მექა ხანგოშვილი: ტერმინ ვაინახის შესახებ

გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც დღეს ტერმინ „ვაინახის“ ირგვლივ ტრიალებს, მოგვაჩნია  უპრიანი იქნება საზოგადოებამ და მეცნიერთა წრემ უფრო მეტი იცოდეს ამ ტერმინის წარმომავლობის, მნიშვნელობისა და  ისტორიული როლის  შესახებ.
ტერმინი „ვაინახით“ სამეცნიერო ლიტერატურაში იგულისხმება ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ჩეჩნები და ინგუშები, ასევე ამ ტერმინში ერთიანდებიან საქართველოში მცხოვრები ქისტები და წოვა თუშები, რომელთაც ბაცბებადაც მოიხსენებენ.
“ვაინახი” ტერმინით ერთი მოდგმისა და დღეს სხვადასხვა სახელის მქონე ხალხების გაერთიანება მეცნიერებაში არცთუ შორეულ წარსულს ეხება,  სულ რაღაც ერთი საუკუნის ისტორია გააჩნია, მაგრამ იგი თანდათანობით მტკიცედ მკვიდრდება სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურაში.

თუმცა ამ ტერმინს გააჩნია შორეული ისტორიული ფესვები იმ დროიდან, რაც კი ეს ხალხი არსებობს. ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები უხსოვარი დროიდან თავს ვაინახებს უწოდებენ, რაც ნიშნავს ჩვენს ხალხს, ჩვენებურს. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ცხოვრობს, რომელ თემს ან თეიფს განეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, იგი თავს პირველ რიგში ვაინახად თვლის: „ვეინეხ სთაგ“ (ჩვენი ხალხის კაცი), „ ვეინეხ მოახქ“ (ჩვენი ხალხის ქვეყანა), „ვეინეხ მოათთ“ (ჩვენი ხალხის ენა) და ა.შ. ჩეჩენია ეს თუ ინგუში, ისინი ყველანი მიიჩნევენ, რომ ისინი ვაინახები არიან, ერთი ეთნოსი და ერთმანეთის ძმები.
უდაოდ, „ჩეჩენი“ და „ინგუში“ უკვე მტკიცედ დამკვიდრებული ტერმინებია, ერთი ძირის ორი ხალხის სახელწოდებას წარმოადგენს და დღეს მთელი მსოფლიო იცნობს ამ ხალხს სწორედ ამ ტერმინებით და მათი შეცვლის აუცილებლობა არც დგას. თუმცა სამწუხაროდ, არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, ამ ერთ ენაზე მოსაუბრე, ერთი რწმენისა და ადათ–წესების მქონე  ხალხების სხვადასხვა წარმოშობის  შესახებ, რაც საკმაოდ უცნაური დასკვნაა, არადა პირიქით „ვაინახი“ გამაერთიანებელი ტერმინია მოძმე ხალხებისა –  „ჩეჩენი“ და „ინგუში“ და „ქისტი“ იღებს სახელწოდებას, რომელიც სპობს რომელიმეს უპირატესობას ან პრივილეგიას.
ვაინახების ცხოვრებაში მუდამ ჰქონდა ადგილი გარეშე ძალების მხრიდან მათი გათიშვისა და დაყოფის მცდელობას. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ ზოგ შემთხვევაში რუსული ცნობილი პოლიტიკის „გათიშე და იბატონეს“ პროცესში კრემლი თავად ვაინახების ჩათრევასაც ახერხებდა.
ახალი საუკუნის დამდეგს ცნობილი ინგუში მკლევარები  სამპიევი და ტანკიევი აქვეყნებენ რეცენზიას ბატონ გია ანჩაბიძის წიგნზე „ვაინახები“, სადაც ავითარებენ მცდარ თეორიას  იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნები და ინგუშები არ არიან „ვაინახები“, ე.ი. ერთი წარმომავლობის ხალხი და  დაბეჯითებით ცდილობენ ამ აზრის საზოგადოებაში დამკვიდრებას. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა მეორე საომარი კომპანია დაიწყო ჩეჩნეთში და თავისთავად იბადებოდა ეჭვები, რომ რუსეთის რეაქციული წრეები კავკასიასთან მიმართებაში არჩეული კურსიდან გადახრას არც ამჟამად აპირებდნენ, თუმცა დამამშვიდებელი გარემოება ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ჩეჩნებისა და ინგუშების აბსოლუტური უმრავლესობა ძმობის იდეის ერთგული იყო.
უფრო შემაშფოთებელი გარემოება კი ის არის, რომ ჩეჩნებისა და ინგუშების სხვადასხვაობის დამტკიცების მცდელობა უფრო ადრიდან იწყება. წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს ფაქტოლოგიური მასალა იმისა, რომ ეს აზრი განვითარებულია ცნობილი ინგუში მწერლისა და კლასიკოსის, დიდი მაოზროვნის (რომლის შეხედულებას ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს) იდრიზ ბაზორკინის წერილების ციკლში, რომელიც დაიწერა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში და ეხებოდა ტერმინ „ვაინახის“ დამკვიდრებას ჩეჩნურ და ინგუშურ კულტურულ სფეროში. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის , რომ ეს წერილები 2012 წელს განმეორებით იბეჭდება ქ. ნაზრანში.
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მწერალ იდრიზ ბაზორკინისადმი. მისი ღვაწლი ინგუშური, და, მაშასადამე, ვაინახური რომანის ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში აუწონავია. მისი რომანი „საუკუნეთა ბურუსიდან“ (Из тмы веков), თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნურ-ინგუშური ლიტერატურის შედევრია და საუკუნო ადგილი დაიკვიდრა მსოფლიო ლიტერატურის ბოჰემაში.
