ბალადა თემირლანზე

ბალადა თემირლანზე

„როცა ქუთუთოები ლოდებივით მძიმეა,
მთელი შენი ბავშვობა მათ აწევას უნდები,
სხვები რომ თამაშობენ, ცეკვავენ და მღერიან,
შენ ბრძოლაში გითრევენ მხედველობის ხუნდები.“
„ნუ ხარ სევდიანი,
გრძელწამწამიანი
ბოლომდე გააღე
ნუშივით თვალები,
გამოდი, გამოდი,
აი, ხელს ჩაგჭიდებთ
აი, თან წაგიყვანთ
მეზობლის ბავშვები,
თემირლან!“
„სახეს ცისკენ ვაპყრობდი, რადგან ვიწროდ მიჩენდნენ
ჩემი ვიწრო ჭრილები – ქუთუთოებ შორის
საგნებსა და სახეებს, როგორ მინდა, მიგებდეთ,
რა ძნელია, ხედავდე ზოლის სიფართოვით.“
სახლიდან გასულები
მღერიან ასულები
და დაირწევიან
პანკისის ჭალებში:
„ოჰოი, თემირლან,
ოჰოი, თემირლან,
როდის ჩაგვახედებ
დამალულ თვალებში“.
„ალაჰ! გამომიგზავნა ზეცამ კაცი თავისი,
ჩემი ქუთუთოების სიმძიმე რომ დასძლია,
ო, როგორ გავიხარე ივლისით და მაისით,
თითქოს ვიმახსოვრებდი ჩვენს პანკისურ განთიადს.
ასე მიდიოდა მთელი ერთი წელი,
კეთილი დღეები გადიან რა მალე,
თითქოს ცხრამეტისა უცებ შევიქენი…
ახალი გრძნობები ვეღარსად დავმალე.“
ერთი რამ, ბერი რამ
ფრინველი
დუისის ტყეებში აკივლდა:
„არის უბედობის ნიშნები,
თემირლან, შენ დაგყვა აკვნიდან!
მოჰქრიან სიკვდილის მხედრები,
შენ რომ ყმაწვილ მთვარეს ედრები,
თუ ამღამ შინ დაიძინებ,
შენით ვეღარ გახვალ სახლიდან!“
„ორიათასჩვიდმეტი წელი იწურებოდა,
როცა თვალებდახუჭულს ჩამიმსხვრიეს შუბლი და
ისევ ლოდებად მექცა ფართო ქუთუთოები,
ძილი – უსასრულობად, რბილი ხმა კი – დუმილად.“
„გუშინ დაბადებულა ქრისტიანთა ღმერთი,
დღეს კი უღმერთოებმა მსხვერპლად მიიტანეს
გვარის გამგრძელებელი
ვაჟი ერთადერთი.“
„დედამ რამდენი გლოცა,
ბებომ გლოცა, გლოცა,
არაფერი არ გშველის,
მძიმე გზა გაქვს როცა.“
ჩემი სისხლით გაივსო
მშობლიური ბინა,
იმ დროს, როცა პანკისში
მდინარესაც სძინავს.
ჩემსავ სისხლში დამაგდეს,
თელავ-თბილისს მაწვალეს,
ჩვენო ახალო წელო,
რა შავბნელი მოხვალ,
ყველაფერო, მშვიდობით,
მივალ გაოცებული,
მარტო და დაუცველი
სახელმწიფომ მომკლა!“
„თ ე მ ი რ ლ ა ნ , მოგძახის ხეობა
იმისი შვილი ხარ და ბადიში,
ჰა, უბედურების დღეობა,
ჰა, შენი სისხლიანი ბალიში,
ჰა, შენი სისხლიანი ზეწარი,
დროშად იფრიალებს ვაების,
ქვეშ ხომ აღარავინ გაიშლის…“
ყორნებს ცეცხლი დაუნთიათ,
დედის გული ჩაუგდიათ
იკრუნჩხება შიშხინით… შიშხინით…
ვაი და ვაი…
შავ დათვს ქვები უპოვნია
ნაყავს ნაყავს მამის გულს,
და მოღმუის კლდის ნაშალი…
ვაი და ვაი
გოგო ტირის ტანკენარი,
მისი ცრემლი ტალღებს ერთვის,
დაა უძმოდ დარჩენილი …
ავაი, ვაი…
ხეობა გაგმირა გლოვამ,
შემართა სამართლის ვნებამ,
ახლა რას დაადგენს ღმერთი?
ვაი და ვაი თ ე მ ი რ ლ ა ნ,
ვაი და ვაი…
„ჩემს დიდ თვალებს სევდიანს
ვეღარ ნახავთ გახელილს,
ახლა მიწა დააწვათ
და მიწა ხომ მძიმეა,
მაგრამ ჩვენს ხეობაში
ჩემი უცხო სახელი
იფრენს თეთრი ჩიტივით
და ვერ შეეხებიან!
როგორც ცრემლი იელვებს,
როგორც სევდის ნამქერი,
როგორც გულში ხანჯალი,
ისე დატრიალდება…
ვეღარავინ შებღალავს,
ვეღარავინ შელახავს,
ყოველი ხსენებისას
ტანჯვად აბრიალდება!
ვაი, თ ე მ ი რ ლ ა ნ,
ვაი და ვაი!
დედა, ნუღარ იტირებ, უკვე ღმერთის ბაღში ვარ,
„თემირლანი მოვიდა!“- იძახიან სულები,
ვხედავ: ბავშვ ანგელოზებს ჩემთან მოუჩქარიათ,
მოაქვთ წყალი ალაზნის გამჭვირვალე სურებით.
დედა, ჩემი სახელი თურმე აქაც სცოდნიათ,
ჩვენი ბაღის იები თურმე აქაც ხარობენ,
ისეთი ხმები ისმის, რომ არ გაგიგონია,
აქაური ჩიტები სულ სხვაგვარად გალობენ.
ვეკითხები: „მითხარით: ის რა შავი ღელეა,
მდინარეს თუ გადავალ, მისვლა არის ადვილი?“
„შენ ვერ მიხვალ თემირლან, ღელე ღრმა და ბნელია,
არის კაცისმკვლელების უსაშველო ადგილი…“
დედა, არ დაიჯერებ, შენზე უფრო ფაქიზად
მეხებიან ამათი ვარდისფერი ხელები,
სახე ჩამომბანეს და ხვრელი შუბლზე გამიქრა,
მოხვალთ და გაკვირდებით: ისე შეგეგებებით.“
„უმზეოდ არ იქნებაო, ამბობენ,
უმთვაროდ არ იქნებაო, ამბობენ,
უშენოდ როგორღა იქნება, შვილო?“
აჰაი, თ ე მ ი რ ლ ა ნ,
აჰაი,
ვაი, მზესდანატრულო,
ვაი, ხანმოუვლელო,
ვაი, გულჩათხრობილო,
ტოლში გაუხარელო,
თ ე მ ი რ ლ ა ნ, ნაღვლიანო,
ვაი და ვაი…
 
20 იანვარი, 2018 წელი:  ნაირა გელაშვილი

Share

Leave a Reply