მავნე ტრადიცია,რომელიც დღესაც არსებობს

“ყველაზე მავნე ტრადიცია, რომელსაც ქისტი ახალგაზრდები ჯიუტად ებღაუჭებიან და დღესაც მისდევენ, არის ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით. ეს მავნე ჩვეულება ისე აქვთ გამჯდარი სისხლში ქისტებს, რომ არც გადასახადი, არც სისხლიანი შეტაკებები და არც მკვლელობები არ მოქმედებს მათზე. ეს ის საკითხია, რომელსაც უხუცესები ყოველთვის აყენებენ დღის წესრიგში და ეძებენ გამოსავალს.
ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ჯერ კიდევ 1965 წლის ყრილობაზე დაგმობილ იქნა ეს ჩვეულება და ნება მიეცა გატაცებული ქალის მშობლებს, მიემართათ ხელისუფლებისათვის, თუ დამნაშავეს დაიჭერდნენ, ციხეს მიუსჯიდნენ და ციხეში მოკვდებოდა, პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა მომჩივნებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს გადაწყვეტილება პროგრესული იყო,  მაგრამ დროთა ვიტარებაში დავიწყებას მიეცა. 25 წლის შემდეგ კვლავ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, გადაწყვეტილებაც წინა ყრილობაზე მიღებულის იდენტური იყო, მაგრამ ამ მავნე ტრადიციას საშველი არ დაადგა..
ქალის გატაცებასთან დაკავშირებით ქისტებში დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთავარი და გადამწყვეტი მოწმის სტატუსი თავად გატაცებულ ქალიშვილს დაეკისრა. ქალიშვილი თავის ნებით, გაპარვით გაჰყვა თუ გაიტაცეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქალის ნათესავების მხრიდან კაცი და ქალი მივლენ ვაჟის ოჯახში, ნახავენ ქალიშვილს და გამოჰკითხავენ, ნებით გაჰყვა თუ ძალით გაიტაცეს. თუ ქალი იტყვის, ნებით გავყევიო, ბედნიერებას უსურვებენ და გამობრუნდებიან.
სწორედ ეს ტრადიცია აძლევს ახალგაზრდებს სტიმულს, გზას უხსნის ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ. ქალის გატაცების შემდეგ, თუ იმ მომენტში ახლობლებმა ვერ მიუსწრეს და არ წაართვეს ქალი, მის დამუშავებას იწყებენ გამტაცებლის ნათესავები, ქალები, კაცები დაეხვევიან ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ ბავშვს, სკოლის მოსწავლეს, თუ ახლად სკოლადამთავრებულ გოგონას, რომელმაც არ იცის ჯერ ცხოვრების ავ-კარგი, დაამუნათებენ, შეაშინებენ, აქაოდა სისხლი დაიღვრება შენი გულისთვის, თქვი, თავად გამოვყევი და ა.შ. შეშინებული ქალიშვილიც ამბობს, თავად გამოვყევიო და მოძალადესთან იწყებს ცხოვრებას. რამდენად ბედნიერი იქნება ეს ცხოვრება, მკითხველმა განსაჯოს.
ხდება ასეც: ქალიშვილს, გატაცების ჟამს და შემდეგაც გამტაცებელი ხელებს უფათურებს, ამას ქისტები “ქუგიშ დეათარ”-ს(ხელის ფათურს) ეძახიან და ქალიშვილის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებს. ასეთ ქალიშვილს, გატაცების შემდეგ გამოხსნილს, გათხოვების პერსპექტივა ცოტა აქვს და ამიტომ ის ძალაუნებურად თავხედთან რჩება.