მაგრამ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, გავბედავ არ დავეთანხამო ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც მწერალმა გამოთქვა თავის წერილების ციკლში „წერილები ვაინახებზე“ («письмо о вайнахах»), სადც ის გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს მეცნიერებასა და ლიტერატურაში უფრო ფართო მასშტაბებით ხდება ტერმინ “ვაინახის“ გამოყენება,  იწერება წიგნები სახელწოდებით: „ვაინახთა ქვეყანაში“ («В стране вайнахов»), „ვაინახური სიმღერები“ («Песни вайнахов»), არის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ვაინახი“ (ансамбль песни и танца «вайнах») და სხვ.
მწერალი მიიჩნევს, რომ ტერმინი ვაინახის ასეთი თავისუფალი ხმარება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნულობის ამ ტერმინით აღნიშვნა მიგვიყვანს ჩეჩენი და ინგუში ხალხის ეროვნულობის ანულირებამდე. იბადება კითხვა – რატომ?, რის საფუძველზე კეთდება ასეთი დასკვნა? თუ იმიტიმ, რომ ტერმინ „ვაინახის“ ასეთი ხშირი ხმარება მიგვიყვანს რუსული ლექსიკონიდან ტერმინების „ჩეჩენი“და „ინგუში“ -ს განდევნამდე.
უდაოდ „ჩეჩენი“ და „ინგუში“ უკვე დამკვიდრებული ტერმინებია, ერთი ძირის მქონე ორი ხალხის სახწელწოდებას წარმოადგენს და დღეს მსოფლიო ამ ხალხს ასეც იცნობს. ინგუშებმა და ჩეჩნებმა სახელი გაითქვეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ინგუშურმა და ჩეჩნურმა პოლკებმა სიმამაცისა და გამბედაობის, სიმტკიცის, შეუდრეკლობისა და ქედუხრელობის მაგალიტები აჩვენეს პირველ მსოფლიო ომში. საუკუნენახევრის შემდეგ მთელი მსოფლიო გაოგნებული იყო ვაინახთა არნახული სიმამაცით, რომელთაც თითქმის ცარიელი ხელებით დაამარცხეს რუსეთის უზარმაზარი არმია. ჩეჩენთა ღვაწლია, რომ დაირღვა რუსული არმიის უძლეველობის მითი და შიშით გათანგული მსოფლიო იხსნა.
თურმე ამ სახელწოდებებით დავამახსობვრეთ თავი რევოლუციის მტრებს და ისტორიაში შევედით ოქტომბრის რევოლუციისა და პარტიის სახელით, არადა ვფიქრობ, რომ სწორედ ოქტომბრის რევოლუციისა და კომპარტიის წინააღმდეგ ბრძოლამ შეგვიყვანა ისტორიაში.
რატომ არ შეიძლება ვუწოდოთ ჩეჩნებმა და ინგუშებმა საკუთარ თავს უძველესი დროიდან მომდინარე სახელი „ვაინახები“ – ჩვენი ხალხი, მითუმეტეს სახელწოდებები „ჩეჩენი“ და „ინგუში“ არის რუსების მიერ ახლად შემოღებული, საკმაოდ უცნაურ გარემოებებში. „ჩეჩენი“ დაარქვეს  ჩეჩენ აულის, დასახლებული პუნქტის მიხედვით, ასევე „ინგუში“ დასახლებული პუნქტის  ანგუშთის მიხედვით. ამ აულებთან რუსეთის იმპერიის არმია მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდა და ამით დაამახსობვრდათ კიდეც.
ცხადია, დღეს ჩეჩენი და ინგუში მტკიცედ დამკვიდრებული ტერმინებია და მათი შეცვლის აუცილებლობა არც არსებობს. ამაში სრულიად ვეთანხმებით მწერალ ბაზორკინს, მაგრამ ტერმინ „ვაინახის“ ხმარება მეცნიერებაში და ლიტერატურაში (ყოფაში ისედაც იხმარება)  სულაც არ ვნებს საქმეს და ვერაფრით დავეთანხმებით პატივცემულ მწერალს იმაში, რომ თითქოს ტერმინ „ვაინახის“ ხმარება თიშავს მოძმე ერებს, აღვივებს შოვინისტურ იდეებს.  ჩეჩენის და ინგუშის ნაცვლად „ვეინახის“ ხმარება უნდა აიკრძალოს:
პატივცემულ მწერალს მაგალითად მოჰყავს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, პოლონეთის, ბულგარეთისა და სხვა სლავური სახელმწიფოების მაგალითები, რომლებიც არ ერთიანდებიან ერთი სახელწოდებით – სლავებით და არ ქმნიან ერთ სახელმწიფოს.
მართალია, არსებობს სლავური წარმოშობის მრავალი დამოუკიდებლი სახელმწიფოები, მაგრამ  1945 წლიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე არსებობდა ერთიანი სლავური სახელმწიფო – იუგოსლავია, რომელიც აერთიანებდა სამხრეთ სლავებს. ამ სახელმწიფოში მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას შეადგენდა სერბები, ხორვატები, სლოვანები, ბოსნიელები, მაკედონელები, ჩერნიგოველები და სხვა ხალხები – ალბანელები, თურქები,უნგრელები, ბოშები.
