ღამით,როდესაც ქისტეთის ზეცას
ბინდის ბურანი დაეუფლება
და ჰორიზონტი,როგორც აბზაცი,
შეიღუნება კლდეთა შუბლებით.
როცა დიდი მზის მცირე ყალიბი –
მთვარე მთა – ველებს ოქროს დაათოვს
და ვარსკვლავები – ქისტის ქალები
ჩამოსხდებიან სამასლაათოდ.
როს მთათა რემა ,ცრემლის დაცვენით,
მკერდზე დასეულ ნისლებს აიხვეტს
და შურისგების ავი მაცნენი
ქვები ყვირიან “სისხლი აიღეთ!” –
მაშინ შინა ვარ. –
საწუთროს მწირმან,
უნდა დავიდგა ოცნების ჯიღა
და ამქვეყნიურ ათასგვარ წვრილმანს
მე გადავცილდე მეცხრე ცის მიღმა, –
ზღურბლზე დაწვება თეთრი მყეფარი,
არ შემოუშვებს ჩემთან თვით პატრონს,
მიცავს: – მზადაა ფარად მეფაროს
და მთელ ქვეყანას ყელი დაფატროს…
შავი სახლს უვლის გარშემო ფხიზლად,
აფეთებს ყეფით ჩრდილთა სერობას
ტუქსავს ქარაფზე გაწოლილ ნისლსაც
და ფანტავს ბინდის უსიერობას.
მე ნაწამები ვწევარ…
ძილს ველი,
ზანტად ვაბრუნებ ფიქრების დოლაბს
და ღილღოს ღამე,როგორც ღილღველი
აბრაგი –
მღვრიეს აფეთებს თვალებს.
გაბრიელ ჯაბუშანური