არსებობს ასეთი შემთხვევაც : ბიჭმა ქალი გაიტაცა და გადამალა(ან სადმე ტყეში ჰყავდა, ან სხვა სოფელში ჩუმად ჰყავდა და ა.შ). მეორე თუ მესამე დღეს მიაგნეს ქალწული, ტრადიციულ კითხვას უსვამენ და ნათესავი ქალიც ეკითხება, ხომ არაფერი მომხდარა ქალსა და ვაჟს შორის. შესაძლებელია, არაფერიც არ მოხდა, გამტაცებელი ყველა კი არ არის თავხედი და უსინდისო, მაგრამ ხალხში ჭორები გავრცელდება, მითქმა-მოთქმა წავა და ქალს გათხოვების შანსი არ რჩება. ამიტომ არის ხოლმე, რომ გატაცებული, მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობისა, რჩება გამტაცებულთან.
ხოლო თუ მართლა მოხდა ქალსა და ვაჟს შორის ცოლქმრული ურთიერთობა, ქალი რჩება მოძალადე ქმართან.
ცხადია, ქალს აქვს უფლება, ყველა შემთხვევაში დაბრუნდეს მამის ოჯახში, მისი უარის შემთხვევაში ძალით დაკავება გამორიცხულია. მაგრამ, თუ მან თანხმობა განაცხადა, უმეტეს შემთხვევაში ტოვებენ ახლობლები. თუმცა ხდება ისეც, რომ გატაცებულ ქალს დაიბრუნებენ და მერე ატანენ წესისა და რიგის მიხედვით.
მართალია, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ თავის ნებით გაყოლილი ქალი უკან წაურთმევიათ, ადათობრივ სასამართლოსთვისაც გადაუციათ ასეთი საქმე, დაუფიცებიათ კიდეც ვაჟიანები, მაგრამ ეს ძალზე საფრთხილო საკითხია, რადგან ქალი კვლავ გაპარულა და მისიანები შერცხვენილი დარჩენილან.
სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საჯარიმო თანხა ინიშნებოდა ქალის გატეცების მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად, მაგრამ რაიმე რეალური შედეგის დადგენა ვერ მოხერხდა. თანდათანობით თანხას ზრდიდნენ, გატაცების ფაქტიც კატეგორიებად დაყვეს. მაგალითად, გატაცების პროცესი სამ კატეგორიად დაყვეს და ტარიფიც სამი სახისა დაადგინეს:
1) თუ ქალს გატაცების მომენტში მიუსწრეს ახლობლებმა და დაიბრუნეს ქალი, გამტაცებელი იხდის ჯარიმას -1000 დოლარს;
2)თუ გამტაცებელმა ქალიშვილი გაიტაცა, გააცილა სოფელს ან ტყეში შეაფარა და იმავე დღეს მიაგნეს და ქალი დაიბრუნეს ჯარიმა იზრდება, გაორმაგდება – 2000 დოლარს;
3)თუ გამტაცებელმა ქალი გადამალა და დღე-ღამის განმავლობაში ჰყავდა და მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს ქალის დაბრუნება მშობლებმა, ჯარიმა იზრდება და უდრის 3000 დოლარს.
მიუხედავად სოლიდური ჯარიმებისა, ქისტი ახალგაზრდები ქალიშვილებზე ნადირობას არ იშლიან, უკვე სკოლის მოსწავლეების გატაცება დაიწყეს. მშობლებს ეშინიათ წამოჩიტული ბავშვების სკოლაში გაშვება, პოლიცია თვალს ხუჭავს გათავხედებული ახალგაზრდების დანაშაულზე, ყველაფერს ადათობრივ სამართალზე მიაგდებს და წყნარად სხედან ქვეგანყოფილებაში. დუისის ქვეგანყოფილებაში 25-28 პოლიციელი ირიცხება, ყოველდღიურად ადგილზე 5-7 კაცი თუ არის, მათი საზრუნავი ის არის, რომ არ აღიძრას სისხლის სამართლის ქამე, მაღლა მდგომ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ პანკისში სიმშვიდეა, არავითარი კრიმინალი.