შორს რომ არ წავიდეთ, აზერბაიჯანი ამ კუთხით უაღრესად საინტერესო ქვეყანაა.  ოცი საუკუნის განმავლობაში დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნოსი ცხოვრობდა. ჩვ.წ. პირველ საუკუნეში ალბანელები და ირანელები ცხოვრობდნენ, მესამე საუკუნეში სასანიდების ირანი გაბატონდა, მეოთხე  საუკუნეში თურქული მოდგმის ხალხი შეიჭრნენ და დასახლდნენ, მეშვიდე საუკუნეში არაბები გაბატონდნენ, მე-11 ს. – თურქ-სელჯუკები, მე-13 ს. – მონღოლები, მე-14 ს. – თემურ-ლენგი, მე-16 ს. – სეფიანთა ირანი, ხოლო საბოლოოდ რუსეთი დაეპატრონა.
მე-18 ს. დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა სახანოები: შირვანი, შაქი, შემახი, განჯა, ბაქო, თალიში და სხვ. ამ სახანოებში მცხოვრები ჭრელი ეთნოსები სხვადასხვა  ენაზე ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ერის ჩამოყალიბება მხოლოდ მე-19 ს. დაიწყო და საბოლოოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანული სახელმწიფო და აზერბაჯანული ენა. დამწერლობაც საკმაოდ ჭრელი ჰქონდათ: 1929 წლამდე  არაბულ ენას იყენებდნენ, 1929-1939წწ. ლათინურს, 1939 წლიდან რუსულ კირილიცას (7 გრაფემით), დღეს კვლავ ლათინურ ანბანს დაუბრუნდნენ.
აზერბაიჯანის მაგალითი ნათლად მეტყველებს, რომ თავდ ხალხი ირჩევს თავისი ქვეყნისა და მშობლიური ენის სახელწოდებას. არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას დაგარქმევს, მთავარია შენ იცოდე ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და სად დგახარ. თუ კი ჩვენ ჩეჩნები და ინგუშები  უძველესი დროიდან  ჩვენს თავს ვუწოდებთ ვეინახებს, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი?, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა გვიწოდეს ჩეჩნები და ინგუშები? უდაოდ მართალია ი. ბაზორკინი, როცა ამბობს, რომ ტერმინი „ვაინახის“ ნაცვლად უნდა ვიხმაროთ „ვეინახი“, რადგან ჩეჩნურად და ინგუშურად ითქმის და იწერება, როგორც „ვეინახი“ და მხოლოდ ქართველი მეცნიერები ხმარობენ ამ ტერმინს სწორად. “Самоназвание наши нохчи и гlалгlай в прошлом завоеватели переименовали в чеченцы и ингуши. Не может же это повториться и при советской власти!”
ჩეჩნეთ-ინგუშეთის უახლოესი მეზობელი არის დაღესტნის რესპუბლიკა, სადაც 30-ზე მეტი ხალხი და ეთნოგრაფიული ჯგუფი ცხოვრობს (ხუნძები, დარგუელები, ყუმუხები, ლეზგები, ლაკები, თაბასარანელები, ნოღაელები, რუთულელები, აღულები, თათები, რუსები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები და სხვ.), შესაბამისად, წარსულში იქმნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები – ლაკაზი, თაბასარანი, ხაიდაყი, ღულიკი, სერირი, ჯიდანი და სხვ., რომლებიც შემდგომ მე-12 საუკუნიდან მსხვილ პოლიტიკურ ერთეულებად გაერთიანდნენ – ავარიის სახანო, ყაზი-ყუმუხის საშამხალო, ხაიდაყი და სხვ. დაღესტანი საუკუნეების განმავლობაში ხაზარების, ირანელების, არაბებისა და რუსეთის  თავდასხმის ობიექტი იყო და მყარი პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო. მე-18 საუკუნის ბოლოსათვის დაღესტნის ტერიტორიაზე ათამდე შედარებით მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება და ე. წ. თავისუფალი თემები 60-ამდე ითვლებოდა.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის დამპყრობელური პოლიტიკის წინააღმდეგ ამხედრებულმა დაღესტნელებმა და ჩეჩნებმა შამილის ხელმძღვანელობით შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო –  იმამატი.
შამილის დამარცხების შემდეგ 1860წ. ამიერკავკასიის  მხარის შემადგენლობაში შეიქმნა დაღესტანის ოლქი, ხოლო 1920 წ. ნოემბერში დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და თემირ-ხან-შურაში, დაღესტნის ხალხთა ყრილობამ,  დაღესტანში საბჭოთა ავტონომიის დამყარების შესახებ დეკლარაცია გამოაცხადა.
სწორედ ამ დღიდან დაღესტნის ტერიტორიაზე საბოლოოდ შეიქმნა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, მაგარმ ეთნიკურად მონათესავე ხალხის გამაერთიანებელი პოლიტიკური ერთეული – დაღესტნის რესპუბლიკა.
