სამართალი ქალბატონების მიმართ

საზოგადოებაში ფართოდაა ცნობილი,  ქისტებმა, რომ ქალის პატივისცემა იციან, ასეთი მეორე ერი ჯერჯერობით არ მოიძებნება. მაგრამ,როგორც წესი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. საზოგადოებაში არსებობს ისეთი აზრიც, რომ ქისტები ცოლებს ჩაგრავენ, მათ უფლებებს არ ითვალისწინებენ და მათზე სამართალიც არ მოქმედებს.
ჩემს ბლოგებში დასასაბუთებლად ხშირად ვიყენებ ბნ. ხასო ხანგოშვილის წიგნს “ქისტების ადათ-წესები”. ამ წიგნში ყველაფერი ისე კარგადაა განხილული, რომ სხვა საბუთი საჭირო აღარაა. დღესაც გთავაზობთ ნაწყვეტს მოცემული თემის შესახებ წიგნიდან:
“მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევებში ქალზე ძალადობისა, ქისტური სამართალი ყოველთვის იდგა ქალის უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
ქალიშვილის ან ქალის გაუპატიურება უმძეიმეს დანაშაულად ითვლება და დაზარალებულის ახლობლებიდან თუ ვინმე შეესწრო, დამნაშავის მკვლელობით სრულდება. მოძალადის მოსაკლავდ დევნა დიდხანს გრძედება, თუ მისი მოკვლა ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩადენის მომენტში. მართალია, ქალზე მოძალადის მოკვლით არ მთავრდება კონფლიქტი, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შურისმაძიებელს, როგორც ჩვეულებრივ მკვლელს, ე.ი პირველ დანაშაულს მეორე ვერ დაფარავს, ორივე დანაშაულს დამოუკიდებლად პასუხი უნდა მიეგოს, ორივე მხარე უნდა დაკმაყოფილდეს.
ამიტომ არის, რომ აუცილებელია საქმე განიხილოს ადათობრივმა სასამართლომ, სანამ ერთს მეორე დანაშაული არ მოჰყვება. გაუპატიურება თუ ქალმა არ აღიარა, დავუშვათ, დამალა, რათა სისხლი არ დაიღვაროს და მის სახელსაც ჩრდილი არ მიადგეს, მაგრამ საქმე გახმაურდა და ქმრის ან ძმის ყურამდე მივიდა, ამ შემთხვევაში საქმის მოგვარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ეჭვმიტანილს დააფიცებენ და საქმეც ამით მთავრდება, მაგრამ თუ ქმარი ან ძმა ამ შეურაცხყოფას აღიარებენ, ე.ი აიღებენ თავის თავზე, მაშინ განიხილება, როგორც სინამდვილეში მომხდარი ფაქტი. ქალის აღიარება და მათი პატრონების დასტური ისეთი ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ აქ უკვე არ არის საჭირო ფიცი.
ჩვეულებრივ ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციის დროს სასამართლო აკისრებს ეჭვმიტანილს 5 კაცით დაფიცებას. ფიცის ფორმულა ზოგადად ასეთია : ” ვფიცავ, ამ კაცის ცოლს, ან ამ კაცის ქალიშვილს, ან ამ კაცის დას ცუდი განზრახვით არ შევხებივარ, რომ ჩემგან ეს ქალი წმინდაა.”
  გათხოვილი ქალის გაუპატიურების შემთხვევაში დამნაშავე ქმარს უხდის 30 ძროხას. შეიძლება მოსამართლეებმა გაზარდოს ძროხების რაოდენობა, ეს დამოკიდებული იქნება, რა ვითარებაში მოხდა გაუპატიურება, რამდენად შეურაცხყო ქალი და ა.შ. თუ ქალი ნაცემია, ტანსაცმელი გახეული, თმები დაგლეჯილი და სხვა ღირსების შემლახველ ქმედებს ჰქონდა ადგილი, სისხლის საფასურის ნახევარს იხდის.
გაუპატიურებული ცოლის დატოვებაც და გაშვებაც ქმრის უფლებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ქალი ბრუნდება მამის ოჯახში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქისტებში გათხოვილი ქალის გაუპატიურება ძალზე მძიმე დანაშაულია, არათუ იშვიათად, თითქმის არც ხდება. აი, ცოლად შერთვის მიზნით გატაცებული ქალიშვილის გაუპატიურება არცთუ იშვიათობაა.
ქალშვილის გაუპატიურების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აიძულებენ დამნაშავეს, შეირთოს ცოლად დაზარალებული. ცხადია, პირობასაც უყენებენ, რომ ვერ დაითხოვს ცოლს, თუ არ იქნება სერიოზული მიზეზი. ამას დიდ ყურადღებას აქცევს ქისტური სამართალი, რადგან იძულებითმა ქმარმა შეიძლება რამდენიმე ხანს დრო ატაროს ცოლთან და მერე სახლისკენ გზა უჩვენოს.
იმ შემთხვევაშიც, თუ ქმარმა ცოლი დაითხოვა სერიოზული მიზეზების გამო, გაუპატიურების საქმე მაშინვე წინ წამოიწევს და 15 ძროხის საფასურის გადახდა მოუწევს. როგორც ზემოთაც ავღნიშნე, მოსამართლენი განიხილავენ საქმეს და ისინი ადგენენ საფასურს.
დანიშნული ქალის გაუპატიურების შემთხვევაში დაზარალებულის როლში გვევლინება საქმრო, რომელიც იწყებს დევნას შეურაცხყოფისათვის. ცხადია, მისთვის დამნაშავე გამაუპატიურებელია, მაგრამ საცოლის მშობლებთანაც აქვს ხოლმე პრეტენზია. მაგრამ უმთავრესად დამნაშავეს სთხოვს პასუხს. დანიშნული ქალი ჯერ კიდევ არ არის ცოლი, ამიტომ დანაშაულიც 10-12 ძროხით ფასდება.
ამ შემთხვევაში საქმროს უფლება აქვს შეირთოს დანიშნული ან სულაც უარი თქვას. თუ საქმრო უარს იტყვის, ქალის ახლობლები აიძულებენ დამნაშავეს, ცოლად მიიყვანოს ქალიშვილი.დამნაშვის უარი პასუხისგებაზე სისხლის ფასად დაუჯდება, ამას არავინ აპატიებს.დანიშნული ქალის გაუპატიურება მძიმე დანაშაულია, მაგრამ მისი ცოლად წაყვანაც არანაკლებ მძიმე დანაშაულად ითვლება.”

Share

Leave a Reply