა დღემდე გრძელდება. ჩეჩნეთში მიმდინარე ბოლო სისხლისმღვრელი ომების შედეგად ჩეჩენი ქალის იმიჯი შეიცვალა და ის  შაჰიდი ქალის ეპითეტით შემოსეს. მსოფლიო მედიამ კი ვაინახი ქალის აუხსნელი ფენომენი, მხოლოდ რელიგიური ნიშნით ახსნა და შეეცადა დაეჩრდილა ის გამორჩეული ღირსება და სიამაყე ჩეჩენი, ინგუში თუ ქისტი ქალისა, რომელიც საკუთარი ნამუსისა და ოჯახის დასაცავად ზოგ შემთხვევაში თვითმკვლელობით ამთავრებს  სიცოცხლეს. გავიხსენოთ არც თუ ისე შორეული ისტორია ერთ-ერთი ჩეჩნური აულის  ”დაადი იურთის ტრაგედიისა”, როდესაც ორმოცმა ჩეჩენმა ქალიშვილმა ნამუსისა და ღირსების დასაცავად  თერგის ტალღებში დაასრულა სიცოცხლე და თან ყველა მცველი კაზაკიც გაიყოლა.
როგორც დავინახეთ ქალს დიდი ადგილი უჭირავს ვაინახურ საზოგადოებაში, მას კრძალვით და რიდით ექცევიან და ვაინახი ქალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს გმირის ზნეობრივ და რაინდულ ჩამოყალიბებაში. ვაინახებში ისლამის გავრცელებას არ შეურყევია ოდინდელი საზოგადოებრივი ტრადიციები, ადათ-წესები. ქალმა ურყევად შეინარჩუნა საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული როლი და ფუნქციები ჩეჩენი, ინგუში და ქისტი  ხალხის ცხოვრებაში და ეს ამოუცნობი ფენომენი ვაინახი ქალისა კიდევ დიდხანს დარჩება სამყაროს საიდუმლოდ.
 
მექა ხანგოშვილი

Share

Leave a Reply