ჩვენ ეს ისტორიული წარსული გავიხსენეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ტერმინი „დაღესტანი“ გვიან, მე-19 ს-ში დამკვიდრდა და ამ ტერმინით გაერთიანდა ათეულობით ერთი ძირის წარმომავლობის სხავადსხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხები. ბაზორკინი თავის წერილებში ხშირად მიუთითებს, რომ ჩვენს მეზობელ ხალხებში არ არსებობს მსგავსი ფაქტი, რომ ხალხს თავისი სახელწოდება შეეცვალოსო, არადა დაღესტანი ამის უპრეცენდენტო მაგალითია. დაღესტნის ხალხების ენები იმდენად განსხვავდება, რომ ერთმანეთს ვერ უგებენ. ამიტომაც გახდა საჭირო, რომ ამ რესპუბლიკაში სხვადსხვა სალიტერატურო ენები დაემკვიდრებინათ. არსებობს სამი ჯგუფი: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგუული და ლეზგიური. და რაც მთავარია, რატომ ეწოდა ამ ქვეყანას  „დაღესტანი“?  დაღესტანი  არაბულად მთების ქვეყანას ნიშნავს, ტერმინის ძირია „დაღ“, ხოლო „სტანი“ არაბულ-თურქული სიტყვაა და ჩვეულებრივ დაერთვის ქვეყნის აღმნიშვნელ ძირს. მაგ. „გურჯისტანი“ – გურჯების ქვეყანა, ტაჯიკისტანი – ტაჯიკების ქვეყანა, ყაზახისტანი  – ყაზახების ქვეყანა და ა.შ.
ამდენად გაუგებარია ტერმინ „ვაიანხის“ ირგვლივ გამოწვეული აჟიოტაჟიც, რა უნდა უდგეს წინ ამ ტერმინს, მითუმეტეს რომ ჩეჩნები და ინგუშები, ქისტები და ბაცბები თავს უხსოვარი დროიდან ვეინახებს უწოდებენ, რა საჭიროა ამ ტერმინის რუსულ ენაზე თარგმნა და  მისი რუსული ინტერპრეტაცია, ეს ტერმინი აერთიანებს  ერთ ერს, რომელიც რუსებმა განაცალკავეს და დღეს უპირისპირებენ კიდეც ერთმანეთს.
კიდევ ერთი ნათელი  მაგალითი საქართველოს ისტორიაა. მე-10 საუკუნემდე ტერმინის საქართველო არ არსებობდა, ქართველური ტომები სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში ცხოვრობდნენ (დიაოხი, კოლხეთი, იბერია, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი და სხვ.). შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით თამარის მეფობის დროს მოხდა ერთიანი პოლიტიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც ქართველური ტომების გარდა სხავადსხვა ეთნიკური ხალხებიც შედიოდნენ. მონღოლთა და თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ საქართველოს სამეფო დაიშალა სხვადსხვა პოლიტიკურ ერთეულებად და ტერმინმა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური შინაარსი. შეიქმნა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები და სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები.
აქვე აღსანიშნავია, რომ მეზობელი ხალხები სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ საქართველოს: რუსები „გრუზიას“ უწოდებენ, სომხები „ვრასტანს“, სპარსები  და თურქები „გურჯისტანს“,  ევროპელები „ჯორჯიას“ და სხვ.
1801 წ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ გაუქმდა სამეფოები და შეიქმნა ქ თბილისის გუბერნია, შემდეგ გაუქმდა იმერეთის სამეფოც და დასავლეთ საქართველოს შეერთების შემდეგ ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნია და ბათუმისა  და სოხუმის ოლქები (ოკრუგები). რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველო ამ გუბერნიებისა და ოლქების სახელებით იხსენიებოდა. როგორც პოლიტიკური ერთეული, საქართველო აღსდგა 1918 წ., როცა რუსეთს გამოეყო და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
დღეს საქართველოში მცხოვრები ქართველური ტომები (მეგრელები და სვანები) განსხვავებულ ენაზე მეტყველებენ, მაგრამ მათთვის არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ ქართული ენა მათთვის მშობლიურია და თავს ქართველებად მოიაზრებენ და რატომ არ უნდა მოიაზრებოდნენ ერთ ენაზე მოსაუბრე ინგუშები და ჩეჩნები ერთ ერად- ვაინახებად?.
აქვე მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მიმაჩნია ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების არსებობა მიზანშეწონილად და მივესალმები ორივე ხალხის დამოუკიდებელ განვითარებას.
ქისტები თავს, ჩვეულებრივ, ვეინახებად მოიხსენიებენ, მართალია, წარმოშობით ჩეჩნურ თეიფსა და თუჴუმს მიეკუთვნებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში  ინგუშებს არ აცალკევებენ ჩეჩნებისაგან. ამ მხრივ ქისტები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, ზოგიერთი ჩეჩენისა  და ინგუშისაგან განსხვავებით, რომლებიც მოექცნენ რა რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ თანდათანობით ასუსტებენ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლებს.
საერთოდ ქართველებიც არ აცალკევებდნენ ერთმანეთისაგან ვეინახურ ტომებს და  ჩეჩნებსაც და ინგუშებსაც  ქისტებად მოხსენიებდნენ უხსოვარი დროიდან და დღესაც მთიელი ქართველები ჩეჩნებსაც და ინგუშებსაც ქისტებს ეძახიან.  ცხადია, ბოლო დროს სამეცნიერო ლოტერატურაში და მასმედიაშიც მკვიდრდება ტერმინები „ჩეჩენი“ და „ინგუში“. მაგრამ მათთვის ტერმინი „ვაინახიც“ მისაღებია და ამ მხრივ არავითარ პრობლემას არ განიცდიან.
აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ არ შეიძლება ხალხების სახელწოდებები იცვლებოდეს დამპყრობლის შეცვლასთან დაკავშირებით და მათი სურვილის შესაბამისად, მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩეჩნები და ინგუშები საკუთარ თავს ვეინახებს უხსოვარი დროიდან უწოდებენ და ამ ტერმინის ხმარებით ახალ სახელს როდი არქმევენ თავს: “Во всех источниках на протяжении веков чеченцев называли “нахчематьяны”, “нахчи”, ингушей “кисты”, “кусты”, “глигвы”, “гаргари”. И нет ни одного свидетельства, даже самого отдалённого, о том, что когда-то были народом с единым названием, несмотря на все наше очевидное родство.”- წერს ბაზორკინი. მართლაც VII საუკუნის „სომხურ ბიოგრაფიაში“ მოხსენებული არიან ნახჩემათიანები და ქუსტები. თუ კი მივიღებთ ბაზორკინის მოსაზრებას, რომ ნახჩემათიანებში ჩეჩნები იგულისხმებიან და ქუსტებში – ინგუშები, მაშინ გამოდის, რომ ინგუშებს ქისტები უნდა ვუწოდოთ. ქართველი მთიელები (ხევსურები, ფშავლები, თუშები, მოხევეები, მთიულები) ინგუშებს  და ჩეჩნებს დღემდე ქისტებს უწოდებენ, თუმცა ახალი ტერმინები  თანდათან მკვიდრდებიან  მეცნიერებაში და ლიტერატურაში.
მე-11 ს. ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრების პატრიარქად კავკასს ასახელებს და ამის მიხედვით მათ კავკასიანებს უწოდებს, მათ მიწა-წყალსაც საზღვრავს: ჩრდილო კავკაასიის მთიანი კალთებიდან დაწყებული ვაკე-ველების ჩრდილოეთით მდ. ვოლგის შესართავმდე. საერთოდ ვეინახები ქართულ წყაროებში მოიხსენებიან ძურძუკების, ღლიღვების, გარგარებისა და ქისტების სახელწოდებით. ეს სახელწოდებები გვხვდება ჯუანშერთან, ჟამთააღმწერელთან, პაპუნა ორბელიანთან, ფარსადან გორგიჯანიძესთან, ვახუშტი ბაგრატიონთან და თეიმურაზ ბატონიშვილთან.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის „გეოგრაფიაში“ ძურძუკ-ღლიღვთან ერთად ახსენებს სახელწოდება ქისტს. ხშირ შემთხვევაში ძურძუკებს და ღლიღვებს აიგივებს ქისტებთან. მართალია, იგი ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრებს  ძურძუკ-ღლიღვ-ქისტებს უწოდებს, მაგრამ ცალსახად სამივე სახელში ერთ ხალხს გულისხმობს. ამავე დროს ვახუშტის მიხედვით  ამ ხალხის სამშობლო ქისტეთია.
მთიელი ქართველები ხშირად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვადსხვა ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე მთის ქისტურ თემებს: მაისტელი, მითხოელი, ღილღველი. ღილღო მთიანი ინგუშეთია, მაგრამ როცა ხმარობენ ტერმინს ღილღველი, ინგუშს კი არ გულისხმობენ, არამედ ქისტს (რომელიც თავის თავში გულისხმობს ვაინახებს).
ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურში“  ქისტი ნახსენებია თოთხმეტჯერ, ხოლო – ღილღველი სამჯერ. მოთარეშე ძმები ქისტებად იწოდებიან: „მაცნე მოიდა შატილსა; ქისტებმა მოგვცეს ზიანი;“, „ქისტებს წაუსხამთ ცხენები, ალუდაისიც  ფრთიანი“, „მალე შააგდო ალუდამ ქისტების ნავალს თვალიო“, „მამკვდარა ქისტი მუცალი“,  „ეს სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა“, „ქისტისად საკვლავის დაკვლა, კარგად არ მოგიხდებისა“, და ა.შ.
ვაჟა იგივე პერსონაჟბს ღილღველებად ასახელებს: „ერთ ქურდს-კანტალა ღილღველსა, ცუდი დაუდგა წამიო“, „ამხანიგ მოკლულ ღილღველი, ჩახმახსა ეზიდებისა“, „უამბობს ქეთელაური ამბავს ღილღველის მგლისასა“ და  ა. შ. აქ ვაჟა მუცალის სადაურობაზე მიუთითებს და არა ეროვნებაზე.
ამ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ ვაჟა ტერმინს ხმარობდა  მუცალის საცხოვრებელი ადგილის – ღილღოს – აღსანიშნავად. ღილღო მდებარეობს ინგუშეთის მთიანეთში და, ცხადია, მუცალი იქ მცხოვრები ინგუშია, მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც სხვა ქართველი მთიელები, მას ქისტს უწოდებს.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ღილღველები შემდეგნაირად არის განმარტებული: „ღლიღვები (ღლიღვებისა) იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების, ჩაჩან-ინგუშების ძველი სახელწოდება“. მაშასადამე, ჩეჩენ-ინგუშებს საქართველოში ძველად ღლიღვებს უწოდებდნენ, შემდეგ ქისტებს. რუსულ წყაროებშიც ინგუშებს ქისტებსა და ლამაროებს უწოდებენ, მაგრამ მე-19ს. ბოლოსათვის ეს სახელწოდება ქრება და მკვიდრდება „ჩეჩენი“ და „ინგუში“ ტერმინები. ქისტი სახელწოდება შემორჩათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნებს.
ამიტომაც ჩნდება კითხვა: რატომ ასეთი კატეგორიულობა!? ისეთმა დიდმა მწერალმა, როგორიცაა იდრიზ ბაზორკინი, შეუძლებელია არ იცოდა, რომ განსხვავება ჩეჩნურსა და ინგუშურ ენებს შორის მიზერულია. არანაირი პრობლემა არ არის ჩეჩენისათვის ესაუბროს თავისუფლად ინგუშს, ინგუშისათვის – ჩეჩენს, ქისტისათვის – ესაუბროს ჩეჩენსაც და ინგუშსაც.