დასკვნა: პოლიცია საუკეთესოდ მუშაობს. ამიტომ არის, რომ გატაცებული ქალისვილის მშობლები და ახლობლები, ხშირად გამტაცებლის მშობლები და ახლობლებიც, მომხდარით შეწუხებულები დგანან პოლიციის წინ, ათენებენ, ელოდებიან დახმარებას, მაგრამ პოლიციის პასუხიც ერთფეროვანია:
-არ ვიცით სად არიან. ვეძებთ, ვაზუსტებთ.
ხოლო თუ მართლა მონახეს, უფრო ხშირად დაზარალებულები პოულობენ, დაკითხვაზე ისე ირჯებიან , რომ მორიგება მოხდეს. დაზარალებულებსაც ეუბნებიან:
-თქვენი წესით მორიგდით.
ასეთმა მიდგომამ ახალგაზრდები ისე გაათავხედა, რომ მოტაცების დარგში ჩამოყალიბდა სპეციალიზირებული ჯგუფი, რომელიც მზად იყო, დაძახებისთანავე მიხმარებოდა “სიყვარულით დამწვარს”. ისინი თავს ესხმოდნენ სკოლის მოსწავლეებს, იტაცებდნენ, ხელს უწყობდნენ “ნეფეს”, გადაემალა “პატარძალი” და შემდეგ განვითარებულ მოვლენებისგან განზე დგებოდნენ. ისინი ითვლებოდნენ “საქმროს მუშებად”, მათ ხელს არავინ ადებდა, მთელ პასუხისმგებლობას თავზე იღებდა გამტაცებელი საქმრო.
არსებული ქისტური სამართლით, გატაცების თანამონაწილეებზე სასჯელი არ ვრცელდებოა. რამდენჯერმე დაისვა ამ საკითხში ცვლილებების შეტანი აუცილებლობის შესახებ, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოაბეს. არა და სიახლის შემოტანა ამ საქმეში სულაც არ იყო საჭირო, რადგან ასეთი კანონი ძველად ქისტურ სამართალში არსებობდა.
მაგალითად, თუ გატაცებული ქალიშვილის ახლობლებს ეჭვი შეჰქონდათ, რომ გატაცებაში მონაწილეობდნენ “სასიძოს” გარდა მისი თანამზრახველები, ეჭვმიტანილთ ორი მოფიცარით უნდა დაეფიცათ, რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა მათი ქალიშვილის გატაცებაში.
ასევე გამტაცებელს ეკისრებოდა ფიცი ორი მოფიცარით, რომ აღნიშნული პირები არ იღებდნენ მონაწილეობას ქალი გატაცებაში და ის მარტო მოქმედებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამხმარეებიც ჯარიმდებოდნენ.
ეს საკითხი უაღრესად აქტუალურია, მზადდება კიდეც ყრილობაზე გასატანად ამ და სხვა საკითხებში ცვლილებების შესატანად. ჯერჯერობით ზემოთ აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჯარიმა გაიზარდა და გადაყვანილ იქნა მამა-პაპურ გადასახადზე:
I კატეგორია – 5 ძროხა
II კატეგორია- 10 ძროხა
III კატეგორია-15 ძროხა.
დღესდღისობით ქალის გატაცების შემთხვევები შემცირებულია. მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის,რომ სახელმწიფო კანონმდებლობაში გამკაცრდა ადამიანის გატაცებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსი და ქალიშვილის ცოლად შერთვის მიზნით გატაცებაც ითვლება ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთად ძალადობრივი გზით. ასევე მიმაჩნია, რომ ვაჰბიტების უაღრესად ნეგატიურმა დამოკიდებულებმა ქალის გატაცებასთან დაკავშირებით საგრძნობი როლი ითამაშა, რამეთუ ახალგაზრდების დიდი უმეტესობა მათ იდეოლოგიას მიჰყვება. დადებითი არ უნდა დაუკარგო არავის, რამდენადაც წინააღმდეგობრივი უნდა იყოს მათი იდეოლოგია შენს მრწამსთან.”

Share

Leave a Reply