მოვუსმინოთ დიდ რუს  მეცნიერს ნ. იაკოვლევს: „ინგუშები თავიანთ თავს უწოდებენ „ღალღაი“, მაგრამ თავიანთ ენას აქამდე უწოდებდნენ უბრალოდ „ჩვენს ენას“, როგორც ასევე ხშირად საკუთარ თავსაც უწოდებენ „ჩვენ ხალხს“. მათ უკვე აქვთ გამოკვეთილი ნაციონალური სახელი, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ არ იყენებენ მას თავიანთ ენასთან მიმართებაში. ტერმინი „ღალღაი მოთთ“- ინგუშების ენა –  არ არის მიღებული, საოცარია, მაგრამ ამ მოვლენას აქვს ღრმა ახსნა. ჩანს ინგუშები ლაპარაკობდნენ მშობლიურ ენაზე და უწოდებდნენ მას „ჩვენს ენას“ მანამდე, სანამ თავს გაიცნობიერებდნენ ერთიან ეროვნებად (ხალხად), და მანამ, სანამ მათ გაუჩნდათ სახელწოდება „ღალღაი“, საერთო ეროვნული (საერთო სახალხო) მნიშვნელობით“
ვფიქრობ, ნ. იაკოვლევის  ზუსტ ახსნას კომენტარი არ სჭირდება.
სავარაუდოა, პატივცემული მწერალი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერმინ „ვაინახს“, რადგან ამით თითქოსდა ინგუშური ენის დაცვას ცდილობს, ლოგიკა ასეთია: ვეინახური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემთხვევაში ერთი სახელმწიფო ენა იქნება და ეს ენა იქნება ჩეჩნური. ამ აზრს ბაზორკინი თავის წერილებში რამდენიმე ადგილას ავითარებს. მაგალითად, თვლის, რომ თუ ჩეჩნები და ინგუშები ერთი ერია, ენაც ერთი უნდა იყოს, და რადგანაც ინგუშები უმცირესობაში არიან, მათი ენა ამოვარდება სახელმწიფო ენის ჩარჩოდან. იგი წერს:
“Если мы один народ, тогда мы должны иметь один язык, одну литературу, художественную и политическую, в том числе и газеты. Должны изучать в школах один язык. Одна национальность должна иметь одно государственное название. В условиях нашей республики по численности наших народов это могло бы произойти только за счёт дискриминации всего ингушского, как народа меньшего по численности“
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გასაგები გახდა ი.ბაზორკინის შეშფოთება და მისი სხვადასხვა უწყებებსა და პიროვნებებისადმი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტში, მკვლევარ  უზდიათ დალგატისადმი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარისადმი და კვლავ ინტიტიუტსა და პრეზიდიუმში,  გაგზავნილი წერილების მიზანი: პატივცემული მწერალი უფრთხილდება საკუთარი ხალხის ენას და ზრუნავს მასზე, თუმცა ეს ყოველივე შეიძლებოდა სხვა გზითაც მოგვარებულიყო. „მიზანი ამართლებს საშუალებას“  – ეს შუა საუკუნოებრივი პრინციპი როდი შეიძლება ყოველთვის გამოიყენო და არ შეიძლება ნაბანავებ წყალს ბავშვიც გააყოლო.
ამ თვალსაზრისით ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად მიმაჩნია პანკისელი ქისტების დამოკიდებულება ვაინახებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი  საკითხისადმი, რომლებიც მიუხედავად თავიანთი ჩეჩნური წარმოშობისა, თავს თვლიან ვაინახებად და იოტისოდენა განსხვავებას არ ანიჭებენ  მოძმე ერებს, იქნება ეს ინგუში თუ ჩეჩენი.
კვლავ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სიყვარულს  დიდი ვაინახი მწერლის იდრის ბაზორკინის მიმართ და ბოდიშს ვიხდი, თუ მისი ზოგიერთი შეხედულებები ვერ გავიზიარე, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე საწინააღმდეგო არგუმენტები შემერბილებინა.
და მაინც ყოველთვის გული მეთანაღრებოდა, რომ ჩემი ზემოთაღნიშნული მოსაზრება საჯარო უნდა გამეხადა და მუდმივად გულს მიღრღნიდა ეჭვი, რომ არ შეიძლებოდა ეს ყოველივე უდიდესი ვაინახი მწერლისა და ბუმბერაზი ადამიანის გულისნადები და ნაკარნახევი ყოფილიყო, უბარლოდ დრო იყო ისეთი, ირგვლივ წითელი ტერორი და საბჭოთა ხელისუფლების დიქტატი მძვინვარებდა. ამ სტატიის დამუშავების პერიოდში ჩემთვის დიდი საოცრება  და აღმოჩენა იყო (თითქოს უფალმა გამომიგზავნა) იდრიზ ბაზორკინის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევისადმი გაგზავნილი წერილი, რომელმაც ყველა ეჭვი გამიქარწყლა, გულს მალამოდ მომედო, ყველაფერს ფარდა ახადა და ნათელი მოსდო, სიმართლის საპირწონე გახდა. მართლაც საყოველთაოდ ცნობილია საბჭოურ სინამდვილეში თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა შემოქმედებითი ინტელიგენცია  და კომპარტიის იდეოლოგიით როგორ აიძულებდნენ ეწერათ ისე, როგორც დიად რუსეთს, პატარა ერთა  „დიდ ძმას“ სურდა.
ამიტომაც ყველანაირი კომენტარის გარეშე სრულად გთავაზობთ ამ წერილს, ყველაზე ჭეშმარიტ ალიბს, რომელიც 2000 წელს,  ინგუშეთის რესპუბლიკაში, გაზეთ „ანგუშთაში“ დაიბეჭდა:
Дорогой Джохар Мусаевич!
Обращаюсь к Вам не как к официальному лицу, а как вайнах к вайнаху. Сегодня я стар и поле моей битвы ограничено стенами кабинета. Но боль моя за наш народ не знает границ. Я не представляю каких-либо партий. В то время, когда я мог быть полезен — существовала лишь одна партия и вряд ли моя деятельность ей импонировала. Сегодня я не жду ничего, кроме могилы.
Теперь легко можно заниматься самопропагандой, совмещая полезное с приятным. Я против различных течений в нашем народе. Нас слишком мало. Наша сила – в единстве и цель у нас одна. Мое мнение — все дороги хороши, лишь бы они “вели в Рим”. Сегодня ко мне постоянно поступает информация о разногласиях между нашими народами. В семье бывают свои неурядицы, но нельзя выносить сор из избы.
Наши люди доверчивы. Часть их колеблется, в который раз поддаваясь обещаниям, на которые никогда не скупилась Россия. Мой народ мал, но горд и самобытен, и он боится потерять свое лицо. Россия далеко и совсем на нас не похожа. Вряд ли ей удастся руссифицировать ингушей. Мне ни к чему лукавить: чеченцы как более многочисленная и сильная нация, могут нас растворить. Не хочется нам также играть вторые роли в республике. По-моему, это вполне законное желание. Мы хотим быть любящим и любимым родным братом. И не на словах, а на деле. Но жить в своем доме и быть главою своей семьи. От этого наш вайнахский народ станет только сильнее. И можете быть уверены, Джохар Мусаевич, что если Вы реально обеспечите ингушам эти гарантии и, может, присягнете им также, как присягнули чеченцам, наши люди сумеют быть благодарными и будут верны Вам не менее, чем любой из преданных Вам чеченцев.
Я уже не тот Идрис, что был раньше — годы берут свое. И тем не менее, если я могу быть полезен в деле, сплачивающем наш народ, вайнахский народ, – я готов!
Мне трудно передвигаться. Посылаю с этим письмом одного из близких мне людей, моего представителя Магомеда Идрисовича Ахильгова. Есть у меня надежные и толковые ребята, через которых я могу действовать. Они также и в Вашем распоряжении.
Вам самого доброго!
С глубоким уважением Идрис Базоркин.
27.II.91 г.,
Газета “Ангушт” N 4 5.08.2000 г.
ძვირფასო ჯოხარ მუსას ძევ!
„მოგმართავთ, არა როგორც ოფიციალურ პირს, არამედ როგორც ვაიანხი ვაინახს. დღეს  მე მოვხუცდი და ჩემი ბრძოლის არეალი კაბინეტის კედლებით შემოიფარგლება. ხოლო ჩემს ტკივილს ჩვენს ხალხთან მიმართებაში არ აქვს საზღვარი. მე არ წარმოვადგენ არც ერთ პარტიას. იმ დროს, როდესაც მე რაიმე სიკეთის მოტანა შემეძლო არსებობდა მხოლოდ ერთი პარტია და არა მგონია ჩემი მოღვაწეობა მათთვის შთამბეჭდავი ყოფილიყოს. დღეს მე არაფერს ველოდები, გარდა საფლავისა.
დღეს ადვილია იყო დაკავებული თვითპროპაგანდით, სასარგებლოსა და სასიამოვნოს ურთიერთშერწყმით. მე წინააღმდეგი ვარ ჩვენს ხალხში განსხვავებული დინებების არსებობის.  ჩვენ ძალიან ცოტა ვართ. ჩვენი ძალა ერთობაშია და მიზანიც ერთი გვაქვს. ჩემი აზრით – ყველა გზა კარგია, მთავარია მათ „მივყავდეთ რომამდე“. დღეს ჩემ ყურს  მუდმივად სწვდება  ახალ-ახალი ინფორმაციები ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთშეუთანხმებლობის არსებობის შესახებ.  ოჯახშიც არსებობს გაუგებრობები, მაგრამ ის შინიდან არ უნდა გამოვიტანოთ.
ჩვენი ხალხი მიმდობია. ნაწილი მათი მერყეობს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ დაპირებების, რომლებიც არასოდეს არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან. ჩემი ხალხი ძალიან  მცირერიცხოვანია, მაგრამ თვითმყოფადი და ამაყი, და არ ეშინია საკუთარი სახის დაკარგვისა. რუსეთი შორსაა და ის ჩვენ სრულებით არ გგვგავს. ვეჭვობ, რომ მათ მოახერხონ ინგუშების რუსიფიცირება. არაფერში მჭირდება  თავის მოტყება: ჩეჩნები, როგორც უფრო მრავალარიცხოვანი და ძლიერი ერი გადაგვფარავენ. არც რესპუბლიკაში მეორეხარისხოვანი როლის თამაშის სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ყოველივე  სრულიად კანონიერი თხოვნაა.  ჩვენ გვინდა ვიყოთ ძვირფასი  და მოსიყვარულე  ღვიძლი ძმები. არა სიტყვებით, არამედ საქმით. მაგრამ გვსურს, ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვიყოთ ჩვენი ოჯახების უფროსები. ამით ჩვენი ვაინახი ერი უფრო ძლიერი გახდება. დარწმუნებული იყავით, ჯოხარ მუსას ძევ, თუ თქვენ რეალურად უზრუნველყოფთ ინგუშებს ამ გარანტიებით, და დაუფიცებთ მათ ისევე, როგორც დაუფიცეთ ჩეჩნებს, ჩვენ ხალხს აქვთ უნარი იყვნენ მადლიერები და   იქბიან არანაკლებ ერთგულნი, ვიდრე ნებისმიერი  თქვენთვის თავგანწირული ჩეჩენი.
მე არ ვარ ის იდრისი, რომელიც იყო ძველად, წლებს თავისი მიაქვს. და მიუხედავად ამისა, თუ კი მე ვიქნები სასარგებლო იმ საქმეში, რომელიც შეადუღაბებს ჩვენს ერებს, ვაინახ ხალხს, – მე მზად ვარ!
ძალიან მიჭირს გადაადგილება. გიგზავნით ამ წერილს ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ადამიანის, ჩემი წარმომადგენლის მაგომედ იდრისის ძე ახილგოვის ხელით. მყავს სანდო და ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთა საშუალებითაც შემიძლია ვიმოქმედო. ისინი ასევე თქვენს განკარგულებაშიც არიან.
ყოველივე საუკეთესო თქვენ!
ღრმა პატივისცემით იდრის ბაზორკინი
27.II. 1991 წ./
გაზეთი „ანგუშთა“ #4, 5.08.2000წ.
(ტექსტი რუსულიდან ქართულად თარგმნა სტატიის ავტორმა).
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ წამოტივტივდა დღეს ეს თემა?, ვის სჭირდება ეს ყოველივე, მათ ხომ არა, ვისი  პრინციპიცაა „გათიშე და იბატონე“. ამ შემთხვევაში ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამწუხაროდ საქართველოშიც მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც ვაინახი ხალხის გამთიშველ იდეას ცეცხლს უკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მიდიან, არ თაკილობენ ისტორიის გაყალბებასა და დამახინჯებას,  შეგნებულ ფაქტოლოგიურ შეცდომებს… ვფიქრობთ ამ ყველაფრის უკან დგას სიძულვილი ჩეჩნებისადმი, ვერ აპატიეს აფხაზეთი. სწორედ ამ სიძულვილმა დააბრმავა შევარდნაძის ხელისუფლება, როდესაც რუსეთს უფლება მისცა ჩეჩნების დასაბომბად ვაზიანის სამხედრო ბაზა გამოეყენებინა და იმის მაგივრად, რომ პროტესტი გამოეხატა, ჩუმად იყო  ნიშნის მოგებით  და დღემდე ბევრი ახალგაზრდა საკუთარ თავს აძლევს ნებას და ამბობს, რომ ჩეჩნები სწორედ აფხაზეთის გამო დაისაჯნენ, არადა სწორედ მაშინ გაუშვეს ქართველებმა  აფხაზეთის დაბრუნების შანსი ხელიდან. მადლობა უფალს, რომ ის ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს, ვითომდა ინგუშების ქება-დიდებითა და ჩეჩნების ძაგებით, ვაინახების გათიშვას, ძალიან მცირეა და საერთო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს თავისდა უნებურად  ან კი შეგნებულადაც.
და რაც მთავარია ჩეჩენი და ინგუში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა ამ გამთიშველ პოლიტიკას. ძალიან კარგად იციან, რომ მილიონ ნახევარი ვეინახი ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, ორივე მხარეს ტერიტორიები აქვთ დასაბრუნებული და მხოლოდ ერთმანეთის გვერდზე დგომით შეძლებენ იმ დიდი პრობლემის გადაჭრას, რომელსაც დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა ჰქვია.
რაც შეეხება ვეინახების ორი რესპუბლიკის არსებობას, ეს დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ერის ორ ეთნოსად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუნდაც იმიტომ, რომ რუსული აგრესიის დროს ერთ-ერთი გადარჩება, ამის შანსი ნამდვილად არსებობს. მაგალითად 90-იანი წლების ოსურ-რუსული აგრესია მძიმედ განიცადა ინგუშეთმა და ჩეჩნეთს ეს არ შეეხო, ხოლო რუსეთ-ჩეჩნეთის ომების დროს დამანგრეველ ომს ინგუშეთი გადაურჩა. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი აგრესიის დროს ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები ერთად იბრძვიან საერთი მტრის წინაარმდეგ.
ჩეჩენი და ინგუში ხალხი ერთი ძმური ოჯახის წარმომადგენლებია არიან და ამდენად მათი გაყოფის მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ დამთავრდება. არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ არსებობდეს ორი რესპუბლიკა, არსებობდეს ორი ენა, ორი კულტურა და სხვ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ორი მოძმე ხალხის განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ მომავალი თაობა უნდა აღვზარდოთ იმ შეგნებით, რომ ჩეჩენიც და ინგუშიც ვეინახია, რომ ყველანი ერთი ოჯახის შვილები ვართ და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
ერთი რამ ცხადია, ქართველი  ცნობილი ისტორიკოსების, მეცნიერების, მწერლებისა და პოეტების მხრიდან ტერმინ „ვაინახის“ (ჩეჩენი, ინგუში და ქისტი) ეტიმოლოგიისა  და დამკვიდრებისათვის გაწეული შრომა  არც ერთ შემთხვევაში კრემლის წისქვილზე არ დაასხამს წყალს.
 
მექა ხანგოშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  

Share

Leave a Reply